მგლები 5
(უკანასკნელი ქურდი)
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27(601)
მურთაზ ჯღარკავა უხალისოდ ეცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ინტუიცია ჰკარნახობდა, რომ უახლოესი მომავალი კარგს არაფერს უქადდა. თანაც, მას უკვე ჰქონდა ასეთი საქმის წარმოების მწარე გამოცდილება. იმ დღიდან მრავალი წელი იყო გასული. მიუხედავად ამისა, მურთაზს ძალიან კარგად ახსოვდა საქმის ყოველი დეტალი. საქმისა, რომელიც პროკურატურიდან მისი დათხოვნის მიზეზი გახდა.
მაშინ ის ახალბედა გამომძიებელი იყო. პროკურატურაში ერთ წელზე ოდნავ მეტი ჰქონდა გატარებული, როდესაც გამოსაძიებლად ვაკის პარკში მომხდარი მკვლელობის საქმე მისცეს. ერთის შეხედვით საქმე მარტივი იყო – არასრულწლოვნების ჩხუბი, რომელიც დანის ტრიალში გადაიზარდა, რასაც ერთ-ერთი არასრულწლოვნის დაღუპვა მოჰყვა. პრინციპში, საქმეს არც სჭირდებოდა გამოძიება, მურთაზს შემთხვევის ადგილზევე დახვდა ყველაფერი, რაც ძიებისთვის სჭირდებოდა: გარდაცვლილი, მკვლელობის იარაღი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ჩხუბში მონაწილე არასრულწლოვნები და მოწმეები, რომლებმაც დაინახეს, როგორ მისდევდა მკვლელობაში ეჭვმიტანილი მის თანატოლ ახალგაზრდას სისხლით მოსვრილი დანით. მას მხოლოდ რამდენიმე პროცესუალური მოქმედება უნდა განეხორციელებინა: დაეკითხა ეჭვმიტანილი და დაზარალებულები, მოწმეები; შეედგინა აუცილებელი დოკუმენტაცია და საქმე სასამართლოსთვის გადაეცა. მაგრამ...
ერთ-ერთი დაზარალებული, ის, რომელსაც ეჭვმიტანილი დანით ხელში მისდევდა, მისი უშუალო ხელმძღვანელის, ვახტანგ ჭკუასელის ვაჟი აღმოჩნდა. ამასთან, საქმის ზოგიერთი დეტალი იმაზე მიუთითებდა, რომ მკვლელობა სწორედ მან ჩაიდინა. მურთაზისთვის თავიდანვე გასაგები იყო, რომ ჭკუასელი არასდროს დაუშვებდა შვილის საბრალდებო სკამზე მოხვედრას. მაგრამ, პროკურორის გადაწყვეტილება მისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. მურთაზი სხვა გზით გეგმავდა ჭკუასელის შთამომავლის გადარჩენას – მკვლელობა დანაშაულში ოფიციალურად ეჭვმიტანილს, ლუკა გეგეშიძეს უნდა ეღიარებინა. მაგრამ, მურთაზს მაინც გადაჭარბებულად ეჩვენებოდა საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით დახურვა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გეგეშიძეს მაქსიმალურ სასჯელს მიუსჯიდა. ჭკუასელის ვაჟის გადასარჩენად გეგეშიძის გაუფრთხილებლობით ან სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით გასამართლებაც საკმარისი იქნებოდა, ამ ბრალდებით სასამართლო სამ ან ოთხ წელზე მეტს არ მიუსჯიდა. მურთაზის აზრით, საქმის ასეთი დასასრულით ყველა კმაყოფილი დარჩებოდა. ჭკუასელი თავის ვაჟს საბრალდებო სკამზე აღმოჩენისგან იხსნიდა. გეგეშიძე ათის მაგივრად სამი წლით მოხვდებოდა საპატიმროში, თავად მურთაზი კი...
მურთაზი კი, ოფიციალურად საქმის მოკლე ვადაში გახსნისთვის, დოსიეში კიდევ ერთ ქულას ჩაიწერდა. ხოლო, არაოფიციალურად, ჭკუასელი უყურადღებოდ არ დატოვებდა ახალბედა გამომძიებელს, რომლის დამსახურებითაც ჩაიფარცხებოდა ეს საქმე და, ვინ იცის, იქნებ, სულ მალე, მურთაზი სხვა კაბინეტშიც გადაბარგებულიყო. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ პროკურორს სხვა გეგმები ჰქონდა – მან პირდაპირ მოსთხოვა გამომძიებელს საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით დახურვა.
– რისთვის?! – გაოცებით წამოსცდა მურთაზს განკარგულების მოსმენისას, – საქმისთვის გეგეშიძის ერთი ფრაზაც კმარა: „ჰო, დანა ჩემია!..“ სამწლიან სროკზე წავა და ამით დამთავრდება ყველაფერი. რაც უფრო მეტი იქნება „სროკის” პერსპექტივა, მით უფრო ძნელი გახდება მისი დაყოლიება!
– დიდხანს აპირებ საგამოძიებოში მუშაობას? – დამცინავად ჰკითხა ჭკუასელმა.
– ვაპირებ.... – ჩაიბურტყუნა მურთაზმა.
– ჰოდა, თუ აპირებ, ერთი რამ დაიმახსოვრე: ფიქრობს სხვა, ამ შემთხვევაში – მე! და აკეთებ შენ! – მკაცრად თქვა ჭკუასელმა.
– გასაგებია, მაგრამ... მე მგონი, არ ღირს იმ ბიჭის ასე დაგრუზვა. ახლა მთავარია, საქმე დაიხუროს...
– მორჩი! – მკაცრად წამოისროლა ჭკუასელმა, – გეგეშიძე პოლნი კატუშკით წავა სროკზე. ეს საქმე ყველასთვის სამაგალითოდ უნდა იქცეს. ყველამ უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ მკვლელების პარპაშს!
„ეშინია. გეგეშიძის საკანში გამოკეტვით სურს თავისი შვილის დაცვა, – გაიფიქრა მურთაზმა, – მაგრამ, რა ჩემი საქმეა. ახლა თუ გავჯიუტდი, საქმეს ჩამომართმევს და გეგეშიძეს სხვა გამომძიებლის ხელით გამოამწყვდევს საკანში, შემდეგ კი ჩემთვისაც მოიცლის და, ვინ იცის, იქნებ უმუშევარიც დამტოვოს“.
– გასაგებად აგიხსენი ვითარება? – ჰკითხა ჭკუასელმა.
– ყველაფერი გასაგებია, – თავი დაუქნია მურთაზმა.
– კეთილი. მაშინ, საქმეზე გადავიდეთ, – ამ სიტყვებთან ერთად ჭკუასელმა საქაღალდე გადაშალა და სისხლის სამართლის საქმის მასალები გადაათვალიერა, – ისე, სულ ტყუილად წუწუნებ, ნებისმიერი გამომძიებელი ინატრებდა ასეთ საქმეს. დაზარალებულები და მოწმეები უჩვენებენ, რომ მკვლელობა გეგეშიძემ ჩაიდინა. გამართული ჩვენებებია. ასეთ ჩვენებაში ეჭვს არც ერთი მოსამართლე არ შეიტანს; გაქვს მკვლელობის იარაღიც. თავისუფლად შეგიძლია საქმის დახურვა და სასამართლოსთვის გადაცემა.
– საქმეს ერთი რამ აკლია.
– გეგეშიძის აღიარებას გულისხმობ?
– თავისთავად, – თქვა მურთაზმა, – მძიმე მუხლია. აღიარების გარეშე სასამართლო დამატებით ძიებაში დააბრუნებს საქმეს, ეს კი არავის გვაწყობს.
– არ გვაწყობს, – დაეთანხმა ჭკუასელი, – გეგეშიძეს უკვე ესაუბრე ამ საკითხზე?
– ჯერჯერობით ოფიციალურად არ დამიკითხავს. ტვინის შერყევა აქვს. თანაც, დავით ნუცუბიძე ახლოს არ მაკარებს, – ლუკას ადვოკატი გაიხსენა მურთაზმა, – პირდაპირ დამემუქრა: ჩემ გარეშე რომ დაკითხო, გიჩივლებო.
– ახლა ნუცუბიძის გადამტერება არ ღირს. კარგად ვიცნობ, ნათქვამს უკან არ წაიღებს და ბოლომდე იბრძოლებს.
– მეორე მხრივ, გეგეშიძეც არ აღიარებს მკვლელობას.
– აღიარებს... მასზე უარესებისთვის დამიხერხავს რქები! – ბრაზით თქვა ჭკუასელმა, – მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: აღიარების საკითხს მე მოვაგვარებ, შენ კი ნუცუბიძესთან გაარკვევ ურთიერთობას. თანახმა ხარ?
– თანახმა ვარ, – ყოყმანით უპასუხა მურთაზმა, თუმცა, ვერ მიხვდა, როგორ უნდა მიეღო ჭკუასელს გეგეშიძის აღიარება გამომძიებლის გარეშე.
შემდგომი მოვლენები ელვის სისწრაფით და, ამასთან ერთად, მურთაზისთვის ერთობ არასასურველი მიმართულებით განვითარდა: ჭკუასელის ბრძანებით, გეგეშიძე საგამოძიებო იზოლატორიდან წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს და ოპერატიულ აგენტებთან ჩასვეს. მურთაზმა არ მოიწონა პროკურორის გადაწყვეტილება. ეს კანონის აშკარა დარღვევა იყო – არასრულწლოვანი გეგეშიძის ასაკოვან პატიმრებთან, მით უმეტეს – ინფორმატორებთან ყოფნა არ შეიძლებოდა. გარდა ამისა, მურთაზი ვერავის აუხსნიდა, რატომ გადაიყვანეს პატიმარი „კაპეზეში”. მისი დაკითხვა ხომ საგამოძიებო იზოლატორშიც შეიძლებოდა. მაგრამ, ჭკუასელმა მოსმენაც არ ისურვა.
– ორი, მაქსიმუმ, სამი დღე მოითმინე, ამ დროში ნუცუბიძე მაინც ვერაფერს მოასწრებს. სანამ ის სამინისტროდან პროკურატურაში სიარულით იქნება დაკავებული, გეგეშიძე მკვლელობას აღიარებს, შემდეგ კი, ადვოკატი კი არა, მამაზეციერიც ვეღარ უშველის! – დაამშვიდა ჭკუასელმა.
მაგრამ, პროკურორის მოლოდინი არ გამართლდა. გეგეშიძემ ყველასთვის მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა: მომდევნო შეხვედრისას მურთაზს სამუშაო ჩანთიდან ჯაყვა მოჰპარა, შემდეგ კი იმ ჯაყვით ერთ-ერთი თანამოსაკნე ინფორმატორი მოკლა, მეორე კი დაასახიჩრა. გამომძიებელი თავად გაება მახეში, რომელიც არასრულწლოვან პატიმარს დაუგო. ახლა მას უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე, თუ რა მიზეზით გადაიყვანა გეგეშიძე სამძებრო იზოლატორიდან „კაპეზეში”. ამ კითხვაზე მურთაზს პასუხი არ ჰქონდა. გეგეშიძე ჭკუასელის სურვილით გადაიყვანეს „კაპეზეში”, მაგრამ, ის საქმეში ჩარევას აღარ აპირებდა. როგორი უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, პროკურორი კმაყოფილი დარჩა მომხდარით. მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა – გეგეშიძე რაც შეძლება დიდი ხნით გამოემწყვდია ციხეში. სწორედ ამისთვის სჭირდებოდა მისი აღიარება. ერთი თანამოსაკნის მოკვლისა და მეორის დასახიჩრების შემდეგ კი აღიარებამ ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგა. ნებისმიერი მოსამართლე გეგეშიძეს ახლა უკვე უყოყმანოდ გამოუტანდა მაქსიმალურ სასჯელს.
როგორ დამთავრდებოდა გეგეშიძის საქმე და რამდენს მიუსჯიდა სასამართლო, მურთაზს საერთოდ არ აღელვებდა. ახლა მას სხვა საფიქრალი ჰქონდა: პროკურატურამ ის დაადანაშაულა „კაპეზეში” მომხდარ ინციდენტში და მის წინააღმდეგ მოკვლევაც დაიწყო. არავის სჯეროდა, რომ გეგეშიძემ მას მოჰპარა ჯაყვა. პირიქით, ყველა დარწმუნებული იყო, რომ მან არასრულწლოვანი ეჭვმიტანილი შეგნებულად ჩასვა ინფორმატორებთან, შემდეგ კი ჩანთიდან ჯაყვის მოპარვის საშუალება მისცა. საბოლოოდ, მურთაზის დაუდევრობას მიაწერეს და ეს ყველაზე მსუბუქი დასკვნა იყო, რომლითაც შეიძლებოდა დამთავრებულიყო მოკვლევა. მაგრამ, მურთაზის სამსახურიდან გასათავისუფლებლად ასეთი მსუბუქი დასკვნაც საკმარისი აღმოჩნდა.
– ესაა თქვენი პირობა?! – მურთაზი გააფთრებული შეუვარდა პროკურორს კაბინეტში და მაგიდაზე მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება დააგდო, – მე გაფრთხილებდით, არ ღირს გეგეშიძის კაპეზეში გადაყვანა-მეთქი!
ჭკუასელმა მშვიდად გადახედა ბრძანებას და მერე უპასუხა:
– ესე იგი, მაფრთხილებდი...
– ჰო, გაფრთხილებდით! ვატყობდი, რომ აღიარებაზე არ გამოგვყვებოდა!
– ატყობდი და იარაღი ჩაუგდე ხელში! – ხმას აუწია ჭკუასელმა, – ისე, მიკვირს, იმ ნასედკის მაგივრად შენ რომ არ გამოგჭრა ყელი!..
მურთაზი შეცბა. ჭკუასელმა ზუსტად ის უთხრა, რაზეც თავადაც არაერთხელ უფიქრია: ვინ შეაჩერებდა გეგეშიძეს, მასზე თავდასხმა რომ გადაეწყვიტა? საამისო მიზეზი კი ნამდვილად ჰქონდა.
– რას ითხოვ ჩემგან, რისთვის მომიტანე ეს ბრძანება? – განაგრძო ჭკუასელმა.
– როგორ თუ რას ვითხოვ?! გაიკვირვა მურთაზმა, – იმ ნაბიჭვრის გამო უმუშევარი დავრჩე?!
– შენ იმ ნაბიჭვრის კი არა, საკუთარი უთავბოლობის მიზეზით დარჩი უმუშევარი. საერთოდ რა ესაქმება საგამოძიებოში კაცს, რომელსაც თექვსმეტი წლის მალალეტკამ მოჰპარა დანა?! პირდაპირ გეტყვი: შენს ადგილას რომ ვიყო, თვითონვე არ მოვინდომებდი სამსახურში დარჩენას. ასეთ შეცდომას პროკურატურაში არ ივიწყებენ!
– ესაა თქვენი საბოლოო პასუხი?
– შენ წარმოიდგინე, რომ არა.
– დამეხმარებით? – სწრაფად ჰკითხა მურთაზმა.
– რა თქმა უნდა, მაგრამ, ახლა არა, რამდენიმე თვე უნდა მოიცადო, – თავი გაიქნია ჭკუასელმა, – საქმე ძალიან გახმაურდა. მართლაც ბევრი სისხლი დაღვარა იმ ნაბიჭვარმა. დანა შენთვის რომ არ მოეპარა, კიდევ მოვახერხებდი რამეს, მაგრამ, ახლა – ვერა. ცოტა ხანს მოვიცადოთ, მანამდე სასამართლოც ჩაივლის, რამდენიმე თვეში გეგეშიძე აღარავის ემახსოვრება და შენც დაბრუნდები სამსახურში.
ორ თვეში ჭკუასელმა პირობა არ შეასრულა. არც მომდევნო ორი თვის გასვლის შემდეგ გახსენებია შერისხული გამომძიებელი. მურთაზი მიხვდა, რომ პროკურორს მისი საქმე აღარ აინტერესებდა და თავისი კავშირებით სცადა სამსახურში აღდგენა. საბედნიეროდ, გეგეშიძე მართლაც მივიწყებოდა პროკურატურას – მისთვის აღარავის შეუხსენებია წარსულში მომხდარი უსიამოვნება. მაგრამ, თურმე, გეგეშიძე თავად არ აპირებდა იმ სამყაროს დავიწყებას, რომელიც ასე უსამართლოდ მოექცა. მისი შმაგი ბუნება ვერც სასამართლოს განაჩენმა დააოკა, ვერც ციხის კედელმა და ვერც მომავალი პასუხისგების შიშმა – გასამართლებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როცა ის კოლონიიდან გაიქცა, გაქცევის მეორე დღეს კი თავს დაესხა და მძიმედ დაჭრა ჭკუასელის ვაჟი. საბედნიეროდ, ის თავდასხმის ადგილზევე დააკავეს და ისევ საკანში მიუჩინეს ადგილი. მაგრამ, მისი გამოჩენა საკმარისი აღმოჩნდა მურთაზის საქმის გადასახედად. და მას უკვე მეორედ უთხრეს უარი სამსახურში დაბრუნებაზე. თუმცა, ჭკუასელებისთვის გეგეშიძესთან დაპირისპირება ბევრად უფრო მძიმე შედეგით დასრულდა: სკოლის ასაკში, ერთ ჩვეულებრივ დაბადების დღეზე გაღვივებულმა მტრობამ მაინც იჩინა თავი და მომდევნო შეხვედრისას გეგეშიძემ ჭკუასელის ვაჟი მოკლა.
მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. მურთაზმა მაინც მოახერხა პროკურატურაში დაბრუნება და მთელი ამ დროის განმავლობაში ის ერთხელაც აღარ შეხვედრია გეგეშიძეს. მის შესახებ მხოლოდ ის იცოდა, რომ ოფიციალურად დაღუპულად ითვლებოდა, არაოფიციალურად კი, გაგონილი ჰქონდა, რომ გეგეშიძე თავს უკრაინას აფარებდა და საქართველოში ჩამოსვლას ვეღარასოდეს გაბედავდა. მიუხედავად ამისა, მურთაზმა მაინც ვერ მოიშორა წლების წინ აკვიატებული შიში: როგორც ადრე, ახლაც ეჩვენებოდა, რომ, ადრე თუ გვიან, გეგეშიძე მის არსებობას გაიხსენებდა და...
ის დღე ჩვეულებრივად დაიწყო: ტრადიციული თათბირი განყოფილების ხელმძღვანელის კაბინეტში, მოხსენებები ძველ საქმეებზე, ახალი დავალებების განხილვა. თათბირის დასასრულს კი განყოფილების ხელმძღვანელმა დარჩენა სთხოვა და, როგორც კი მარტონი აღმოჩნდნენ, საქაღალდე გაუწოდა – ამ მასალებს გადახედეო.
„რაღა მე შემარჩია ამხელა განყოფილებაში, – უკმაყოფილოდ გაიფიქრა მურთაზმა, – სამი საქმე ერთად მიმყავს და ორ საქმეზე სასამართლოში მიწევს პროცესზე ყოფნა. ახალი საქმე ხელს შემიშლის მუშაობაში. მერე ისევ მე უნდა მომდგნენ საყვედურებით, საქმის წარმოების ვადებს არღვევო!“
– ვიცი, რასაც ფიქრობ, – განყოფილების ხელმძღვანელს არ გამოჰპარვია მისი უკმაყოფილო გამოხედვა, – ამქვეყნად არ მეგულება გამომძიებელი, რომელსაც ახალი საქმის დამატება უნდოდეს, მაგრამ, რა ვქნა, შენც კარგად იცი, რა პირობებში გვიწევს მუშაობა... არ გაგიჭირდება, რთული საქმე არ არის, გამოძიებაც კი არ დაგჭირდება.
– რა საქმეა? – საქაღალდეს დახედა მურთაზმა.
– ისეთი არაფერი... საზღვრის ყალბი პასპორტით გადმოკვეთა.
– ასეთ წვრილმანზე უნდა მომაცდინოთ?! ამას ხომ... – უკმაყოფილოდ წამოიწყო მურთაზმა და მაშინვე გაჩუმდა, რადგან, საქაღალდის ყდაზე ამოკითხულმა გვარმა თავზარი დასცა. ეკა ნუცუბიძე გეგეშიძისა და ჭკუასელის ვაჟის თანაკლასელი იყო. სწორედ მის დაბადების დღეზე მოხდა დავა, რომელიც შემდგომ ჩხუბსა და მკვლელობაში გადაიზარდა. ამასთან, ეკას მამა იყო ის ადვოკატი, რომელიც გეგეშიძეს იცავდა.
– რა მოგივიდა, ცუდად ხომ არ ხარ? – განყოფილების ხელმძღვანელმა უმალ შენიშნა მის სახეზე მომხდარი ცვლილება.
– როდის დააპატიმრეს? – მურთაზი მძიმედ დაეშვა სკამზე.
– ორი დღის წინ.
მურთაზი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა:
– ამ საქმეს ვერ ავიღებ!
– რატომ? – მოიღრუბლა განყოფილების ხელმძღვანელი.
– ვერ ავიღებ, – მექანიკურად გაიმეორა მურთაზმა.
– გასაგებია, მაგრამ, მიზეზი უნდა ამიხსნა.
– მამამისს კარგად ვიცნობ, ჩვენი კოლეგაა.
– ეგ მეც ვიცი, მაგრამ, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? ოფიციალურად ჩავწეროთ კონსტიტუციაში, ყველა იურისტის შვილი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულიაო?! ეკა ნუცუბიძე იმხილება საზღვრის ყალბი პასპორტით გადმოკვეთაში და შენ, როგორც გამომძიებელმა, უნდა გამოიძიო ეს საქმე! რაა აქ გაუგებარი?
– ძალიან მარტივად მიხსნი ვითარებას, გურამ. განყოფილებაში ოცზე მეტი გამომძიებელია და ეს საქმე ჩემთან შემთხვევით ვერ მოხვდებოდა.
– კარგი.... ჩანს, შენც ხვდები, რაშიცაა საქმე, – გურამი დაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და ლაპარაკი განაგრძო: – ამ საქმის შენთვის გადმოცემა მე არ გადამიწყვეტია. სახელები და თანამდებობები გჭირდება?
– არა... ისედაც ვხვდები, – ყრუდ ჩაილაპარაკა მურთაზმა.
– ნაღდად ვერ ვხვდები, რამ გააგიჟა ეს ქალი? წესიერ ოჯახში გაზრდილი, წესიერი გოგო როგორ გადაეკიდა ქურდსა და მკვლელ გეგეშიძეს?.. იმ არაკაცის მიზეზით მიატოვა სერიოზული სამსახური...
– ესე იგი, არ შევმცდარვარ, – ამოიოხრა მურთაზმა.
– ჰო, არ შემცდარხარ. ნუცუბიძის ინტერესი არავის აქვს, ჩვენ გეგეშიძე გვჭირდება.
– ჩემი ხელით გინდათ მაგ ეკლის ამოძირკვა?
– ეს მარტო შენი საქმე არ არის. ნუ გეშინია, ერთად ვიმუშავებთ.
– გეტყობა ახალი კაცი რომ ხარ პროკურატურაში. მარტო კოდექსისა და კანონების ფრიადზე ცოდნა არ არის საქმე. ვიდრე ამ საქმეს მოჰკიდებდი ხელს, მისი დოსიესთვის უნდა გადაგეხედა, – შენიშნა მურთაზმა.
– რას გულისხმობ?
– გეგეშიძის საქმეზე ერთი და ორი გამომძიებელი კი არა, მთელი ჯგუფები მუშაობდნენ. მათგან ზოგი უმუშევარი დარჩა, ზოგი სასაფლაოზეა, ზოგს კი საფლავიც არ ეღირსა. დღემდე ვერ გაარკვიეს, სად გააქრო ის ხალხი იმ მკვლელმა.
– მე კარგად გავეცანი გეგეშიძის დოსიეს და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს პიროვნება სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ. მან უკვე დაკარგა კონტროლი და ყოველი დანაშაულის შემდეგ უფრო აგრესიული და თავზეხელაღებული ხდება.
– თუ ეს საქმე გეგეშიძეს ეხება, რა შუაშია ნუცუბიძე? – განაგრძო მურთაზმა.
– ჰო, საქმეს დავუბრუნდეთ... ჩვენი მონაცემებით, გეგეშიძე გარკვეული პერიოდის წინ ეკა ნუცუბიძესთან და თავის შვილთან ერთად უკრაინიდან ჩამოვიდა საქართველოში. სამივეს ჰქონდა უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი ყალბი პასპორტები. შემდგომ ისინი ისევ გაემგზავრნენ საქართველოდან, მაგრამ, მათი საქართველოდან გასვლა არც ერთ საბაჟოზე არ დაფიქსირებულა. ორი დღის წინ კი, ნუცუბიძე იმავე ყალბი პასპორტით ცდილობდა საქართველოში შემოსვლას.
– პასპორტის სიყალბე საბაჟომ დაადგინა? – ჰკითხა მურთაზმა.
– არა, პასპორტი ძებნაში იყო გამოცხადებული. უბრალოდ, საბაჟომ დააკავა პიროვნება, რომელიც იმ პასპორტით სარგებლობდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დოკუმენტი ყალბი იყო.
– ერთი რამ ვერ გამიგია: მე კარგად ვიცნობ მის ოჯახსაც და თავად ეკასაც. კარგი ჟურნალისტი იყო, რამდენიმე წელი გაზეთის რედაქტორად იმუშავა, შემდეგ პრეზიდენტის პრესსამსახურში გადაიყვანეს.
– რა მნიშვნელობა აქვს მის წარსულს? – შეაწყვეტინა გურამმა, – მართალი ხარ, მშვენიერი კარიერა ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს მიაფურთხა და იმ მკვლელს გაეკიდა.
– არა, არა, – თავი გაიქნია მურთაზმა, – მე სხვა რამ ვიგულისხმე. ნუცუბიძეებს იმდენი ნაცნობ-მეგობარი მაინც ჰყავთ თბილისში, ეკა ციხეში რომ არ გააჩერონ. ვის და რა ინტერესი აქვს მისი საკანში გამოკეტვის?
– ანუ, შენ გაინტერესებს, რას ელიან შენგან?
– ჰო – ესეც მაინტერესებს.
– განსაკუთრებულს არაფერს. არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნუცუბიძე გეგეშიძესთან იმყოფებოდა. რისთვის ჩამოვიდა საქართველოში – უცნობია. შესაძლოა, პირად საქმეებზე, შესაძლოა – გეგეშიძის დავალებას ასრულებს და ამას შენ გაარკვევ. მაგრამ, ოპერაციას სხვა მიზანი აქვს: დარწმუნებულები ვართ, რომ გეგეშიძე მასთან ურთიერთობის დამყარებას შეეცდება. შესაძლოა, მისმა თბილისელმა ნაცნობებმა პროკურატურასთან საერთო ენის გამონახვა სცადონ. მოკლედ, ჩვენ გვჭირდება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გეგეშიძის ადგილსამყოფლის გარკვევაში დაგვეხმარება. ყველაზე კარგი იქნება, საქართველოში ჩამოსვლაზე თუ დავიყოლიებთ.
– აქ ჩამოსვლაზე?! – შიშით გახედა მურთაზმა.
– კარგი რა, მურთაზ! – გაღიზიანდა გურამი, – არ გვეკადრება პროკურატურის თანამშრომლებს კრიმინალზე და მკვლელზე ასე ლაპარაკი!
– არა მგონია, აქ ჩამოსვლა გაბედოს, ამისთვის განსაკუთრებული მიზეზი უნდა ჰქონდეს.
– ეკა ნუცუბიძე უმნიშვნელო მიზეზი გგონია?
– როგორც წესი, გეგეშიძის ყაიდის კრიმინალები ძალიან გულგრილები არიან საყვარლების მიმართ.
– გეთანხმები, – თავი დაუქნია გურამმა, – მაგრამ, მისი დოსიეს გაცნობისას ზოგიერთი საინტერესო მონაცემი ვნახე: მას ახლგაზრდობიდანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ნუცუბიძესთან; ციხეშიც მის დაბადების დღეზე მომხდარი ჩხუბის გამო მოხვდა; ძიების დროს და სასამართლოზეც ნუცუბიძის მამა იცავდა. შემდგომი პატიმრობისას იცავდა უკვე ჟურნალისტი ნუცუბიძე. ჭკუასელის მკვლელობისას კი ნუცუბიძე მის გვერდით იმყოფებოდა და ეს უბრალო სასიყვარულო ურთიერთობა არ არის. ხანდახან მეჩვენება, რომ ისინი საყვარლები კი არა, პადელნიკები არიან.
– შენ ახლოს არ იცნობ ნუცუბიძეს. გეგეშიძემ აუბნია გონება, თორემ დანარჩენში...
– ვიცი, ვიცი... დიშოვკას არავინ აიყვანდა პრეზიდენტის პრესსამსახურში.
– ერთი რამ ვერ გავიგე, გურამ, – განაგრძო მურთაზმა, – მე ჩვეულებრივად ვიმუშავებ ნუცუბიძესთან, მაგრამ, როგორ გავალ ამით გეგეშიძეზე?
– შენ ამას არავინ გავალებს. უბრალოდ, იმოქმედე ძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ნუცუბიძესა და მის ახლობლებს აგრძნობინე, რომ მათი ავტორიტეტი და პროკურატურაში მისვლა-მოსვლა ეკას პატიმრობისგან ვერ იხსნის. შექმენი ვითარება, რომელშიც გეგეშიძის ამოქმედება გარდაუვალი გახდება, დანარჩენს კი სამინისტრო მოაგვარებს: ისინი კონტროლს დააწესებენ ნუცუბიძისა და გეგეშიძის ყველა ახლობელზე და, თუ გეგეშიძე სადმე გამოჩნდა, აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ.
– რატომ არიან დაინტერესებულები გეგეშიძით. ასე იყო თუ ისე, სროკები მოიხადა და აქაურობას გაეცალა. თუ ასე აწუხებს უკრაინას, თავად აიყვანონ.
– საქართველოს გაეცალა!.. არ გამიხდა „მურტალო”?! რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება? ეგეთი ტიპი ყველგან უნდა იჯდეს – ეს, ოფიციალურად; არაოფიციალურად კი... არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რომ ძალიანაც არ იკავებდა თავს საქართველოში ჩამოსვლისგან და ამის დასტურად ბოლო მონაცემებიც კმარა. ისე გათავხედდა, რომ შვილთან და საყვარელთან ერთად გაბედა ჩამოსვლა. შენ წარმოიდგინე, ქალებთან ყოფნის დროს რომ ბედავს ამდენს, მარტო ან თავის პადელნიკებთან ერთად რაზეა წამსვლელი. რასაც ახლა გეტყვი, საიდუმლო ინფორმაციაა და ამ კაბინეტის კედლებს არ უნდა გასცდეს. ოპერაციის საბოლოო მიზანი მეც არ ვიცი. მხოლოდ ის მითხრეს, რომ მის მიმართ ერთობლივი ოპერაცია მიმდინარეობს.
– უკრაინელებთან ერთად? – ჰკითხა მურთაზმა.
– არა მხოლოდ უკრაინელებთან, მაგან რუსებსაც გაუჩინა თავის სატკივარი და ისინიც ჩართულები არიან საქმეში. ასე რომ, მოჰკიდე ხელი საქმეს და იმუშავე. შინაურულად გეტყვი, რომ შენზე დიდ იმედებს ამყარებენ.
– მეც შინაურულად გეტყვი: მერჩივნა, სხვას ემუშავა ამ საქმეზე!
– ასე როგორ დაგაფრთხო ერთმა კრიმინალმა? – გაეცინა გურამს.
– ჩემი და მაგის შეხვედრა ყოველთვის ცუდად მთავრდებოდა. დღემდე მახსოვს ის დილა, მისი საქმე რომ მომცეს. ზუსტად შენსავით მელაპარაკებოდა საგამოძიებოს უფროსი: კანფეტივით საქმეა, გამოძიებაც არ სჭირდება, მოწმეები არიან, მკვლელი აყვანილია, მკვლელობის იარაღი ამოღებულია, შენ მარტო საქმის გაფორმება და სასამართლოსთვის გადაცემა დაგრჩაო. იმ საქმის გაფორმებამ კი ორჯერ დამტოვა სამსახურის გარეშე.
– ჰოდა, ხომ გაგიგია, ღმერთი სამობით არისო. ჩავამთავროთ ეს საქმე და, პირობას გაძლევ, რომ გეგეშიძეს ვეღარასოდეს შეხვდები, – გაიცინა გურამმა და საქაღალდე ახლოს მიუწია.
გაგრძელება შემდეგ ნომერში