საქართველოს რომელი მეფის საფლავი აღმოაჩინეს მამადავითის ეკლესიაში და როგორ შეხვდა მთაწმინდაზე დედის დასაფლავების ფაქტს იოსებ სტალინი
მთაწმინდა თბილისის სიმბოლოდ მიიჩნევა და ზევიდან გადმოჰყურებს მტკვრის ორივე სანაპიროზე გაშენებულ უძველეს ქალაქს. სწორედ მთაწმინდაზე მდებარეობს საქართველოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, სადაც დაკრძალული არიან: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და სხვა მნიშვნელოვანი ფიგურები საქართველოს ისტორიისთვის. მთაწმინდაზეა მამადავითის ეკლესიაც, რომელიც თბილისში მოქმედი ტაძრებიდან ერთ-ერთი უძველესია.
მამადავითი
„მთაო წმინდავ მამა-დავითისაო, შენ დარაჯო ქალაქ ტფილისისაო, წმინდა მიწავ, უკვდავ მწერლებისაო, მათ საფლავზედ სალოცავად მოვედი”, – ეს სტრიქონები იეთიმ გურჯმა თბილისის სიმბოლოს, მთაწმინდის კალთაზე მდებარე ეკლესიას და მის მიდამოებს მიუძღვნა. ეს ადგილი მეექვსე საუკუნეში სამყოფლად აირჩია დავითმა – ერთ-ერთმა ცამეტ ასურელ მამათაგან, რომლებმაც საქართველოში ქრისტიანობის შემდგომი გავრცელების მისია იკისრეს. დავითმა აქ სამლოცველო და საკანი ააგო. მოგვიანებით, დავითი თბილისიდან გადაიხვეწა გარეჯის უდაბნოში, სადაც კლდეში გამოკვეთილი მონასტერი დააარსა და ისტორიაში დავით გარეჯის სახელით შევიდა. პლატონ იოსელიანის ცნობით, იმ ადგილას, სადაც დავითის სამლოცველო იდგა, მეცხრე საუკუნეში ღვთისმშობლის ეკლესია ააგეს. როგორც 1542 წელს შედგენილი საეკლესიო გუჯარი მიგვანიშნებს, საქართველოს კათალიკოსს ნება მიუცია დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებისთვის, მთაწმინდაზე ღვისმშობლის სახელობის ეკლესია აეშენებინათ. მათვე შეუწირავთ მომავალი ეკლესიისთვის მიწის ნაკვეთი მდინარე ხრამის შემოგარენში. გაბაშვილების ეკლესიას 200 წელი უარსებია. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ის ხელახლა ააშენეს ათონის მთის სახელით, ათონიდან მოსულმა ბერებმა. ეს ეკლესია შემდგომში დიდხანს იდგა დანგრეული და 1810 წელს ანტონ მეორემ აქ ახალი ააგო. ეკლესია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული. მართალია, არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით ის რაიმე განსაკუთრებულ ინტერესს არ წარმოადგენს, მაგრამ მოხდენილადაა „ჩაწერილი” გარემოში და აქცენტს ქმნის მთის კალთის ფონზე. ეკლესიისკენ მივყავართ სერპანტინულ გზას, რომელიც გენერალ ერმოლოვის ბრძანებით მოაწყვეს 1817 წელს ადრე არსებული ბილიკის ადგილზე.
თავდაპირველად მამადავითის ეკლესია უგუმბათო იყო. შემდეგ ის 1877 წელს დაადგმევინა დეკანოზმა იოსებ გრიგორიევმა. მან 1889 წელს ეკლესიაში მარმარილოს იატაკი დააგებინა და კედლებიც მოახატვინა. მამადავითის მშვენებაა „სვეტიცხოვლის ხატი – წმიდა სიდონიას საფლავი”, მასზე გამოხატული საქართველოს წმინდანებია. ეს სურათი რეპროდუქციაა 1895 წელს ბერლინში საბინინის რედაქციით გამოსული წიგნიდან „დიდება საკათალიკოსო საქართველოს ეკლესიისა“. სურათის ორიგინალი ხეზეა შესრულებული და დაცულია სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.
მამადავითის ეკლესია მრავალ ისტორიულ მოგონებასთანაა დაკავშირებული: მეფე ერეკლე მეორეს შვილის, სოლომონის გარდაცვალებით მიღებული ტრავმის მოშუშებაში მამადავითის ეკლესია დახმარებია. შვილის სიკვდილის შემდეგ, ის ეკლესიაში განმარტოებულა. სანუგეშებლად მეფესთან ყოველდღე ადიოდა თურმე საქართველოს კათალიკოსი ანტონი; ქართლის მეფე დავითს, შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ, მიუტოვებია ტახტი და მამადავითის ეკლესიაში ბერად აღკვეცილა. დავითი აქვე გარდაიცვალა და დაუკრძალავთ ფერიცვალების ეკლესიაში, მამადავითის დიდი ეკლესიის გვერდით. 1810 წელს, ტაძრის რეკონსტრუქციის დროს, უპოვიათ დავითის საფლავი, დავითის ძვლები ჭილოფში ყოფილა გახვეული; მამადავითის ეკლესიაში სალოცავად ხშირად ადიოდა თურმე საქართველოს უკანასკნელი მეფე, გიორგი მეთორმეტე. მამადავითის ეკლესიაში რამდენიმე საფლავია დაცული, მათ შორის ყურადღებას იმსახურებს – ბარბარე ანდრიევსკაიას, რომანოზ ბაგრატიონისა და ლევან მელიქიშვილის საფლავები. ბარბარე ანდრიევსკაია ქართველი ქალი გახლდათ. ის წარმატებით გამოდიოდა გიორგი ერისთავის წარმოდგენებში: „გაყრა” და „დავა”. რომანოზ ბაგრატიონი ცნობილი მხედართმთავრის, პეტრე ბაგრატიონის ძმა იყო. მის სახლში მისივე მონაწილეობით დაიდგა გრიბოედოვის კომედია „ვაი ჭკუისაგან”. ლევან მელიქიშვილი კი, ნიკოლოზ ბარათაშვილის სკოლის მეგობარი გახლდათ.
მთაწმინდის
პანთეონი
მსოფლიოს სხვა ქვეყნების პანთეონებისგან განსხვავებით, საქართველოს ეროვნული ნეკროპოლი ღია ცის ქვეშაა მოწყობილი. მისი დაარსების ისტორია მეცხრამეტე საუკუნიდან მომდინარეობს. პანთეონი ორ დონეზეა მოწყობილი. ქვედა ბაქანზე, ქვის თაღის უკან მოქცეულ ხელოვნურ მღვიმეში, ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის საფლავებია, ხოლო ზედა ბაქანზე ქართველ მოღვაწეთა პანთეონის ასაგებად საზოგადოებამ ფიქრი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო. გამოცხადდა კონკურსი, სადაც რამდენიმე პროექტი იყო წარდგენილი, მათ შორის საუკეთესოდ იყო მიჩნეული მხატვარ ჰრინევსკის პროექტი. მიმდინარეობდა ამ პროექტის განსახორციელებლად შემოწირულობების შეგროვება. მაგალითად, იროდიონ ევდოშვილის ნეშტის დამკრძალავმა კომიტეტმა ასი მანეთი შეიტანა პანთეონის ფონდში, ხოლო კერძო პირთაგან შემოსულმა თანხამ 928 მანეთი შეადგინა. სულ, 1916 წლის 21 ივნისისთვის, „პანთეონის ფონდში” ირიცხებოდა 2081 მანეთი და 40 კაპიკი. სამწუხაროდ, კარგი წამოწყება განუხორციელებელი დარჩა. 1929 წელს გრიბოედოვის გარდაცვალებიდან ასი წლისთავზე, ოფიციალურად გამოცხადდა მთაწმინდის მამადავითის ეკლესიის ეზო საქართველოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად. აქ თავის დროზე ამოსულან: მაქსიმ გორკი, პეტრე ჩაიკოვსკი, ვლადიმირ მაიაკოვსკი, სერგეი ესენინი, ნიკოლოზ ოსტროვსკი, ნიკოლოზ ტიხონოვი, ამერიკელი მწერალი თეოდორ დრაიზერი. მთაწმინდაზე გრიბოედოვის საფლავი მოუნახულებიათ: პუშკინს, ლერმონტოვს, ტოლსტოის, ბესტუჟევ-მარლინსკის, პაუსტოვსკისა და სხვებს. აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის პანთეონიდან სხვა სასაფლაოებზე გადასვენებულ იქნენ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ლიდერები: სილიბისტრო თოდრია, ფილიპე მახარაძე და მიხა ცხაკაია. პანთეონში დღემდეა იოსებ სტალინის დედის, ეკატერინე გელაძე-ჯუღაშვილის საფლავი. საინტერესოა, რომ კეკეს პანთეონში დაკრძალვა ლავრენტი ბერიას ინიციატივით მოხდა და როდესაც ამის შესახებ სტალინს აცნობეს, მან სარკაზმით იკითხა: „ნუთუ დედაჩემი მწერალი იყო?”.
მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნებიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985 წ.); მ. ჩორგოლაშვილი „მთაწმინდა” („ხელოვნება”, თბილისი, 1991 წ.).