როგორ გამოხატავს სიძლიერეს სროლაში ნანა მესხი და რატომ ეშინიათ მისი მამაკაცებს
მსიამოვნებს ასეთ ქალებთან ურთიერთობა – ლამაზი, გონიერი, თავდაჯერებული, პროფესიონალი, რომანტიკული, ძლიერი და მეოცნებე... ალბათ, მხოლოდ ქალს შეუძლია გააერთიანოს საკუთარ თავში ყველა ეს თვისება, ჰქონდეს უზომოდ ბევრი ტექნიკური საქმე და, თან, ულამაზესი სიმღერების დასაწერად ხშირად აკითხავდნენ მუზები. ნანა მესხის სიმღერები ბევრმა ზეპირად იცით, თუმცა, მათ, ავტორს შესაძლოა, სახეზე არც კი იცნობდეთ, რაც პოპულარობის მოყვარულ ქართველებში ცოტა უცნაურიც კია.
ნანა მესხი: 3 წლიდან ვმღერი, 8 წლიდან კი უკვე სიმღერებსა და ლექსებს ვწერდი. სულ სცენაზე ვიყავი, სულ. დაახლოებით ოთხწლინახევრის ვიყავი, როდესაც პირველი ქართული საბავშვო მუსიკალური ფილმი – „მოვდივართ და მოვიმღერით” გადაიღეს და იმ ფილმში მივიღე მონაწილეობა. სხვათა შორის, ამ ფილმიდან კადრები შევიდა დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ჩემზე „პირველმა არხმა”, კონკრეტულად კი დოკუმენტალისტმა რამაზ ბლუაშვილმა გადაიღო. ის დიდხანს ცხოვრობდა ამერიკაში და, თურმე, იქ სულ უსმენდა ჩემს სიმღერებს. როდესაც გამიცნო ძალიან გაბრაზდა თუ რატომ არ გიცნობს ხალხიო და გააკეთა ეს უთბილესი ფილმი. სცენაზე საკმაოდ დიდხანს გამოვდიოდი. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოვაყალიბე კვარტეტი, რომელიც საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობდა, მაგრამ, ამის შემდეგ სცენაზე გასვლის სურვილი და აზარტი თითქოს გამიქრა. ყოველთვის მქონდა იმის შანსი, რომ ვმდგარიყავი სცენაზე, შემესრულებინა ჩემი სიმღერები, მაგრამ, არ მქონდა ამის სურვილი. მართალია, ჩემი მეგობრები, – „ქართული ხმები”, თეატრალური და სხვა კვარტეტები, რომლებიც დღეს ცნობილები არიან, სულ მეხვეწებიან – გამოჩნდი, შენსავით შენს სიმღერებს ვერავინ ასრულებსო, მაგრამ, ამ თხოვნას მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში თუ ვასრულებ ხოლმე. მაქსიმუმ, საავტორო, შემოქმედებით საღამოზე ვიმღერო. ტრიო „თბილისიც” კი იმ პერიოდში, როცა მართლა ქუხდა მათი სახელი, ამბობდა, რომ ლომის წილი მათ პოპულარობაში მე შევიტანე, მაგრამ ვერ მოახერხეს სცენაზე ჩემი აყვანა. „დავდივარ და დაგეძებ, ჩემო ფერია” იყო პირველი სიმღერა, რომელიც ტრიო „თბილისმა” მთხოვა. მაშინ სულ პატარა ვიყავი, ჯერ კიდევ კვარტეტში ვმღეროდი და ეს ჩემთვის უდიდესი პატივი იყო.
– ტექნიკური უნივერსიტეტის კვარტეტი ძალიან პოპულარული იყო?
– საკმაოდ. კვარტეტისთვის სიმღერებს, ტექსტებს ვწერდი, ვუკრავდი გიტარაზე, ვმღეროდი – მოკლედ, ყველაფერს ვაკეთებდი. ამის გამო ამ კვარტეტს „ნანა და სამი შარვალი” შეარქვეს. სხვათა შორის, მოგვიანებით სიმღერის „დავდივარ და დაგეძებ” – ახალი, თერთმეტკაციანი ვერსია გავაკეთეთ, სადაც მღეროდნენ: ტრიო „თბილისი” ნუგზარის გარეშე, „ქართული ხმების” კვარტეტი და თეატრალურის კვარტეტი.
– ვიცი, რომ ელექტრონულ გიტარაზე პროფესიონალურად უკრავთ – ესეც საკმაოდ უცნაურია ქალისთვის.
– „მზიურის” ერთ-ერთი თაობა ვარ და როდესაც ინსტრუმენტებზე გადაგვანაწილეს, „ყურის” მიხედვით მარგუნეს ელექტროგიტარა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ელექტრონული გიტარის პროფესიონალი შემსრულებელი ვარ. მაგრამ, მაინც ისე მოხდა, რომ მუსიკა ჩემი ცხოვრების ძირითად საქმიანობად არ იქცა. სწავლის დამთავრების შემდეგ კათედრაზე დამტოვეს და ძალიან დიდხანს ვკითხულობდი ლექციებს საკმაოდ რთულ დისციპლინაში, მერე კი უკვე კერძო სფეროში წავედი – დაზღვევა, საბანკო საქმე და დღეს უკვე მაქვს საკუთარი სარეკლამო კომპანია. ასე მგონია, მაინც ტექნიკური ტვინი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჰუმანიტარული ჩემთან ძალიან ახლოსაა.
– ეს სფეროები ხომ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
– ჩემს შემთხვევაში არა. გარდა ამისა საკმაოდ სერიოზული მძღოლი ვარ, როგორი იცი?! ბევრი კაცი რომ ვერ შემედრება და ამაზე ცალკე ლეგენდები დადის (იცინის). გაპრანჭული, წითელი პომადით და ქუსლიანი ფეხსაცმლით სულ სხვა ამპლუაში შეიძლება მნახოთ. კიდევ, საკმაოდ კარგად ვისვრი, – ეს ჩემი დიდი გატაცებაა.
– ასეთი ქალების კი მამაკაცებს ძალიან ეშინიათ – ლამაზი, ჭკვიანი, საქმიანი და თან რომანტიკული...
– თან, სულელიც არ ვარ (იცინის). საშინელებაა... ეს არის სასჯელი. თუმცა, მგონი, ეს მათთვის უფრო არის სასჯელი. არ მომწონს სულელი ქალები. შეიძლება, რაღაც სიტუაციაში თავი გაისულელო, მაგრამ, ჩემი აზრით, ესეც ჭკუაა.
– და მაინც უარი თქვით სცენაზე...
– დიახ. ყველას, ვინც კი ქალაქურ სიმღერებს გემოვნებით მღერის (ჩემი გადმოსახედიდან გემოვნებით), იგივე ლაშა ღლონტს და მათ, ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, ძალიან მოსწონთ ჩემი სიმღერები და ეს ჩემთვის მთავარია. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ვინმესთვის სიმღერა დამეწეროს და შემსრულებლისთვის მას პოპულარობა, სიყვარული არ მოეტანოს. უკვე ოთხასზე მეტი სიმღერის ავტორი ვარ. როგორც ჩანს, ჩემი შინაგანი მდგომარეობისთვის ეს სავსებით საკმარისია.
– რა გაწერინებთ სიმღერებს, მით უმეტეს, თუ დღის დიდ ნაწილს საქმეებში, კომპიუტერთან ატარებთ?
– ამას ძალიან ხშირად მეკითხებიან. გია ჯაჯანიძე მეკითხებოდა ამას წინათ – სულ თვალები გიბრწყინავს, ბედნიერი და გახარებული ხარ, გამაგებინე, ახლა ვისზე ხარ შეყვარებულიო. მეც უდიპლომო ფსიქოლოგი ვარ და, ვერ წამომაცდენინებ, რაც არ მინდა. ამიტომ, ვუპასუხე, სიყვარულზე ვარ შეყვარებული-მეთქი. ეს ის არის, რაც მაწერინებს. თან, ვერ ვიტყვი, რომ ემოცია აუცილებლად დადებითი უნდა იყოს. ყველანაირ ემოციაზე დამიწერია სიმღერა, მთავარია, იმ წუთში განწყობა მქონდეს. ოფისი და კომპიუტერი ამ განწყობას სულაც არ უშლის ხელს. გავიღვიძე დილით, კარგი ამინდია, მოვიდა მელოდია და... შეიძლება უცებ შევბრუნდე სახლში, თხუთმეტ წუთში დავწერო სიმღერა და მერე მივხედო ჩემს საქმეებს. რაც შეეხება ტექსტებს, ხშირად თავად ვწერ, ასევე, მიწერს ხოლმე ჩემი სამი უახლოესი მეგობარი, გია გალოგრე, („ფარვანას” ავტორი), მამუკა შალამბერიძე (ბევრ სიმღერასთან ერთად „აღმა-დაღმას” ავტორი) და უსაყვარლესი ნანა ცინცაძე.
– დისკისთვის მაინც არ აპირებთ თქვენი ხმით ჩაწერას?
– აუცილებლად. „სანო სტუდიის” პატრონაჟით, მათი ფინანსებით კეთდება უკვე მეორე დისკი, სადაც თორმეტი სიმღერა ჩაიწერება ჩემი ხმით. ეს სანოს ინიციატივა იყო და სიამოვნებით დავეთანხმე.
– დასაწყისში მითხარით, რომ სიმღერის სიყვარული სულაც არ არის მადლიერი სიყვარული და მასაც შეუძლია, გულის ტკენა მოგიტანოთ.
– არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს გულნატკენი ვარ, ეს ჩემი დამოკიდებულებაა. ყველამ იცის ჩემი ხასიათი – საშინელი, აუტანლად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, მაქსიმალისტი ვარ. ამ ემოციებით კი შოუ-ბიზნესის ჩვენს მასშტაბებში ყოფნა დიდ ნერვებთან არის დაკავშირებული. თან, არ შემიძლია ჩემი ინტერესებისთვის ვინმეს შეწუხება. შენთვის ყველგან მივალ, ყველაფერს ვითხოვ და გავაკეთებ კიდეც, მაგრამ, ჩემთვის – ვერა. ამიტომ ხშირად კომპრომისზე წასვლაც მიწევს.
– ალბათ, გარკვეული წინააღმდეგობებიც გექნებოდათ – ბევრ ქალ მომღერალს არ მოეწონებოდა თქვენთან კონკურენცია.
– სამი წერტილი დაწერეთ (იცინის). ფარულად, ალბათ, იყო რაღაცეები, ჩუმ-ჩუმად ხელის შეშლები, მაგრამ, ალბათ, სურვილი არ იყო იმდენად დიდი, რომ ბრძოლებად ღირებულიყო – ყოველთვის მებრძოლი ვიყავი და ეს არ გამიჭირდებოდა. არასდროს მომსვლია აზრად, რომ სიმღერის გამო ვინმესთან მეჩხუბა. სხვა განვითარების რომ ყოფილიყო ეს სფერო, ერთი ჩემი სიმღერით, როგორიცაა, ვთქვათ, „დავდივარ და დაგეძებ”, რომელიც, ოცი წელია, სცენიდან არ ჩამოსულა, ჟღერდება ყველგან, რადიოებში, რესტორნებში, ტრანსპორტში და ყველა მღერის, მხოლოდ ამით შევძლებდი ცხოვრებას, მაგრამ ამ დროს ცხოვრებაში თუ არ ვცდები, სამი სიმღერა მაქვს გაყიდული, დანარჩენი გავაჩუქე. მომწონს წერა, ეს პროცესი და სიამოვნებით არ გავაკეთებდი სხვას არაფერს. დილით დღის განრიგს რომ ვწერ, მინიმუმ ოცდაათი რაღაც მაქვს გასაკეთებელი. ეს რომ არა, ალბათ, ერთი-ორი კვირა სტუდიაში ჩავიკეტებოდი და ბევრ კარგ რაღაცას დავწერდი. უამრავი რესურსი მაქვს, რომელსაც ვერ ვხარჯავ. ამ მოუცლელობის ფონზეც კი, შემიძლია, ტირში წავიდე და ვისროლო, რაც, ასე თუ ისე, მეტყველებს ჩემს ხასიათზე. უცებ მომინდება, რომ ბათუმში ჩავიდე და ოთხ საათში იქ ვარ. ბევრი რაღაციდან ვიღებ ადრენალინს, ბევრი ინტერესი მაქვს და, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ მუსიკასთან ურთიერთობა მანიჭებს სიამოვნებას. მირჩევნია, რაც გამომდის, რაც ვიცი და რისი კეთებაც მომწონს, ის ვაკეთო და რაღაც ორთაბრძოლებში არ შევიდე ისეთი რამის გამო, რაც ისე ძალიანაც არ მინდა. ჩემი ახლანდელი, მეტ-ნაკლები გააქტიურება მთლიანად დათო არჩვაძის „ბრალია” (იცინის). დათოს ძალიან უყვარს ჩემი სიმღერები, ბევრსაც მღერის და მისი „მიწოლით”, თხოვნითა და ძალდატანებით ბევრი რამ გავაკეთე. შეგიძლიათ, პირდაპირ დაწეროთ, რომ დათო არჩვაძე ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია. ეს რომ სამსახური იყოს, მერწმუნეთ, ჩემზე დიდი მებრძოლი არ იქნებოდა, ბევრ კაცზე მებრძოლი ვარ საქმეში, მაგრამ, ეს ჩემთვის სიყვარულია და, როგორ შეიძლება ამისთვის ბრძოლა?!
– პირადი ცხოვრებისთვის თუ რჩება დრო?
– პირადისთვის დრო ყოველთვის მრჩება. ოფიციალურად გათხოვილი არ ვყოფილვარ.
– რატომ?
– თითქოს კარგად მომზადებული გოგო ვარ, ყველა კითხვაზე პასუხი მაქვს, მაგრამ, ეს ის სფეროა, რაც არ ვიცი. ეს მაინც, ალბათ, ჩემი გადაწყვეტილება იყო. თუ მიზნად გაქვს გათხოვება, ერთ საათში გათხოვდები, მაგრამ ჩემი მიზანი იყო და არის, გვერდით ისეთი ადამიანი მყავდეს, ვინც ჩემზე ძლიერი, ჩემზე მიზანდასახულია, რომელსაც შევძლებდი, თუნდაც ოდნავ მაინც დავყრდნობოდი და გავყოლოდი... ასეთს კი ჯერ არ შევხვედრივარ (იცინის). ხანდახან ვამბობ, როგორ არ გაუმართლათ, ქალებს, კაცად რომ არ დავიბადე, ზუსტად ვიცი როგორ მოვხიბლო და როგორ გავხადო ბედნიერი და ეს, ალბათ, ჩემს სიმღერებშიც ჩანს, რომლებსაც ძირითადად კაცები ასრულებენ.