კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ფაქტის გამო მიიჩნიეს ხუმრობად საბერძნეთის მეფის გარდაცვალება და რომელი კანონის გამო დაიღუპა ტაილანდის მეფის მეუღლე

 

მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მონარქიული სახელმწიფოების რაოდენობა არცთუ ბევრია და ამის გათვალისწინებით, მსოფლიო მონარქების მიმართ საზოგადოების მხრიდან მუდამ არის დაინტერესება. განსაკუთრებულ ინტერესს ბუნებრივია, მეფეების, დედოფლების, იმპერატორების, პრინცებისა და პრინცესების პირადი ცხოვრების შესახებ არსებული ფაქტები იწვევს, მათ მცირე ჩამონათვალს „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ.

* დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ჩარლზმა 2008 წელს მთელი თავისი ავტოპარკი ბიოსაწვავზე გადაიყვანა. ამჟამად ჩარლზის ყველა ავტომობილის ძრავა მუშაობს საწვავზე, რომელიც გადამუშავებული საკვები ზეთისგან მიიღება. პრინცის კიდევ ერთი ავტომობილი, 1970 წლის გამოშვების „ასტონ-მარტინი“, რომელიც ჩარლზს დედოფალმა ელიზაბეთმა 21 წლის იუბილეზე აჩუქა. ღვინისგან მიღებულ ბიოსაწვავზე მუშაობს. საგულისხმოა, რომ საწვავის მისაღებად ინგლისელი მეღვინეების მიერ დაყენებულ ღვინოს იყენებენ.

* ტაილანდის მეფის, რამა მეხუთის ერთ-ერთი ცოლი, სუნანდჰა კუმარირატანა 19 წლის ასაკში, პატარა ქალიშვილთან ერთად, ნავის გადაბრუნების გამო მდინარეში ჩაიძირა. ამ შემთხვევას უამრავი მოწმე ჰყავდა და სუნანდჰას გადარჩენა ძნელი არ იყო, უბრალოდ, იმ პერიოდში მოქმედებდა კანონი, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს უკრძალავდა  ხელით შეხებოდნენ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს. თითის მიკარებაც კი, სიკვდილით დასჯას ნიშნავდა.

* წყნარ ოკეანეში მდებარე ვანუატუს კუნძულოვანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალ კუნძულ ტანაზე გავრცელებულია რელიგიური კულტი, რომლის თანახმადაც, დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეთ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპი ღვთაებად არის გამოცხადებული. ძველი ლეგენდის თანახმად, მთის სულის თეთრკანიანი ვაჟი მთიდან ჩამოვიდა, იმოგზაურა, შემდეგ იქორწინა შეძლებულ ქალბატონზე და თავის სამშობლოს დაუბრუნდა. კუნძულის მცხოვრებთა აზრით, ის თეთრკანიანი სწორედ პრინცი ფილიპია, რადგან ვანუატუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. აქედან მოდის კულტის გაძლიერება, რასაც ხელი იმ ფაქტმაც შეუწყო, რომ პრინცი ფილიპი 1974 წელს კუნძულზე ვიზიტით იმყოფებოდა.

* მეცხრამეტე საუკუნეში სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა მეწარმე, ჯოშუა ნორტონი. ფინანსურმა წარუმატებლობამ ის გააკოტრა და ჭკუაზე შეშალა – საკუთარი თავი მისი უდიდებულესობა შეერთებული შტატების დიად იმპერატორად, ნორტონ პირველად გამოაცხადა. სან-ფრანცისკოს მცხოვრებნი იუმორით შეხვდნენ ნორტონის გამოხდომებს და მის ხელმოწერილ ქვითრებს სიამოვნებით იღებდნენ რესტორნებსა და მაღაზიებში, ხოლო შეხვედრისას თავს უხრიდნენ და ისე ესალმებოდნენ. ნორტონ პირველი კანონებსაც გამოსცემდა, რომელთა უმეტესობა გაზეთებში იუმორის გვერდებზე იბეჭდებოდა. მაგალითად, ერთ-ერთი კანონის თანახმად, ნორტონ პირველმა ამერიკის კონგრესი უკანონოდ გამოაცხადა. 1880 წელს, ნორტონის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შეშლილს ანგარიშზე ერთი ცენტიც არ ჰქონდა და მისი დაკრძალვის ხარჯები მოსახლეობამ გაიღო. ამერიკის პირველი და უკანასკნელი იმპერატორის დაკრძალვას 10 ათასი ადამიანი დაესწრო.

* სვაზილენდის მმართველს, მეფე მსვატ მესამეს 14 ცოლი და 23 შვილი ჰყავს. ახალი მეუღლის შერჩევის დროს მთელი ქვეყნიდან ათიათასობით ჩასული ქალიშვილი ნახევრადშიშველი ასრულებს რიტუალურ ცეკვებს და თავს აწონებს მეფეს. მეფესთან ქალწულობის დაკარგვა სვაზილენდში უდიდეს პატივად მიიჩნევა და მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

* თემზაზე მცხოვრები ყველა გედი დედოფალ ელიზაბეთ მეორის საკუთრებაა. სამეფო ოჯახის საკუთრებაში გედების გადაცემა ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, სპეციალური ბრძანებულების თანახმად მოხდა, როცა გედებს სამეფო მაგიდასთან დელიკატესის სახით მიართმევდნენ. ამჟამად გედებს აღარ ჭამენ, თუმცა ინგლისური კანონის თანახმად, სამეფო ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს დაკლული გედის ხორცი.

* მალაიზიაში კონსტიტუციური მონარქია არის, თუმცა მონარქის ტიტული იქ არჩევითია და არა სამუდამო. საქმე ისაა, რომ მალაიზია შტატებად არის დაყოფილი და 9 მათგანი მონარქიულია. მათ მართავენ: 7 სულთანი, ერთი რაჯა და ერთი  იანგ დიპერტუან ბესარის ტიტულის მქონე მონარქი. ხუთ წელიწადში ერთხელ ეს მონარქები ერთ მთავარ მონარქს ირჩევენ. აღსანიშნავია, რომ მონარქს მალაიზიაში მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს.

* შვედეთის მეფემ, გუსტავ მესამემ ერთხელ გადაწყვიტა გაეგო, თუ რომელია უფრო მავნებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ჩაი თუ ყავა. ამისთვის აარჩიეს ტყუპი ძმები, რომელთაც სიკვდილი ჰქონდათ მისჯილი. პირველს დღეში სამჯერ ჩაის ასმევდნენ, ხოლო მეორეს – ყავას. თავად მეფე ექსპერიმენტის დასასრულს ვერ მოესწრო, ის ომში მოკლეს, ხოლო ტყუპებმა დიდხანს იცოცხლეს. თუმცა პირველი, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ის, რომელიც ჩაის სვამდა.

* მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა ჰოლანდიის ოკუპაცია მოახდინეს და სამეფო ოჯახი კანადაში იქნა ევაკუირებული. იქ მოქმედ დედოფალს, იულიანას ეყოლა მესამე ქალიშვილი, მარგრიტი. ის პალატა, სადაც დედოფალმა სასწრაფო წესით იმშობიარა, გამოცხადდა ჰოლანდიის იურისდიქციად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მარგრიტი კანადის მოქალაქედ დაიბადებოდა და ვერ გახდებოდა ნიდერლანდების დედოფალი. კანადელებისადმი მადლიერების ნიშნად, ყოველ წელს ნიდერლანდების სამეფო ოჯახი ოტავაში სპეციალური რეისით აგზავნის ტიტების ათას თესლს. საინტერესოა, რომ ანალოგიური შემთხვევა მოხდა 1945 წელს ლონდონში, როდესაც  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა სამშობიაროს პალატა იუგოსლავიის სამეფოს ნაწილად გამოაცხადა, რადგან იმ პალატაში დაიბადა იუგოსლავიის სამეფო ტახტის მემკვიდრე, ალექსანდრ კარაგეორგიევიჩი. სამწუხაროდ, ახალდაბადებულ პრინცს არ მიეცა საშუალება ემეფა თავის ქვეყანაში.

* ერთადერთი ადგილი დიდ ბრიტანეთში, სადაც მეფეს და დედოფალს შესვლის უფლება არ აქვთ, თემთა პალატაა. ეს ტრადიცია დეპუტატებმა 1642 წელს შემოიღეს, მას შემდეგ, რაც მეფე კარლ პირველმა პალატის ხუთი დეპუტატის დაპატიმრება მოისურვა ანტიროიალისტური შეხედულებების გამო. 

* კომპიუტერული პროგრამის სახელწოდება, რომელიც დისკებზე ინფორმაციის ჩასაწერად გამოიყენება, „Nero Burning Rom” სიტყვათა კალამბურიდან წარმოიქმნა: „ნერონი წვავს რომს”. დიად იმპერატორ ნერონს რომისთვის ცეცხლის წაკიდებაში ედებოდა ბრალი.

* ალბანეთის პრეზიდენტი, აჰმეტ ზოგუ, რომელიც 1928-1939 წლებში ალბანეთის მეფე გახლდათ, სიცოცხლის ხელყოფის 50-მდე მცდელობას გადაურჩა. 1931 წელს თეატრიდან გამოსულ მეფე აჰმეტს თავს დაესხნენ, მან კი რევოლვერი მოიმარჯვა და თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნა. ეს არის ერთადერთი შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში, როდესაც მეფემ თავად ესროლა თავდამსხმელს.

* 1947 წლის 1 აპრილს გარდაიცვალა საბერძნეთის მეფე, გეორგ მეორე. როდესაც გაზეთებში ცნობა გამოქვეყნდა. ეს მოსახლეობამ სერიოზულად არ მიიღო და ხუმრობად ჩათვალა.

* 1972 წელს 33 წლის ასაკში, ესპანეთის მეფე ხუან კარლოს პირველი მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა, ესპანეთის აფროსანთა ნაკრების შემადგენლობაში. გუნდმა მე-15 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ხუან კარლოსის მეტოქე მაშინ ჯერ კიდევ ნორვეგიის კრონპრინცი, ჰარალდი იყო, რომელიც ამჟამად ნორვეგიის მეფეა. 1988 წელს სეულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ხუან კარლოსის ქალიშვილი, პრინცესა კრისტინა იღებდა. მან მამის მსგავსად, აფროსნობაში სცადა ბედი და მეოცე ადგილი დაიკავა. ყველაზე წარმატებული კი ოლიმპიადაზე, ხუან კარლოსის ვაჟი, პრინცი ფელიპე აღმოჩნდა, რომელმაც ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიადაზე, აფროსნობაში მეექვსე ადგილი დაიკავა.

 

 

скачать dle 11.3