როგორ მოხვდა ჯადოსნურ კინოსამყაროში ნიუ-იორკში მცხოვრები თათი ბარამია და ვინ გადაიღო ის ამერიკულ ტელესერიალში
ახალგაზრდა, ენერგიული, ნიჭიერი, ძალებით აღსავსე და, თან, ოცნებების ქვეყანაში – თათი ბარამიას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ უდიდეს მწვერვალებს მიაღწიოს. საკმაოდ ახალგაზრდაა და უკვე მუშაობს თეატრ „ოფ ბროდვეიში”, „45-ე ქუჩის თეატრში”, მიუხედავად იმისა, რომ ახლა აპირებს სამსახიობო განათლების მიღებას. მისი ნიჭიერების შესახებ ამერიკიდან თბილისშიც გაიგეს და გიო მგელაძემ ის თავის ახალ პროექტში დააკავა მთავარ როლზე. იმის გამო, რომ თათის მუდმივად მოგზაურობა უწევს, ჩვენ მხოლოდ „ფეისბუქით” მოვახერხეთ გასაუბრება.
– თათი, მოგვიყევი შენი ისტორია. ვიცი, რომ თბილისში დაიბადე. რამხელა იყავი, ამერიკაში რომ წახვედი?
– დიახ, თბილისში დავიბადე, მშობლებთან ვიზრდებოდი. თორმეტ წლამდე თბილისის 27-ე, გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი. 2002 წელი იყო, როდესაც მშობლებთან და ძმასთან ერთად ამერიკაში გადავედი საცხოვრებლად, სადაც მართლაც არაჩვეულებრივი გარემო დამხვდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოდან ჩასულისთვის მაინც უცხო და უჩვეულო, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ადაპტაცია გამიჭირდა. ბევრი ბარიერი გახდა გადასალახავი. თან, ეს ყველაფერი საკმაოდ რთულ ასაკს – თინეიჯერობის დასაწყისს დაემთხვა. მოზარდი ვიყავი, ისედაც მქონდა რაღაცეების მიმართ შინაგანი პროტესტი და, ამ დროს სრულიად უცხო სამყაროში აღმოჩენა და შეგუება იოლი არ იყო. მენატრებოდა და მინდოდა ყველა და ყველაფერი თბილისური. მყარი კონტაქტი მქონდა ჩემს თანაკლასელ მეგობრებთან ინტერნეტის საშუალებით, სულ ხაზზე ვიყავი. ყველაზე რთული მაინც ბავშვებთან ურთიერთობა იყო, უფრო სწორად, ის ზედაპირული ურთიერთობა, რომელსაც ვითომ მეგობრობა ერქვა ამერიკელ ბავშვებთან. შეიძლება, ეს ჩემი ბრალიც იყო, რადგან ვერავინ მოდიოდა ჩემს გულთან ისე ახლოს, როგორც ჩემი ბავშვობის მეგობრები. თუმცა, მიმაჩნია, რომ საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ და ეს მხოლოდ დროის პრობლემა იყო. როგორც კი ენის ბარიერი გადავლახე, ურთიერთობების დამყარებაც გაცილებით გაიოლდა.
სკოლის პერიოდიდან დაიწყო ჩემი გატაცება თეატრალური სამყაროთი. დედა თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა სამსახიობო ფაკულტეტზე და თეატრის სიყვარული ჩემთვის უცხო არ იყო.
– როგორ დაიწყო შენი სამოდელო კარიერა?
– 17 წლის ვიყავი, როდესაც კონკურს „მის სვითჰარტში” მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. ამის შემდეგ დამჭირდა პროფესიული ფოტოების გადაღება. მოხდა ისე, რომ პირველივე ფოტოგრაფთან მუშაობა მთელი ერთი წლის განმავლობაში გავაგრძელე. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ აღმომაჩინა სამოდელო სააგენტო „ოშეან მოდელს ეჯენსიმ”, რობ მილსის ხელმძღვანელობით. ვერ ვიტყვი, რომ მოდელობამ მიმიყვანა კინომდე. სამსახიობო ხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობიდან იყო ჩემში. ჯერჯერობით პროფესიონალი მსახიობი არ ვარ, სპეციალური განათლება არ მიმიღია. სიტყვა „პროფესიონალს“ გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს იმ გზასთან შედარებით, რომელიც აქამდე გავიარე, მაგრამ, იმედი მაქვს, ჩემს მიზანს აუცილებლად მივაღწევ.
– მიუხედავად ამისა, ბროდვეიზე სპექტაკლებში თამაშობ.
– სამსახიობო გამოცდილება სკოლაში სწავლის პერიოდში დაიწყო, მეთორმეტე კლასში, როდესაც მსახიობ და პროდიუსერ კელი გებრიელთან დავიწყე ინტერნად სიარული თეატრ „ჰაუს ოვ ბლუზში”. შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი „მარდერ მისტერი პროდაქშენზე” იმავე თეატრში. ასევე, ვიმუშავე „ფინქენონის” გადამღებ სტუდიასთან ერთად, სადაც მონაწილეობა მივიღე ტელესერიალ „ვან თრი ჰილში”. ეს საკმაოდ ცნობილი სერიალია, ცნობილი ამერიკელი ვარსკვლავების მონაწილეობით. სერიალის შემდეგ იყო ჩემი პირველი ფილმი – „იმაგო მუნდი”, რომელიც გიო მგელაძემ გადაიღო. ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ მუშაობა დავიწყე „ოფ ბროდვეი თეატრში“, „45-ე ქუჩის თეატრში”, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე.
– იქნებ, უფრო დეტალურად გვიამბო შენი სამსახიობო კარიერის შესახებ, რა არის პერსპექტივაში და უახლოეს გეგმებში?
– სკოლაში, დრამწრეზე სიარულისას, დაიდგა სპექტაკლი „ზაფხულის ღამის სიზმარი”. ჩემმა მასწავლებელმა მთხოვა, აუცილებლად მივსულიყავი სინჯებზე. როდესაც კარს მივუახლოვდი, პატარა ფანჯრიდან დავინახე მონაწილეები და ჟიურის წევრები. არ ვიცი, იმ წუთას რას ვფიქრობდი, მაგრამ, სინჯებზე ვერაფრით ვერ შევედი. როდესაც სპექტაკლი დაიდგა, მივედი და ვუყურე. გულდაწყვეტილი ვიყავი, რადგან სცენაზე არ ვიდექი. იმ დღიდან ვიცოდი, რომ მსგავსი საქციელის გამო არასდროს გავაფუჭებდი ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს. საკუთარ თავს შევპირდი, რომ ყოველთვის თამამი ვიქნებოდი და ბევრს ვიშრომებდი ჩემი ოცნებების განსახორციელებლად. დედაჩემი, ხათუნა ბაბუციძე, პროფესიით მსახიობია და 16 წლიდან მუშაობდა თენგიზ ჩანტლაძესთან მინიატურების თეატრში. მიუხედავად მისი ნიჭისა და თეატრის საოცარი სიყვარულისა, ამა თუ იმ მიზეზთა გამო, დედამ გზა სხვა მიმართულებით გააგრძელა. ხელოვნებაზე საუბრისას ყოველთვის ვამჩნევდი მას განსაკუთრებულ სევდას, რომელიც მის განუხორციელებელ ოცნებებს უკავშირდება. ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც გავითვალისწინე და საკუთარ თავს სიტყვა მივეცი: არ დავთმო ის, რაც ძალიან მიყვარს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი იყო ჩემს სამსახიობო ბიოგრაფიაში, რომელიც თეატრში ჩემს პირველ სამსახურს უკავშირდება. ეს ამბავი ძალიან სპონტანურად განვითარდა: სპექტაკლის წინ თეატრში ვიყავი მისული როგორც ინტერნი. სპექტაკლის დაწყებას თხუთმეტი წუთი აკლდა და მთავარი როლის შემსრულებელმა ერთ-ერთმა მსახიობმა დააგვიანა. გაღიზიანებულმა დირექტორმა იკითხა, ვინ ვიყავი. როდესაც კელიმ უპასუხა, რომ ინტერნშიპზე მასთან დავდიოდი, მომიტრიალდა და მკითხა, შევძლებდი თუ არა თამაშს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთ და ბევრად უკეთეს შანსს ხელიდან აღარ გავუშვებდი და დაუყოვნებლივ დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ არც სცენარი ვიცოდი ბოლომდე და ცხოვრებაში არც ერთი რეპეტიცია არ მქონდა გავლილი. საბედნიეროდ, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ორი დღის შემდეგ დამირეკეს და შემომთავაზეს როლი ბატონი ჯერი უინსლეტის დაჟინებული მოთხოვნით. ასე დავიწყე თეატრში მუშაობა და ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული სამსახური.
– გიო მგელაძესთან როგორ მოხვდი?
– რაც შეეხება გიო მგელაძეს, მასთან ჩემმა ახლობელმა, რეჟისორმა თორნიკე ბზიავამ დამაკავშირა. თუ რატომ მაინცდამაინც მე და არა სხვა, ამაზე პასუხი რეჟისორს თავად უფრო ექნება. როგორც გიომ აღნიშნა, მან ჩემში ზუსტად ის პერსონაჟი დაინახა, რომელსაც ეძებდა და შემოთავაზებაც გააკეთა. ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო იყო. მისმა სცენარმა პირველივე წაკითხვისას გამიტაცა და ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა როლი, რომელიც ძალიან ფაქიზად უნდა შესრულებულიყო. ძალიან ღრმა იყო ეს ისტორია ჩემთვის და თანხმობაც საკმაოდ მალე მივეცი. ფილმი მაიაკოვსკისა და ლილია კოგანის სიყვარულის ისტორიაზეა აგებული. ეს გახლავთ ფილმში ჩემი დებიუტი, მანამდე თეატრთან უფრო მქონდა შეხება. კინოსამყარო საოცარია, სწორედ ამან განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება – სექტემბრიდან სწავლას განვაგრძობ „ნიუ-იორკ სითი კოლეჯში“, ფილმის აკადემიის სკოლაში.
„ოფ-ბროდვეი თეატრში” მონაწილეობა მივიღე სპექტაკლში „სამსინგ ოთრიჯიოს”, დამდგმელი რეჟისორი თვითონ თეატრის მეპატრონე, მაიკლ ჩეხოვი იყო. სპექტაკლისთვის ორეტაპიანი სინჯები გამოცხადდა: პირველ ყოვლისა, რეზიუმე და სურათები უნდა გაგეგზავნა, რის შემდეგაც ირჩევენ, ვის ექნება სინჯზე მისვლის შანსი. მე გამიმართლა – ჩემი რეზიუმე და ფოტოები მოეწონათ და დამიბარეს თეატრში, სადაც „ქოლდ რიდ” მიმდინარეობდა სინჯები. ეს ნიშნავს, რომ სინჯზე მონოლოგს გაძლევენ, შესაძლებელია, სპექტაკლიდანაც, სადაც მონიშნულია, თუ საიდან სადამდე უნდა წაიკითხო. ეს ეტაპიც წარმატებით გავიარე და მეორე დღესვე ამიყვანეს. ძალიან მოულოდნელი იყო და უზომოდ გამიხარდა. გამოსვლისთანავე ვიფიქრე, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა წაკითხვა, რადგან, საკუთარი თავის მიმართ თვითკრიტიკული ვარ. ამ თეატრში მივიღე ყველაზე დიდი გამოცდილება და ვისწავლე ბევრად მეტი, ვიდრე რომელიმე საკლასო დარბაზში. თეატრში ხალხს სიარული ძალიან უყვარს, მაგრამ, ეს ძირითადად ნიუ-იორკში ხდება. ნიუ-იორკი თეატრის მექაა. ამერიკაში ყველაზე ბევრი თეატრი სწორედ ამ ქალაქშია და ყველაზე მეტი მაყურებელიც ნიუ-იორკის თეატრებს ჰყავთ, ხშირად სპექტაკლებზე მოხვედრა შეუძლებელიც კი ხდება. ქართულ თეატრში არასდროს მიმოღვაწია და, სამწუხაროდ, პარალელების გავლება გამიჭირდება ქართულსა და აქაურ თეატრებს შორის.
– საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ რაიმე გეგმები თუ გაქვს?
– სამომავლოდ თბილისში არაფერი არ მაქვს დაგეგმილი, მაგრამ, თუ რამე საინტერესო შემოთავაზება იქნება, ნამდვილად არ ვიტყვი უარს. როდესაც გიყვარს, რასაც აკეთებ, მუშაობა ყოველთვის საინტერესოა და დაღლას ვერ გრძნობ. დრო ძალიან ძვირფასია ყველას ცხოვრებაში და, მეც ვცდილობ, ჩემი მომავლისკენ მიმავალი დრო უქმად არ გავატარო.