როგორ მოეწყო „ხელოვნების ფაკულტეტის” ბაზაზე გამოფენა-შოუ, მოდელირებისა და დიზაინის უნიკალური ეროვნული ტექნოლოგიების გამოყენებით და რა ელის მომავალში მილევად რეჟიმში მოქმედ ფაკულტეტს
სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერისო, – ბრძანა დიდმა გალაკტიონმა და ბატონმა დავით ქოიავამაც, „ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სასწავლო უნივერსიტეტის” პრორექტორმა, დიზაინის ფაკულტეტის პროგრამის ხელმძღვანელმა, ამ წლის გამოსაშვებ საღამოს „გედის სიმღერა” უწოდა. ოღონდ, როგორც თავად განმარტა, მომავლის იმედი მათ არ დაუკარგავთ... და მართლაც, განა შეიძლება, ნანახით გამოწვეულმა აღფრთოვანებამ, პესიმისტური განწყობა მოიტანოს?! თუმცა, შევეცდებით, ყველაფერი შეულამაზებლად გიამბოთ და თვითონ შეაფასეთ, იყო ეს „გედის სიმღერა” თუ „გაგრძელება იქნება”...
იმპროვიზებული პოდიუმი, მოკიაფე სანთლები, ნახევრადბნელი დარბაზი, კედლებიდან „მომზირალი” თექასა და გრაფიკაში გაცოცხლებული პანოები შედევრების ასლებითა თუ ორიგინალური ორნამენტიკით, ინტერიერის დიზაინის საოცრად თავისებური, თანამედროვე ხედვის ამსახველი ფოტოები, ექსკლუზიური მოდელებით შემოსილი მანეკენები, მოლბერტები, შავი როიალი, მუსიკალური დრაივი და ამ ყოველივესგან შექმნილი განწყობა, რომელიც ინტრიგას აღვიძებს დამთვალიერებელში... დაიწყო ჩვენება და მოლოდინს ნანახი აჭარბებს: უმშვენიერესი მოდელები, გრაცია, ზაფხულის მხიარული ფერებით მოტანილი ზღვის სიო და სააგარაკო განწყობა, ნატურალურ ბოჭკოს გამოყენებით დამზადებული თექის პალტო, მანტო და ჰაეროვან აბრეშუმზე გამოყვანილი განუმეორებელი შტრიხები, პრინტი, სკურპულოზური სიზუსტით შესრულებული კვანძოვანი ქარგა ხევსურულ კოსტიუმში... და საერთო კავკასიური ხაზი მთლიან კოლექციაში, სადაც შიგადაშიგ იკვეთება ინდური, იაპონური და ეგვიპტური ელემენტებიც... შოუს მთლიან კომპოზიციას კი, ჰარმონიულად ჰკრავს თეატრალიზებული პასაჟები, ინსტალაციები და პერფორმანსები... დასრულდა ჩვენება, შთაბეჭდილება დაუვიწყარია, რაც აღნიშნეს კიდეც მოწვეულმა სტუმრებმა. ჩვენებას ესწრებოდნენ ხელოვანები, საგანმანათლებლო და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა გიული ალასანიამ, რომელიც საღამოზე დედასთან, აკადემიკოს მზია წერეთელთან ერთად მოვიდა, მადლობა გადაუხადა ჩვენების ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ კულტურის ასეთ კერას არ შეიძლება, წარმატებული პერსპექტივა არ ჰქონდეს. შემაჯამებელი შეფასება კი რეესტრის წარმოების, აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა ნინო წერეთელმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ჩვენება მართლაც აკადემიურ დონეზე იყო ორგანიზებული.
აი, ყველაფერი გიამბეთ ამ საღამოს შესახებ და ბუნებრივია, დაგებადათ კითხვა: რა შუაშია „გედის სიმღერა” და პესიმიზმი, როცა შემოქმედთა საოცარმა ენერგეტიკამ და ნიჭმა ერთიანად დამუხტა დარბაზიო? საქმე ისაა, რომ უნივერსიტეტს ავტორიზაცია არ აქვს და კანონმდებლობის თანახმად, მილევად რეჟიმში მოქმედს, მიღების უფლება აღარ აქვს. ასე რომ... თუ არ გვინდა, ნიჭიერმა ახალგაზრდებმა ამ სასწავლებლის ბაზაზე შექმნილი უნიკალური პროგრამით განათლების მიღების პერსპექტივა დაკარგონ, იქნებ, ჯობია, უფრო კარგად გავეცნოთ მის საქმიანობას და მოვუსმინოთ „ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სასწავლო უნივერსიტეტის” პრორექტორს, ბატონ დავით ქოიავას.
– უპირველეს ყოვლისა, როგორ დაიწყო ყველაფერი?
– ხელოვნების ფაკულტეტი დიზაინის სპეციალობით შეიქმნა 2006 წელს. მანამდე პრორექტორი ვიყავი სამხატვრო აკადემიაში, საიდანაც წამოსვლა მომიწია. მაგრამ, მე უკვე შევეჩვიე სასწავლო პროცესს, მომეწონა სტუდენტებთან ურთიერთობა და დავიწყე ამ ფაკულტეტის ჩამოყალიბებაზე მუშაობა. მინდოდა, დიზაინაკადემიის შექმნა, მაგრამ სათანადო სახსრები არ აღმოგვაჩნდა. შევქმენით კრეატიული პროგრამა, სადაც სტუდენტმა შეიძინა, სპეციალობის გარდა, ფოტოგრაფიული და კომპიუტერული ოთხი პროგრამის უნარ-ჩვევები; აქსესუარებისა და ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიები; ინტერიერის დიზაინი; ტანსაცმლის მოდელირება, რომელიც ასევე, მოიცავს ქსოვილის დამუშავების ტექნოლოგიებს: თექა, შიბორი, ბატიკა, ქვილთი. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ტექნოლოგიებით შექმნილი მასალისგან შეკერილ ტანსაცმელს, რომლის ნიმუშებიც თქვენ ჩვენებაზე იხილეთ, გარდა იმისა, რომ აქვს საოცარი ეფექტი, ექსკლუზიური ექსპონატია – მის გამეორებას თავად ავტორიც კი ვეღარ შეძლებს. ყველაფერთან ერთად კი, ამ მასალით შექმნილი მოდელები მომგებიანია თვითღირებულების თვალსაზრისითაც.
ჩვენთან სტუდენტი თავად ქმნის პორტფოლიოს, ანუ საკუთარი შემოქმედების ისტორიას. ასე რომ, სადაც არ უნდა წავიდეს ის შემდგომში, თამამად შეუძლია, თავი სათანადოდ წარმოაჩინოს.
განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ორნამენტისა და ფერადი გრაფიკის შესწავლის ძლიერი სასწავლო კურსი, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს დამთვალიერებელში. ზემოთ აღნიშნული სასწავლო დისციპლინები მიჰყავს ფაკულტეტის დეკანს მარინა გახუტიშვილს. საერთოდ, უნდა აღვნიშნო, რომ უძლიერეს სპეციალისტთა პედაგოგიური გუნდი შეიკრა. მაგრამ, მთავარი მაინც ის კომუნიკაციაა, რომელიც მასწავლებელსა და სტუდენტს შორის დამყარდა. სწორედ ამ ალიანსმა შექმნა სპეციალისტი, რომელსაც დიზაინის არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე პროფილით შეუძლია მუშაობა. სასწავლებლის ბაზაზე თავმოყრილი სახელოვნებო ძალები ასეა გადანაწილებული, პედაგოგები: ხელოვნებათმცოდნე – თამარ ყუფარაძე; სპეცკომპოზიცია – თინათინ ფოფხაძე; კულტუროლოგია – ქეთევან ახობაძე; ქსოვილის დამუშავება – თამარ აიდარაშვილი; კომპიუტერული გრაფიკა – თამარ ხოჯაშვილი, ინტერიერის მიმართულება – მამა-შვილი, დავით და კახა ხუხუნაიშვილები. სტუდენტთა შორის კი წარჩინებულნი არიან: ინტერიერის მიმართულებით – მარიამ დევდარიანი; მეორე კურსელთა ხუთკაციანი ჯგუფიდან კი სამი უძლიერესი სტუდენტი – როზიტა ალიხანოვა, სალომე მიმინოშვილი და თეა მაღალდაძე.
– ეს, რაც შეეხება დიზაინს, მაგრამ ჩვენება იყო თეატრალიზებული და სტუდენტებმა საოცარი პერფორმანსები წარმოადგინეს...
– წელს მოხდა დიზაინისა და თეატრალების ერთ ფაკულტეტად გაერთიანება და დღეს თქვენ ნახეთ, რა შედეგი გამოიღო ამ ორი მიმართულების შერწყმამ. თეატრმა წარმოაჩინა დიზაინი და ეს არ იყო მხოლოდ გამოფენა. იყო შოუ, რომელმაც მაყურებლი ნამდვილად მოხიბლა. სხვათა შორის, მეორე კურსის სტუდენტია ჩვენთან, გიორგი გამყრელიძე, რომელმაც, ფაქტობრივად, ერთ დღეში დადგა მთელი ეს შოუ. ასეთ რეჟიმში კი იმიტომ მოუწია მუშაობა, რომ ორი დღით ადრე ჩვენს ჩვენებამდე, დუმბაძის სახელობის თეატრში შედგა ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილის” პრემიერა, რომელიც მან ონის სახალხო თეატრში დადგა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ურთულეს თემას გიორგიმ ბრწყინვალედ გაართვა თავი, რასაც დარბაზმაც საოცარი ემოციით უპასუხა... გიორგი „იმედის“ გმირიც გახდა. ასე რომ, გვაქვს სათანადო პოტენციალი და წინ დიდი პერსპექტივა, თუმცა მის სრულად განხორციელებას ვერ შევძლებთ, თუ დაიშლება ეს სისტემა – უნიკალური ფაკულტეტი, რომლის სასწავლო პროგრამამ, მოხიბლა და გააოცა უცხოელი სპეციალისტები. გვაქვს უამრავი შემოთავაზება – გვთხოვენ, ჩამოდით და ჩაატარეთ მასტერკლასები, შემდეგ კი თქვენი ფილიალის შექმნაზეც ვიფიქროთო.
– მაინც რით არის უნიკალური თქვენი სასწავლო პროგრამა და რატომ არ ეტევა ის კოლეჯის მასშტაბებში?
– ამ ექვსი წლის განმავლობაში შევქმენით ძალიან ძლიერი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც მერე მაგისტრატურით უნდა დამთავრდეს. ამის საშუალება კი, მოგეხსენებათ, უკვე აღარ გვაქვს. მართალია, შეიძლება მისი დანაწევრება და პროფესიული სწავლების ჩარჩოებში ჩასმა, მაგრამ მაშინ დაკარგავს ეფექტს და არ მიგვიყვანს მთავარ მიზნამდე, რასაც ჰქვია: ,,ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მოდელირება გარემო დიზაინში.” ინტერიერის დიზაინსა და ტანსაცმლის მოდელირებას ვასწავლით, მაგრამ ფეხსაცმლის დიზაინის დანერგვა ჯერ ვერ მოვახერხეთ.
– და ბოლოს?..
– ბოლოს კი მაინც ის უნდა ვთქვა, რომ თუ ჩაფიქრებული პროგრამის განხორციელებას ვერ შევძლებ, იძულებული გავხდები, უცხოელთა შემოთავაზება მივიღო... თუმცა, დღევანდელი შოუ იყო დიპლომების დაცვა და ვულოცავ ყველა სტუდენტს უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრებას.