კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით ნიღბავენ ქალები ღალატის ჭეშმარიტ მოტივაციას და რას არ აღიარებენ ისინი

იშვიათია ადამიანი, რომელიც მანამდე აღიარებს და მოინანიებს საკუთარ დანაშაულს, სანამ მას ფაქტზე გამოიჭერენ. რეალურად, თითქმის ყველა ადამიანი ყველა საშუალებით თავის მართლებისკენაა მიდრეკილი. ბოლომდე ვიბრძვით საკუთარი ტყავის გადასარჩენად და გვავიწყდება, რომ უპირველესად, საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ მართლები, იმ დოზით მაინც, რომ მერე სინდისმა არ შეგვაწუხოს. განცდა იმისა, რომ ცუდად კი არ მოიქეცი, არამედ, გარემოებების მსხვერპლი ხარ, ხშირად არასწორ გზაზე გვაყენებს და კიდევ უფრო დიდი დანაშაულის ჩადენისკენ გვიბიძგებს. თავის დაძვრენის ხერხები მრავალგვარია. ძირითადად, არგუმენტები საკუთარი დანაშაულის „ლამაზად შეფუთვისა“ არის მცდელობა, სულ სხვა კუთხით წარმოაჩინო ის, რაც შეუნიღბავი თვალითაც კი კარგად ჩანს. თუმცა, დგება მომენტი, როცა მაინც გვიჩნდება გულახდილობის სურვილი.

 

თეონა (29 წლის): რამდენიმე თვის წინ არც თქვენთან მოვიდოდი და არც ამ თემაზე ვილაპარაკებდი. მაშინ ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებდი და სხვანაირად ვმსჯელობდი. თქვენი რუბრიკის სტუმრებზეც სხვანაირი შეხედულება მქონდა. დაახლოებით ნახევარი წლის წინ გამიჩნდა განცდა, რომ მე უკეთესს ვიმსახურებ.

– ქმარს გულისხმობთ?

– დიახ. ის არ არის ის პიროვნება, რომელიც მე რეალურად მჭირდება. ძალიან მინდა მომისმინოთ და სწორად გამიგოთ. საქმე ისაა, რომ თქვენი რესპონდენტების უმრავლესობა ცდილობს, ლამაზად შეფუთოს თავისი ისტორია და თქვენში, მკითხველში თანაგრძნობა თუ არა, სინანული მაინც გამოიწვიოს. არ ვიცი, ეს რაში სჭირდებათ, მაგრამ, რომ ვაანალიზებ, მართალი ვარ. ნამდვილად არ მექნება თავის შეცოდების მცდელობა. ქალები ძალიან ხშირად ღალატობენ ქმრებს მატერიალური მოტივით. თუმცა, ასში ერთი ქალიც არ აღიარებს ამას. არ უნდათ, თავისი ნამდვილი სახე წარმოაჩინონ და ლაპარაკობენ სულ სხვა მიზეზებზე, რომლებმაც ამ ღალატისკენ უბიძგათ.

– როგორ ფიქრობთ, რატომ?

– როგორ გითხრათ... ზოგს არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს, ზოგს არ უნდა იმის აღიარება, რომ ფულზე და საჩუქრებზე „იყიდებოდა“, დღეს ბოზებიც კი სულიერებას „აწვებიან“. რა ქნას ქალმა?! სითბოს, ყურადღების დეფიციტმა აიძულა, ეს ნაბიჯი გადაედგა; ან, ქმარს საყვარელი ჰყავდა და, ამანაც, სამაგიერო გადაუხადა... მსგავსი არგუმენტები საკმაოდ ბევრია, არადა, ღალატის სერიოზული მოტივაცია ფინანსური მხარეა. კარგი ცხოვრება ყველას უნდა, არავინ არის გამონაკლისი.

– მაგრამ, ხომ აქვს მნიშვნელობა, რის ფასად...

– ვაიმე, როცა ღალატზე მიდიხარ, რაც შეიძლება ძვირად უნდა დააფასო... ყურადღება და მოფერება რომ გაკლია, ამით გულს ვერავის აუჩუყებ.

– ემოციები არაფერი ყოფილა.

– არის, ესეც, მაგრამ, მატერიალური „ყურადღება“ გაცილებით მეტად ჭრის. მე ბავშვობაში პრინცზე ვოცნებობდი. ოღონდ, არ მითხრათ, ყველა გოგო ოცნებობს პრინცზეო. ჩემი ოცნება ბევრად კონკრეტული იყო. არც ამ პრინცის გარეგნობა მაინტერესებდა, არც ინტელექტუალური მონაცემები და არც მომაჯადოებელი ღიმილი. მთავარი იყო, რომ მატერიალური რესურსი ჰქონოდა, ანუ, მდიდარი ყოფილიყო. ამაში დედამაც ითამაშა გარკვეული როლი – მან ჩამაგონა, რომ მე ვიყავი ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და მხოლოდ ყველაფერ საუკეთესოს ვიმსახურებდი ამ ცხოვრებისგან. სხვათა შორის, დედა შეუძლებელს აკეთებდა, რომ მე ყველაფერი მქონოდა და თავი პრინცესად, სხვებზე უპირატესად მეგრძნო. თავი ყოველთვის მაღლა მეჭირა, ბიჭებს ჩემამდე ადვილად არ ვუშვებდი. ვამბობდი, რომ სიყვარული მხოლოდ ხელს შემიშლიდა ჩემი ჩანაფიქრის განხორციელებაში. ისეთი ქმარი უნდა მყოლოდა, რომელიც ჩემს ყველა მოთხოვნას შეასრულებდა. ჩემი დაქალები კი მეუბნებოდნენ, ცოტა აზრზე მოდი, პრინცები ცოტანი არიან, ყველა ქალს არ ეყოფა, თუ თვალებს არ გაახელ და ცხოვრებას რეალურად არ აღიქვამ, საერთოდ მარტო დარჩებიო. მე უფრო დედისა და საკუთარი თავის მჯეროდა. თუმცა, გადაწყვეტილება გათხოვებაზე მაინც სპონტანურად მივიღე. ცოლად გავყევი კაცს, რომელიც ჩემთვის სასწაულების მოხდენას აპირებდა. სერიოზული ბიზნესიც ჰქონდა და ვიფიქრე, რომ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. ქორწილი მართლაც არაჩვეულებრივი გვქონდა. ფული არ დაინანა, ჩემთვის დღესასწაული რომ მოეწყო, მაგრამ, ყველაფერი ამით დასრულდა. არ უყვარს ჩემს ქმარს ფულის დახარჯვა და ეს ნელ-ნელა აღმოვაჩინე. ცოლად კი შემირთო, მაგრამ, ბავშვის გაჩენაზე სიტყვას არ ძრავდა. პირიქით, დიდ ყურადღებას აქცევდა კონტრაცეპციას. სულ მეკითხებოდა, თავს ხომ კარგად იცავ, არ მინდა, ჩვენი მშვიდი ცხოვრება ბავშვის ჭყივილით გავიმწაროთო. თავიდან ვფიქრობდი, როგორ ზრუნავს ჩემზე-მეთქი. მერე მივხვდი, რომ არც ისე კარგად მქონდა საქმე. მივხვდი, რომ ფული ენანებოდა იმ ხარჯებზე, რაც ბავშვის გაჩენას ახლავს თან. მერე, ნელ-ნელა ჩემ მიმართაც დაკარგა ინტერესი და წუწუნი ჩვევად ექცა. როგორც კი რამეს მოვთხოვდი, მაშინვე იწყებდა: არც ისეთი დიდი სიამოვნება ხარ, რომ ამდენი გადავიხადოო.

– რას სთხოვდით, მანქანას? ბრილიანტებს?

– კარგ ცხოვრებას, რასაც მე ვიმსახურებდი. იმას, რაც კაცმა ლამაზ ქალს არ უნდა მოაკლოს. ხომ არიან უპრეტენზიო ქალები, ბევრი რომ არაფერი სჭირდებათ ბედნიერებისთვის და იმითაც კმაყოფილები არიან, რომ ოჯახი ეღირსათ?! მე არ ვარ ამ კატეგორიის, მე უკეთესს ვიმსახურებდი და ვიმსახურებ.

– დააკონკრეტეთ, თუ შეიძლება.

– რა არის, იცით? კაცმა ყოველთვის უნდა გათვალოს საკუთარი შესაძლებლობები. ლამაზი ცოლი უნდათ, მაგრამ, პასუხისმგებლობა, რაც ამ „ლამაზ ცოლს“ ახლავს თან, გააზრებული არ აქვთ. მთავარია, სასურველი ქალი ხელში ჩაიგდონ და, დანარჩენი, ანუ, რა იქნება მერე, ნაკლებად აინტერესებთ. აბა, ჰკითხეთ კაცებს, თუ არ გიპასუხებენ, რომ იმსახურებენ ლამაზ და ჭკვიან ქალებს. სხვა მამაკაცის ისე შეშურდებათ, გაოცდები. თითქმის ყველას საკუთარ თავზე უკეთესი ცოლი ჰყავს, მაგრამ, თვითონ როგორები არიან და იმსახურებენ თუ არა საუკეთესოს, ამაზე არავინ ლაპარაკობს. გაგიჟდები ადამიანი! ჩემი ქმრისთვის მე თავის მოწონების საშუალება ვიყავი. ვამჩნევდი, როგორი გაბღენძილი იყო ხოლმე ჩემ გვერდით. იმსახურებდა ამას? – არა! მე აშკარად ვიმსახურებდი უკეთეს მამაკაცს და, როცა ეს კარგად გავაცნობიერე, მერე აღარც ღალატი გამჭირვებია.

– ასე მარტივად?

– მარტივად თუ რთულად, არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, რომ ძალიან ვიყავი გაბრაზებული ჩემს ქმარზე. მისი უმადურობა და ჩემი ღირსების იგნორირება ძალიან მიშლიდა ნერვებს. სულ უფრო ხშირად მესმოდა: რამდენ ფულს ხარჯავ საკუთარი თავისთვის; რისთვის გჭირდება ამდენი ტანსაცმელი, რაც ხარ, ეგ ხარ და მორჩა, მეტს ვერაფერს შეიმატებო; ხომ უკვე მომხიბლე ერთხელ, ახლა რატომღა იპრანჭები, გინდა, სხვა კაცებიც დააინტერესო და ამაში ფული მე გადავიხადოო? – მოკლედ, მსგავსი სისულელეებით „მანებივრებდა“ ლამის ყოველდღე. ჩემი მოთმინების ფიალა წვეთ-წვეთობით აივსო. ასეთი „კომენტარების“ მერე გასაგები იყო, რომ მანქანა, რომელსაც შემპირდა, მირაჟი იყო, არ მიყიდდა.

– მანქანა რომ არ გიყიდათ, ამიტომ უღალატეთ?

– არა, პრინციპების გამო ვუღალატე. ღირსი იყო, დაიმსახურა. ისე მოიქცა, რომ საკუთარი პრინციპებისთვის მეღალატა. ეს უფრო დიდი ღალატია, ჩემი აზრით, ვიდრე ის, რომ დავნებდი კაცს, რომელმაც ეს დაიმსახურა. ჩემდამი თავისი დამოკიდებულებით გადამადგმევინა ეს ნაბიჯი.

– მინდა, მაინც დავაკონკრეტო: ქმარს იმიტომ უღალატეთ, რომ საჩუქრებს არ ყიდულობდა და ბევრ ფულს არ გაძლევდათ?

– თუ ამას მეკითხებით, მაშინ, მეც კონკრეტულად გეტყვით: სიყვარულით არ გავთხოვილვარ. ზოგ ქალს რომ გული მისდის კაცისთვის და ყველაფერზე თანახმაა, ასე არ ვყოფილვარ. თავიდანვე იცოდა ჩემმა ქმარმა, მასზე რატომ შევაჩერე არჩევანი. არ შემიქმნია მისთვის ილუზიები, რომ შეყვარებული ვიყავი. შენნაირი ცოლი მინდა, რომ მყავდეს. სულ ასეთი ქალი წარმომედგინა ჩემ გვერდითო, – მითხრა. მაგრამ, მე არ მითქვამს მისთვის იგივე. არ მომიტყუებია, რომ ჩემი ოცნების მამაკაცი იყო, ანუ, თავიდანვე იცოდა, რატომ გავყევი ცოლად. მისთვის ხომ ვიყავი ის ქალი, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდებოდა?! თავისი რომ გაინაღდა, მერე, რატომღაც გადაწყვიტა ჩემზე ეკონომიის გაკეთება. სწორად გამიგეთ, არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობენ დათვლითა და ანგარიშით. საკუთარ თავს ბევრ სიამოვნებაზე ეუბნებიან უარს და თავი სტკივათ იმაზე ნერვიულობით, რა იყიდონ – ახალი ჩექმა თუ ჩანთა. მაშინ, როცა ორივე უნდათ და სჭირდებათ. მიყვარს ყველაფერი ძვირფასი, მიყვარს კომფორტი, კარგი ცხოვრება, სილამაზის სალონებში სიარული და თავის მოვლა. ქალი ვარ – ამ სიტყვის პირდაპირი და სრული მნიშვნელობით. რატომ ვერ უნდა წავიდე დასასვენებლად მაშინ, როცა მინდა და იქ, სადაც მინდა?! მაქვს ისეთი მონაცემები, რომ ამ ყველაფერზე პრეტენზია გამიჩნდეს. ამ ქვეყანაში ყველაფერი იყიდება, ასე არ არის? ყოველ შემთხვევაში, როცა შენი თავის ფასი იცი, უნდა გამოიყენო. გარეგნობა შანსია და ამ ფაქტს ვერსად გავექცევით. თურქეთშიც მინდა დასვენება და მალდივის კუნძულებზეც. რატომაც არა?! ჩემი ქმარი ქორწინებამდე ამ ყველაფერს დამპირდა.

– შეთანხმება გქონდათ?

– ასე ვთქვათ. წერილობითი კონტრაქტი არ დაგვიდევს, მაგრამ, ნუთუ ეს აუცილებელია? თუ თავის მოსაწონებლად ვუნდოდი და ვუნდივარ, ფულიც უნდა დახარჯოს. გეუბნებით, ქალები არ აღიარებენ, თორემ, მატერიალური დაინტერესება ძალიან ხშირად არის ღალატის რეალური მიზეზი. ქალს ყურადღებაც სჭირდება და განებივრებაც. კაცი, რომელიც ამას ვერ ხვდება, ან, ხვდება და შეგნებულად არ აკეთებს, უნდა დაისაჯოს. მე ჩემი ქმარი ღალატით დავსაჯე.

– რომ გაშორდეთ, საკუთარ სინდისთან ხომ უფრო მართალი იქნებით?

– მე ახლაც მართალი ვარ საკუთარ სინდისთან. სულაც არ ვნერვიულობ და თავს გადასარევად ვგრძნობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვატყუებ და ისიც „ყლაპავს“ ამ ტყუილს.

– ფიქრობთ, ვერაფერს ხვდება?

– არ მაინტერესებს და ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მისი პრობლემაა, თუ ხვდება და პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. საყვარელთან ეძებ იმას, რისი დეფიციტიც გაქვს. გარყვნილი ნამდვილად არ ვარ, მამაკაცის ხრიკებსაც კარგად ვხვდები – ვისწავლე უკვე. ქორწილი და გათხოვება იმიტომ კი არ მინდოდა, რომ ქმრის მოსამსახურედ ვქცეულიყავი. როცა ქალმა საკუთარი თავის ფასი არ იცის,  მას იქით ღალატობენ – ეს ფაქტია. ალბათ, გაგიგიათ, რომ ხშირად ქმრები ცოლებს ღალატს პატიობენ. როგორ გგონიათ, რატომ? იმიტომ, რომ მასში რაღაც ფასეულს ხედავენ. ამ ქალს საკუთარი თავი დაფასებულიც აქვს და კარგად შეფასებულიც. რამდენიც უნდა უხეხო და ულაგო ქმარს, როგორი გემრიელი კერძითაც არ უნდა გაანებივრო, მაინც არ დაინახავს და არ დააფასებს. პირიქით, თავში აუვარდება და იფიქრებს, რომ ამ ყველაფერს იმსახურებს. არავინ, შვილიც კი არ ხედავს ამაგსა და პატივისცემას და ქმარი რატომ დაინახავს?! ჩემი საყვარლის მიმართაც არ მაქვს განსაკუთრებული გრძნობები. მხოლოდ სიმპათია და სითბო, და, მადლიერების განცდაც, რა თქმა უნდა,  მაგრამ, მეტი არაფერი. კაცის სიყვარული საერთოდ სისულელეა – შეყვარებული ქალი ყოველთვის წაგებულია.

 

 

скачать dle 11.3