იგავი უსამართლო მსაჯულზე
„ერთ ქალაქში ერთი მსაჯული ცხოვრობდა, რომელსაც არც ღვთისა ეშინოდა და არც კაცისა რცხვენოდა. ამავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი, რომელიც მიდიოდა მსაჯულთან და სთხოვდა: ჩემი მომჩივანისგან დამიცავიო, მაგრამ მსაჯულს დიდხანს არ ესმოდა მისი თხოვნა. ბოლოს გულში თქვა: თუმცა არც ღვთისა მეშინია და არც კაცისა მრცხვენია, მაგრამ ეს ქვრივი დიდი ხანია, მაწუხებს და უნდა დავიცვა, რომ აღარასოდეს აღარ მოვიდეს და თავი აღარ მომაბეზროს“.
ლუკა 18, 2-5
საფრთხეს ლოცვით დააღწევ თავს
ქრისტეს მოწაფეებმა იცოდნენ, რომ ლოცვა აუცილებელი იყო მათთვის. მაგრამ უფალი იმასაც ასწავლიდა, თუ როგორი ლოცვაა ღვთისთვის მოსაწონი. ეს იგავიც ამიტომ უამბო.
მსაჯულს, ანუ მოსამართლეს, სამართლიანობის დაცვა ევალება. უფალმა ამქვეყნიური უსამართლობის სურათი დაუხატა მოწაფეებს: მტრისგან შევიწროებული საბრალო ქვრივი ქალი ურწმუნო და ურცხვ მსაჯულთან ეძებს სამართალს. საკვირველი ის არის, რომ მსაჯული თვითონვე აღიარებს, რომ უკეთურია, და ეს სულაც არ აწუხებს.
ქვრივმაც იცის, მსაჯული რომ უვარგისია, მაგრამ მის სიარულს ბოლო არ უჩანს: დაჟინებით, გულსაკლავად ევედრება, იქნებ, შემიცოდოს და მომხედოსო.
ქვრივი ქალის განუწყვეტელმა ვედრებამ თავი მოაბეზრა მსაჯულს და, ბოლოს და ბოლოს, დაიცვა იგი.
მსაჯულს ეს გამწარებული ქვრივი არ შებრალებია, უბრალოდ, თავიდან მოიშორა, მეტად რომ აღარ შეწუხებულიყო.
აი, რა ძალა აქვს გულმოდგინე, დაჟინებულ ლოცვას! იმდენად დიდია უფლის სამართლიანობა, რომ უსამართლო მსაჯულსაც კი, თავისდა უნებურად, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გააკეთებინა საქმე.
უფალი გვთხოვს, ამ ქვრივი ქალივით ჩვენც მოუწყენლად, დაჟინებითა და გულმოდგინებით ვილოცოთ. თუკი დაჟინებული თხოვნა უსამართლო მსაჯულს აიძულებს, კეთილი საქმე გააკეთოს, განა მით უფრო სულგრძელი არ იქნება ყოვლად მოწყალე უფალი იმის მიმართ, ვინც დღედაღამ ლოცვით შესთხოვს მას?