ქალის გაუპატიურება 25 წლის სტუდენტს 9 ათასი ლარი და 18-თვიანი პატიმრობა დაუჯდა
25 წლის სტუდენტმა ახლობლის ოჯახში შემთხვევით გაცნობილი სტუმარი გააუპატიურა. მოძალადე ქალს დაჰპირდა, რომ სახლში თავის მანქანით მიიყვანდა, მაგრამ, ამის ნაცვლად, სახლში თმით აათრია და გააუპატიურა. მომხდარის შემდეგ ქალი პირდაპირ პოლიციაში წავიდა. რაც შეეხება მოძალადეს, პოლიციამ ის საწოლში დააკავა.
სტუდენტ გიორგი პ.-ს გამოძიებამ ბრალი გაუპატიურების, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით წაუყენა, რაც ნიშნავს: „გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა, პროკურატურა მასთან საპროცესო გარიგებაზე წავიდა. დაზარალებულმა სასამართლოს მიმართა, რომ პროკურატურა პატიმართან ბრალსა და სასჯელზე გარიგდა და მოსამართლეს სთხოვა, საპროცესო შეთანხმება დაემტკიცებინა. სასამართლომაც გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, რომ განსასჯელი აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილს, თანაც პირველად მოხვდა განსასჯელის სკამზე და საქმის არსებითი განხილვის გარეშე, გიორგი პ.-ს 18 თვე პატიმრობა განუსაზღვრა. თუმცა, გარდა პატიმრობისა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას 9 ათასი ლარი ჯარიმაც დააკისრა.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გიორგი პ.-მ მასზე 9 წლით უფროსი მირანდა გ. შემთხვევით გაიცნო, როცა გიორგი ახლობელს ესტუმრა. ამავე ოჯახში სტუმრად იყო მასპინძლის ახლო მეგობარი მირანდა გ. სტუმრებმა იქეიფეს და დაახლოებით ღამის პირველ საათზე დაიშალნენ. ვინაიდან ყველა სტუმარი ერთმანეთს უკვე იცნობდა და, თანაც, ბიჭები მანქანით იყვნენ, მირანდა გ.-მ ბიჭებს სთხოვა, სახლში ისიც გაეყვანათ, რაზეც თანხმობა მიიღო. საჭესთან – გიორგი, გვერდით მირანდა, უკან კი გიორგის ორი მეგობარი იჯდა. სანზონაში ჯერ ბიჭები ჩამოვიდნენ, გიორგის მირანდა ბოლოს უნდა მიეყვანა სახლში, მაგრამ ამის ნაცვლად, მან თავის ბინაში მიიყვანა, სადაც დროებით ცხოვრობდა და გააუპატიურა, უფრო სწორად, ამის დიდი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ, ვინაიდან მთვრალი იყო, საქმის „ბოლომდე მიყვანა“ ვერ შეძლო...
საბრალდებო დასკვნის თანახმად: „19 მაისს, გიორგი პ. თბილისში, მეგობრის სახლში იმყოფებოდა, სადაც მირანდა გ. გაიცნო. დაახლოებით ღამის პირველ საათზე ისინი ერთად წამოვიდნენ ავტომანქანით. გზაში გიორგიმ მას სქესობრივი კავშირი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო და ამის შემდეგ მისი გაუპატიურება განიზრახა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან გოგონა თავის ბინაში წაიყვანა, მანამდე კი ჯერ მანქანაში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (სახისა და ტანის არეში ურტყამდა), შემდეგ კი გადმოათრია და, სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ძალადობით, თავის საცხოვრებელ ბინაში აიყვანა, სადაც კვლავ განაგრძო დაზარალებულის ცემა. ამის შემდეგ, წინააღმდეგობის მიუხედავად, მან ქალს ტანსაცმელი შემოახია, გახადა საცვალი და მისი ნების გარეშე მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა...“
დაზარალებულმა პოლიციას იმავე ღამეს მიმართა. განუცხადა, რომ მეგობრის სახლიდან ერთ-ერთმა სტუმარმა წამოიყვანა, რომელსაც ის სახლში უნდა მიეყვანა, მაგრამ, ამის ნაცვლად, გააუპატიურა და სცემა.
მირანდას ჩვენებიდან: „19 მაისს „დელისის“ მეტროსთან ჩემი ახლო მეგობრის სახლში ვიყავი, სადაც ხშირად დავდივარ ხოლმე. ღამე მასთან დავრჩი. სახლში მხოლოდ ჩვენ ვიყავით. საღამოს დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე დავწექი, მაგრამ ხმაურზე გამეღვიძა. ავდექი და მისაღებში გავედი, სადაც სტუმრები დამხვდნენ, მათ შორის იყო გიორგი, რომელიც ჩემმა მეგობარმაც იმ ღამეს გაიცნო. სვამდნენ და მეც მათთან ერთად დავჯექი. დაახლოებით პირველ საათზე სახლში წასვლა გადავწყვიტე. ვინაიდან მანქანით იყვნენ, ვთხოვე, მეც გავეყვანე. საჭესთან გიორგი იჯდა, მე მის გვერდით ვიჯექი, ზაზა და გია კი – უკანა სავარძელზე. გიორგიმ ისინი სანზონაში დატოვა, მე კი გლდანის ნაცვლად დიდუბეში მიმიყვანა. მანქანა კორპუსის ეზოში შეიყვანა, თმაში ხელი ჩამავლო, ცემა-ცემით სახლში ამიყვანა, დივანზე დამაგდო, ტანსაცმელი შემომახია და ძალით დაამყარა სქესობრივი კავშირი, თუმცა აქტი არ დაუსრულებია, რადგან ნასვამი იყო და წინააღმდეგობას ვუწევდი. მერე ვთხოვე, საპირფარეშოში გავალ-მეთქი, რაზეც დამთანხმდა და თვითონ მისაღებში დარჩა. თუმცა, ვინაიდან კარი ღია იყო, გარეთ გავედი და კიბე ჩავირბინე, რომ გავქცეულიყავი, მაგრამ დამეწია და ისევ ცემით ამიყვანა ბინაში, იმავე დივანზე დამაგდო და კვლავ გაუპატიურება დამიწყო. თუმცა, აქტი არც მეორედ დაუსრულებია, რადგან გული ერეოდა და სააბაზანოში შევიდა. ამ დროს ტანსაცმელი ჩავიცვი და ფეხშიშველი გავიქეცი. ჩემი ჩანთა მის მანქანაში დარჩა. პირდაპირ პოლიციაში მივედი და დახმარება ვითხოვე“, – განაცხადა დაზარალებულმა, რომელსაც მოძალადემ ისე სცემა, რომ ორი კბილი ჩაუმტვრია.
რაც შეეხება განსასჯელს, თავდაპირველად, როდესაც ეჭვმიტანილად დაკითხეს, განაცხადა, რომ მირანდა ჩემი მანქანით წამოვიყვანე, გზაში სექსი შევთავაზე, რაზეც დამთანხმდა. არ მიცემია და არც არანაირი ძალადობა არ ყოფილა, არ ვიცი, საიდან აქვს სხეულზე დაზიანებებიო.
არადა, ფაქტია, დაზარალებული იმ ღამეს საავადმყოფოში 033-მა მიიყვანა. გამოძიებას ექიმებმაც განუმარტეს, რომ პაციენტი ნაცემი იყო და თავის ტკივილს უჩიოდა. თუმცა, მიზეზი რომ უკითხავთ, მირანდას სიმართლე დაუმალავს და ექიმებისთვის განუცხადებია, თითქოს თანამშრომლებმა სცემეს.
როგორც გამოძიებამ გაარკვია, სახლი, სადაც დანაშაული მოხდა, არა გიორგის, არამედ მის ახლობელს ეკუთვნოდა. მეგობართან ერთად გიორგი ამ სახლში დროებით ცხოვრობდა და, როგორც დადგინდა, იმ ღამეს მისი მეგობარიც სახლში იმყოფებოდა. თუმცა მან გამოძიებას განუცხადა, რომ არაფერი გაუგია: „იმ ღამეს გვიან მოვედი, მუსიკა ჩავრთე და დავიძინე. პოლიცია რომ მოვიდა, ტახტზე დამსვა და მკითხა, რა მოხდაო, მაგრამ მე არაფერი ვიცი-მეთქი, ვუთხარი“.
გამოძიებას მეზობლებმა სხვა რამ უამბეს. ერთმა მეზობელმა განმარტა, რომ იმ ღამეს სახლიდან ჯერ ხმაური ესმოდა, შემდეგ კი გიორგიმ დაუძახა და სიგარეტი სთხოვა. ვინაიდან ყვირილი ისმოდა, მეზობელს იმ ღამეს სახლის ნამდვილი მეპატრონისთვისაც კი დაურეკავს, მაგრამ რაიონში წასული აღმოჩნდა. მეზობელი აცხადებდა, რომ იმ ღამეს კიბეებზე ვიღაცის ჩარბენის ხმაც გაიგონა...
იმავეს აცხადებდა მეორე მეზობელიც: „ბიჭები ჩემ ზემოთ ცხოვრობენ და ხშირად ხმაურობენ, რაზეც არაერთხელ მივეცი შენიშვნა. იმ ღამესაც გავიგონე ქალის ხმა, ის გიორგის რაღაცას უხსნიდა. თუმცა, ვინაიდან ასეთი ხმაური მათი სახლიდან ხშირად ისმოდა, ყურადღება აღარ მივაქციე, მაგრამ დილით სადარბაზოსთან სისხლი ვნახე...“
მას შემდეგ, რაც გიორგი პ-ს ბრალი წაუყენეს, გამოძიებას უკვე სხვა ჩვენება მისცა: „ვცემე, მაგრამ იმიტომ, რომ მანქანა დამიმტვრია. როცა ეზოში ჩავედი, ჩემს მანქანაში მძღოლის ადგილას იჯდა, მანქანა დაუგორდა, ხეს დაეჯახა და უკანა მინა ჩაამტვრია, რის გამოც შევლაპარაკდით. რამდენჯერ დავარტყი სახეში არ მახსოვს, რადგან ნასვამი ვიყავი. შემდეგ სახლში ავიყვანე, რომ მოწესრიგებულიყო, მაგრამ თავისი ნებით დარჩა. სქესობრივი კავშირი არ გვქონია, უბრალოდ, ერთად დავიძინეთ. თუმცა, ჩემი მხრიდან შეთავაზების შემთხვევაში უარს არ მეტყოდა. როცა გავიღვიძე, პოლიცია იყო მოსული და დამაკავა“.
ამ ჩვენების შემდეგ მირანდა გ-მ გამოძიებას უამბო, რომ ის გიორგის მანქანის საჭესთან საერთოდ არ მჯდარა და, აქედან გამომდინარე, არც მისი მანქანა დაუმტვრევია. ავტომანქანის მართვა საერთოდ არ ვიციო, – განაცხადა. „ცემა მას შემდეგ დამიწყო, როცა სქესობრივ კავშირზე უარი ვუთხარი. განაწყენდა და გამეტებით დამიწყო ცემა. მანქანიდან გადმოსვლა მოვახერხე, ტაქსით წავალ-მეთქი, უფრო სწორად, გადმოსვლას ვცდილობდი, მაგრამ თმებით გადმომათრია, რა დროსაც ფეხსაცმელი გამძვრა. ვყვიროდი, მაგრამ არავინ მომხმარებია“.
ასეა თუ ისე, გამოძიებამ გიორგი პ-ს გაუპატიურების მუხლი წაუყენა, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, ციხეში ის მხოლოდ 18 თვეს გაატარებს...