კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის იაპონელი იასუჰირო კოჯიმა, რომელიც ქართულ ენაზე, მეგრულ, სვანურ, ლაზურ დიალექტებზე საუბრობს და ტოკიოს უნივერსიტეტში იაპონელებს ქართულად საუბარსა და წერა-კითხვას ასწავლის

იასუჰირო კოჯიმა იაპონელია, ტოკიოში ცხოვრობს და უკვე 4 წელია‚ იაპონელებს ქართულ წერა-კითხვასა და საუბარს ასწავლის. გარდა იმისა, რომ იასუჰირომ ძალიან კარგად იცის ქართული, ის‚ ასევე‚ ლაპარაკობს მეგრულ, ლაზურ და სვანურ დიალექტებზე. ცოტა არ იყოს‚ შემრცხვა, როცა ელექტრონულ ფოსტაზე წერილი ლათინური შრიფტით მივწერე, ხოლო იასუჰირომ ქართული შრიფტით მიპასუხა... მას ქართველი მეუღლე ჰყავს – მედეა გოცირიძე და მიუხედავად იმისა, რომ ისინი თითქმის 10 წელია‚ ტოკიოში ცხოვრობენ, სახლში უფრო ხშირად ქართულ ენაზე საუბრობენ. ამ ორი ადამიანის წყალობით‚ ტოკიოში უკვე ბევრი ადამიანი იცნობს საქართველოს, ქართულ კულტურას და რაც მთავარია‚ ქართულად საუბრისა და წერა-კითხვის შესწავლის მსურველთა რაოდენობა იზრდება. 

 

იასუჰირო კოჯიმა: 1976 წელს დავიბადე იაპონიის ერთ-ერთ რეგიონში, 18 წლამდე იქ ვცხოვრობდი. შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ტოკიოში გადმოვედი საცხოვრებლად‚ მას შემდეგ სულ აქ ვცხოვრობ. ზოგად ენათმეცნიერებას ვსწავლობდი და მაშინ გავიგე ქართული ენისა და ზოგადად, კავკასიური ენების შესახებ, რომლებიც თავისებური და საინტერესოა. საქართველოში წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ, ოღონდ ცოტა ხნით. ადრე 2 წლის განმავლობაში‚ ანუ 2000-2002 წლებში‚ ვცხოვრობდი თბილისში და სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ვსწავლობდი კავკასიურ ენებს.

– რატომ გამოარჩიეთ ქართული ენა?

– თავიდან მაინტერესებდა კავკასიური ენები, მაგრამ მერე, რატომღაც ქართული ენით უფრო დავინტერესდი. მოვიძიე უნივერსიტეტში ქართულ ენაზე წიგნი, შევყევი და მართლაც ძალიან საინტერესო ენა აღმოჩნდა. ჩვენს უნივერსიტეტში იყო ინგლისურენოვანი წიგნი „ქართული ენის გრამატიკა“ და იმით დავიწყე სწავლა. შემდეგ იაპონიაში დავიწყე ქართული ოჯახის მოძებნა და ბოლოს, ტოკიოსთან ახლოს ვნახე ერთი პატარა, ქართული ოჯახი. მათთან მივედი, გავიცანი და კვირაში ერთხელ დავდიოდი ქართული ენის სასწავლებლად. ქართულ ენას ძალიან რთული გრამატიკა აქვს და საკმაოდ რთული სასწავლია. ეს ხდებოდა 1998 წელს, ანუ 14 წლის წინათ და თან, ქართველი მეუღლე მყავს ოჯახში, ხშირად ვსაუბრობთ ქართულ ენაზე. 

– მშვენივრად ლაპარაკობთ, თუმცა ქართულ ენაში ბევრი ისეთი ბგერაა, რომლის გამოთქმაც უცხოელებს ძალიან უჭირთ.

– ნამდვილად – წ, ჭ, ყ, ხ, კ ძალიან რთული გამოსათქმელია და თავიდან გამიჭირდა. იაპონური ენის გამოთქმა და გრამატიკა არ არის რთული. წერა-კითხვა და იეროგლიფებია ძალიან რთული. ქართულში კი პირიქითაა, წერა მარტივია, ანბანი – უმარტივესი, სამაგიეროდ, გამოთქმა, გრამატიკაა ურთულესი. 

– რა რეაქცია ჰქონდათ მაშინ საქართველოში, როცა უცებ ქართულად იწყებდით ლაპარაკს? 

– ახლა იმდენად აღარ არის გასაკვირი, როცა უცხოელი ქართულად იწყებს ლაპარაკს. მაგრამ მაშინ მართლაც ძალიან უკვირდათ, გაოცებულები მიყურებდნენ. იმ დროს ასეთი სახის, ანუ იაპონელი თბილისში მაინც უცხო იყო. ახლა უკვე ბევრი ჩინელია, მაშინ იაშვიათი იყო და როდესაც ქუჩაში გავდიოდი‚ ყველა მე მიყურებდა, უცნაურად ვგრძნობდი თავს. თან, როცა ქართულად დავილაპარაკებდი, გაოცება მაშინ უნდა გენახათ.

– როგორ გაიცანით თქვენი ქართველი მეუღლე?

– როდესაც თბილისში ვსწავლობდი, პარალელურად, უნივერსიტეტში ვასწავლიდი იაპონურს. ამ დროს ჩემი მეუღლეც იაპონურს ასწავლიდა და ასე გავიცანით ერთმანეთი. თუმცა‚ თავიდან‚ როდესაც მე ჩამოვედი თბილისში, ის იაპონიაში იყო სტაჟირებაზე. რომ დაბრუნდა თბილისში, მაშინ გავიცანი. მერე შევხვდით ერთმანეთს...

– მალევე გადაწყვიტეთ დაოჯახება?

– ძალიან მალე გადავწყვიტეთ. სანამ თბილისში ვიყავით‚ იმ ორი წლის განმავლობაში მოვასწარით დაქორწინება. მე არ ვარ მართლმადიდებელი, ეკლესიაში არ დაგვიწერია ჯვარი, მაგრამ ხელი მოვაწერეთ. მერე ქეიფიც გვქონდა, აღვნიშნეთ მეგობრების წრეში. შემდეგ იაპონიაში გადმოვედით საცხოვრებლად და ძირითადად, აქ ვცხოვრობთ. ჩემი მეუღლეც აქ ქართულს ასწავლის. ტოკიოს ცენტრში ენების სკოლაა, სადაც მრავალი ენა ისწავლება. რაც ჩემი მეუღლე ჩამოვიდა, ქართული ენის კურსიც გახსნეს და დაინტერესებულ იაპონელებს ქართულ ენას ასწავლის. კვირაში ოთხი გაკვეთილი აქვს, ჯგუფი ჰყავს. ვინც სწავლობს ენას, ზოგს ქართული ბალეტი უყვარს, ზოგს – კინო, ზოგი ქართველ სპორტსმენს გულშემატკივრობს და ასე შემდეგ, მრავალნაირი ინტერესი აქვთ და თან, ქართულ ენას სწავლობენ. 

– როგორც ვიცი, მეუღლესთან ერთად კვირის სხვადასხვა დღეებში სხვადასხვა ენაზე საუბრობთ.

– ეს ვარჯიშისთვის, პრაქტიკისთვის არის საჭირო. ამიტომ, ვლაპარაკობთ სხვადასხვა ენაზე. ვცდილობთ‚ რომელი ენის დღეც არის, იმ დღეს იმ ენაზე ვისაუბროთ. ძირითადად, მაინც ქართულად ვლაპარაკობთ. მიჩვეულები ვართ. როცა ერთმანეთი თბილისში გავიცანით, გარშემო ყველა ქართულად ლაპარაკობდა და ჩვენთვისაც ბუნებრივი იყო ამ ენაზე საუბარი. რაც იაპონიაში ჩამოვედით, 10 წელზე მეტია, აქ ვცხოვრობთ, მაინც ვერ გადავეჩვიეთ. 

– სიყვარული ქართულად აუხსენით თუ იაპონურად?

– არ მახსოვს, მაგრამ‚ ალბათ‚ ქართულად. 

– როგორც ვიცი, ამჟამად ტოკიოში იაპონელებს ქართულ ენას ასწავლით. დიდია მათი მხრიდან ინტერესი? 

– ამჟამად სადაც ვმუშაობ, ტოკიოს უცხო ენათა ინსტიტუტში ბევრი ენა ისწავლება. სტუდენტებს აქვთ სპეციალობა: რუსული, ჩინური, ინგლისური, ამ სპეციალობებში არ შედის ქართული ენა. თუმცა‚ ისწავლება და მე ვასწავლი უკვე მეოთხე წელია, მანამდე არ ისწავლებოდა. ყოველ წელს იზრდება სტუდენტების რაოდენობა და ძალიან მიხარია. ვცდილობ‚ ადვილად ისწავლონ სტუდენტებმა. რთული ენაა, იაპონელებისთვის კი – განსაკუთრებით. ამიტომ‚ ერთი წლის განმავლობაში ძირითადს სწავლობენ. ერთ წელში ალაპარაკებას ვერ ახერხებენ, მაგრამ საფუძველი აქვთ. სხვათა შორის‚ ერთმა სტუდენტმა, რომელმაც ჩემთან ერთწლიანი კურსი გაიარა, გადაწყვიტა, საქართველოში ჩამოსულიყო და ესწავლა. ახლა თბილისშია და სწავლობს. 

– ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. იაპონელებს არა მხოლოდ ქართულ ენას ასწავლით, მათ საქართველოს, მის კულტურას, ისტორიასაც აცნობთ. 

– ვერ ვიტყვი, რომ იაპონიაში საქართველოს შესახებ ბევრი რამ იციან, ამიტომ ხანდახან ვცდილობ‚ გავაცნო. 2004 წელს ტოკიოში იაპონურ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ამის შემდეგ ვთარგმნე ორი პატარა მოთხრობა: ლაშა თაბუკაშვილის „მშვიდობით‚ ქალბატონო“ და გოდერძი ჩოხელის „დავიწყების მდინარე“. ძალიან მიყვარს ლიტერატურა და ქართული მოთხრობების კითხვა. საერთოდ‚ რაც წამიკითხავს, მათ შორის ესენი ძალიან მომეწონა და მიყვარს. კიდევ ბევრი მოთხრობაა, რომლის თარგმნაც მინდა. 

– ამან იაპონიაში თუ გამოიწვია დაინტერესება?

– „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ რომ გამოვეცი, ეს იყო პირველი, როცა ქართულიდან იაპონურ ენაზე პირდაპირ ითარგმნა ლიტერატურული ნაწარმოები. სტატიაც დაიბეჭდა და ბევრი დაინტერესდა, წაიკითხეს, მოეწონათ. 

– ხომ არ მუშაობთ ლექსიკონზეც?

– ახლა ვაკეთებ ლექსიკონს, ჯერჯერობით კეთების პროცესშია. ეს იქნება იაპონურ-ქართული და შემდეგ მის საფუძველზე‚ ალბათ‚ ქართულ-იაპონურს გავაკეთებ. 

– როდესაც საქართველოში ჩამოდიხართ, თუ გაქვთ ადგილები, სადაც ხშირად დადიხართ და სასიამოვნოდ ატარებთ დროს?

– ბოლო დროს ძირითადად, საქმეზე ჩამოვდივარ ერთი-ორი კვირით. სულ ვმუშაობ და დიდი დრო არ მაქვს დასვენებისთვის. მინდა‚ დიდი ხნით ჩამოვიდე საქართველოში და გარკვეული პერიოდი, რამდენიმე წელი ვიცხოვრო მანდ. ამის სურვილი ნამდვილად მაქვს. საქართველოში ბევრი ადგილი მაქვს მოვლილი და ყაზბეგმა დატოვა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება. ძალიან მინდა, მოვხვდე მთათუშეთში. სამწუხაროდ‚ არ ვარ ნამყოფი და დიდი იმედი მაქვს, ოდესმე მოვხვდები იქ. წელს‚ ზაფხულში‚ ალბათ‚ მარტო ჩამოვალ, 2-3 კვირით. ჯერ არ მაქვს განსაზღვრული, ალბათ‚ აგვისტო-სექტემბერში. 

 

 

скачать dle 11.3