კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ მილიონ ევროს იღებდნენ ხელფასის სახით ინგლისისა და იტალიის ნაკრებების მწვრთნელები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე

 

ყოველთვის იწვევს ინტერესს, თუ რა რაოდნეობის ხელფასს იღებენ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ნაკრებების მთავარი მწვრთნელები. ჩვეულებრივი ცნობისმოყვარეობის გარდა, საინტერესოა, თუ რამდენად აფასებენ მწვრთნელების შრომას ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 16 ქვეყანაში. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ განვლილი ჩემპიონატის მწვრთნელთა ხელფასების ჩამონათვალს.

დიკ ადვოკაატი: რუსეთის ნაკრები – 7 მილიონი ევრო

რუსეთის ნაკრების აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ათეულში შედიოდა. მის ზემოთ მხოლოდ ვარსკვლავები არიან: მაურინიო, ვენგერი, ფერგიუსონი, გუარდიოლა, ანჩელოტი, ჰიდინკი. ნაკრებების მწვრთნელებს შორის ადვოკაატი თითქმის ექვსი თვე ლიდერობდა, მას შემდეგ, რაც ფაბიო კაპელო ინგლისის მთავარი მწვრთნელობიდან გადადგა. სავარაუდოდ, ადვოკაატი უკანასკნელად იღებდა ასეთ ხელფასს, რადგან, შედეგების გათვალისწინებით, მან სრულად ვერ გაართვა თავი დაკისრებულ დავალებას. 

ჩეზარე პრანდელი: იტალიის ნაკრები – 3 მილიონი ევრო

არცთუ სახარბიელო სტარტისა და გახშირებული სკანდალების ფონზე, იტალიის ნაკრებმა მშვენივრად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და ჩეზარე პრანდელიმ, ალბათ, დააკმაყოფილა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნები. „სკუადრა აძურას” მესაჭე ნომერი მეორე იყო ევროპირველობის მწვრთნელების სახელფასო რეიტინგში.

იოაჰიმ ლიოვი: გერმანიის ნაკრები – 2,8 მილიონი ევრო

იოაჰიმ ლიოვზე მოთხოვნა ევროპულ ფეხბურთში უზარმაზარია. ბობოლა კლუბები ნატრობენ, ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნახონ და, ამ ფონზე უცნაურია, რომ იოგის, როგორც მას სამშობლოში უწოდებენ, არ აქვს პრეტენზია უფრო დიდ ხელფასზე ბუნდესტიმში. ამჟამად ლიოვის კონტრაქტი გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთან 2014 წლამდეა გათვლილი და ხელფასიც სულ ახლახან მოემატა – მანამდე ის 2,4 მილიონ ევროს იღებდა წელიწადში.

როი ჰოჯსონი: ინგლისის ნაკრები – 2,5 მილიონი ევრო

ინგლისელები, ზოგადად, მწვრთნელის ხელფასზე ეკონომიას არ აკეთებენ, ამის მაგალითია ფაბიო კაპელო, რომელიც პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად ითვლებოდა მსოფლიოს ნაკრებებს შორის. სხვათა შორის, ნაუცბათევად დანიშნულ როი ჰოჯსონისთვის 2,5 მილიონი ევრო საკმაოდ დიდ ხელფასად მიაჩნიათ ბრიტანეთში, მით უმეტეს, რომ ნაკრებს არაფერი განსაკუთრებული არ უჩვენებია ევროპის ჩემპიონატზე.

ვისენტე დელ ბოსკე: ესპანეთის ნაკრები – 2,2 მილიონი ევრო

მსოფლიოს ჩემპიონი ნაკრების მწვრთნელი ბევრის აზრით, ალბათ, საკმაოდ დაბალ ანაზღაურებას იღებს, იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთის ნაკრები ყველა ტურნირის უპირობო ფავორიტად ითვლება და გუნდისგან მხოლოდ გამარჯვებას ელიან. საინტერესოა, რომ დელ ბოსკეს ხელფასი 700 ათასი ევროთი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ბერტ ვან მარვეიკი: ჰოლანდიის ნაკრები – 1,8 მილიონი ევრო

მსგავსი წარუმატებლობა, როგორიც ჰოლანდიის ნაკრებს „ევრო 2012-ზე“ ჰქონდა, ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს. ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის რანგში მყოფმა ჰოლანდიელებმა დაღლილი და უემოციო გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს და სამი მარცხით დაემშვიდობნენ უკრაინა-პოლონეთს. ამ წარუმატებლობის მხოლოდ მწვრთნელზე გადაბრალება არასწორი იქნებოდა და, აქედან გამომდინარე, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ ძალაში დატოვა მოქმედი კონტრაქტი ვან მარვეიკთან, გამოსასწორებლად კი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გუნდის სათანადოდ მომზადების გეგმა დაუსახა.

ჯოვანი ტრაპატონი:  ირლანდიის ნაკრები – 1,5 მილიონი ევრო

დონ ტრაპის ირლანდიამ ყველაზე სუსტი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა „ევროზე“, თუმცა, ის ფაქტიც, რომ გუნდი ევროპის ჩემპიონატის 16 გუნდში მოხვდა, უკვე დიდ წარმატებად ითვლება და „მწვანეები” კმაყოფილები არიან ღვაწლმოსილი მწვრთნელის სამსახურით, რომელსაც ხელფასის ნახევარს შეძლებული ირლანდიელი ბიზნესმენი უხდიდა.

პაულუ ბენტუ:  პორტუგალიის ნაკრები – 1,5 მილიონი ევრო

პორტუგალიის ნაკრებმა „სიკვდილის ჯგუფად” წოდებული წრიდან გააღწია „ევროს“ შემდგომ ეტაპზე და პაულუ ბენტუს შეგირდებმა არცთუ ხელწამოსაკრავი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს, მით უმეტეს, კრიშტიანუ რონალდუც გუნდურად ათამაშდა. 

ლორან ბლანი:  საფრანგეთის ნაკრები – 1,2 მილიონი ევრო

საფრანგეთის ნაკრებს ჩემპიონატის ფავორიტებად არ მიიჩნევდნენ, თუმცა, შესარჩევ ეტაპზე მათ საკმაოდ სანახაობრივი თამაში აჩვენეს და ლორან ბლანისგანაც ზიდანის თაობის წარმატების მიღწევას მოითხოვდნენ. მაგრამ, გუნდმა შვედეთთან და, განსაკუთრებით – ესპანელებთან, არცთუ შთამბეჭდავი თამაში აჩვენა და ბლანის მომავალი ნაკრებში საფრთხის წინაშე დადგა. ცნობისთვის: მისი წინამორბედი, რაიმონ დომენეკი ხელფასის სახით მილიონ ევროსაც კი არ იღებდა.

ოლეგ ბლოხინი: უკრაინის ნაკრები – 600 ათასი ევრო

უკრაინის ნაკრებისგან ჯგუფიდან გასვლას ითხოვდნენ, თუმცა, მასპინძლებმა ლეგენდარული ბლოხინის ხელმძღვანელობით, მხოლოდ შვედეთის ნაკრების დამარცხება მოახერხეს, ისიც, ანდრეი შევჩენკოს მარიფათის ხარჯზე. ბლოხინმა მაქსიმუმის მიღწევა მოახერხა უკრაინულ კონტინგენტთან და, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ნაკრებთან გუნდს 100-პროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალეს, მაინც ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ ფრანგები და ინგლისელები უკრაინას ჯგუფიდან გაუშვებდნენ.

ფერნანდუ სანტუში:  საბერძნეთის ნაკრები – 500 ათასი ევრო

ბერძნებმა ჯგუფიდან გასვლა მოახერხეს და ჯგუფის უპირობო ფავორიტი – რუსეთის ნაკრები – ჯგუფში ჩატოვეს, რაც დიდი მიღწევაა. საბერძნეთის ნაკრებში თაობის ცვლის პერიოდი იწყება და, სავარაუდოდ, ფერნანდუ სანტუშს კვლავ ანდობენ ნაკრების მთავარ მწვრთნელობას.

ერიკ ჰამრენი: შვედეთის ნაკრები – 400 ათასი ევრო

შვედეთის ნაკრების არგასვლა შემდგომ ეტაპზე ამ ჩემპიონატის მთავარი დანაკარგი იყო. ასეთი შემტევი „ტრე კუნერის” ხილვა ერთი სიამოვნება გახლდათ და ერიკ ჰამრენმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარშემო მოახერხა ძალისმიერი გუნდის აწყობა, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა, რომ მეოთხედფინალში გასულიყო. 

მორტენ ოლსენი: დანიის ნაკრები – 370 ათასი ევრო

მორტენ ოლსენის დანიამ ჩემპიონატის პირველი სენსაცია გამოაცხო, როდესაც ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხა. გუნდი ყველა მატჩში იბრძოდა და მხოლოდ კლასის გამო ჩარჩა ჯგუფში – პორტუგალიელებისა და გერმანელების ნაკრებები აშკარად უფრო მაღალი კლასის გამოდგა. ოლსენის მუშაობით დანიაში აბსოლუტურად ყველა კმაყოფილია.

ფრანციშეკ სმუდა: პოლონეთის ნაკრები – 360 ათასი ევრო

პოლონეთის ნაკრებმა ევროპირველობა აშკარად ჩააგდო და ვერც ერთი მატჩის მოგება ვერ მოახერხა, არადა, შემსრულებლების ნაკლებობას ეს გუნდი არ უჩიოდა და სმუდასგან გაცილებით მეტის მიღწევა იყო შესაძლებელი. ამიტომაც, არავის გაჰკვირვებია, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე მან თანამდებობა დატოვა.

სლავენ ბილიჩი: ხორვატიის ნაკრები – 160 ათასი ევრო

 სლავენ ბილიჩის ხელფასი არავის უკვირს, რადგან, ყველასთვის ცნობილია, თუ რა დონის პატრიოტია ის – მან იცის, რომ ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციას მეტის გადახდა, უბრალოდ, არ შეეძლო. ბილიჩმა ძლიერი გუნდი ჩაიყვანა „ევროზე“ და ყველა მატჩში ღირსეულად იბრძოდა. მისი კონტრაქტი ამ ნაკრებთან დასრულდა და მომავალი სეზონიდან მას რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ კლუბში ვიხილავთ, სადაც მას ათჯერ უფრო მეტ ხელფასს გადაუხდიან.

მიხალ ბილეკი:  ჩეხეთის ნაკრები – 117 ათასი ევრო

მიხალ ბილეკმა დაკისრებულ დავალებას თავი გაართვა და ჩეხეთის ნაკრები მეოთხედფინალში გაიყვანა. მეტის მიღწევას მისგან არც მოელოდნენ და ეს იყო ჩეხეთის ნაკრების ამ ფორმაციის მაქსიმუმი. სიმართლე რომ ითქვას, ის ხელფასი, რასაც ბილეკი იღებდა, საშუალო ევროპულ დონეზეც კი მიზერულად ითვლება, თუმცა, როგორც ჩანს, ბილიჩის მსგავსად, ბილეკიც თავისი ქვეყნის პატრიოტი აღმოჩნდა.

 

скачать dle 11.3