რა მექანიზმით ანაცვლებს ქართულ ბოსტნეულს, ხილსა და ხორცს იმპორტული პროდუქცია და რატომ ღირს იმპორტული ადგილობრივზე იაფი
საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ წინასაარჩევნო მარათონში ქართული სოფლის პრობლემატიკა ფრიად აქტუალური იქნება. მანამდე კი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზენსმენთა ასოციაციამ საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებული ვითარება შეისწავლა, რა თქმა უნდა, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით. მეორე მხრივ, მართლაც, პარადოქსია, სოფლად ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობდეს, სახელმწიფო მათ დასაქმებულებად მიითვლიდეს (ჩვენებური წეს-კანონებით, თვითდასაქმებულიც დასაქმებულია), მათ მიერ შექმნილი პროდუქცია კი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში უმნიშვნელოზე უმნიშვნელო იყოს, იმის გარდა, რომ ნიორი რაა, იმასაც კი იმპორტირებულს მივირთმევთ. ქართულ სოფელში დღეს არსებულ ვითარებაზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე გვესაუბრება.
– რა პროცენტს შეადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი მთლიან შიდა პროდუქტში?
– თქვენც სწორად შენიშნეთ და ჩვენც მთავარი ყურადღება იმას დავუთმეთ, რომ სოფლის მეურნეობა არის დარგი, სადაც მოსახლეობის 62 პროცენტია დასაქმებული და ის მაინც ყოველწლიურად კლებას განიცდის. ბოლო შვიდ წელიწადში სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში განახევრდა და 2010 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 8,4 პროცენტამდე შემცირდა. ჯერჯერობით არ არსებობს 2011 წლის დაზუსტებული მონაცემები. როგორც სხვა მრავალ ქვეყანაში, ჩვენთანაც სოფლის მეურნეობა, ძირითადად, ორ მიმართულებად იყოფა: ეს არის მეცხოველეობა და მემცენარეობა. ჩვენთან ამ ორივე მიმართულებით საგრძნობლად გაუარესებულია ვითარება ბოლო ათი წლის განმავლობაში. ავიღოთ, მაგალითად, მსოფლიო ბანკის ისეთი მაჩვენებელი, როგორიცაა მეცხოველეობის წარმოების ინდექსი. 2010 წელს საქართველოში მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ინდექსი 2000 წელს არსებულის, დაახლოებით, 60 პროცენტი იყო.
– შემცირდა 40 პროცენტით?
– დიახ, ნაცვლად იმისა, რომ გაზრდილიყო, როგორც ეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მოხდა. მაგალითად, სომხეთში იგივე მაჩვენებელი იმავე პერიოდში თითქმის გაორმაგდა, აზერბაიჯანში 152 პროცენტით გაიზარდა, ყაზახეთში – 142 პროცენტით, ლატვიაში – 126 პროცენტით. რაც შეეხება მემცენარეობის ინდექსს: 2000 წელთან შედარებით 2010 წელს ის, დაახლოებით, 40 პროცენტით შემცირდა, მაშინ, როდესაც იგივე მაჩვენებელი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთში გაზრდილია 40-50 პროცენტით.
– რამ გამოიწვია მეცხოველეობის ინდექსის კლება: საქონელი გაგვიწყდა, ცუდად მრავლდება თუ რა ხდება? ხელოვნურია ეს კლება თუ ბუნებრივი? როგორც ვიცი, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ხორცის პროდუქტით უზრუნველვყოთ საკუთარი მოთხოვნილებები.
– რამის დამტკიცება ჩვენი მხრიდან შეუძლებელია, რადგან არ გვაქვს შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ადგილობრივი ხორცის წარმოება შევადაროთ ხორცის იმპორტის მაჩვენებელს. თუკი 1999 წელს ხორცის წარმოება იყო 100,5 ტონა, 2011 წელს ის ორჯერ შემცირდა – 48-ტონამდე, თუმცა 2000 წელთან შედარებით 2011 წელს ხორცის იმპორტი 11-ჯერ გაიზარდა. ანუ ხდება ადგილობრივი წარმოების ჩანაცვლება იმპორტით და ეს აჩენს ეჭვს, რომ გარკვეული ბიზნესჯგუფები იმპორტით, უხეშად რომ ვთქვათ, ფულს აკეთებენ და ეს არ არის მხოლოდ ხორცის წარმოების პრობლემა, იგივე პრობლემაა სხვა დარგებშიც. შემცირებულია ისეთი პროდუქციის წარმოება, რომლებიც საქართველოში ადვილად და მინიმალური დანახარჯებით იწარმოება, მათი იმპორტი კი გაზრდილია. მაგალითად, ავიღოთ რძის წარმოების სტატისტიკა: 1999 წელს ვაწარმოებდით 660 ტონა რძეს წელიწადში, ეს მაჩვენებელი 2004 წლისთვის 800-ტონამდე გაიზარდა, მაგრამ შემდეგ 594-ტონამდე შემცირდა ბოლო შვიდ წელიწადში.
– ეს, ალბათ, საქონლის რაოდენობის კლებას უკავშირდება?
– რა თქმა უნდა, „საქსტატში“ კონკრეტულადაა მითითებული საქართველოში მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის სტატისტიკა და მსხვილფეხა საქონლის რაოდენობით, 2010 წელს, თუ არ ვცდები, 1940 წლის დონეს გავუთანაბრდით.
– როდესაც მხოლოდ ერთი ძროხის ყოლის უფლება ჰქონდა გლეხს?
– დიახ. ეს ნათლად მიანიშნებს არსებულ პრობლემაზე, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ყველა მეზობელ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი გაუმჯობესებულია.
– ყველას გვყავს ნაცნობი მეხორცეები, რომლებიც გვეუბნებიან, ხორცი ადგილობრივია თუ შემოტანილი. შემოტანილი რატომ ღირს უფრო იაფი?
– ადგილობრივი ხორცი არის ახალდაკლული, უფრო ხარისხიანი და გაცილებით უკეთესი გემოვნური თვისებების მქონე. ის უფრო ნაკლები რაოდენობით მიეწოდება ბაზარს და, ბუნებრივია, ძვირი ღირს, ვიდრე იმპორტირებული, რომელიც შესაძლოა, არათუ ერთი, რამდენიმე წლის გაყინული იყოს. რაც უფრო დიდხნიანი შენახვის ვადა აქვს ხორცს, შესაბამისად, მეტი მარაგის შექმნა შეიძლება მისგან და ეს, ბუნებრივია, ფასზეც აისახება.
– შემოტანილი ხორცი აუცილებლად გაყინული უნდა იყოს?
– აუცილებლად, როგორც ტრანსპორტირების, ისე ადგილზე შენახვის დროს.
– შემოიტანეს გაყინული და შემდეგ დახლზე გატანისთვის გაალღვეს. ეს შესაძლებელია?
– შესაძლებელია, თუმცა ხორცის ფერით ადვილად მისახვედრია, ის იმპორტულია თუ ადგილობრივი. გაყინული ხორცის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ის ინახებოდეს მუდმივად ერთსა და იმავე ტემპერატურაზე და ეს ტემპერატურა არ უნდა იყოს ცვალებადი უარყოფითი მიმართულებითაც კი. „დისქავერიზე“ გადიოდა დოკუმენტური ფილმი, რომ ანტარქტიდაზე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაყინული ცხოველების ხორციც კი არ ფუჭდება და არ არის საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა ახალი ხორცი, ბუნებრივია, უფრო სასარგებლოა.
– მემცენარეობაში როგორ გვაქვს საქმე?
– მაგალითად, 2000 წელს ხორბლის იმპორტი 208 ტონა იყო, 2010 წელს კი 623 ტონას მიაღწია, ანუ სამჯერ გაიზარდა. კარტოფილის იმპორტი, დაახლოებით, ათჯერაა გაზრდილი იმავე პერიოდში: 2000 წელს 5-ტონამდე შემოვიდა, 2011-ში კი – უკვე 55 ტონა. შაქრის იმპორტიც მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა. 2000 წელს ხორცის იმპორტი, ფაქტობრივად, არ ხდებოდა. 2011 წელს კი 16 ტონა გაყინული ხორცი შემოვიდა. 2000 წელს ბოსტნეულის იმპორტი, დაახლოებით, 8 ტონა იყო, 2010 წელს კი – 121 ტონა. ხილის იმპორტი, თუ 2000 წელს 6-7-ტონა იყო, 2010 წელს მან 47 ტონა შეადგინა. სპეციალურად გამოვყავით ეს სასაქონლო ჯგუფები და ბოლო ათწლიანი ტენდენცია მოწმობს, რომ სულ უფრო და უფრო იზრდება იმპორტირებული პროდუქციის წილი და ხდება ადგილობრივი პროდუქციის ჩანაცვლება იმპორტით, მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში 2010 წლის სასურსათო კრიზისის შემდეგ ყველა სახელმწიფო მიისწრაფვის იქითკენ, რომ შეიქმნას სასურსათო უსაფრთხოება, რათა ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჰქონდეს რამდენიმე თვის ან, თუნდაც, რამდენიმე წლის მარაგი. საქართველოში კი ბოლო თერთმეტი წელია, ადგილობრივი სურსათის წარმოება მცირდება და სულ უფრო დამოკიდებული ვხდებით ხორბლის, შაქრის, ბოსტნეულის, კარტოფილის იმპორტზე. ჩვენს ასოციაციას მიაჩნია, რომ ქვეყანას უნდა გააჩნდეს იმ წარმოების მინიმალური დონე, რითაც საჭიროების შემთხვევაში თავის თავს უზრუნველყოფს. ტენდენცია კი საპირისპიროს მეტყველებს.
– ადგილობრივი პროდუქციის შემცირება რას ეფუძნება: აღარ თესავენ, აღარ მოდის თუ რა ხდება?
– წელს საქართველოში ბოლო წლებში შემცირდა ნათესი ფართობების რაოდენობა. უფრო ნათელი რომ იყოს, რაზე ვლაპარაკობ, მოვიყვან რამდენიმე მაგალითს: გერმანიაში, რომლის განვითარების დონეზეც არავინ დავობს, ნათესი ფართობები მთლიანი ფართობების 36,3 პროცენტია, ავსტრიაში – 16 პროცენტი, მეზობელ აზერბაიჯანში – 22 პროცენტი, სომხეთში, ასევე, 16 პროცენტი, ბელგიაში – 27 პროცენტი, უკრაინაში – 59 პროცენტი, საქართველოში კი, 2010 წლის მონაცემებით, 3,9 პროცენტია ნათესი ფართობები და ყოველწლიურად მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უპირატესობა გაგვაჩნია ჩამოთვლილ ქვეყნებთან შედარებით. თუმცა მათ არ ვიყენებთ და ვერ ვიღებთ სარგებელს. შესაბამისად, ის ფული, რომელიც შეიძლება, რომ ქვეყანაში დარჩეს ადგილობრივ ფერმერს, იმპორტის მომსახურებაზე გაედინება ქვეყნიდან. მხოლოდ სურსათზე მილიარდი, მილიარდ-ნახევარი დოლარი გაედინება ქვეყნიდან ყოველწლიურად.
– ადგილობრივი პროდუქცია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე შემოტანილი, თან, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს უამრავ ქვეყანასთან და, ბუნებრივია, იმ ქვეყნებიდან იმპორტი არ იბეგრება საბაჟო გადასახადებით. თუ ჩვენი სოფლის მეურნეობა სრულად გამოავლენს თავის პოტენციალს, შეგვიძლია, იმდენი ვაწარმოოთ, რომ ჩვენი პროდუქციის ფასი კონკურენტუნარიანი აღმოჩნდეს იმპორტული ანალოგისთვის?
– ნებისმიერ საქონელზე ნორმალურ პირობებში ფასი განისაზღვრება მოთხოვნისა და მოწოდების მიხედვით. რაც შეეხება წარმოების მოცულობას, ანუ მიწოდებას, რომლის ზრდამაც უნდა დაწიოს ფასები ქართულ პროდუქციაზე: ბუნებრივია, საქართველო, რა დატვირთვითაც უნდა ამუშავდეს სოფლის მეურნეობა, ვერ აწარმოებს იმაზე უფრო მეტ, თუნდაც, პომიდორს, რამდენსაც აწარმოებს თურქეთი, იმიტომ რომ თურქეთი უფრო დიდი ზომისაა. თუმცა არსებობს არა ერთი ქვეყნის ბიზნესპრაქტიკა, როდესაც ორიენტირება ხდება შედარებით მცირე მოცულობის და ხარისხიან წარმოებაზე. საქართველო, თავისი პოტენციალიდან გამომდინარე, რაოდენობრივად კონკურენციას ვერ გაუწევს თურქეთსა თუ უკრაინას, ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს, მაგრამ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, დაიკაოს საკუთარი ნიშა ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ბაზარზე. და ასეთ პროდუქციაზე თანამედროვე მსოფლიოში ძალიან დიდი მოთხოვნაა, მათ შორის, რძის პროდუქტებზეც და ღვინოზეც.
– ეს გარეთ, ექსპორტზე, ქვეყნის შიგნით?
– მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ქართული ღირს შედარებით ძვირი, ვიდრე იმავე ტიპის იმპორტირებული თურქული პროდუქცია. არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სფეროში, ტურიზმის სექტორშიც სხვაობაა ფასებს შორის თურქეთსა და საქართველოს შორის: თურქეთში იაფია, ჩვენთან – ძვირი, რადგან ჩვენთან სამი თვეა სეზონი, თურქეთში – ათი. როდესაც ქართულ წარმოებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობ უშუალოდ გლეხურ წარმოებას, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობს, მაშინ, როდესაც თურქეთში სასათბურე მეურნეობებია და წლის განმავლობაში გაცილებით მეტს აწარმოებს, ამიტომ ის გვიწევს კონკურენციას და ეს აისახება ფასშიც. თუმცა, როგორც ძვირად ღირებულ ადგილობრივ პროდუქციას, ისე იაფ თურქულ პროდუქციას ჰყავს თავისი მომხმარებელი და ამ ორი სახეობის პროდუქტზე ფასებს თვითონ ბაზარი დაარეგულირებს. თუ უხეში ჩარევა არ მოხდება ბაზარზე, დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ქართული ძვირი ღირს. თუ ავიღებთ ორ იდენტურ საქონელს, ადგილობრივი უფრო იაფი იქნება, რადგან იმპორტულს ტრანსპორტირების ხარჯიც ემატება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ქართული პომიდორი და თურქული პომიდორი არ არის ერთი და იგივე პროდუქტი.
– ეს პომიდორია, ის კი პომიდორს ჰგავს ვიზუალურად.
– არ მინდა, გამომივიდეს, თითქოს თურქულ წარმოებას ვამცირებ, მაგრამ აქაური პროდუქტი უფრო ჯანსაღია და თურქებს აქედან მიაქვთ ბოსტნეული. საბოლოოდ, აქაური პომიდორი უფრო ხარისხიანია და გემოვნური თვისებებიც უკეთესი აქვს. მისი მოყვანა უფრო ძვირი ჯდება და ფასიც მეტია. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რომ თურქული პროდუქცია უფრო იაფია.
– ძვირი რატომ არის: მიწა არ მუშავდება, ტექნოლოგიები არ გვივარგა თუ?
– დამუშავებული მიწების პოტენციალის გამოყენებაც კი არ ხდება. ბევრი რამაა შესაცვლელი, თუნდაც, მორწყვის ტექნოლოგია. გასაგებია, რომ საუკუნოვანი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ყველა სფერო ვითარდება და, მათ შორის, სოფლის მეურნეობაც. ესეც ჩვეულებრივი ბიზნესია და არა თავის რჩენისა და შიმშილით სიკვდილისგან თავის დაღწევის საშუალება. როდესაც ეს დარგი იმუშავებს მოგებაზე, თვითონ გლეხს ექნება სტიმული, რომ რაღაც გააუმჯობესოს.
– იმის გარდა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება აუცილებელია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის….
– აქვე დავამატებ, რომ ჩვენს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ნახსენებიც კი არ არის სასურსათო უსაფრთხოება.
– ძალიან სამწუხაროა. დავასრულებ კითხვას: თუ არის შესაძლებელი, რომ სოფლის მეურნეობა იქცეს მომგებიან დარგად. რიგ ქვეყნებში, მათ შორის, განვითარებულებში ის დოტაციაზეა და, ალბათ, უღირთ, თორემ ჩვენზე ადრე მოიფიქრებდნენ იმპორტდამოკიდებულებას?
– მაგალითად, დოტაციაზეა იაპონიაში. რატომ უნდა იყოს ქვეყანა დიდწილად დამოკიდებული იმპორტზე, როდესაც თვითონ შეუძლია ამის წარმოება?! ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამართლებულია სოფლის მეურნეობისთვის ყურადღების მიქცევა. რაც შეეხება, დოტაციებს: ეს ხდება მაშინ, როდესაც წარმოების მოცულობაა ძალიან დიდი და იმის გამო, რომ ფასები არ დაეცეს, სახელმწიფოები თვითონ შეისყიდიან ხოლმე პროდუქციის გარკვეულ ნაწილს, როგორც ეს ჩვენთან ხდება ყურძენთან მიმართებაში. ეს სეზონურ ხასიათს ატარებს, თორემ თვითონ დარგის სუბსიდირება არ ხდება. ეს უბრალოდ არის თავის დაცვის მექანიზმი, რომ დარგი არ ჩავარდეს, ვინაიდან ფასების ვარდნა, ზოგადად, ეკონომიკისთვის სასარგებლო არ არის. ჩვენ ეკონომიკა უნდა განვავითაროთ წარმოების ხარჯზე, არადა 2000 წელს სურსათის იმპორტი 130 მილიონი დოლარი იყო, 2011 წელს კი სურსათის იმპორტი 986 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. როდესაც რეალური წარმოების დონე ეცემა და დამოკიდებული ვხდებით უცხოურ წარმოებაზე, ეს ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობისთვის საკმაოდ ნეგატიური ფაქტორია.