სად გაუჩინარდა ციხიდან ორჯერ გაქცეული ქართველი კანონიერი ქურდი, მეტსახელად „მეგრელი“
შურისძიება
მეორე მსოფლიო ომი ახალი დასრულებული იყო, როდესაც ზუგდიდის ერთ-ერთ ეზოში ტრაგედია დატრიალდა: სამამულო ომში გმირულად დაღუპული პარმენ ჯიქიას სახლში ორი ბოროტმოქმედი შეიპარა. მათ პარმენის მეუღლე – ცირა და ქალიშვილი – შოუ გააუპატიურეს. შემდეგ კი სასტიკად სცემეს. ქალები მიყენებული ტრავმებისგან მეორე დღეს, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალნენ. ცირა 36 წლის იყო, შოუ კი – 16-ის. თავდასხმის დროს სახლში 9 წლის ხვიჩა იმყოფებოდა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მისულმა მილიციელებმა უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ხვიჩას მარცხენა ხელი ჰქონდა მოტეხილი და ტვინი შერყეული, რადგან ერთ-ერთმა მოძალადემ ბავშვი მეორე სართულიდან ეზოში გადააგდო. ავაზაკებმა სახლიდან 30 მანეთი, ორი ოქროს ბეჭედი და პარმენის ვერცხლის ქამარ-ხანჯალი გაიტაცეს. მცდელობის მიუხედავად, მილიციამ დანაშაულის გახსნა ვერ მოახერხა და ბოროტმოქმედების კვალს ვერ მიაგნო.
ხვიჩა ორ თვეში გამოჯანმრთელდა და როდესაც ის საავადმყოფოდან გამოწერეს, ბიძამ, პეტრე ჯიქიამ, თავისთან, მეზობელ რაიონში წაიყვანა აღსაზრდელად. თუმცა, მანამდე ბავშვმა გამომძიებელს ჩვენება მისცა, რომელშიც ეწერა: „კაცებს ყაბალახები ჰქონდათ შემოხვეული და მათი სახეები ვერ დავინახე, მაგრამ, ორივე წვერიანი იყო. მე მეძინა და ხმაურმა გამომაღვიძა. შოუმ დაიკივლა და, მის ოთახში რომ შევედი, მაშინ დავინახე ის კაცები. ერთ-ერთმა ამიტაცა, უკანა ფანჯრიდან ეზოში გადამაგდო და მეტი არაფერი მახსოვს“.
პატარა ხვიჩას კიდევ ერთი ასოციაცია შემორჩა იმ საშინელი ღამიდან, რომელიც გამომძიებლისთვის არ უთქვამს. საქმე ის იყო, რომ, ბოროტმოქმედს, რომელმაც პატარა ხვიჩა ფანჯრიდან გადააგდო, ლაყე კვერცხის სუნი ასდიოდა სახეზე. ბავშვმა ეს სიმყრალე კარგად დაიმახსოვრა და ძალიან ხშირად, ღამით, კოშმარული სიზმრის მერე რომ გაიღვიძებდა, ცხვირში სწორედ ის მძაფრი მყრალი სუნი სცემდა.
ამ საზარელი ამბიდან ექვსი წლის შემდეგ, როდესაც ხვიჩა 15 წლის შესრულდა, მაისის ერთ საღამოს, მან წისქვილში სიმინდი მიიტანა და, რადგან ბევრი ხალხი იყო, რიგში ჩადგა. შუაღამისას წისქვილში ორმოციოდე წლის კაცი მოვიდა, რიგში მდგომ ხალხს მიესალმა, შემდეგ თავისი დაფქული სიმინდის ტომარა მოიკიდა ზურგზე და წავიდა. ისე მოხდა, რომ მამაკაცი ზედ ხვიჩას ცხვირწინ დაიხარა და ისე დასწვდა ტომარას. ბიჭს ამ დროს ეძინა და იმ საზარელმა ლაყე კვერცხის სუნმა გააღვიძა, რომელიც მამაკაცს ასდიოდა. ხვიჩამ თვალი გააყოლა მამაკაცს, შემდეგ მეწისქვილესთან მივიდა და ჰკითხა:
– მალე მომიწევს ჩემი რიგი, გუჯა ბიძია?
– ალბათ, ერთ საათში, ბიძიკო.
– ეს კაცი ვინ არის, გუჯა ბიძია, ახლა რომ ფქვილი წაიღო და წავიდა? რაღაც, ვერ ვიცანი.
– ეგ ძუკუ პირტახიაა, ზუგდიდელი მეტყევე, – მიუგო ხვიჩას მეწისქვილემ.
ხვიჩა უხმოდ გავიდა წისქვილიდან და მეტყევე პირტახიას აედევნა, რომელიც მთვარის შუქით განათებულ ბილიკს ფეხით მიჰყვებოდა. ბიჭი ყურადღებით აკვირდებოდა პირტახიას და თანდათან რწმუნდებოდა, რომ სწორედ ეს იყო ის კაცი, რომელმაც ხვიჩა მეორე სართულის ფანჯრიდან გადააგდო ექვსი წლის წინ.
პირტახია ტყეში შევიდა და ერთ-ერთ ქოხში გაუჩინარდა, ყმაწვილი კი წისქვილში დაბრუნდა და დაფქული სიმინდი სახლში წაიღო. შემდეგ ჩუმად ჩამოხსნა კედლიდან ბიძის თოფი, ქამარში ხანჯალი გაირჭო და ტყისკენ გაემართა. უკვე თენდებოდა, როდესაც შეიარაღებული ბიჭი მეტყევის ქოხში შევიდა და საწოლზე მძინარე ძუკუ პირტახიას შეჰყვირა:
– პირტახია ძაღლიშვილო, აეთრიე ზეზე!
მძინარე მეტყევემ თვალები გაახილა და თოფმომარჯვებული ყმაწვილი რომ დაინახა, დაფეთებულმა ჰკითხა:
– ვინ ხარ და რა გინდა?
– ხვიჩა ჯიქია ვარ და შენი სულის ამოსახდელად მოვედი აქ, შე ძაღლიშვილო! – მიუგო ხვიჩამ მეტყევეს – მე ის ბავშვი ვარ, რომელიც შენ ფანჯრიდან გადააგდე, მისი დედა და კი გააუპატიურე და დახოცე.
– გეშლება რაღაც, ბიძიკო.
– არაფერი არ მეშლება, შე აყროლებულო. ლაყე კვერცხის სუნმა გაგყიდა. თქვი, ვინ იყო მეორე ავაზაკი!
– გეშლება რაღაც, ბიძიკო... – გაიმეორა პირტახიამ, მაგრამ ხვიჩამ ერთი ლულის სასხლეტი დაუშვა და პირტახიას მარჯვენა მუხლში ესროლა, თან დააყოლა:
– არც ახლა იტყვი?
– მეორე ბუდუ ყალიჩავა იყო, იმან მიბიძგა, ბიძიკო, დანაშაულზე, თორემ, მე არ მინდოდა. მე მამაშენსაც კარგად ვიცნობდი... ყველაფერი ბუდუს ბრალია... – იმეორებდა პირტახია.
ხვიჩა ჯიქიამ მეორე სასხლეტიც დაუშვა და ჟაკანმა თავი წააცალა ძუკუ პირტახიას. 15 წლის შურისმაძიებელი იმავე დღეს დაბრუნდა ზუგდიდში და დაღამებამდე მოიცადა. შემდეგ ბუდუ ყალიჩავას სახლში შეიპარა და ერთი გასროლით მილიციის მაიორი ბუდუ ყალიჩავაც სიცოცხლეს გამოასალმა.
შურისმაძიებელი ბიჭი მკვლელობის ჩადენიდან ერთი კვირის თავზე აიყვანეს და დანაშაული დაუმტკიცეს. ხოლო, როგორც მილიციის თანამშრომლის მკვლელს, უმაღლესმა სასამართლომ მას „პრიმა“ მუხლი მიუყენა და 15 წლის ყმაწვილს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. კომუნისტურმა მართლმსაჯულებამ მოკლულების დანაშაული არ გაითვალისწინა და პატარა ბიჭი სასიკვდილოდ გასწირა.
„მეგრელი“
სასიკვდილო განაჩენი ხვიჩა ჯიქიას 1953 წლის იანვარში გამოუტანეს და თბილისის ციხეში გაამწესეს. აპელაციას და სხვა პროცედურებს თითქმის სამი თვე დასჭირდა. ამასობაში სტალინიც გარდაიცვალა და პატარა ბიჭის განაჩენის აღსრულება გადაიდო, ხოლო ბერიას მკვლელობის შემდეგ, საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ განიხილა ხვიჩა ჯიქიას საქმე და როგორც არასრულწლოვანს, მას სასიკვდილო განაჩენი 25-წლიანი პატიმრობით შეეცვალა.
– გილოცავ, შვილო, გადარჩენას, – უთხრა ბიჭს პეტრე ბიძიამ, რომელიც ძმისშვილს განაჩენის გადასინჯვის შემდეგ შეხვდა, – ნუ გეშინია, ამნისტია გამოვა. მეც შევაწუხებ ხალხს და, იქნებ, გავახერხო რამე.
ხვიჩას გაეცინა და ბიძამისს მიუგო:
– ეეჰ, პეტრე ბიძია. იქნებ, უკეთესიც კი ყოფილიყო, რომ დავეხვრიტე.
– ამაზე არც იფიქრო, შვილო. გახსოვდეს, ვისი შვილი ხარ, მამაშენი ომის გმირი იყო.
მამის ხსენებაზე ყმაწვილს ცრემლი მოადგა თვალზე და პეტრე ბიძიას გადაეხვია.
ზუსტად ორი კვირის შემდეგ, 1953 წლის 28 სექტემბერს, ხვიჩა ჯიქია ციხის ვაგონში ჩასვეს და ეტაპით ციმბირში გაამგზავრეს. თითქმის ერთთვიანი მგზავრობის შემდეგ, 1953 წლის 29 ოქტომბერს, პატიმრები მაგადანში ჩაიყვანეს. ციხეში ხვიჩა როსტოველმა ქურდებმა შეიფარეს, რადგან, მისი ისტორია რომ მოისმინეს, ბიჭის საქციელი ძალიან მოეწონათ.
200 ეტაპირებული პატიმარი ციმბირის ორ ბანაკში გაანაწილეს, ხვიჩა ჯიქია კი, როსტოველ „ლევშასთან“ ერთად, ¹16 მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში გაამწესეს, რომელიც, ეგრეთ წოდებული, „წითელი ბოზური“ ზონა იყო და მათი იქ გაგზავნა ცნობილი ქურდის მოსატეხად განხორციელდა. ლევშამ, რომელიც მაშინ 60 წლის იყო, ხვიჩას უთხრა:
– ახლა კი გამაგრდი, ყმაწვილო! რაც აქ გელოდება, შეიძლება, მტერსაც კი არ უსურვოს კაცმა.
ლევშას, იგივე ვასილ რომანოვს, ხვიჩამ მიუგო:
– დარდი ნუ გაქვს, ძია ვასია, ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი არ მიგვატოვებს, თანაც, ორნი ვართ და ერთმანეთს დავეხმარებით.
მრავლისმნახველ ქურდს მოეწონა 17 წლის ყმაწვილის გაუტეხლობა და უთხრა:
– შვილი რომ მყავდეს, ვინატრებდი, შენნაირი ყოფილიყო. ახლა კი წინ, ზონაში! მოდი, ვცადოთ და გავაშავოთ.
ლევშამ მართლაც მოახერხა და მაგადანის ¹16 საპყრობილე, რომელშიც 400 ადამიანი იხდიდა სასჯელს, ქურდულ ყაიდაზე გადაიყვანა. მან იმდენი შეძლო, რომ 200-ზე მეტი პატიმარი მიიმხრო და ქურდული რეჟიმი დაამყარა. ხვიჩამ იქ 8 წელი გაატარა, 25 წლის ასაკში კი კანონიერ ქურდად აკურთხეს და მეტსახელად „მეგრელი“ უწოდეს. ამგვარად, პატარა შურისმაძიებელი ყმაწვილი ცნობილ კანონიერ ქურდად იქცა და 1961 წლის დასაწყისში მისი სახელი ყველა საბჭოთა კრიმინალურმა ავტორიტეტმა იცოდა.
„ჩაიკას“ საქმე
1961 წლის 3 იანვარს ¹16 საპყრობილეში ვასილ რომანოვი, იგივე ლევშა, გარდაიცვალა. ზონაში იმ დროს რვა ქურდი იმყოფებოდა და სახელოვანი კოლეგა კოლონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ქურდული პატივით დაკრძალეს. ციხის ადმინისტრაციამ კი, ლევშას გარდაცვალებისთანავე, კოლონიის კვლავ გაწითლება სცადა და ზონაში არეულობის პროვოცირება მოაწყო. ქურდებს, ეგრეთ წოდებული, „ხარები“ მიუსიეს და ისეთი არეულობა დაიწყო, რომ სისხლის მდინარეები მოედინებოდა. საბოლოო ჯამში, ციხის ადმინისტრაციამ თავისივე მოწყობილი ბუნტის სადავეები ხელიდან გაუშვა და, რომ არა მეგრელი, ¹16 საპყრობილეში, ალბათ, ერთი პატიმარიც არ დარჩებოდა ცოცხალი. ხვიჩა ჯიქია თავად იყო დანით დაჭრილი მარჯვენა ბეჭში და სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ 400 პატიმრიდან მხოლოდ 5 იყო მოკლული და, მათ შორის – არც ერთი ქურდი. მეგრელი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შეიტყო, რომ საპყრობილის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ეგორ სვეტლოვი, მეგრელის ლიკვიდაციას გეგმავდა. ეს ინფორმაცია ხვიჩას მთავარმა ექიმმა, შოთა ერისთავმა მიაწოდა და უთხრა:
– როგორმე უნდა გაიქცე, თორემ, როგორც კი ზონაში დაბრუნდები, მოგკლავენ.
ერისთავი მეგრელს დაეხმარა. მათ თავდასხმა გაითამაშეს და 1961 წლის 3 თებერვალს ხვიჩა ჯიქია, მაგადანიდან გაიქცა.
რადგან მეგრელმა 8 წელი უმკაცრესი რეჟიმის ციხეში გაატარა, მას ზუგდიდისა და მაგადანის მეტი არაფერი ჰქონდა ნანახი და თბილისსაც მხოლოდ ციხის მანქანის ფანჯრიდან იცნობდა. ამიტომ, მაგადანიდან მოსკოვში ჩასვლაში მას ვინმე ოქსანა პეტრენკო, ექიმ ერისთავის 31 წლის კოლეგა დაეხმარა და მანვე მიიყვანა ხვიჩა კონსპირაციულ ბინაში. მეგრელს, სულ რაღაც, ერთი თვე დასჭირდა საბჭოთა კავშირის დედაქალაქის გასაცნობად. ის ადგილობრივ ქურდებს დაუკავშირდა და მათთან ერთად შეუდგა კრიმინალურ საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ მეგრელზე საკავშირო ძებნა იყო გამოცხადებული, ის ორი წლის განმავლობაში ვერ მოიხელთა მილიციამ და, ისე აითვისა ეს პროფესია, რომ გამოცდილ ქურდებსაც კი უკვირდათ. ერთ-ერთი „სხოდკის“ დროს გადაწყდა, რომ მოსკოვის საათების ქარხანა, საქვეყნოდ ცნობილი „ჩაიკა“ გაექურდათ. როგორც საქმის მიმცემი ამბობდა, ქარხნის სეიფში 200 კილოგრამი ოქროს ზოდები და 450 ათასი მანეთი ინახებოდა. ქურდობაში უკვე კარგად გაწაფულმა მეგრელმა კოლეგებს ძარცვის დეტალური გეგმა დაუდო და უთხრა:
– შიგნით ძველი საკანალიზაციო მილით შევალთ, რომელიც გაუქმებულია და სულ რაღაც ერთი მეტრის გათხრა მოგვიწევს, რომ ადმინისტრაციულ კორპუსში შევაღწიოთ.
ხვიჩა ჯიქიამ სიგნალიზაციის გათიშვისა და ნაქურდალის ტრანსპორტირების მექანიზმიც გაუმხილა ქურდებს:
– საქმეს 9 მაისს შევასრულებთ. ეს ყველაზე ხელსაყრელი დღეა, რადგან, მილიციაც და ხალხიც წითელი მოედნის პარადისკენ იქნება გადართული, ჩვენ კი მშვიდად ვიმოქმედებთ.
1964 წლის 9 მაისს, „მეგრელმა“ და მისმა ხუთმა კოლეგამ, რომელთა სახელები მილიციამ ვერ შეიტყო, მოსკოვის საათების ქარხანა „ჩაიკიდან“ 23 ცალი ათკილოგრამიანი ოქროს ზოდი და 510 ათასი მანეთი წამოიღეს. ეს იმ პერიოდისთვის ასტრონომიული თანხა იყო და ქურდების შესაპყრობად მთელი საბჭოთა მილიცია დადგა ფეხზე. მოახერხეს მხოლოდ მეგრელის დაპატიმრება, რომელიც 1964 წელს თბილისში აიყვანეს. თუმცა, ხვიჩა ჯიქია 26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხიდან ვინმე ვარლამ ბედიას დახმარებით გაიქცა, რომელიც წარმოშობით ზუგდიდელი იყო და ზედამხედველად მუშაობდა. მეგრელი და ბედია რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ, ტაქსიში ჩასხდნენ და გაუჩინარდნენ...