ინტიმური საუბრები
ვიცი, რომ ქმარი მღალატობს
სიყვარულით გავთხოვდი. მე და ზაზას სკოლიდან გიყვარდა ერთმანეთი. მე მეშვიდე კლასში ვიყავი, ის – მეცხრეში, სიყვარული რომ ამიხსნა მას მერე გვერდზე აღარ გამიხედავს; სხვათა შორის, არც ზაზას. ინსტიტუტი რომ დავამთავრეთ, ორივეს მშობლები სიხარულით შეხვდნენ ჩვენს შეუღლებას. არც მატერიალურად გვიჭირს, ანუ, ყოველმხრივ მოგვარებულია ძირითადი პრობლემები და თავიდანვე მხოლოდ ჩვენი სიყვარული გვებარა – სხვა დანარჩენი საზრუნავი ჩვენმა მშობლებმა აიღეს საკუთარ თავზე, შვილებიც კი მათ გაგვიზარდეს.
ბევრისგან გამიგია, დაოჯახების შემდეგ სიყვარული ყოველდღიურ ყოფაში ითქვიფება და მისგან პრაქტიკულად აღარაფერი რჩებაო. ჩვენს შემთხვევაში ასე არ მომხდარა, პირიქით, რამდენიმე წლის განმავლობაში ახალი შეყვარებულებივით გვიხაროდა ერთმანეთის დანახვა, ერთად ყოფნა. მაგრამ, ეტყობა, ყველაფერს აქვს დასასრული. არ ვიცი, რა მოხდა, სად დავუშვი შეცდომა, მაგრამ, ერთ დღესაც, ვიგრძენი, რომ ზაზას მოვბეზრდი. პირველად ეს შეგრძნება დაახლოებით ერთი წლის წინ გამიჩნდა – მომეჩვენა, რომ თამაშობდა შეყვარებული ქმრის როლს. საკმაოდ დიდხანს ვატარე ეს ტკივილი, ერთ დღეს კი, როცა დავრწმუნდი, რომ, კი არ მეჩვენებოდა, მართლაც ასე იყო, გადავწყვიტე, გადამემოწმებინა ჩემი ეჭვები. თავს იმით ვიმართლებდი, რომ, ჯობდა, სიმართლე მცოდნოდა, თუნდაც ამ სიმართლეს გული მოეკლა ჩემთვის. არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, მაგრამ, ჩემს დას მოვუყევი ყველაფერი და ისიც შემპირდა დახმარებას, ანუ, საკუთარ თავზე აიღო ჯაშუშობა და მთელი ერთი თვის განმავლობაში კუდში დასდევდა ზაზას, მე კი ყოველ საღამოს ვიქექებოდი და ვიჩხრიკებოდი მის მობილურში. შედეგი საშინელი იყო: დავადგინეთ, რომ ზაზას ნამდვილად ჰყავდა საყვარელი, 22 წლის გოგო, რომელიც მის სამსახურში სტაჟიორად მუშაობდა. იმ პატარა ძუკნამ იცოდა, რომ ზაზას ცოლი და სამი შვილი ჰყავდა, მაგრამ, სულ ფეხებზე დაიკიდა და თავისზე 15 წლით უფროსი კაცის საყვარელი გახდა. ისიც გავიგეთ, რომ იმ ქალბატონს დაუწყია თავიდან აქტიურობა და ესეც დებილივით „შეება“, თანაც, ისე, რომ, ლამის მთელ თავის ხელფასს იმ გომბიოს ახარჯავდა.
ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა, ამას რომ გავიგებდი! ჯერ მთელი თვე ცუდად ვიყავი, შემდეგი თვე ამ ინფორმაციის „გადახარშვას“ მოვანდომე. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან მიჭირდა, ისე მოვქცეულიყავი, რომ ზაზა ვერაფერს მიმხვდარიყო. თუმცა, ამის საშიშროება არც შექმნილა – საერთოდ ვერ ამჩნევდა ჩემში ცვლილებას, ისე იყო იმ პატარა პუტანათი გატაცებული. რამდენიმე თვე მოვანდომე იმაზე ფიქრს, როგორ მოვქცეულიყავი. ხანდახან სურვილი მომივლიდა, ყველაფერი მეთქვა, რაც ვიცოდი, თანაც, შვილების თანდასწრებით, რომ შემერცხვინა და დამემცირებინა; ერთხელ ისიც კი გავიფიქრე, მისი გულის გასახეთქად მეც გავიჩენ საყვარელს-მეთქი, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ამას ვერასდროს გავაკეთებ. ჩემი დაც სულს მიფორიაქებდა – შემომიჩნდა, თავზე ნუ აქნევინებ, ხმა ამოიღე, სამსახურში მისვლით დაემუქრე, ქონების გაყოფით შეაშინეო. რამდენჯერმე კინაღამ წამოვეგე მის ანკესს, მაგრამ, ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადავდგი, ხმაც კი ვერ ამოვიღე, გულში ვიკლავდი ჩემს ტკივილსა და დარდს. ბავშვებსაც კი არაფერი გაუგიათ – არ მინდოდა, ჩემი შეურაცხყოფის მოწმეები გამხდარიყვნენ, დამცირებული და განადგურებული ვენახე. ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, ცოტა ხანს გავცლოდი, ანუ, მის გარეშე ვყოფილიყავი და ისე გადამეწყვიტა, როგორ მოვქცეულიყავი. ერთი გაუთხოვარი დაქალი მყავს, რომელიც მარტო ცხოვრობს და მასთან გადავედი რამდენიმე ხნით, – სახლში კი ვთქვი, თეონა ცუდად არის, მიხედვა სჭირდება-მეთქი და წავედი, ბავშვები კი დედაჩემთან გავუშვი – ზამთრის არდადეგები იყო და, ისედაც ჯობდა, იქ ყოფილიყვნენ (ჩემს მშობლებს კერძო სახლი აქვთ დიდი ეზოთი და ჰაერზე მაინც იქნებოდნენ).
რა თქმა უნდა, თეონასთვის არ დამიმალავს, მასთან გადასვლის მიზეზი. მეგონა, ისიც ჩემი დასავით დამიწყებდა ტვინის გაწყალებას – გაშორდიო, მაგრამ, პირიქით, დამშვიდება დამიწყო და მითხრა, ცხელ გულზე არაფერი მოიმოქმედო, რომ დაწყნარდები, ერთად მოვიფიქროთ, როგორ მოიქცეო, მაგრამ, ვერაფერიც ვერ მოვიფიქრეთ, რადგან რამდენიმე დღეში ისე მომენატრა ჩემი ქმარი, მივაფურთხე ჩემს თავმოყვარეობას და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი სახლში. ზაზა კარგად შემხვდა და ამან მთლად დამაყრევინა ფარ-ხმალი. იმ დღის მერე ისე გავიდა ნახევარი წელი, რომ ვერაფრით ვერ გადავწყვიტე, მეთქვა თუ არა ყველაფერი, მერე კი მივხვდი, რომ ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან, ყველაფრის მიუხედავად, ქმარი ისევ ისე მიყვარს, როგორც თავიდან; რომ მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ; რომ აუცილებლად ვინანებ მისგან წასვლას... ამაში რომ დავრწმუნდი, რაღაცნაირად დავმშვიდდი კიდეც, რადგან თავი იმითაც დავიწყნარე, რომ, ადრე თუ გვიან, ის გოგოც მობეზრდება და ისევ მე დამიბრუნდება-მეთქი. ეს რომ ჩემს დას ვუთხარი, გადაირია – ნამდვილი უთავმოყვარეო დებილი ხარ და, ახია, რასაც ქმარი გიკეთებსო. შეიძლება, მართალიც არის, მაგრამ, ყველას თავისი აზრი აქვს ყველაფერზე, პირადი ცხოვრება კი, ჩემი აზრით, ადამიანმა მხოლოდ თვითონ უნდა მოაგვაროს.
მარინა, 35 წლის.
თუ შეგიძლია, მაპატიე
ამ წერილს გწერთ ციხიდან. გარკვეული მიზეზების გამო, არ ვწერ ჩემს ნამდვილ სახელს, მაგრამ, ის გოგო, ვისაც მე ამ წერილით მივმართავ, მიხვდება, რომ ეს მე ვარ.
თაკო! იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ. აქ იმდენი დრო მაქვს დასაფიქრებლად, სხვას არაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ ჩვენს ურთიერთობას, შენ მიმართ ჩემს არაკაცურ საქციელს ვაანალიზებ და ძალიან ვნანობ, რომ ასე ცუდად გექცეოდი. შენ საოცარი გოგო ხარ და ძალიან დიდ სიყვარულსა და ლამაზ ცხოვრებას იმსახურებ. ალბათ, არ მაქვს უფლება, გთხოვო, დამელოდე-მეთქი, მაგრამ, თუ ისევ გიყვარვარ, თუ ისევ ფიქრობ ჩემზე და მელოდები, იცოდე, რომ იმედს აღარ გაგიცრუებ. მე ახლა სულ სხვა ადამიანი ვარ, საერთოდ, სხვანაირად ვაზროვნებ. ბევრი რამ გადავაფასე და, როცა გამოვალ, დარწმუნდები, რომ მართალს ვამბობ. შეიძლება, არ დამიჯერო, მაგრამ, აქ ძალიან ბევრს ვკითხულობ და ვმეცადინეობ კიდეც – რომ გამოვალ, უმაღლესში უნდა ჩავაბარო. მინდა, დაგიმტკიცო, რომ, ყველაფრის მიუხედავად, არ ვარ მთლად წყალწაღებული და გადასაგდები ადამიანი, მინდა, შენი ნდობა მოვიპოვო და შენი თავი დავიმსახურო.
ვიცი, რომ ჩემთან პაემანზე მოსვლის უფლება არ გაქვს. რომც გქონდეს, არ მინდა, რომ აქ მოხვიდე – შენს ასეთ დამცირებას ვერ ავიტან. ვერც წერილს მომწერ, ძალიანაც რომ გინდოდეს. ერთადერთ რამეს გთხოვ: თუ ამ წერილს წაიკითხავ და დაიჯერებ, რომ არ გატყუებ, თუ ისევ გიყვარვარ და მაინც მელოდები, შენც „თბილისელების“ მეშვეობით შემეხმიანე და მომეცი იმედი, რომ აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს.
ჩემზე მშობლებმაც კი ჩაიქნიეს ხელი. შენ იყავი ერთადერთი ადამიანი, რომელმაც, ყველაფრის მიუხედავად, არ მკრა ხელი, რომელსაც მაინც სწამდა ჩემი და ბოლომდე იბრძოდა ჩემს გადასარჩენად. მართალია, ძალიან დაგვიანებით, მაგრამ, იცოდე, რომ შენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო – მე ადამიანად ვიქეცი და ამას აუცილებლად დავუმტკიცებ ყველას.
იცი, ყველაზე უფრო ხშირად რაზე ვფიქრობ? ასეთ პატარა გოგოს საიდან გაქვს ამხელა ძალა. არ ვიცი, ნიშნავს თუ არა ეს შენთვის რამეს, მაგრამ, მე ვამაყობ შენით, ვამაყობ; რომ გიცნობ, რომ მიყვარხარ და რომ შენც გიყვარდი (იქნებ, ახლაც გიყვარვარ). სულ იმ წუთებზე ვფიქრობ, აქედან რომ გამოვალ და ერთმანეთს შევხვდებით (თუ, რა თქმა უნდა, შენი სურვილიც იქნება). თუ კიდევ მენდობი, გარწმუნებ, რომ მთელი ცხოვრება წინ გვაქვს, თანაც, ძალიან ლამაზი და ბედნიერი ცხოვრება.
მიყვარხარ.
გეგა, 21 წლის.