სუროგატები
„რომ საფარქვეშე მხოლოდ „ნატოსი“, ამოიყაროს ჯავრი რუსეთის“
რაკი ქართველი მინისტრები, განსაკუთრებით, ძალოვანნი, ქართულ მედიას არ სწყალობენ, საინფორმაციო შიმშილს იქ, ზემოთ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ, ძირითადად, უცხოური მედიით ვიკმაყოფილებთ.
შესაბამისად, EURASIA REVIEW-მა წვრილად მიმოიხილა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის აწ უკვე დიდი ხნის ყოფილი მდივნის, დონალდ რამსფელდის ვიზიტები. ბუნებრივია, არც ბოლო გამორჩენია (როდესაც ბაჩო ახალაიას შეხვდა, თუმცა, ახლა უკვე შაშკინთან მოუწევს).
როგორც აღმოჩნდა, ბ-ნ ახალაიას ბ-ნი რამსფელდისთვის გამოწვლილვით მიუწოდებია ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის ტრანსფორმაციისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების შესახებ, ბუნებრივია, აშშ-სა და „ნატოს“ მფარველობის ქვეშ და, არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ ჩვენ ორს შორის „ინტენსიურ ურთიერთთანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა პენტაგონში, სწორედ რამსფელდის მოღვაწეობისას და შეერთებულ შტატებში ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში (განა ტყუილად ვაქციეთ მელაანისა ბუშისად?!), – თავის მხრივ, როგორც გამოცემა იუწყება, ბ-ნ რამსფელდს სულ ახლახან ამ ჩვენს ოკუპირებულ სამშობლოში პენტაგონ-„ნატოს“ სუროგატული არმიის შექმნის პროცესის დაწყების უფლება მისცემია. ამის პარალელურად, ქრისტან-დემოკრატი ბ-ნი ლალიაშვილი აცხადებს, რომ სუროგატი არმია ბუნებაში არ არსებობს.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ არც ისეთი არმია არსებობს ბუნებაში, რომელსაც სხვა ქვეყნის (თუნდაც, კოალიციის) სამხედრო მიზნებისთვის წვრთნიდნენ და დავამატებთ, რომ საქართველოში ამერიკული „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“ სწორედ ამას ემსახურებოდა, ვითომ სუროგატობას რატომ ვერ შევძლებთ?!
შესაძლოა, ჩვენ კი შევძლოთ, მაგრამ, სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძეც ამტკიცებს, რომ ასეთი ტერმინი არ არსებობს, ოღონდ ვარაუდობს, რომ აშშ-ელები თავის თავზე აიღებენ ქართული ქვედანაყოფების შექმნას, რომლებსაც არა მხოლოდ შექმნიან, თვითონვე მართავენ, თუმცა, შემდეგ ეტაპობრივად გადმოგვცემენ.
ანუ, თუ ლაზათიანად მოვიქცევით, აუზში წყალსაც ჩაგვისხამენ?!