როგორ დაიწყო ლიკა ევგენიძის და ნიკა ალასანიას რომანი
რამდენიმე თვის წინ ამ წყვილის ქორწინებაზე მთელი საქართველო ლაპარაკობდა. დღეს ლიკა ევგენიძე და ნიკა ალასანია მშვიდად ცხოვრობენ. ზუსტად ისევ ისე უყვართ ერთმანეთი, როგორც მაშინ, კიევში, როდესაც ნიკამ ცოლად გაყოლა სთხოვა. ლიკას არ მოსწონს სიტყვა მეუღლე... ლიკას თავის დიდ სიყვარულზე სასაუბროდ სახლში ვესტუმრეთ.
ლიკა ევგენიძე: ნელ-ნელა შევეჩვიე თბილისურ ცხოვრებას, ცოტა მიჭირს კიდეც, რადგან მოსკოვისგან განსხვავებით აქ სულ სხვა რიტმია. იქ დღეში ძალიან ბევრი რაღაც ხდება, სულ სადღაც გარბიხარ, რაღაცას ვერ ასწრებ. აქ კი, მაინც ნელა მიედინება ცხოვრება. ყველაზე მაგარი ის არის, რომ, როდესაც მოსკოვში ვცხოვრობდი, სულ ვფიქრობდი, რაღაც სერიოზული გამოვტოვე თბილისში-მეთქი. ჩამოვდიოდი და აქ იგივე მხვდებოდა. თბილისშიც ხდება საინტერესო რაღაცეები და ალბათ, კიდევ უფრო განვითარდება ამ კუთხით, მაგრამ მაინც ძალიან იშვიათად.
– რა გეგმები გაქვთ, თბილისში აპირებთ დარჩენას თუ სხვაგან წახვალთ საცხოვრებლად?
– იცი რა, მეც და ნიკუშას ისეთი ტიპები ვართ, დიდხანს ერთ ადგილას ყოფნა არ შეგვიძლია. ჩვენი სახლი ყოველთვის თბილისი იქნება, ეს არის ადგილი, სადაც ვიცხოვრებთ, მაგრამ ალბათ, დიდ დროს გავატარებთ სხვა ქვეყნებშიც. ნიკუშა ამერიკაში დაიბადა და გაიზარდა. შესაბამისად, ბევრი გეგმა აქვს ამერიკასთან დაკავშირებით. მაგალითად, ახლაც მივდივართ რამდენიმე თვით. მგონია, რომ ძალიან მომეწონება იქაურობა და რაიმე საინტერესოსაც მოვიფიქრებ, რასაც იქ ყოფნის დროს გავაკეთებ. როგორც ამბობენ, სწრაფი და საინტერესო ქალაქია ნიუ-იორკი.
– სანამ თემას გავაგრძელებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენ და ნიკამ მონაწილეობა მიიღეთ ფილმ „ჯორჯიაში”, სადაც ენდი გარსია და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ.
– არა, არანაირი მონაწილეობა არ მიგვიღია ამ ფილმში. უბრალოდ, გადაღებებზე მივდიოდით ხოლმე და შესაძლოა, ეს ხმები აქედანაც წამოვიდა. ნიკა რეჟისორია პროფესიით, მე მსახიობი და შესაბამისად, გვაინტერესებს ეს საქმე. ნიკა სულ ამბობს, რომ ცხოვრებაში ერთი ფილმი მაინც უნდა გადავიღოო და ამას მეც მივესალმები. ისე, სიამოვნებით მივიღებ მის ფილმში მონაწილეობას. შინაგანი „ტვორჩისკი” იმპულსები აქვს, რითაც ვგრძნობ, რომ კარგი ფილმი გამოუვა. მართალია, სულ ვამბობ, რომ მსახიობობა არ არის ჩემი ცხოვრების სტილი. თუ მსახიობი ხარ მხოლოდ ამით ცხოვრობ, სხვა შენს ცხოვრებაში არაფერია. მოსკოვში ჩემი ჯგუფელები როგორ იყვნენ იცი, თერთმეტ საათზე რომ გვიშვებდნენ სახლში, ისინი კიდევ რჩებოდნენ. ვერ ძღებოდნენ თამაშით, თავისი საქმის ფანატები იყვნენ. ეს არასდროს მესმოდა და მივხვდი, თუ ამ საქმის ფანატი არ ხარ, მაშინ საერთოდ არ უნდა იყო. მხოლოდ ნიკას ფილმში მივიღებ მონაწილეობას. (იცინის).
– მოსკოვთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს? რის კეთებას აპირებ?
– უკვე რამდენი ხანია ჩემი ლექსების კრებულის გამოცემას ვაპირებ, მაგრამ ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში იმდენი რამე მოხდა, კრებულისთვის აღარ მეცალა. მე და მიშა მდინარაძე ვაკეთებთ ერთობლივ პროექტს, რომელიც ასევე ჩემი ქორწილის გამო გადაიდო.
– შენი ოჯახის წევრები, მეგობრები როგორ შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ მათ გვერდით აღარ ხარ?
– მამაჩემი ახლა თბილისშია და საერთოდ აპირებს, თბილისში დაბრუნდეს საცხოვრებლად. ახლა მოსკოვში ჩავა, ყველაფერს წამოიღებს და აქ დარჩება, სულ ამბობს, დავიღალეო. მაინც დაღალა იმ ტემპმა, რომელიც მოსკოვშია. მეგობრებს სულ ვეკონტაქტები, თუმცა უჩემობას მაინც განიცდიან.
– მოდი, თავიდან დავიწყოთ, როგორ დაიწყო და განვითარდა შენი და ნიკას ურთიერთობა?
– მგონი ეს ისტორია უკვე ყველამ იცის, მაგრამ ჟურნალის საშუალებით კიდევ ერთხელ მოვყვები: ერთმანეთი ჩვეულებრივად, სტანდარტულად, მეგობრების წრეში გავიცანით, თუმცა პირველი შეხვედრისას ერთმანეთისთვის საერთოდ არ მიგვიქცევია ყურადღება. იმის შემდეგ დიდი ხანი აღარ მინახავს და როდესაც მეორედ შევხვდით, მაშინ უკვე რაღაც სხვანაირად დავინახეთ ერთმანეთი. დაიწყო ფლირტის მაგვარი ამბები, როგორც ხდება ხოლმე. ამის შემდეგ მოსკოვში წავედი და დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ ვნახეთ ერთმანეთი...
– მოსკოვში შენს სანახავად არ ჩამოსულა?
– არა, მოსკოვში კატეგორიულად არ ჩამოდის. ვერ იტანს იმ ქალაქს და ამაზე სერიოზულად ვხოცავთ ერთმანეთს. პრინციპში ერთადერთია, რაზეც ვკამათობთ. რა სისულელეა, არც მე მიყვარს რუსეთის ხელისუფლება, როგორ შეიძლება, საერთოდ ამაზე ლაპარაკი შარშანდელი ზაფხულის შემდეგ. მაგრამ, ამ ყველაფრის უკან, არიან ჩემი მეგობრები, ძალიან ბევრი რაღაც, რაც მოსკოვთან მაკავშირებს, ბევრი მოსაგონარი. არ შეიძლება, ყველაფერი გეზიზღებოდეს. ნიკას ეს არ ესმის, სულ ამბობს ყველა რუსი ერთნაირიაო.
– როგორ მიხვედით იქამდე, რომ ოჯახი უნდა შეგექმნათ?
– ეს არ იყო, რომ მოდი, ახლა მე და შენ დავქორწინდეთ. ყველაფერი ურთიერთობამ მოიტანა. როდესაც თბილისიდან წავედი მერე დაიწყო ჩვენი რომანი და ყოველდღე ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებული. ისე, ამან უფრო მოგვცა ურთიერთობის და ერთმანეთის გაცნობის საშუალება. აქ, სულ უამრავი ადამიანის გარემოცვაში ხარ, სადღაც მარტო წახვალ და ათასი თვალი გიყურებს. განმარტოებას ვერ ახერხებ, შენს გემოზე ვერ ხარ.
– ახლა თუ გრძნობ რაიმე შეზღუდვას?
– არანაირად. არ ვფიქრობ, რომ საზოგადოების მიერ დაწესებული ჩარჩო ის არის, რომელსაც არ უნდა გასცდე. ყველა ადამიანს თავისი პირადი ჩარჩო აქვს, სადაც არის ეთიკაც, ზრდილობაც და სხვა დანარჩენიც და ამას არ უნდა გასცდე. რაც ჩემთვის სწორია, სხვისთვის შეიძლება არასწორი იყოს და პირიქით. სიყვარულშიც ჩემი შეფასება მაქვს. სიყვარული არის ნახატი, რომელსაც ჩარჩო უნდა შეურჩიო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ჩარჩოშია, აქრობს მას თუ პირიქით – საოცრად წარმოაჩენს და სიხარულს განიჭებს.
– ან სულ არ ჰქონდეს ჩარჩო.
– ასეც ხდება, ნამდვილად. სიყვარული ერთია მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში. უბრალოდ, მთელი ეს დრო ეძებ შესაფერის ადამიანს, რომელსაც მისცემ ამ სიყვარულს, ამ სიყვარულში აცხოვრებ. მგონია, რომ ჩემ სიყვარულს ძალიან ლამაზი ჩარჩო მოვარგე. ყოველ შემთხვევაში, ასე ვგრძნობ. ერთი წამით არ მიფიქრია იმაზე, რაღაცის შემშინებოდა, მეფიქრა იმაზე, რა იქნება ოცი წლის შემდეგ. ამაში თუ ეჭვი შეგეპარება, მაშინ ეს უკვე არ არის სწორი გრძნობა. საერთოდ არაფერზე მიფიქრია ნიკუშას შემთხვევაში, არც გამიცნობიერებია, რომ ის იქნებოდა ჩემი მეუღლე, თუ რაღაც ეგეთი – ვერც ვიტან სიტყვა მეუღლეს, მართლა, არ ვართ ტიპური ცოლ-ქმარი. სამზარეულოში არ ვდგავარ მთელი დღე და ნიკუშაც ბაზრიდან პარკებით არ მოდის. მგონია, რომ ისევ შეყვარებულობა გრძელდება. რატომღაც ჩემი მეგობრები სულ მაშინებდნენ, ჯვრისწერისა და ხელისმოწერის შემდეგ, ყველაფერი იცვლება, ფუჭდებაო. სულ მთრგუნავდნენ ამ ამბით, მით უმეტეს, რომ მთელი ცხოვრება მქონდა იმის შიში, გათხოვების შემდეგ რამე არ გაფუჭდეს-მეთქი. ემოციების და სიყვარულის გარეშე ვერასდროს ვიცხოვრებ, ჩემთვის ეს არის მთავარი. შევეჩვიე და კარგად ვარ, – ეს არ მესმის, ასე შეიძლება რამე ნივთსაც მიეჩვიო. სულ ვფიქრობდი, რომ გავთხოვდები მერე რომ ჩამიქრეს ეს გრძნობა, რა ვქნა და რაღაცეები... ნიკუშასთან ეს ამბავი სულ არ გამხსენებია. მან ხელი გამომიწოდა და მეც გავყევი.
– როგორ გითხრა ცოლად გამომყევიო?
– ეს ძალიან ლამაზად გამოვიდა. მოსკოვში ვიყავი, ნიკა – ნიუ-იორკში. ჩვენი ჯგუფის ბოლო კურსი იყო და ჯგუფელებმა გადავწყვიტეთ, კიევში წავსულიყავით. ყველა სხვადასხვა ქვეყნიდან იყო და მერე როდის ვნახავდით ერთმანეთს, კაცმა არ იცოდა. ავიღეთ ბილეთები, ღამე მატარებლით წავედით კიევში. ნიკამ მითხრა თბილისში მივდიოდი, მაგრამ ბილეთებს ვცვლი და კიევში მოვფრინავო. ორივე ვამბობდით მერე, ხომ გვქონდა წარმოდგენილი როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა, თან ვნერვიულობდით ამაზე, მაგრამ რეალობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან კარგი დღეები გავატარეთ იქ. ჩემი დაქალი იყო წასული გადაღებებზე კიევში, რომელსაც ასევე ძალიან საოცარი სიყვარულის ისტორია დაეწყო მოსკოვში. სვეტა მსახიობია და თავისი რეჟისორი შეუყვარდა, როგორც ხდება ხოლმე. მსახიობს ყოველთვის უყვარდება თავისი რეჟისორი. მოკლედ, ჩვენ ოთხნი სულ ერთად ვიყავით. ჯგუფელები გვეჩხუბებოდნენ, მათთვის საერთოდ ვეღარ ვიცლიდით. (იცინის). ძალიან კარგი დღეები იყო, თან ხომ იცი, უცხო ქალაქში გრძნობები და ემოციები უფრო მძაფრდება და იქ მითხრა ნიკუშამ, რომ ჩვენ ცხოვრება ერთად უნდა გაგვეგრძელებინა. თან მიყვარხარო, ესეც ინგლისურად მითხრა. ძალიან რომანტიკულად მოხდა ყველაფერი. მერე ჩამოვედით თბილისში, მშობლებს გავაცანით ერთმანეთი და რაღაცეები დავგეგმეთ. პრინციპში, ეს ყველასთვის შოკი იყო, რადგან არავინ არაფერი იცოდა. ამის შემდეგ, თითქმის ყველაფერი იცით. ნიშნობა რომ გვქონდა, ერთად გადავედით საცხოვრებლად. ვიყავით იერუსალიმში.
– თაფლობის თვე სად გაატარეთ?
– სხვათა შორის, სამოგზაუროდ წასვლა ქორწილის მეორე დღესვე გვინდოდა, მაგრამ იმდენი სტუმარი გვყავდა უცხოეთიდან, მათ ვერ დავტოვებდით. მერე ყველა გავაცილეთ, ბათუმშიც ვიყავით ცოტა ხანს და წავედით სამოგზაუროდ ჯერ საფრანგეთში – სენ-ტროპეში, კანში, მერე იტალიაში – კაპრიზე. ასეთი სილამაზე არ მინახავს, ყველაზე მაგარი თაფლობის თვე იყო, რომელიც ახლაც გრძელდება.