მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-27(601)
გეგმა მართლაც უნაკლო იყო და ჩვენც ისე ზუსტად შევასრულეთ ყოველი ნიუანსი, რომ მისი შეტანა ქრესტომათიულ სახელმძღვანელოებში შეიძლებოდა. ხოლო, როდესაც „ბრონევიკით” კლდის იქით დავეშვით, დამხმარე ჯგუფის წევრებმა მანქანაში ჯერ ყოვლად უვნებელი დასაძინებელი გაზი შეუშვეს, შემდეგ კი მანქანა გააღეს, იქიდან ორი მძინარე ჩვენიანი და ოთხი მძინარე პოლიციელი გამოიყვანეს, ბოლოს კი ჩვენიანები უკვე მანქანებით გადავიყვანეთ უსაფრთხო ადგილზე. ოპერაცია ისე სწრაფად დასრულდა, რომ, როდესაც ამერიკელებმა გაიგეს, თუ რა მოხდა და გზების გადაკეტვა დაიწყეს, ჩვენ უკვე იმ წითელი ზოლის მიღმა ვიყავით. ასე ჩავუფლავეთ ამერიკელებს „საუკუნის პროცესი” და ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციის საშუალება მოვუსპეთ.
ამერიკელები არაერთხელ გაგვიწბილებია, ყველაზე დიდი გაწბილება კი მაინც საელჩოსთან დაკავშირებული ამბები იყო. ანუ, გასულ საუკუნეში „ცეერუმ“ უახლესი მოსასმენი ტექნოლოგიები შეიმუშავა, რომელიც საშუალებას იძლეოდა, მიწისქვეშეთიდან მოგესმინათ შენობაში მყოფი ხალხისთვის. ამ მიზნით, ამერიკელებმა ძალიან დიდ სიღრმეზე გათხარეს გვირაბი, რომელიც საბჭოთა საელჩოს ქვეშ გადიოდა. მათ იქ თავიანთი მოსასმენი აპარატურა დააყენეს და აბსოლუტურად ყველა საუბარს ისმენდნენ. მთავარი კი ის არის, რომ ჩვენმა დაზვერვამ ეს იცოდა, საელჩოს მაღალჩინოსნები გაფრთხილებულები იყვნენ და ამერიკელებს დეზინფორმაციებს აწვდიდნენ. ყველაფერი, ალბათ, ისევე დარჩებოდა, რომ არა „კაგებეს“ ერთი პოლკოვნიკი, რომელიც შტატებში გაიქცა და ეს საიდუმლო გათქვა.
– სამწუხაროა, რომ იმ ნაძირალამ გაგვყიდა, თორემ, ამერიკელებს კიდევ კარგა ხანს გავაპამპულებდით, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც თავისთან დამიბარა, – შენ ის უნდა გაანადგურო. მან გვიღალატა და უნდა დავსაჯოთ.
ამერიკაში გაქცეული მოღალატე პოლკოვნიკი „ცეერუს“ საიმედოდ ჰყავდა გადამალული, მაგრამ, მას ჩიკაგოს ერთ-ერთ სასტუმროში მივაგენი და შხამიან გველს იმ დროს დავაგესლინე, როდესაც ის აბაზანაში ნებივრობდა. სასტუმროში კი, მე ინდოელი ფაკირის სტატუსით ვიმყოფებოდი და ეჭვიც კი არავის შეჰპარვია, რომ „კაგებეს“ სპეცდავალებას ვასრულებდი.
– გველს გველური მიეზღო, – ზიზღით თქვა შჩუკინმა, როდესაც პოლკოვნიკის ლიკვიდაციის ამბავი მოვუყევი, – შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ, როცა ღალატზეა ლაპარაკი, პატიება გამორიცხულია. ჩვენს საქმეში ღალატი უპატიებელი ცოდვაა და მას ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია.
გენერალი შჩუკინი მართალი იყო. მეც ზუსტად ასე ვფიქრობ დღემდე და, მიმაჩნია, რომ, არა მარტო ჩვენს საქმეში ღალატი, არამედ, საერთოდ ღალატია უპატიებელი და, მოღალატე ასი წლის შემდეგაც სასტიკად უნდა დასაჯოს.
როგორც ადრე ვთქვი, ჩემს კარიერაში შესრულებული საქმეების 99 პროცენტი შურისძიება იყო, მათი უმრავლესობა კი ღალატის გამო შემიკვეთეს. ერთხელ ერთი ქალი შემხვდა, რომელიც დღეს ძალიან ცნობილი პიროვნებაა და მითხრა:
– თქვენ შესახებ ერთმა ახლობელმა მიამბო, რომელსაც ანალოგიური შეკვეთა შეუსრულეთ.
– გისმენთ, რა გნებავთ?
– ასი ათას ევროს გადაგიხდით, თუკი ჩემს ქმარს ჩემ თვალწინ მოკლავთ წამებით, – მითხრა ქალმა და დაამატა, – მითხრეს, რომ თქვენ ამ საქმის უბადლო ოსტატი ხართ.
– რაში არ მყავს ბადალი, სადიზმში?
– არა, ბატონო, საშემსრულებლო ოსტატობაში.
– გასაგებია. მაინც რა უნდა გავაკეთო კონკრეტულად?
– ჩემს სახლში უნდა მოხვიდეთ ღამით, მე და ჩემი ქმარი დაგვაბათ და ის მოღალატე ჩემ თვალწინ უნდა აქნათ ნაკუწ-ნაკუწ. მოკლედ, წამებაში უნდა ამოხადოთ სული. ის დამპალი მექალთანეა და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ ქალებთან მღალატობს. მეტი აღარ შემიძლია და ამიტომ მისი მოკვლა გადავწყვიტე.
– ასი ათასი ევრო ცოტაა, – ვუთხარი ქალს, რადგან, ვიფიქრე, ებევრება და გადაიფიქრებს-მეთქი, – მაგ საქმეს ხუთმაგი თანხა უნდა.
– მოვილაპარაკეთ. ვიხდი ნახევარ მილიონ ევროს, ოღონდ, ზუსტად ისე უნდა მოიქცეთ, როგორც შეგიკვეთავთ.
– ფული წინასწარ უნდა მომცეთ.
– ხვალვე მოგიტანთ.
– მაშინ, თანახმა ვარ, – მივუგე მე და ვკითხე: – თქვენ გარდა, ვინმე თუ იქნება სახლში?
– მეტი არავინ. ბავშვები აგარაკზე არიან. მოსამსახურე კი – სოფელში.
ქალმა მეორე დღესვე გადმომცა ნახევარი მილიონი ევრო, მეორე ღამით კი მათ სახლში შევიპარე, ცოლ-ქმარი გავაშიშვლე, ერთმანეთის საპირისპიროდ მივაბი და ალესილი ხანჯლით ხელში გაფითრებული კაცისკენ დავიძარი.
– ვინ ხართ და რას გვერჩით? – ამოილუღლუღა კაცმა, – თუ ფული გნებავთ, ყველაფერი წაიღეთ, თუ არა და, აქ რატომ მოხვედით?
– ახლავე გაიგებთ, – მივუგე კაცს, ბასრი ხანჯალი ზევით აღვმართე და, ის იყო, მთელი ძალით უნდა დამეშვა, რომ ქალი აკივლდა:
– არ ქნა, არ ქნა, თავი დაანებე, ვაუქმებ შეკვეთას, ფულიც შენი იყოს!
ერთ რამედ ღირდა ქმრის სახის დანახვა, რომელმაც უმალვე მოტვინა, რა ხდებოდა და მეუღლეს შეჰყვირა:
– ეს შენ ჩაიდინე? შენ დაიქირავე მკვლელი? შენ, ჩემი შვილების დედამ ჩადგი ფეხი ასეთ ცოდვაში?
– ჰო, საყვარელო, ჰო! – ყვიროდა აცრემლებული ქალი და მევედრებოდა, რომ შეკვეთა გამეუქმებინა.
ასეთ ტრაგიკომიკურ მდგომარეობაში ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში პირველად აღმოვჩნდი. ხანჯალი ჰაერში გამიშეშდა და არ ვიცოდი, რა მექნა. მართალია, შენიღბული ვიყავი და ათასი წელი ჩემს კვალს ვერავინ მოაგნებდა, მაგრამ ცოლ-ქმრის ახსნისგან თავი შევიკავე, ორივე გავაჩუმე და ქალს ვუთხარი:
– ზუსტად იცით, რომ შეკვეთა უნდა გააუქმოთ?
– დიახ, ზუსტად, – მტკიცედ მომიგო ქალმა.
– ისიც ხომ იცით, რომ ფულს უკან ვერ მიიღებთ?
– პირიქით, ერთ ამდენს კიდევ დაგიმატებთ, ოღონდ აქედან მშვიდობით წადით, – მითხრა ქალმა.
ეს წყვილი დღეს ძალიან ბედნიერი, ცნობილი და მდიდარია და მარტო ჩვენ სამმა ვიცით, თუ რა კატასტროფის წინაშე იდგნენ ისინი ამ რამდენიმე წლის წინ. თუმცა, ეს ისტორია გამონაკლისია და მე მაინც მიმაჩნია, რომ მოღალატე მოღალატეა, მისი გამოსწორება არ იქნება და ის უნდა დაისაჯოს.
როგორც არაერთხელ მითქვამს, მე თვითონ ერთგული და მეოჯახე კაცი ვარ. მეუღლისთვის არასდროს მიღალატია და ყოველთვის ვერიდებოდი ისეთ დავალებებს, რომლის დროსაც ქალთან სექსი იყო საჭირო. შჩუკინი და მუხინიც ერიდებოდნენ ასეთი საქმეების მოცემას, ხოლო, თუ ეს აუცილებელი ხდებოდა, ათას ბოდიშს მიხდიდნენ და მარწმუნებდნენ, რომ უამისოდ საქმე არ გამოვიდოდა.
ერთხელ შჩუკინმა დამიბარა და მითხრა:
– ბოდიში, ჩემო კარგო, მაგრამ, ერთი არასასიამოვნო დავალება უნდა მოგცეთ.
– ისევ ქალია გასაჟიმი?
– სამწუხაროდ, კი.
– რა გაეწყობა, გისმენთ, – ამოვიხვნეშე მე და სმენად ვიქეცი.
ვიქტორ იაკოვლევიჩმა ერთი ძალიან გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსის სახელი მითხრა და დაამატა:
– შენი მიზანია, იმ კაცის სახლში შეაღწიო მისი ვნებიანი მეუღლე გაჟიმო, მათ ბინაში კი მოსასმენი აღჭურვილობა დააყენო. ესაა და ეს. შეძლებ?
– უნდა შევძლო, ამხანაგო გენერალო!
– მაგრამ, იცოდე, რომ საქმე მოქმედ სახელმწიფო მოღვაწეს ეხება. რომ „დაიწვა”, ჩვენ შენზე უარს ვიტყვით, ანუ, არ შეიძლება, რომ საბჭოთა კავშირი ასეთ სკანდალში გაეხვიოს, ხომ გასაგებია?
– რა თქმა უნდა, ვიქტორ იაკოვლევიჩ. მაგრამ, იმედია, არც ამჯერად მიმტყუნებს ბედი.
– წარმატებას გისურვებ, ჩემო კარგო, – მითხრა შჩუკინმა და კაბინეტიდან გამომისტუმრა.
ადგილზე რომ ჩავედი, მოსასმენი აპარატურა იქ გადმომცეს, რომელიც საიმედოდ შევინახე და საქმეს შევუდექი. ობიექტი, როგორც მოსკოვში განმიმარტეს, ძალიან თავაშვებული და სექსის მოყვარული იყო. თუმცა, ის თავად ირჩევდა სასურველ პარტნიორს და მე ყველაფერი უნდა მეღონა, რომ მისი რჩეული გავმხდარიყავი.
ის ქალი პროფესიით ჟურნალისტი იყო, თავის საქმეს ვირტუოზულად ფლობდა და, მიუხედავად იმისა, რომ გავლენიანი პოლიტიკოსის ცოლი გახლდათ, ჩვეულებრივად მუშაობდა.
გეგმის მიხედვით, იმ ქალთან შეხვედრა რედაქციაში უნდა შემდგარიყო, სადაც ის მუშაობდა. მე იქ სარეკლამო მომსახურებისთვის უნდა მივსულიყავი, სინამდვილეში კი, ობიექტი გამეცნო და „შემება“. ქალს მელისა ერქვა. როდესაც რედაქციის შენობის მეორე სართულზე ავედი და, ვითომ შემთხვევით, მელისას კაბინეტის კარი შევაღე, ობიექტს ვუთხარი:
– გამარჯობა. მინდა, რომ სარეკლამო მომსახურების პირობები გავიგო.
მელისას რომ ეთქვა, ოთახი შეგეშალათო, მაშინ მე, წინასწარ მომზადებული გეგმის მიხედვით, მისთვის კომპლიმენტი უნდა მეთქვა და ამ კუთხით მეცადა მასთან კონტაქტის დამყარება. თუმცა, მას ეს არ უთქვამს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემდამი ინტერესი გაუჩნდა.
– შემობრძანდით, დაბრძანდით, – შემიპატიჟა მაშინვე.
მე ოთახში შევედი, დავჯექი და ვუთხარი:
– ბოდიშს გიხდით, ქალბატონო, მაგრამ, რეკლამა რეკლამაა და ასეთი ინტიმური რამ იმის გამო უნდა ვთქვა.
– ძალიან მიყვარს ინტიმური თემები. გისმენთ, – მომხიბვლელად გამიღიმა ქალმა.
„გამიმართლა. მოვეწონე და სულ მალე დავალებას შევასრულებ“, – გავიფიქრე გუნებაში, მელისას კი ვუთხარი:
– ქალის ძვირად ღირებული ქვედა საცვლების რეკლამის განთავსება მინდა მთელ გვერდზე და ტარიფები მაინტერესებს.
– ქალის ქვედა საცვლებს აწარმოებთ?
– არა, მე მხოლოდ იმპორტიორი ვარ.
– შეგიძლიათ, თქვენი საქონელი მაჩვენოთ?
– რა თქმა უნდა, – მივუგე ქალს და ფერად ფოტოებზე გადაღებული ქალის ქვედა საცვლების ნიმუშები ვუჩვენე.
მელისამ ყურადღებით დაათვალიერა სურათები და მითხრა:
– აი, ეს ორი საცვალი მომეწონა და, თუ წინააღმდეგი არ იქნები, შევიძენ.
– ცალობით არ ვვაჭრობ, მაგრამ თქვენთვის გამონაკლისს დავუშვებ და ხვალვე იქ მოგართმევთ, სადაც მიბრძანებთ.
– მოდი, ხვალისთვის ნუ გადავდებთ იმას, რაც შეიძლება, რომ დღეს გავაკეთოთ. მე თავად გეწვევით ოფისში და თქვენს საქონელს იქ შევიძენ. მითხარით ოფისის მისამართი.
– იცით, ჯერ ოფისი არ მაქვს და, სიმართლე გითხრათ, არც მჭირდება. მე კერძო სახლში ვქირაობ ბინას და საქონლის ნიმუშებიც იქ მექნება.
– კიდევ უკეთესი, სახლში გესტუმრებით. საღამოს შვიდზე გაწყობთ?
– რა თქმა უნდა, – მივუგე ქალს, – ახლა კი სარეკლამო პირობებზე შევთანხმდეთ.
– სარეკლამო სამსახური, – გამიღიმა მელისამ და ხელი მარცხნივ გაიშვირა, – დერეფანში რომ გახვალთ, ჩემგან მესამე ოთახში მდებარეობს.
მელისა ზუსტად შვიდ საათზე მეწვია სახლში და იმავე საღამოს ისეთი სექსი გვქონდა, ცოტა სული რომ მოითქვა, სიამოვნებით გააბოლა სიგარეტი და მითხრა:
– შენ, ყმაწვილო, ქალის საცვლებს კი არ უნდა ყიდდე, მუდამ სექსით უნდა იყო დაკავებული, თანაც ჩემთან.
– რომ მოგბეზრდეთ?
– გამორიცხულია, – ალერსიანად მომიგო მელისამ და თმაზე მომეფერა, – თუკი დამიჯერებ და არ მიღალატებ, გარწმუნებ, რომ შენი ბიზნესი ძალიან წარმატებული და შემოსავლიანი გახდება. რას იტყვი, კარგია, ხომ?
– საუცხოოა, ქალბატონო, მადლობის მეტი რა მეთქმის.
– და, ერთიც, – მითხრა მელისამ, – მოდი, ამ წუთიდან თქვენობით ნუღარ მომმართავ, მელისა დამიძახე.
– კარგი, მელისა – მივუგე ქალს და სექსი განვაახლე...
ცნობილი, მოქმედი ევროპელი პოლიტიკოსის ცოლს ისე მოვეწონე, რომ სულ მალე ჩემს ჭკუაზე დაიწყო სიარული და, ქმრის მოკვლაზეც კი არ იტყოდა უარს, ოღონდ, მე არ დავეკარგე. ბუნებრივია, რომ მე მის სახლშიც შევაღწიე და მოსასმენი აპარატურაც დავაყენე, ანუ, ჩემი მისია უკვე შესრულებული იყო. ამიტომ ცენტრს დავუკავშირდი და მოსკოვში დაბრუნების ნებართვა ვთხოვე, მაგრამ იქ კიდევ ორი კვირით დარჩენა მიბრძანეს. მეკავშირეს ერთ-ერთ კაფეში შევხვდი და მან მითხრა:
– ცენტრის გეგმები ოდნავ შეიცვალა. არსებობს ინფორმაცია, რომ ობიექტის ქმარს პირად სეიფში მნიშვნელოვანი საიდუმლო მასალები აქვს შენახული. თქვენი ამოცანაა მათი მოპოვება და მოსკოვში გადაგზავნა. საქმეს ის ართულებს, რომ სეიფის ადგილმდებარეობა უცნობია და ის თქვენ უნდა აღმოაჩინოთ.
– გასაგებია. ცენტრს გადაეცით, რომ ამ დავალების შესრულებას დღესვე შევუდგები, – მივუგე მეკავშირეს და წავედი.
ცოტა ხანში მელისას შევხვდი და ჩვეულ საქმიანობას შევუდექით, შემდეგ კი ქალმა მითხრა:
– ზეგ ჩემი ქმარი ოფიციალური ვიზიტით უცხოეთში მიემგზავრება. მე არ მივყვები – საქმეები მოვიმიზეზე და მთელი ოთხი დღე მარტონი ვიქნებით. ასე რომ, შეგვიძლია, რომანტიკული დასვენება მოვაწყოთ და, მონაკოში, ნიცაში, კანარებზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას წავიდეთ – იქ, სადაც შენ მოისურვებ.
მელისას ქმრის გამგზავრება ღმერთის საჩუქარი იყო და რა მენიცებოდა და მემონაკოებოდა, ამიტომ მელისას მივუგე:
– ჩვენი ურთიერთობის ასე გამომზეურება არ გვარგებს. თანაც, მგონი, ოთხი დღე შენს საძინებელში განმარტოება უფრო რომანტიკულია, ვიდრე ნიცაში ან სხვაგან გამგზავრება.
მელისა დამთანხმდა, მე მის ფეშენებელურ ვილაში გადავსახლდი და ოთხი დღის განმავლობაში ვნებიან ქალს სექსუალურ მომსახურებას ვუწევდი, პარალელურად კი საიდუმლო სეიფს ვეძებდი, რომელსაც კაბინეტში მივაგენი, გავხსენი და უზარმაზარ ყუთში მიკროფონები და საიდუმლო დოკუმენტების მთელი დასტა აღმოვაჩინე. ყუთი სავენტილაციო მილში დავმალე, საძინებელში დავბრუნდი და მელისას მივუწექი, რომელმაც მითხრა:
– სად იყავი, საყვარელო?
– ტუალეტში.
– ხვალ საღამოს ჩემი ქმარი ჩამოდის, ნეტავი კიდევ ერთი თვე დარჩენილიყო იქ!
– მხოლოდ ერთი თვე?
– კარგი იქნება, რომ სამუდამოდ დარჩეს იქ ან სხვაგან, სადაც უნდა, – თქვა მელისამ, გაიზმორა, საწოლზე წამოჯდა და დაამატა: – ისე, ხომ იცი, ეს იდეაა... ცუდი არ იქნება, რომ ჩემი ქმარი სამუდამოდ მომშორდეს და ამის გაკეთება შესაძლებელია.
მელისა უკვე ძალიან საშიში ხდებოდა. აშკარა იყო, რომ ჩემთან სექსმა ის ქმრის მოკვლის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა და ამიტომ, დროზე უნდა გავცლოდი, მით უმეტეს, რომ დავალება შესრულებული იყო – საბუთებით სავსე ყუთი ხელთ მქონდა და მელისასთან გატარებული ყოველი წუთი ჩემი ჩავარდნის შანსს ზრდიდა.
მელისას სულელურ სიტყვებზე ქალს მივეფერე და ვუთხარი:
– რას ამბობ, ძვირფასო, ეს როგორ შეიძლება! მკვლელობა უმძიმესი დანაშაულია. შენი ქმრის მკვლელობა კი, პოლიტიკური დანაშაულია და ორმაგად დასჯადი. რა საჭიროა ასეთი უკიდურესობები? უბრალოდ, გაშორდი ქმარს და დავქორწინდეთ. ასეთი გართულება კი არაფერში გვჭირდება.
– კი, გაშორდი. ასე ადვილი გგონია ყველაფერი? ჯერ ერთი, თვითონ არ გამცილდება, რადგან ეს არც მის ღირსებას აწყობს და არც მის კარიერას. არადა, რომ გაიგოს ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ორივეს დაგვხოცავს.
– მაშინ, არაოფიციალური ურთიერთობები გავაგრძელოთ. ხომ იცი, რომ აკრძალული ხილი ძალიან გემრიელია? თუ არც ეს გაწყობს, მაშინ, დავშორდეთ.
– რაო? დავშორდეთ? – წამოხტა მელისა და თვალების ბრიალით დაამატა: – არავითარ შემთხვევაში! ამას მირჩევნია, ჩემი ქმარი გავანადგურო ან თავი მოვიკლა. მე შენ ვერასოდეს დაგშორდები!
– არც მე შემიძლია შენთან დაშორება და მეც სიკვდილი მირჩევნია ამას, – მივუგე ქალს. შემდეგ დასაძინებელი აბი გავურიე შამპანურში, ბოკალი მივუჭახუნე და ვუთხარი:
– სიყვარულს გაუმარჯოს!
მელისამ ოც წამში მიიძინა. ღამის სამი საათი იყო და სასწრაფოდ უნდა მემოქმედა. მართალია, ვილაში მხოლოდ მე და მელისა ვიყავით, მაგრამ, რა გარანტია მქონდა, რომ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდებოდა და უნდა მეჩქარა. ამიტომ, ყუთი სპორტულ ჩანთაში ჩავდე, მხარზე გადავიკიდე და, ვილიდან გასვლა რომ დავაპირე, ქუჩაში მანქანების კორტეჟი გამოჩნდა, რომელიც ვილისკენ მოემართებოდა.
„ჰმ, მელისას ქმარი ადრე დაბრუნდა. კიდევ კარგი, რომ ყუთი მე მაქვს, მაგრამ აქედან გაღწევა არ გინდა? – გავიფიქრე გუნებაში, მერე სხვენზე ავძვერი და დავიმალე.
მელისას ქმარი სახლში შევიდა, მისი დაცვა კი პერიმეტრზე განლაგდა, რაც ძალიან ართულებდა იქიდან ჩემს გაღწევას. აშკარა ჩავარდნის პირზე ვიყავი, რადგან მელისას ქმარს ეჭვი რომ აეღო, ან, სულაც, საბუთებით სავსე ყუთის გაქრობა გაეგო, აუცილებლად ძებნას დამიწყებდნენ და ეს ყველაფერი, შეიძლება, ძალიან ცუდად დამთავრებულიყო ჩემთვის, მით უმეტეს, რომ არანაირი იარაღი არ მქონდა თან და, მაღალჩინოსანი პოლიტიკოსის კარგად გაწვრთნილ დაცვას შიშველი ხელებით ხომ ვერ გავუმკლავდებოდი?!
ყველაფერი რომ გავაანალიზე, სხვენზე დამალვა გადავწყვიტე. შეტაკებას ყოველთვის მოვასწრებდი, ამიტომ, ლომის ხახაში თავის შეყოფას მოცდა ვამჯობინე. ერთი საათის შემდეგ, დაახლოებით დილის ხუთის ნახევარზე, ვილის ეზოში ვიღაც „ლიმუზინით“ შემოგრიალდა და გულმა საშიშროების ნიშანი მომცა. ამიტომ, დავიძაბე და ნებისმიერი მოულოდნელობისთვის მოვემზადე. ცოტა ხანში ეზოში მყოფი მცველები დაფაცურდნენ და მივხვდი, რომ ვიღაცას ეძებდნენ, ის ვიღაცა კი მე ვიყავი. საიდუმლო დოკუმენტებით სავსე ყუთი ისევ ჩანთაში მედო. ის ჩანთა ზურგზე მჭიდროდ შემოვიკარი, სხვენის კართან ავიტუზე და გავირინდე. ორიოდე წუთის შემდეგ სხვენის კარი ფრთხილად გაიღო და ჯერ ფარნის შუქმა შემოანათა, შემდეგ კი პისტოლეტმომარჯვებულმა ათლეტმა მამაკაცმა შემოდგა ფეხი და თვალიერებას შეუდგა. მე მას უკნიდან მივეპარე და ჯერ კეფაში ვთხლიშე და გავთიშე, შემდეგ პისტოლეტი და ფარანი ავართვი და უმალვე მოვასულიერე, თან, პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:
– ვის ეძებთ?
– ქურდს, – მომიგო მოსულიერებულმა.
– რა მოიპარა?
– სეიფიდან რაღაც ყუთი.
– შენ რა გქვია?
– პიტერი.
– ახლა კი სარკმელთან მიდი, პიტერ, და შენს მეგობრებს გასძახე, რომ აქ ყველაფერი სუფთადაა, – ვუთხარი პიტერს და, როდესაც მან ჩემი ბრძანება შეასრულა, ის იქვე გავთიშე. შემდეგ მისი მოსასხამი მოვიცვი და ფრთხილად დავეშვი ქვევით, თან პისტოლეტი შეყენებული მქონდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბრძოლაში ჩავბმულიყავი.
მელისას ვილა კარგად მქონდა შესწავლილი და გადაადგილება არ მიჭირდა. ამიტომ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩავედი ეზოში, ბალახებში გავხოხდი და საცურაო აუზთან გავირინდე.
– ძაღლები გვჭირდება, კინოლოგიური სამსახური გამოიძახეთ! – დაიყვირა ვიღაცამ, რომელსაც უთხრეს, რომ კინოლოგები უკვე გზაში იყვნენ და მალე მოვიდოდნენ. უცებ ერთ-ერთი მცველი აყვირდა, რომელმაც სხვენში გათიშულ პიტერს მიაგნო:
– მთელი ეზო და სახლი გულდაგულ გაჩხრიკეთ და პერიმეტრი ჩაკეტეთ! ის სადღაც აქ არის და შეიარაღებულია. პიტერი გაუთიშავს და პისტოლეტი და ფანარი წაურთმევია! – ყვიროდა მამაკაცი.
ყველაფერს წამები წყვეტდა. მეტი მოცდა აღარ შეიძლებოდა, უკვე ვეღარ დავიმალებოდი. ამიტომ, ფანარი ჩავრთე და რაც შეიძლება მაღლა ავაგდე, რომ ყველა შეიარაღებულის ყურადღება წამით მაინც გამეფანტა. მე კი „ლიმუზინისკენ“ გავქანდი, შიგნით შევფრინდი, მძღოლი გარეთ გამოვისროლე, მანქანა დავქოქე და ადგილს მოვწყდი.
მანქანა დაჯავშნილი იყო და, სიმძიმის მიუხედავად, ძალიან მსუბუქად მოძრაობდა და მანევრირებდა. ალაყაფის კარი გავანგრიე, ქუჩაში გავვარდი და სისწრაფეს მოვუმატე. სარკეში რომ გავიხედე, დავინახე, რომ ოთხი მსუბუქი მანქანა მომდევდა, რომლებშიც შეიარაღებული მცველები ისხდნენ. მე კიდევ უფრო მოვუმატე სისწრაფეს და დაჯავნილი „ლიმუზინი“ ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფოს დედაქალაქის გაჩახჩახებულ ქუჩებში გავაქროლე. მცველებს პოლიციაც შეუერთდა, რომლებიც ჩართული სირენებით მასხდნენ „კუდზე“, თან მიკროფონში ჩაჰყვიროდნენ, რომ გავჩერებულიყავი და დავნებებულიყავი. მე ორიოდე „კაგებეშნიკური“ მანევრი გავაკეთე, რომლებიც, „კაგებეს“ ინსტრუქტორმა-ასმა დამამუღამებინა, შედეგად, რამდენიმე მანქანა ერთმანეთს შეასკდა და დაილეწა. მე ამით ვისარგებლე, დრო და მანძილი მოვიგე, საგრძნობლად წინ გავვარდი და ურთულესი ტრიუკი შევასრულე, რომელიც, ასევე, „კაგებეში“ მქონდა ნასწავლი: მე მანქანით ხიდზე ავვარდი, შემდეგ ეს მანქანა 180 გრადუსით შემოვაბრუნე, მარჯვენა გვერდით ჯებირს დავაჯახე და წყალში გადავაგდე. თავად კი ელვისებურად ვისკუპე ხიდზე, გავხოხდი და, ჯერ ხიდის თავში დავიმალე და პიტერის მოსასხამი გადავაგდე, შემდეგ კი სპორტული ჩანთა ხელში დავიკავე და ხიდზე შეკრებილ ათეულობით ადამიანს შევუერთდი, რომლებიც წყალში იყურებოდნენ.
ჩემი მდევარი სახეზე არ მიცნობდა, ამიტომ გამჟღავნების არ მეშინოდა და, როდესაც ხიდზე ხალხის რაოდენობამ ისე მოიმატა, რომ ტევა აღარ იყო, ნელ-ნელა მოვშორდი იქაურობას და კონსპირაციულ ბინაში მივედი, სადაც საბჭოთა მეკავშირე ცხოვრობდა.
– რა მოხდა? – მკითხა მეკავშირემ, როდესაც ბინაში შევედი.
– რომ არა განსაკუთრებული შემთხვევა, ნამდვილად არ შეგაწუხებდი, მაგრამ, წასასვლელი არსად მაქვს, მომდევენ. უფრო სწორად კი, ყველგან მეძებენ, რადგან საიდუმლო საბუთები გავიტაცე და „დავიწვი“.
– კარგი, აქ დარჩით, მე კი ცენტრს დავუკავშირდები და ყველაფერს შევატყობინებ, – მითხრა მეკავშირემ, წავიდა და ბინაში მარტო დამტოვა.
მიუხედავად იმისა, რომ მეკავშირე შემოწმებული და საიდუმლო სამსახურის საიმედო თანამშრომელი იყო, ინსტინქტით ვიგრძენი, რომ რაღაცაში იყო საქმე. ამიტომ, პისტოლეტი შევაყენე და ჯიბეში ჩავიდე, მეკავშირის მიერ დატოვებულ საჭმელს კი პირი არ დავაკარე და დაველოდე. ოცი წუთიც არ იყო გასული, რომ მეკავშირე დაბრუნდა. ის კარგ ხასიათზე იყო და მითხრა:
– ყველაფერი რიგზეა. ცენტრს ველაპარაკე და მითხრეს, რომ გატაცებული საბუთები მე უნდა დამიტოვოთ, თქვენ კი ოც წუთში შავი „მერსედესი“ მოგაკითხავთ და ისინი ჩაგიყვანენ მოსკოვში.
მეკავშირის სიტყვებში საეჭვო და უცნაური არაფერი იყო, ასეთი რამ არაერთხელ გამიკეთებია, თუმცა, ამჯერად გული საშიშროების სიგნალს გადმომცემდა. ამიტომ, არც ვაციე, არც ვაცხელე, მეკავშირეს შეყენებული პისტოლეტი შუბლზე მივადე და კბილებში გამოვცარი:
– ვის ატყუებ, შე მოღალატე! ჩქარა, თქვი, ვისზე მუშაობ, თორემ, აქვე მოგკლავ!
– გადაირიეთ? ვისზე უნდა ვმუშაობდე?! – აღშფოთდა მოკავშირე, – ჩემი სამშობლოსთვის ვმუშაობ და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით!
– რომელი სამშობლოსთვის?
– საბჭოთა კავშირისთვის. თქვენ რა, არა?!
მეკავშირე იმდენად მშვიდად და, ერთი შეხედვით, დამაჯერებლად მპასუხობდა, ცოტაც და, თავს დავანებებდი და ვეტყოდი, ყოველი შემთხვევისთვის გამოგცადეთ და ბოდიში-მეთქი, მაგრამ, ინტუიცია საპირისპიროს მეუბნებოდა, ამიტომ, მეკავშირეს პისტოლეტის ლულა პირში ჩავთხარე და ვუღრიალე:
– ვის მიეყიდე, შე დამპალო?! გგონია, არ ვიცი, რომ მოღალატე ხარ და საბუთები ჩვენ მტერს უნდა გადასცე? ჩქარა, თქვი, თორემ, მოგკლავ!
მეკავშირემ თვალები გადმოკარკლა. აცახცახდა და მომიგო:
– ამერიკელებს. მაპატიეთ, მაგრამ, მათ მაიძულეს და სხვა გზა არ მქონდა.
მეკავშირის სიტყვებზე ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს მდუღარე გადამასხესო, მაგრამ, არ შევიმჩნიე და ვუღრიალე:
– ჩემს ვითომდა მოსკოვში წასაყვანად რომ უნდა მოვიდნენ, ვინ არიან და რა უნდათ?
– ლენგლის „ოპერები“ არიან და უნდა გაგიტაცონ.
– რამდენნი იქნებიან?
– სამნი – მძღოლი და კიდევ ორი.
– ჩქარა, მოსკოვთან კავშირის კოდი და იმ კონსპირირებული ბინის მისამართი მითხარი, სადაც რაცია ინახება!
– რაცია სახლში მაქვს. აი, კოდი!
– სახლიდან უკავშირდები ხოლმე ცენტრს?
– არა, ტყეში გავდივარ.
– რაცია გამოიტანე და ტყეში წავედით! – ვუთხარი მეკავშირეს და, როდესაც რაცია გამოიტანა, ისეთი ვთხლიშე ყბაში, რომ უმალვე მიითიშა. შემდეგ იქვე მივაბი, პირში ჩვარი ჩავუტენე, რომ არ ეყვირა და შეყენებული პისტოლეტით ქვევით ჩავედი, სადაც უკვე იდგა შავი „მერსედესი“, მასში კი ჩემს გასატაცებლად მოსული „ცეერუს“ თანამშრომლები ისხდნენ. მე მანქანის კარი გავაღე და მათ ვუთხარი:
– ჩქარა, სამივენი ბინაში წამომყევით, დრო არ ითმენს!
– რა ხდება? – მკითხა ერთ-ერთმა.
– საბჭოთა რეზიდენტი და მისი მეუღლე დაჭრილები არიან. მნიშვნელოვანი ინფორმაციები აქვთ და, თან, ისინიც ჩვენთან ერთად უნდა წამოვიდნენ მოსკოვში. დრო არ ითმენს! მომეშველეთ, რომ ქვევით ჩამოვიყვანო. ის იმხელაა, რომ მის აწევას ოთხი კაცი არ ეყოფა.
ცეერუელებმა, რომ იტყვიან, „ჭამეს“ და სასწრაფოდ წამომყვნენ, რადგან იფიქრეს, რომ, მრავალ საიდუმლო დოკუმენტთან ერთად, საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტს და მის ცოლსაც წაიყვანდნენ ამერიკაში.
ზევით რომ ავედით და ბინაში შევიდნენ, მე პისტოლეტი ამოვაცურე და ორი „ოპერი“ იქვე გავთიშე ყბაში ტარის ჩარტყმით. მძღოლს კი პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:
– ახლავე ხელბორკილები დაადე შენს მეგობრებს!
მძღოლმა მყისვე შეასრულა ჩემი ბრძანება, მე კი მაშინვე ისიც მივთიშე და თავის მეგობრებს გადავაბი. შემდეგ სამივეს ჩვრები ჩავუტენე პირში, მოღალატე მეკავშირე მივუწვინე გვერდით, რაცია და ჩანთა ავიღე, ბინის კარი გამოვიხურე და ქვევით დავეშვი.
„ცეერუს“ თანამშრომელთა „მერსედესით“ ჯერ ტყეში წავედი, მოსკოვს დავუკავშირდი და გადავეცი, რაც მოხდა, თან ვკითხე, როგორ დავბრუნებულიყავი უკან. ცენტრიდან კი მაცნობეს, რომ ვაგზლის დიდ საათთან მივსულიყავი, სადაც ზუსტად 20 წუთში მომაკითხავდნენ და პაროლიც მაცნობეს.
მე ვაგზალზე მივედი. საათის ქვეშ დავდექი და დაველოდე. ზუსტად დათქმულ დროს ქალი მომიახლოვდა და მითხრა:
– თქვენ ყიდით მწვანედ შეღებილ დათვის ბეწვს?
– არა, ქალბატონო, მწვანედ მგლის ბეწვი მაქვს შეღებილი, დათვი კი ნატურალურია...
– კარგი, წამობრძანდით, – მითხრა ქალმა და ორმოცდაათივე მეტრი რომ გავიარეთ, თეთრ „მერსედესში“ ჩავსხედით, რომელმაც საბჭოთა საელჩოში მიგვიყვანა.
ქალი „კაგებეს“ მეკავშირე იყო და, ცალკე ოთახში რომ განვმარტოვდით, მითხრა:
– მოსკოვში მალე ჩაგიყვანენ, ახლა კი ისაუზმეთ და დაისვენეთ.
მოსკოვში ნაცადი ხერხით – დიპლომატიური ბარგით დამაბრუნეს, რომელიც თვითმფრინავში იყო მოთავსებული და ამჯერად სამი საათის განმავლობაში ვიჯექი მოკეცილი უზარმაზარ ჩემოდანში. თვითმფრინავი უცხოური ავიაკომპანიის კუთვნილება იყო, ამიტომ, პილოტების კაბინით ვერ ვიმგზავრებდი და ასეთ დისკომფორტში ფრენა ამიტომ მომიწია. თან მქონდა მელისას ქმრის საიდუმლო დოკუმენტებით სავსე ყუთიც. შერემეტიევოს აეროპორტში რომ დავსხედით, იქ კიდევ ერთი სიურპრიზი მელოდა. ჩემოდნიდან სპეციალურ ოთახში ამომიყვანეს, რომელიც „კაგებეს“ კუთვნილება იყო. თავი რომ ამოვყავი, გენერალმა მუხინმა მითხრა:
– მშვიდობა შენს დაბრუნებას, როგორ ხარ?
– აი, ამხანაგო გენერალო, გამომართვით, – მუხინს სპორტული ჩანთა მივეცი, რომელშიც საიდუმლო საბუთებით სავსე ყუთი იყო მოთავსებული, – სამწუხაროა, რომ ცოცხალი ნადავლიც პირადად არ მოგართვით.
– მერედა, ვინ გითხრა, რომ ვერ მომართვი? – გაეცინა მუხინს და ხელით ორი უზარმაზარი ჩემოდნისკენ მიმანიშნა, – აი, ისინიც. ამ ჩემოდნებში სძინავთ და შენთან ერთად იფრინეს.
– აი, ეს კი ნამდვილი სიურპრიზია! ყოჩაღ, რა კარგად მოგიხერხებიათ!
– ყოჩაღ შენ, ჩემო კარგო! დავალება გეგმის გადაჭარბებით შეასრულე და სამშობლოს დიდი სამსახური გაუწიე!
– ვემსახურები საბჭოთა კავშირს!
– ბრწყინვალედ ემსახურები, დიდი მადლობა, – მითხრა მუხინმა, ხელი ჩამომართვა და გადამეხვია.
გაგრძელება შემდეგ ნომერში