რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს იაპონური წარმოების ავტომობილი და ვერაფრით შევეჩვიე მარჯვენა საჭით მის მართვას. მინდა საჭის გადმოტანა, მაგრამ ვფრთხილობ, მეშინია, რამე სერიოზულად არ დაზიანდეს და დისკომფორტი არ შემიქმნას. ვისაც ვკითხე, ყველა მეუბნება, რომ ეს საკმაოდ სარისკოა. რას მირჩევთ?
პასუხი: საჭის გადატანაზე ჩვენი რუბრიკის საშუალებით არაერთხელ გვისაუბრია. თუ ამას კარგი სპეციალისტი აკეთებს, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა, მძღოლებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ ის ნიუანსები, რომელიც შემდეგ აუცილებლად შეუქმნით დისკომფორტს, თავიდან კი ამაზე არც კი დაფიქრებულან. მაგალითად, საჭის გადმოტანის შემთხვევაში საბარგულის, ბენზინის ავზის, ძრავას სექტორის ხუფის, ანუ „კაპოტის” ასახდელი მოწყობილობები მარჯვენა მხარეს რჩება. იმ შემთხვევაში, თუ გვერდით ძალიან შინაური ადამიანი არ გიზით და მას ვერ შეაწუხებთ, მაშინ ავტომობილიდან გადმოსვლა მოგიწევთ. ასეთი ბევრი ნიუანსია. ვთქვათ, კონდიციონერის სისტემები ვერ კეთდება ისე, რომ ზუსტად გამოუშვას ცივი თუ ცხელი ჰაერი; ელექტროგაყვანილობებს უნდა მიექცეს ყურადღება, რათა სიგრძე გვერდით საჭემდე ეყოს. პედლები და სამანიპულაციო ელემენტები ზუსტად უნდა იყოს განთავსებული. მომიწია ისეთი ავტომობილის მართვა, სადაც პედლები არაზუსტად იყო დამონტაჟებული და გვერდულად ვიჯექი საჭესთან. ასე რომ, თუ მარჯვენასაჭიან ავტომობილს შეიძენთ ყველა ნიუანსი გაითვალისწინეთ.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ხოჭო”. ხშირად, განსაკუთრებით სიცხეში, გრძელი დაღმართების გავლის შემდეგ, ეწყება სამუხრუჭე სისტემის პრობლემები. კერძოდ, იწყებს ძიგძიგს. იქნებ მითხრათ, რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა მზადდება ისეთივე ჩვეულებრივი ან ოდნავ განსხვავებული ლითონების, პლასტმასის, რეზინის თუ სხვა ნივთიერებებისგან, როგორც სხვა დანარჩენი საგნები. შესაბამისად, ტემპერატურის ცვალებადობაზეც იგივე რეაგირება აქვს და არა მხოლოდ. ამიტომ, უნდა შევეცადოთ, ისეთი მნიშვნელოვანი სისტემა, როგორიც სამუხრუჭეა, სწორად მოვიხმაროთ, რათა დავიცვათ ის სხვადასხვა პრობლემების წარმოქმნისგან. თუ მაღალი ინტენსივობით მოიხმარეთ მუხრუჭები, ეს იწვევს როგორც სამუხრუჭე დისკოს, ასევე სამუხრუჭე ხუნდების გადახურებას. თუ ამის შემდეგ მოგიწიათ ავტომობილის გაჩერება, სამუხრუჭე დისკოზე ადგილი, რასაც სამუხრუჭე ხუნდები ეხება, ვერ მოახერხებს გაგრილებას, დანარჩენი ადგილები კი გაგრილდება. ეს გამოიწვევს იმ კონკრეტული ერთი ადგილის გამრუდებას. შემდგომ კი ეს ყველაფერი დამუხრუჭებისას, ავტომობილის ძიგძიგს იწვევს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, დაგჭირდებათ სამუხრუჭე დისკოს შეცვლა, ან მისი გაჩარხვა, რომ ხელახლა მოიყვანოთ სისწორეში. ასეთივე პრობლემას შეიძლება, წააწყდეთ, თუ გახურებული სამუხრუჭე სისტემით წყალში გაივლით.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ პასატი”, 2001 წლის, მართვის ავტომატური კოლოფით. მუშაობს მაღალ ბრუნზე. დაახლოებით 1 000-1 100 ბრუნზე გადახურების მდგომარეობაშია. შესაბამისად, სიჩქარეში რომ ვაგდებ, ძიგძიგს იწყებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: ავტომობილის მაღალი ბრუნების დაკლება არც ისე რთულია ხელოსნისთვის. ამ მდგომარეობაში მუშაობა კოლოფისთვის ძალიან ცუდია. ამიტომ, დროულად მიაკითხეთ ხელოსანს. მაღალი ბრუნები რამდენიმე მიზეზით შეიძლება, იყოს გამოწვეული, იმისდა მიხედვით, ავტომობილი რა სისტემითაა აღჭურვილი. მაგრამ, ძირითადად, მაინც ორ მიზეზს გამოვყოფ, რაც ბევრ მოდელზე ერთნაირად იჩენს თავს. ერთია, როცა შემშვებ კოლექტორში საიდანღაც ჰაერი იპარება, ანუ მისი ან მასთან მიმაგრებული დეტალების ჰერმეტულობაა დარღვეული; მეორე – „დროსელი” შეიძლება იყოს ნორმაზე ღია, რაც ავტომობილისთვის ნიშნავს, რომ გაზზე ოდნავ ფეხი გაქვთ მიჭერილი. თუმცა, ამის დარეგულირებაც მარტივადაა შესაძლებელი.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა”, 1998 წლის. ამ ბოლო დროს ერთი პრობლემა შეექმნა. თუ ავტომობილს გახურების შემდეგ გავაჩერებ, ის აღარ იქოქება. მხოლოდ ცივზე იქოქება. ამ სიცხეში, თუ სადმე ხუთი წუთით გაჩერება მინდა, მთელი საათი ველოდები ძრავას გაგრილებას. იქნებ ამიხსნათ, რის გამო ხდება ეს და როგორ გამოვასწორო სიტუაცია?
პასუხი: ამის ძალიან ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად შეიძლება, ეს რელეს ბრალი იყოს. გირჩევთ, რელეები გადაამოწმოთ, რომელიც სადმე ერთ ბუდეშია მოთავსებული მცველებთან ახლოს. ყველაზე კარგია გამორიცხვის მეთოდი. იპოვეთ მსგავსი ავტომობილი, გააცხელეთ თქვენი ავტომობილი და როდესაც იმ კონდიციამდე მიხვალთ, რომ აღარ იქოქება, რელეები სხვა ავტომობილიდან სათითაოდ გადმოიტანეთ და ეცადეთ, დაქოქვას. ასე იოლად მიაგნებთ იმ ერთს, რომელიც დაზიანებულია.
კითხვა: მსურს, შევიძინო ავტომობილი „სუბარუ იმპრეზავეერიქსი“, ახალი მოდელი. იქნებ დამიხასიათოთ ეს მანქანა, ვგულისხმობ გადაცემათა მექანიკური კოლოფით აღჭურვილს. ეკონომიური თუა ეს მანქანა და რა სუსტი მხარეები აქვს? რა დამიჯდება ამ ავტომობილის ჩამოყვანა იაპონიიდან ან გერმანიიდან?
პასუხი: ეს არის ძალიან კარგი, გამძლე და მძლავრი ავტომობილი, ტურბირებული ძრავათი და რა თქმა უნდა, თუ მისი დახასიათებაა საჭირო, მაშინ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მართვის მექანიკური კოლოფით აღჭურვილ „სუბარუ იმპრეზა ვეერიქსზე”. ეს ავტომობილები აღჭურვილია 2.0-იანი ან 2.5-იანი ტურბირებული ძრავებით. მართალია, 2.5-იანი ძრავა გაცილებით მძლავრი და გამძლეა, მაგრამ 2.0-იანი მასთან შედარებით წარმოუდგენლად პრაქტიკული და ეკონომიურია. „სუბარუ” ცნობილია დიდი რაოდენობით საწვავის მოხმარებით, მაგალითად, „იმპრეზა ვეერიქსი” 2.0-იანი ძრავათი ას კილომეტრზე დაახლოებით თხუთმეტ ლიტრ ბენზინს წვავს და ეს ძალიან ცოტაა 2.5-იან ძრავასთან შედარებით, რაც შეეხება მართვის კოლოფს, „სუბარუს” ძალიან სუსტი სიჩქარეთა კოლოფი აქვს, რომელიც იოლად ფუჭდება და საკმაოდ გაგაწვალებთ. სამაგიეროდ, სხვა მოდელებთან შედარებით, მისი სავალი ნაწილი წარმოუდგენლად გამძლეა და თითქმის არ ფუჭდება. რაც შეეხება „სუბარუს” ჩამოყვანას, ფასი საკმაოდ ცვალებადია, გააჩნია ქვეყანას საიდანაც ჩამოიყვანთ, ასევე მის მდგომარეობას, მგზავრობის ხანგრძლივობას და სხვა. თუმცა, საქართველოში იმდენად დაწეულია მანქანებზე ფასები, რომ შეგიძლიათ, ის ადგილზეც მისაღებ ფასად შეიძინოთ. რამდენიმეთვიანი ლოდინი დიდ განსხვავებას არ მოგცემთ.