ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანების ტოპ-ათეული
კორნელიუს ვანდერბილტი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხისტი და დაუნდობელი ბიზნესმენის სახელით არის შესული, რომელიც თავის კონკურენტებს სასტიკად უსწორდებოდა
2012 წელს „ფორბსის” მსოფლიო მილიარდერთა რეიტინგში თავი მოიყარა 1 226-მა უმდიდრესმა ადამიანმა, რომელთა საერთო კაპიტალმა რეკორდული თანხა – 4,6 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს წელი იმითაც აღსანიშნავია, რომ ზუსტად 25 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც „ფორბსი” ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგებს აქვეყნებს და არკვევს, ბილ გეითსი უფრო მდიდარია თუ უორენ ბაფეტი და კარლოს სლიმ ელუ – ერთად. საინტერესოა, როგორი იქნებოდა „ფორბსის” რეიტინგი, თანამედროვე დროში რომ ეცხოვრათ ყველა დროის ყველაზე მდიდარ ადამიანებს, რომელთა სპეციალურ ტოპ-ათეულს „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ. საგულისხმოა, რომ რეიტინგის მონაწილეთა კაპიტალი დოლარის დღევანდელი კურსის მიხედვით არის დაანგარიშებული.
ჯონ როკფელერი – კაპიტალი: 318 მილიარდი დოლარი
ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი და სიმდიდრის სინონიმად წოდებული ჯონ როკფელერი ცოცხალი რომ ყოფილიყო, თავისი კაპიტალით იგი პირველობას არავის დაუთმობდა. როკფელერს ახალგაზრდობაში ორი ოცნება ჰქონდა: ეშოვა 100 მილიონი დოლარი და ეცოცხლა 100 წლამდე. პირველი ოცნება მან იოლად აისრულა, ხოლო მეორის ასრულებას სულ ორი წელი დააკლდა – როკფელერი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. უბრალო ბუღალტრის თანამდებობით დაწყებული კარიერა შემდგომში მსხვილ ბიზნესმენად გადაიქცა და ბოლოს ყველა დროის ყველაზე დიდი სანავთობო კომპანია – „სტანდარტ ოილი” დააარსა. როკფელერის კომპანია ამერიკის ყველა დროის ყველაზე მსხვილ მონოპოლისტ კომპანიად იქცა, რომელიც ნავთობის ბაზრის 90 პროცენტს აკონტროლებდა. ბიზნესთან ერთად, როკფელერი ქველმოქმედებითაც იყო დაკავებული და თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფილანტროპად ითვლებოდა. მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი დღემდე ფუნქციონირებს.
ენდრიუ კარნეგი – კაპიტალი: 298,3 მილიარდი დოლარი
ენდრიუ კარნეგი ამერიკაში შოტლანდიიდან ემიგრირდა ბავშვობაში. 13 წლის ასაკიდან იგი მუდმივად მუშაობდა, ხან მუშად ტექსტილის ფაბრიკაში, ხან კი – ტელეგრაფისტად. 20 წლის ასაკში მან პირველი ინვესტიცია განახორციელა – 500 დოლარი კომპანია „ადამ ექსპერსში”, მეცხრამეტე საუკუნის „ფედექსში” ჩადო. მოგვიანებით კარნეგი სარკინიგზო ინვესტიციებზე გადაერთო, ხოლო 30 წლის ასაკში სანავთობო და სანაოსნო ბიზნესები აითვისა. თავისი კაპიტალის უდიდესი ნაწილი კარნეგიმ ფოლადის დამუშავებისა და წარმოების ხარჯზე გამოიმუშავა, ხოლო 1901 წელს, 66 წლის ასაკში, ბიზნესიდან წავიდა. ენდრიუ კარნეგი, როკფელერთან ერთად, იმ დროის უმსხვილესი ფილანტროპი გახლდათ – მან თავისი ქონების 90 პროცენტი ქველმოქმედებაზე დახარჯა.
ნიკოლოზ მეორე –
– კაპიტალი: 235 მილიარდი დოლარი
რუსეთის იმპერიის უკანასკნელი მმართველი, მეფე ნიკოლოზ მეორე (რომანოვი), 1894-1917 წლებში მართავდა იმპერიას და მსოფლიოს მისი მმართველობა, უპირველეს ყოვლისა, პიროვნული სისუსტით, რუსეთში გამეფებული ანტისემიტიზმით, იაპონიასთან ომში მარცხით, რევოლუციით, ტახტის მემკვიდრე შვილის ჰემოფილიით ავადმყოფობითა და რასპუტინთან იდუმალი კავშირით დაამახსოვრდა. ნიკოლოზ მეორეს უამრავი ისტორიული მითი, საიდუმლო და ლეგენდა უკავშირდება, თავისი კაპიტალი კი მას წინაპრებისგან მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული.
უილიამ ჰენრი ვანდერბილტი – კაპიტალი: 231,6 მილიარდი დოლარი
უილიამ ჰენრი ვანდერბილტი იღბლიან ვარსკვლავზე დაიბადა. იგი, დონალდ ტრამპის მსგავსად ბიზნესში სერიოზული „ზურგით“ მოვიდა – მამისგან მემკვიდრეობით 100 მილიონი დოლარი მიიღო. კორნელიუს („კომანდორ”) ვანდერბილტის დაარსებული იმპერია უილიამმა მოგვიანებით უფრო ძლიერი გახადა და საქებარი სიტყვები დაიმსახურა მამისგან, რომელიც შვილს ხშირად აკრიტიკებდა. უილიამ ვანდერბილტი 1885 წელს გარდაიცვალა და იმ დროისთვის იგი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახლდათ.
ოსმან ალი ხანი, აზაფ ჯა მეშვიდე – კაპიტალი: 210,8 მილიარდი დოლარი
აზაფ ჯა მეშვიდე ჰაიდერაბადისა და ბერარის სამეფოს უკანასკნელი მმართველი იყო, სანამ სამეფოს ინდოეთი დაიპყრობდა. მისი თანამედროვეების აზრით, აზაფ ჯა თანამედროვე ტიპის მმართველი გახლდათ, რომელიც ჩახედული იყო მეცნიერებასა და განათლებაში, მისი ინიციატივით, განათლება ხელმისაწვდომი გახდა ყველაზე ღარიბი ფენებისთვისაც კი. როდესაც აზაფ ჯას 37 წელი შეუსრულდა, მან პირველად გაიყვანა სამეფოში რკინიგზა და ელექტროენერგია. 1937 წელს ჟურნალმა „თაიმ მაგაზინმა” თავის ყდაზე აზაფ ჯას, როგორც იმ დროის უმდიდრესი ადამიანის ფოტო დაბეჭდა.
ენდრიუ მელონი – კაპიტალი: 188,8 მილიარდი დოლარი
ენდრიუ მელონი, ცნობილი ამერიკელი ბანკირის, ბანკ „მელონ ბანკის” დამფუძნებლის, თომას მელონის შვილი, 17 წლის ასაკიდან საოჯახო ბიზნესში იყო ჩართული. 27 წლისთვის ენდრიუ ბანკის სრულუფლებიანი მმართველი გახდა და, ამას გარდა, ჩართული იყო ნავთობის, სანაოსნო და ფოლადის წარმოების ბიზნესში. 1921 წელს ამერიკის პრეზიდენტმა უორენ ჰარდინგმა ენდრიუ მელონი ფინანსთა მინისტრის პოსტზე დანიშნა და ამ თანამდებობაზე მან სამი პრეზიდენტის ყოფნის პერიოდში იმსახურა. მელონის მინისტრობისას შემცირდა ფედერალური ხარჯები და გაიზარდა ფედერალური შემოსავალი.
ჰენრი ფორდი – კაპიტალი: 188,1 მილიარდი დოლარი
ის გახლავთ ამ რეიტინგის ალბათ ყველაზე ცნობილი წევრი, რომელმაც სათავე დაუდო საავტომობილო წარმოების აღორძინებას. ჰენრის მშობლები უბრალო ფერმერები იყვნენ, მას კი ინჟინრობა უფრო იტაცებდა. ამის გამო, მან 16 წლის ასაკში მიატოვა სახლი და თომას ედისონის კომპანიაში მოეწყო სამუშაოდ, ხოლო 36 წლის ასაკში თავისი პირველი საავტომობილო კონცერნი „დეტროიტ აუტომობილ კომპანი” გახსნა. ავტოწარმოების ისტორიაში ჰენრი ფორდის ფიგურა ლეგენდარული ადამიანის სტატუსს ატარებს. ყველაფერთან ერთად, მან პირველმა დანერგა ფართო წარმოებაში საკონვეიერო საქმიანობა.
მარკუს ლიცინიუს კრასუსი – კაპიტალი: 169,8 მილიარდი დოლარი
მარკუს კრასუსი ყველაზე ადრეული ისტორიული ფიგურაა ამ რეიტინგში. მის სახელს უკავშირდება სპარტაკის აჯანყების დამხობა. რომაელი მხედართმთავარი, გენერალი კრასუსი თავისი დროის უდიდესი ისტორიული ფიგურა გახლდათ. იგი ჩართული იყო მონებით ვაჭრობაში, ავითარებდა მადნის მოპოვებას და იძენდა უძრავ ქონებას რომში. მისი ქონების უდიდესი ნაწილი სხვების უბედურებით იყო ნაშოვნი, თუმცა გამდიდრების ეს მეთოდი ოცდამეერთე საუკუნეშიც ისევე პოპულარულია, როგორც რომის იმპერიის დროს.
ბაზილ მეორე – კაპიტალი: 169,4 მილიარდი დოლარი
ბაზილ მეორე ბიზანტიის იმპერატორი გახლდათ ალექსანდრე მაკედონელის დინასტიიდან და იგი 976-1025 წლებში მეფობდა. მისი მმართველობის პერიოდში ბიზანტიას შეუერთდა ბულგარეთი და იმპერიამ უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწია. თუმცა, ბაზილ მეორის გარდაცვალების შემდეგ იმპერიამ სულ რამდენიმე ათეული წელი იარსება და ისტორიის საკუთრება გახდა.
კორნელიუს ვანდერბილტი – კაპიტალი: 167,4 მილიარდი დოლარი
კორნელიუს ვანდერბილტზე ზემოთ უკვე ვთქვით, მისმა შვილმა, უილიამ ჰენრი ვანდერბილტმა კი უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწია ბიზნესში, თუმცა, მამამისის მიღწევა მაინც აღნიშვნის ღირსია. ისტორიაში ის ერთ-ერთი ყველაზე ხისტი და დაუნდობელი ბიზნესმენის სახელით არის შესული, რომელიც თავის კონკურენტებს სასტიკად უსწორდებოდა. კორნელიუსმა 11 წლის ასაკიდან მიატოვა სკოლა და მუშაობა დაიწყო, 16 წლისამ კი დედისგან ფული ისესხა და კერძო ბიზნესი წამოიწყო, რომელიც მოგვიანებით უზარმაზარ იმპერიად აქცია.