ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, სამოქალაქო საქმის განხილვის დროს რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს მოსამართლემ კანონის ანალოგია?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას, რომელსაც კანონის ანალოგიას უწოდებენ. ასევეა სამოქალაქო პროცესშიც: თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ ხორციელდება სამოქალაქო საქმეში სამართლის ანალოგიის პრინციპი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, ასევე, არ არსებობს კანონი, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს და ისე იღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნულ პრინციპს ეწოდება სამართლის ანალოგია. სამართლის ანალოგიის პრინციპი გამოიყენება, ასევე, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, ასევე, თუ არ არსებობს არც მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი საპროცესო სამართლის ნორმა, ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს.
კითხვა: მაინტერესებს და, გთხოვთ, მაცნობოთ რა ფუნქციები და ამოცანები აქვს პოლიციას კანონით დაკისრებული?
პასუხი: გაცნობებთ, რომ „პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, პოლიციის ამოცანებია: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან; პრევენციული ღონისძიებების განხორციელება დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; ასეთი ქმედებების გამოვლენა, გამოძიება, დანაშაულში ბრალდებული პირის ძებნა და დაკავება; აგრეთვე, დამნაშავეობასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება; საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.
კითხვა: რამდენიმე დღის წინ გამაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და მოახდინეს ჩემი შემოწმება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე; ასევე, გარედან გამიჩხრიკეს ტანსაცმელი. გთხოვთ, მაცნობოთ აქვს თუ არა პოლიციის თანამშრომელს უფლება, გააჩეროს მოქალაქე და შეამოწმოს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ „პოლიციის შესახებ საქართველოს“ კანონის შესაბამისად, პოლიციელი მხოლოდ მაშინ არის უფლებამოსილი შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ. ამასთან, პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, შეჩერებულ პირს გააცნოს თავისი ვინაობა, წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განუმარტოს შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრების უფლება. პოლიციელი უფლებამოსილია, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება. თუ ზედაპირული შემოწმებისას წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. შეჩერებული პირი უფლებამოსილია, შეჩერებიდან ხუთი დღის ვადაში, ერთჯერადად, შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ადგილის მიხედვით, სასამართლოში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება და დასაბუთებულობა და მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია უკანონო ან დაუსაბუთებელი შეჩერებისთვის. ასე რომ, თუ არ გასულა ხუთი დღე პოლიციის მიერ თქვენი შეჩერებიდან, უფლება გაქვთ, მათი ქმედება გაასაჩივროთ სასამართლოში.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევაში ეწოდება პოლიტიკურ გაერთიანებას „პარტია“?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ პარტია არის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ცესკოს მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.
კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ რას ნიშნავს „წინასაარჩევნო კამპანია“?
პასუხი: გაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანია გულისხმობს საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობას.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, საქართველოში რა შემთხვევაში და რა საკითხების შესახებ შეუძლია, მიმართოს სასამართლოს პაციენტმა, რომელსაც გარკვეული პრეტენზიები აქვს სამკურნალო დაწესებულებისა და ექიმის მიმართ, სადაც გაიარა მკურნალობის კურსი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია: პაციენტის უფლებების დარღვევით; მცდარი სამედიცინო ქმედებით; სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების სხვა ხარვეზებით; სახელმწიფოს მიერ არასწორად განხორციელებული ზედამხედველობითა და რეგულირებით. ასეთ შემთხვევაში პაციენტს, ასევე, შეუძლია, მოითხოვოს: სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება და სახელმწიფო სამედიცინო და სანიტარული სტანდარტების შეცვლა.
კითხვა: ვარ მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი. გთხოვთ, მაცნობოთ, მაქვს თუ არა ვალდებულება, შევიძინო და გამოვიყენო საკონტროლო სალარო აპარატი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, გარდა მთავრობის მიერ განსაზღვრული ცალკეული საქმიანობის განმახორციელებელი ან ცალკეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არის ობიექტური?
პასუხი: კითხვიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ობიექტურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, როდესაც ის გამოტანილია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის დაცვით. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი კი, გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.