მხართეძოზე მწოლიარენი
ანუ, პრეზიდენტის კენჭები – გამოცდების „კანტორაში“
პოლიციის აკადემიის აწ უკვე ყოფილი რექტორის კარიერა უპრეცედენტო სისწრაფით პროგრესირდა (თვით ქართული პოსტრევოლუციური სინამდვილისთვისაც კი!): ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელს სკამი ხეირიანადაც არც კი გაეთბო, რომ განათლების მინისტრობა შეუთავსეს. შესაბამისად, ახლა უკვე ქ-ნი დეკანოიძე უნდა იქცეს ჩვენს გზამკვლევად საგანმანათლებლო ლაბირინთებში (ვითომ, ოდესმე აღიარებს დასავლეთი ქართულ დიპლომ-ატესტატებს?!).
მეორე მხრივ, მართალია, მომავალი წლიდან ერთიანი გამოცდები აღარ იარსებებს (ჩაჰბარდა წარსულს!), მაგრამ, ქვეყნის პირველმა პირმა მაინც შეგვახსენა, რომ ერთიანი გამოცდები მისი იდეაა (ვინც უნდა ახტეს, დახტეს, ან, თუნდაც, მალაყები აჰყაროსო!), გამოცდების ცენტრი „კანტორად“ მოიხსენია, ვითომ „სპექტრის“ მაყურებელია?! (ცნობილია, რომ „კანტორა“ დავით აქუბარდიას საყვარელი სიტყვაა), იქაური თანამშრომლები კი – „მხართეძოზე წამოწოლილ“ უსაქმურებად.
მეტიც, პრეზიდენტმა ისიც გვაუწყა, რომ „მხართეძოზე წამოწოლილებს“ მასზე მეტი ხელფასი ჰქონიათ (სხვათა შორის, თითქმის ერთ-ნახევარჯერ მეტი), თუმცა, სამართლიანობის გამო უნდა ითქვას, რომ არა მხოლოდ ზემოხსენებულ კონკრეტულ „კანტორას“, პრეზიდენტზე მაღალი ხელფასი სხვა უამრავ ჩინოვნიკსაც აქვს, მათ შორის, თვით პრეზიდენტის მრჩევლებსაც (ვერაფრით დაგვიდგენია, რა პრინციპით).
მაგრამ, როგორც უნდა იყოს, თუ, თუნდაც, ბ-ნი პრეზიდენტისა (წლიურად – 57 000 ლარი) და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის (წლიურად – 80 000 ლარი) ხელფასებს საქართველოში არსებულ წლიურ პენსიას (1 200 ლარი) შევადარებთ, ვითომ, მხოლოდ გამოცდების ეროვნული ცენტრი არის „კანტორა“?!