ფლორის სამყაროში
კითხვა: პელარგონიუმის როგორი სახეობები არსებობს?
პასუხი: ამ მცენარის ასობით სახეობა არსებობს. ზოგიერთი მათგანი სურნელოვანი ფოთლებით ფასობს, ზოგი კი – ფერადი ყვავილებით. სამეფო პელარგონიუმებს ამშვენებს დიდი ყვავილები, რომლებიც სხვადასხვა ფერისაა: მოშავო, ვარდისფერი, წითელი ან თეთრი. პელარგონიუმის სახეობებიდან ყველაზე გავრცელებულია „ზონალური” პელარგონიუმი. მისი პატარა ყვავილების კონები საკმაოდ შთამბეჭდავია. საერთოდ, ეს მცენარე სათანადო პირობებში მთელი წლის განმავლობაში ყვავის.
კითხვა: არის თუ არა პტერისი პრეტენზიული მცენარე?
პასუხი: ეს ეფექტური და მოხდენილი გვიმრა ნაკლებად ჭირვეული მცენარეა და ის დიდ ყურადღებას არ მოითხოვს. მისი მიწა ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. მაღალი ტენიანობის შესანარჩუნებლად, სითბოში მცენარე სველკენჭებიან ლანგარზე დადგით და რეგულარულად დანამეთ ხოლმე.
კითხვა: ჰოლში დასადგმელად რომელ მცენარეს მირჩევთ?
პასუხი: უამრავი მცენარე ქმნის ჰოლში თბილ და მყუდრო გარემოს, თუმცა, კარის ხშირი გაღების დროს, ქარი და ცივი ჰაერი შემოდის, რასაც ზოგიერთი მცენარე ვერ უძლებს. ჰოლში დასადგმელად შეარჩიეთ განსაკუთრებით გამძლე მცენარეები, რომლებიც მიჩვეული არიან ცივ ღამეებსა და ყინვას. მე გირჩევთ, რომ ჰოლში დადგათ შემდეგი მცენარეები: აგავა, სპარმანია, ტოლმია და კორდილინა.
კითხვა: რით გავამრავლო მონსტერა?
პასუხი: მონსტერას გახარება ძალიან ადვილია. ის ლიანების ოჯახს ეკუთვნის და გაზაფხულზე კარგად ფესვიანდება ქვიშისა და ტორფის ნაზავში. დაფესვიანების პერიოდში ტემპერატურა 24 გრადუსი უნდა იყოს. მონსტერა თვე-ნახევარში დაფესვიანდება და რამდენიმე ხნის შემდეგ გადაიტანეთ უფრო მოზრდილ ქოთანში. ახალგაზრდა მონსტერას ყოველ წელს უცვალეთ ჭურჭელი და ყოველ შეცვლაზე უფრო დიდ ქოთანში გადარგეთ.
კითხვა: ჩემი ბარაქის ხე ჯერ მწვანე იყო, შემდეგ კი გაყვითლდა. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: მიზეზი შეიძლება მდგომარეობდეს შემდეგში:
1. თუ ის მზეში გიდგათ და ნიადაგის კომი ხშირად უშრება;
2. თუ ფესვები უკვე დაზიანებულია, მაშინ ამოიღეთ მცენარე ჭურჭლიდან, კარგად დაათვალიერეთ, გაფუჭებული ადგილები მოაჭერით და ნიადაგი გამოუცვალეთ.
კითხვა: ჩემმა „დეკაბრისტმა” რამდენიმე წლის წინ იყვავილა და კარგა ხანია, აღარ ყვავილობს. რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: „დეკაბრისტს” ხმელთაშუა ზღვის კაქტუსს ეძახიან, მისთვის აუცილებელია, შემოდგომიდან ამყოფოთ გრილ, 5-10 გრადუს ტემპერატურაზე, დეკემბრის დასაწყისიდან კი შეიტანეთ მცენარე 20-გრადუსიან სითბოში. შეგიძლიათ, ამოიღოთ ჭურჭლიდან და ნახოთ მისი ფესვების მდგომარეობა.
კითხვა: სუკულენტს ღეროები უყვითლდება და ცვენაც დაეწყო. ზომიერად ვრწყავ და სინათლეც ნორმალურად აქვს. ახლა ყვავილობის პროცესშია. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვუარო?
პასუხი: ამ მცენარეს არ უყვარს ბევრი წყალი, რადგან ის შედის კაქტუსების ოჯახში. სუკულენტი ირწყვება ორ კვირაში ერთხელ და მისი კვება მინერალური სასუქებით შესაძლებელია თვეში ერთხელ. ფოთლების ცვენა გამოწვეულია უშუქობის და უჟანგბადობის გამო. შესაძლებელია, არასწორი მორწყვაც იყოს ამის მიზეზი. გაიტანეთ ეს მცენარე ზაფხულში გარეთ – დღეში ორი-სამი საათით.