რა უნდა გააკეთოს ადამიანმა გარდაცვლილი ახლობლის სულისთვის და როგორ ზრუნავდნენ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ადამიანები გარდაცვლილის სულზე
საღმრთო გამოცხადებისა თუ თვითმხილველთა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით ცნობილია, რომ გარდაცვლილი ადამიანის სული სამი დღე იმყოფება დედამიწაზე, დასტრიალებს საკუთარ სხეულს, ახლობელ ადამიანებს და ემშვიდობება მათ. მას განსაკუთრებულად უხარია იმ ადგილების მონახულება, სადაც ის სიკეთეს სჩადიოდა. მესამე დღეს ანგელოზებს სული აჰყავთ ზეცაში და მას უფალთან წარადგენენ. ამის შემდეგ‚ ექვსი დღის განმავლობაში ათვალიერებენ სასუფეველს. გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს სულს კვლავ უფალთან წარადგენენ და შემდეგ უკვე ჯოჯოხეთს მოატარებენ. მეორმოცე დღეს კი, გაიმართება გარდაცვალებულის პირადი სამსჯავრო, რომლის დროსაც ანგელოზები წარმოადგენენ კეთილ საქმეებს, რაც მას სიცოცხლეში ჩაუდენია და ასევე‚ იმ სიკეთესაც, რომელიც მის სახელზე სხვამ აღასრულა, განსაკუთრებით გარდაცვალების შემდეგ, 40 დღის განმავლობაში. დაცემული სულები კი წარმოაჩენენ მის ცოდვილ ცხოვრებას. ამის შემდეგ ხდება სულის გასამართლება და მისთვის დროებითი სამყოფლის მიჩენა, მანამდე‚ სანამ მაცხოვრის მეორედ მოსვლა არ მოხდება. ასე რომ‚ გარდაცვალებული ადამიანის სულისთვის ახლობელი ადამიანების ლოცვას, მათ მიერ მის სახელზე განხორციელებულ კეთილ საქმეებს, პანაშვიდის, შეკვეთილი წირვის გადახდას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეხმარება ადამიანის სულს, განსაკუთრებით, პირად სამსჯავროზე. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– სულისა და სხეულის გაყრის შემდეგ, როგორც კი სხეული, უფლის კურთხევის თანახმად, მიწას მიებარება, ერთის შეხედვით, თითქოს‚ ყველაფერი სრულდება, მაგრამ ბიბლიური სწავლებით, სიკვდილი და საფლავი ის კარიბჭეა, რომელსაც ახალ ცხოვრებაში შევყავართ. ცხადია, ეს ცხოვრება მიუწვდომელია ურწმუნოთათვის, რომლებსაც სიკვდილი ყველაფრის დასასრულად მიაჩნიათ. წმიდა ოქროპირი გვეუბნება: „მართალია, ადამიანთაგან არავინ დაბრუნებულა, მაგრამ უფალმა, ვისიც ყველაზე მეტად უნდა გვწამდეს, ეს განგვიცხადა“. როდესაც ადამიანის სული ამ სამყაროს ტოვებს, ის დიდ ნუგეშს იღებს თავისი სხეულის გარშემო მყოფი ახლობლებისა და მეგობრების დანახვისას. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვეულებრივი სიკვდილით კვდებიან. ამ დროს ქრისტიანი ახლობლების მწუხარებითა და ტირილით მისდამი სიყვარულსა და ერთგულებას გრძნობს. თუ მომაკვდავი ადამიანის სხეული აღსასრულის ჟამს ნათესავებითა და მეგობრებით არის გარშემორტყმული, მსგავსად ამისა‚ სხეულთან განშორებული და მარადიული სამყოფლისკენ მიმავალი სული თავისი მონათესავე, სულიერი არსებებით არის გარშემორტყმული. სათნოებით შემკული სული ნათლის ანგელოზების გარემოცვაშია, ცოდვილი სული კი – ბოროტი და ბნელეთის სულის, ანუ დემონების გარემოცვაში იმყოფება. ანგელოზები მიაცილებენ არა მხოლოდ მართალთა სულებს, არამედ ცოდვილებსაც, როგორც ამას აღნიშნავს იოანე ოქროპირი.
– როგორც ცნობილია‚ გარდაცვლილი სულისთვის დასახმარებლად ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ზრუნავენ მასზე ახლობელი ადამიანები, განსაკუთრებით გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში. საინტერესოა, როგორია სწავლება გარდაცვლილის სულზე ზრუნვის შესახებ?
– მანამდე მინდა, გესაუბროთ იმაზე, თუ როგორ ზრუნავდნენ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ადამიანები გარდაცვლილების სულებზე. არსებობს ჰეროდოტეს მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორი გოდებითა და ცრემლით ხვდებოდნენ თრაკიულ ტომში ახალშობილებს. მიცვალებულებს კი სამარემდე სამხიარულო შეძახილებით მიაცილებდნენ, იმის გამო, რომ მათ ამქვეყნიურ ცხოვრებას თავი დააღწიეს. ეგვიპტელებს სწამდათ სულის უკვდავების, ისინი არ ფიქრობდნენ, რომ სულები ბრუნდებიან ამქვეყნად. მათ სწამდათ, რომ სული უკავშირდება სხეულს სიკვდილის შემდეგაც. აქედან გამომდინარე, ისინი უზარმაზარ აკლდამებს აგებდნენ. ეგვიპტელები აბალზამებდნენ მიცვალებულის სხეულს. მათი წარმოდგენის თანახმად, სიკვდილის შემდეგ სხეული შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო სულის საყრდენად და სამყოფლად. ამგვარად, სულის კეთილდღეობა უზრუნველყოფილი ხდებოდა სიკვდილის შემდეგ. ამ მიზნით, ბალზამირებული სხულის გვერდით საკვებს ალაგებდნენ, როგორც‚ ხშირ შემთხვევაში‚ მრავალი ჩვენი თანამედროვე ცრუმორწმუნე ქრისტიანი იქცევა. საღმრთო გამოცხადება გვასწავლის, რომ „სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია.“ „ადამიანი უხრწნელად შეიქმნა“ და სიკვდილი „ეშმაკანის მოშურნეობით“ შემოვიდა სამყაროში. სიკვდილი არის ხარკი არა ბუნების, არამედ ცოდვისადმი. რაც შეეხება გარდაცვლილი ადამიანის სულისთვის ზრუნვას, ეს‚ რა თქმა უნდა‚ ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. როდესაც მღვდელი ეკლესიის სახელით საფლავთან ემშვიდობება მიცვალებულს, ის მიწას პეშვით აყრის კუბოს და ამბობს: „მიწა ხარ და მიწად მიიქეც“. ეს ის სიტყვებია, რომლითაც ღმერთმა ადამს მიმართა. ის ჩვენს ორბუნებოვნებას შეგვახსენებს – რამეთუ ჩვენ ხორცი და სული გაგვაჩნია. რაც შეეხება მიცვალებულების სულებზე ზრუნვას, მრავალ ადამიანს ამ საკითხზე ძალიან დამახინჯებული წარმოდგენა აქვს. ბევრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია უხვი მოსახსენებელი სუფრის (ქელეხის) გაშლა, რომელიც მაგარი სასმელებითა და იშვიათი საჭმელებით არის სავსე, შემდეგ – საფლავზე ქვის დადგმა, რათა ნაცნობებმა არ დაგვძრახონ სიძუნწის გამო. ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც თავად მიცვალებულის სხეულს უკეთებენ. საფლავში ატანენ საყოფაცხოვრებო ნივთებს: სავარცხელს, სარკეს, სათვალეს, სანთებელას, თამბაქოსა და სხვა, იმის მიხედვით, მიცვალებული მამაკაცია თუ მანდილოსანი. ეს წარმართული გადმონაშთია, რადგან ქრისტიანობის წინა პერიოდში ადამიანს სჯეროდა, რომ მიცვალებული განაგრძობდა ხორციელ ცხოვრებას და მას უამრავ ნივთს აყოლებდნენ საფლავში. ეს‚ სამწუხაროდ‚ ჩვენში დღემდეა შემორჩენილი და‚ რა თქმა უნდა‚ არასწორია, ადამიანს იმქვეყნად არაფერი სჭირდება, მით უმეტეს‚ საყოფაცხოვრებო ნივთები. მათ მხოლოდ ჩვენი ლოცვით უნდა შევეწიოთ. ეკლესიის დადგენილებით, მიცვალებულთა მოხსენიება ორმოცი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს და განსაკუთრებით ძლიერი უნდა იყოს მეორმოცე დღეს. რასაკვირველია, აუცილებელია, მესამე და მეცხრე დღეს მიცვალებულს გადაეხადოს პანაშვიდები. როგორც ქრისტემ ორმოცი დღის განმავლობაში მარხვისა და ლოცვის შემდეგ სძლია ეშმაკს, ასევე ეკლესიაც ლოცულობს, გასცემს მოწყალებას და სწირავს უსისხლო მსხვერპლს მიცვალებულისთვის. გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს, აგრეთვე წლისთავზე, ეკლესიაში უნდა გადავიხადოთ პანაშვიდი (სიტყვა „პანაშვიდი“ სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „მთელ დღეს ვგალობდი“). თუ საშუალება გვექნება, სასურველია‚ შეკვეთილი წირვაც დავაყენოთ. სახლში ამ დღეებში სუფრასთან იკრიბებიან გარდაცვლილების უახლოესი ნათესავები და ახლობლები, რათა ერთობლივი ლოცვით შესთხოვონ უფალს მისთვის ცოდვების მიტევება და ცათა სასუფეველში მისი სულის დამკვიდრება. ჩვენს ლოცვებს გარდაცვლილთა სულებზე უშუალო ზემოქმედება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღესრულნენ მართალი სარწმუნოებით. ყოვლად დაუშვებელია სულის მოსახსენებელ ტრაპეზზე (ქელეხზე) დათრობა. სუფრასთან უკეთესია წავიკითხოთ ან ვიგალობოთ ის ლოცვები, რომლებიც დამსწრეთა უმეტესობამ იცის და არ განვიხილოთ პოლიტიკური საკითხები, საყოფაცხოვრებო პრობლემები. პირველი კერძი‚ რომელსაც მიცვალებულის ახლო ნათესავები და ახლობლები მიირთმევენ, არის წანდილი. ეს არის მოხარშული ხორბლის მარცვლები, შერეული თაფლთან. რომელსაც ასევე ამზადებენ გარდაცვალებულთა მოსახსენებელ დღეებზე. მარცვლები‚ ეს არის მკვდრეთით აღდგომის სიმბოლო, თაფლი კი – სიტკბოსი, რომლითაც მართლები ტკბებიან ცათა სასუფეველში. ასევე‚ აუცილებელია მიცვალებულის ნივთების გაცემა მეორმოცე დღემდე; მათ სახელზე 40 დღის განმავლობაში ფსალმუნების კითხვა, რადგან მისი სული ამ დროს გადის საზვერეებს, აღესრულება კერძო სამსჯავრო და საჭიროა მისთვის მეოხება. მიცვალებული‚ ასევე‚ უნდა მოვიხსენიოთ მათი მიწიერი დაბადებისა და ანგელოზის სახელობის დღეებში, ასევე გარდაცვალებულთა დღეებში. თუ გვსურს, მოვამზადოთ მის სახელზე საკურთხი, რომელსაც ეკლესიაში წავიღებთ და მას სასულიერო პირი აკურთხებს. ჯერ კიდევ გარდაცვალების პირველივე დღეებში მიცვალებულის სახელზე უნდა იკურთხოს მარილი, რომელსაც მიცვალებულის ახლობლები იყენებენ საკურთხის მომზადებისას. საკურთხად კი იწოდება მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზი, ეს არის წანდილი, პური, ღვინო, ზეთი და სხვა საჭმელები. მისი ნაწილი შეგიძლიათ წაიღოთ ეკლესიაში, იქვე დატოვოთ, ან დაურიგოთ გაჭირვებულ ადამიანებს. ამით ჩვენი მიცვალებულების სახელზე მოწყალებას გავცემთ.