როგორ იპოვა კასპის რაიონში მცხოვრებმა ნათლულმა ნათლია გერმანიაში და შეხვდებიან თუ არა ისინი ერთმანეთს
35 წლის დავით ანდროს ძე კიკალეიშვილი ეძებდა 53 წლის ელენე სამსონის ასულ გამყრელიძეს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ნათლიას, 53 წლის ელენე სამსონის ასულ გამყრელიძეს. ნათლიაჩემი ბოლოს როცა ვნახე, 5 წლის ვიყავი. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში, ქალაქ მიუნჰენში გადავიდა. მას შემდეგ, რაც საქართველო დატოვა, მასთან კავშირი აღარ მქონია. ძალიან გთხოვთ, დახმარება გამიწიოთ ნათლიის პოვნაში. სამწუხაროდ, მისი სურათი არ გამაჩნია.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჟურნალ „თბილისელების“ ერთ-ერთ წინა ნომერში, რუბრიკა „დაკარგულებში“ დაიბეჭდა. საბედნიეროდ, გერმანიაში მყოფი ჩვენი ნებაყოფლობითი დამხმარის მეოხებით დაკარგული ნათლია ვიპოვეთ. დღევანდელი რუბრიკის რესპონდენტი კვლავ დავითია, რომელიც ოკამში ცხოვრობს. სამწუხაროდ, მან თავისი ფოტოს გამოგზავნა ვერც ამჯერად მოახერხა.
– რა რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ ნათლია ნაპოვნია?
– ჩემთვის ელენეს პოვნა სასწაულს ჰგავდა. ნამდვილად არ ველოდი, რომ მას ასე სწრაფად მაპოვნინებდით. ელენე ბოლოს რომ ვნახე, სულ პატარა ვიყავი, თუ არ ვცდები, 5 წლის. როგორც უკვე გითხარით, ის ჩემი ერთადერთი ნათლიაა და ძალიან განვიცდიდი მასთან კავშირის არქონას. დედაჩემი და ნათლიაჩემი მეგობრები იყვნენ, მაგრამ, ელენემ არც კი იცოდა, რომ დედა გარდამეცვალა და მისი პოვნის შემდეგ იძულებული გავხდი, ეს ამბავი მეთქვა. რასაკვირველია, ელენეს პოვნა ძალზე გამიხარდა. მასაც უხაროდა და ჩემზე არანაკლებ ემოციას ამჟღავნებდა საუბრის დროს. სამწუხაროდ, უახლოეს სამ წელიწადში ის საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს, მაგრამ, შემდგომში ჩვენ აუცილებლად შევხვდებით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თქვენს ნებაყოფლობით დამხმარეს, ირინა პრილს, რომელიც ელენეს პოვნაში დაგვეხმარა.
– თავად ნათლიას რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც თქვენი ხმა გაიგონა ტელეფონში?
– ჯერ კიდევ მაშინ, როცა ელენე, კასპის რაიონში ცხოვრობდა, ძალიან ემოციური ადამიანი იყო. მართალია, ის გერმანიაში უკვე 30 წელია ცხოვრობს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ის ისეთივე ემოციური დარჩა. როცა მისი ტელეფონის ნომერი გადმომეცით და მე დავრეკე, პირველად ყურმილი მისმა მეუღლემ აიღო, რომელსაც ძლივს გავაგებინე, რა მინდოდა (იცინის). ბოლოს, ელენეს სახელი რომ ვახსენე, მიმიხვდა და ტელეფონთან დაუძახა. ნათლიაჩემმა სიხარულისგან იკივლა და იწივლა. ბევრი ვესიყვარულეთ ერთმანეთს. წარმოუდგენელი ბედნიერება იყო ორივესთვის.
– თავად ნათლია თუ გეძებდათ?
– ამაზე ნამდვილად არ გვისაუბრია, თუმცაღა, მას ძალიან გაუხარდა ჩემი ხმის გაგონებაც და, საერთოდ, მთელი ეს ისტორია. მე ვუამბე, რომ საქართველოში არის ასეთი და ამგვარი რუბრიკა. შემდეგ კი მან მითხრა, რომ მეუღლის გვარზე არ გადასულა და ამიტომ მისი პოვნა არც ისეთი რთული იყო. ის ამჟამად გერმანიაში, ქალაქ მიუნჰენში ცხოვრობს და ჰყავს ქმარ-შვილი, მისი შვილები უკვე საკმაოდ დიდები არიან. ნათლია შემპირდა, რომ მომავალში თავის ოჯახთან ერთად ჩამოვა საქართველოში.