ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ჩემი ძაღლი ხშირად ცუდად იქცევა. იქნებ მითხრათ, როგორ უნდა დავსაჯო ისე, რომ ზედმეტიც არ მომივიდეს?
პასუხი: საერთოდ, ძაღლი ჯიუტი არსებაა. დავუშვათ, ლეკვი კბილების მოცვლის პერიოდში დივანს ღრღნის. შეიძლება, ის რამდენჯერმე მოაშოროთ იქაურობას, მაგრამ, არ დაგემორჩილოთ. ბოლოს შეგიძლიათ, დასაჯოთ, მაგრამ ეს ცემა-ტყეპას არ ითვალისწინებს. ყველაზე კარგია მის ფსიქოლოგიაზე მუშაობა. პირადად მე, ცხოვრებაში არ დამირტყამს ჩემი ძაღლისთვის. საკუთარ მაგალითს მოგიყვანთ: ჩემს ძაღლს იმ დონეზე პანიკურად არ უყვარს სიბნელე, რომ კანკალი ეწყება და დორბლი მოსდის. ლეკვობიდან, როცა ერთსა და იმავე რამეზე ოცჯერ მათქმევინებდა რამეს, მომენტალურად შემყავდა ჩაბნელებულ აბაზანაში. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და, მეოთხედ უკვე ისწავლა, რომ, თუ იმას გააკეთებდა, რის ნებასაც არ ვაძლევდი, ჩაბნელებულ ოთახში მოუწევდა ჯდომა.
კითხვა: მიზანშეწონილია თუ არა ზაფხულის ცხელ დღეებში ძაღლისთვის ცივი წყლის დალევა?
პასუხი: ძაღლისთვის დასალევად ცივი წყალი მიზანშეწონილი არ არის. თუ ის ზაფხულში სიცხეში სეირნობით ქოშინამდე მიიყვანეთ, შემდეგ კი სახლში დაბრუნებულს მაშინვე ერთი ვედრო ცივი წყალი დაუდგით, ეს ორგანიზმისთვის მავნებელია. ძაღლი ჯერ უნდა დაწყნარდეს, ქოშინი შეუმცირდეს, სუნთქვა ჩაუდგეს კალაპოტში და შემდგომ უნდა დაალევინოთ წყალი. რაც მთავარია, წყალი მაცივრიდან გამოღებული და გაყინული არ უნდა იყოს, უნდა იყოს ჩვეულებრივი ტემპერატურის, ანუ, ონკანიდან ჩამოსხმული. კორპუსში მცხოვრებ ძაღლებს რაც შეეხება, მათმა პატრონებმა ერთ რამეს უნდა მიაქციონ ყურადღება: ძაღლი ზაფხულში ორჯერ ან სამჯერ მეტ წყალს სვამს, ვიდრე ზამთარში და შესაბამისად, მოშარდვის სურვილიც ორჯერ ან სამჯერ მეტი აქვთ. ამიტომ, უნდა ეცადოთ, ძაღლის სეირნობის დრო დილას და საღამოს რამდენიმე წუთით გაზარდოთ, რათა ცხოველმა თავისი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს.
კითხვა: რატომ უჭირთ ბრანციჰიფალებს ზაფხულის გადატანა?
პასუხი: ზაფხულში, როცა ტემპერატურა იმატებს და, შესაბამისად, ჰაერიც დახუთულია, ისეთი ტიპის ძაღლები, როგორებიც არიან ბრანციჰიფალები, ძირითადად: ბულდოგები, მოპსები, ბოქსიორები და კანე კორსოები, ყველაზე რთულად იტანენ ზაფხულს. მოკლე დინგის გამო მათ უჭირთ ნორმალური სუნთქვა, აღებენ პირს და იწყებენ პირით ქოშინს. დაბალი ძაღლების, მაგალითად, ფრანგული ბულდოგებისა და მოპსების სასუნთქი აპარატი ძალიან ახლოს არის გახურებულ ასფალტთან და მიწასთან. ამიტომ, მათი ფილტვებისთვის ორმაგად დატვირთვაა, როცა ისინი ქოშინით სუნთქავენ, რადგან, ისუნთქავენ ორმაგად გახურებულ ჰაერს. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, როგორც კი ჩამოცხება, ძაღლის ქუჩაში გასაყვანად შეარჩიოთ დილა და საღამო. აუცილებლად უნდა ეცადოთ, რომ ძაღლი ასფალტზე არ ატაროთ, რადგან ასფალტი განსაკუთრებით მხურვალეა.
კითხვა: თუ არის იმის საშიშროება, რომ სოკოთი დაავადებული ცხოველისგან ადამიანიც დაავადდეს?
პასუხი: სოკოვანი დაავადებებით ავადდება ადამიანიც, მაგრამ იმის საშიშროება, რომ ადამიანი შეიძლება დაავადდეს შინაური ცხოველებისგან, ძალიან მცირეა: დაავადება ემუქრება მხოლოდ მათ, რომლებიც განიცდიან იმუნოდეფიციტს, ანუ, ბავშვები 3-დან 5 წლამდე და ასაკოვანი ადამიანები. უფრო ხშირად ავადდება მოზარდი, შინაური ცხოველები – 1 წლამდე ასაკის ლეკვები და კნუტები. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს არასათანადო მოვლა და შენახვის პირობები, ასევე, ცხოველთა თავშეყრის ადგილებში სანიტარულ ზოოჰიგიენური წესების დაუცველობა.