„კელვინ კლაინის” ნუდისტური კოლექცია და სრულიად გამჭვირვალე კაბები ზაფხულისთვის
ის, ვისთვისაც მოდა მნიშვნელოვანია, ძალიან კარგად იცის, თუ რა სიჭრელე და ფერთა გიჟური შერწყმა იყო ამ სეზონის ჰიტი, რა ტიპის წარმოუდგენელი პრინტები, ნახატები, თვლები იყო ტანსაცმელზე დამაგრებული. მაგრამ, ეს თავბრუდამხვევი ფერადოვნება, „კელვინ კლაინის” კრეატიულმა დირექტორმა, ფრანცისკო კოსტამ თითქოს მათეთრებელში ჩაყარა და იქიდან აბსოლუტურად უფერო და უსულო სამოსი მიიღო. ფრანცისკო კოსტას ბევრი საქმე და თავსატეხი ამ ბრენდზე მუშაობისას არასდროს ჰქონია, „კელვინ კლაინი“ ყოველთვის გამოირჩეოდა მინიმალიზმით, სპორტული ხასიათით, სადა, სხეულის კანის ფერებით იმდენად, რომ ბევრ მოდელს ისიც კი არ ეტყობოდა, ტანზე რამე ეცვა თუ არა. ეგრეთ წოდებული „ნუდი“ (ნაწარმოები სიტყვიდან შიშველი), ბაცი ყვითელი, სადა ვერცხლისფერი და შავი, ვერ გააკვირვებდა „კელვინ კლაინის“ „შემოქმედების მოყვარულებს“.
როგორც მოდის კრიტიკოსები წერენ, კოსტამ მინიმალიზმის სასარგებლოდ კონცეპტუალურ მოდაზე თითქმის უარი თქვა, რაც დიდი დარტყმა იყო მისი, როგორც დიზაინერის შეფასებისთვის. ნელ-ნელა მისი ნამუშევრებიდან სკულპტურული ნაგებობების სტილი გაქრა, ამ სეზონზე კი, სტილის სასარგებლოდ, საბოლოოდ თქვა მასზე უარი.
სკულპტურული ქმნილებების ადგილი ეგრეთ წოდებულმა „ძილის დროს ჩასაცმელმა კაბებმა” დაიკავეს. კაბებს, რომლებიც ქალის სხეულის სრულყოფილებას უსმევს ხაზს, უფრო ლოგინში თუ ჩაიცმევთ. კაბები, რომლებსაც ნაკერები განსხვავებულ სტილში ჰქონდა დატანებული, ისე იყო შესრულებული რომ სხეულის ფორმებს კიდევ უფრო ამრგვალებდა და მადისაღმძვრელს ხდიდა. თხელი მინაკეცები, რომლებიც ძირითადად, თეძოების ადგილას გროვდებოდა, იმავე მიზანს ემსახურებოდა. აბრეშუმის კაბების დიდი ნაწილი ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდა, მკერდის დამჭერებიც კი, რომელთაც ბიუსტჰალტერს ნამდვილად ვერ დაარქმევდი, ძალიან ლამაზად ჩანდა გამჭვირვალე კაბებში.
ქალის თეთრეული, ნებით თუ უნებლიეთ, ჩვენებაზე ყურადღებას იპყრობდა, სხვაგვარად არც შეიძლებოდა, „სიქეი” („კელვინ კლაინის” თეთრეულის ხაზი) ხომ ბრენდის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. საკმაოდ ჭკვიანური ნაბიჯი იყო და ძალზე მომხიბვლელად გამოიყურებოდა მოდის სახლის თეთრეული სხვა ბრენდის გამჭვირვალე კაბების ქვეშ ისეთი ვარსკვლავების ტანზე, როგორებიც არიან, უმა თურმანი, ნაომი უოტსი, ეშლი გრინი და სხვები. ამის შედეგად ბრენდის თეთრეულის გაყიდვებმა საოცარ მასშტაბებს მიაღწია.
კაბების გარდა, კოსტამ თხელი ჟაკეტები და შარვლებიც წარმოადგინა. შარვლები იმდენად განიერი და მაღალწელიანი იყო, ერთი შეხედვით, რთულად გაარჩევდით, მოდელს ფაშფაშა ქვედაკაბა ეცვა თუ შარვალი. ჟაკეტები საკმაოდ დელიკატურად იყო შესრულებული, ზედ ამოქარგული პორტრეტებით. როგორც ჩანს, კოსტამ შემოქმედებით განვითარებას, კომერციული სამოსი ამჯობინა. ყოველ შემთხვევაში, ამ სეზონზე და თან, სხვა ბრენდის სახელის ქვეშ. რას იზამს ის დამოუკიდებლად, ამას, ალბათ, მაშინ გავიგებთ, როდესაც მის ამბიციებს „კელვინ კლაინის” მოდის სახლი ვეღარ დააკმაყოფილებს.