ვის უქცია ჯოჯოხეთად ცხოვრება გია ჯაჯანიძემ და რა ვეღარ იგრძნო მან ცოლებთან
თბილისში ცნობილი ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე სამჯერ იყო ქორწინებაში. ყველა მეუღლეს უცნაურად დაშორდა, თუმცა ურთიერთობა არავისთან გაუწყვეტია. თავის დასრულებულ ცოლქმრულ ურთიერთობებზე გიამ ყველაზე გულახდილად გვიამბო.
– გია, პატარა ასაკში დაქორწინებამ თუ შეგიქმნა ცხოვრებაში პრობლემები? ბევრს მიაჩნია, რომ ადრეულ ასაკში ქორწინებას არაფერი კარგი არ მოაქვს, რადგან ამ დროს ყველაფერს გაუაზრებლად აკეთებ.
– 17 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი. სკოლა ახალი დამთავრებული გვქონდა და ერთად ვაბარებდით თეატრალურ ინსტიტუტში. ეს იყო მიზეზი, როგორც ხდება ხოლმე. ვითომ ერთმანეთს გავუგეთ, მასაც უყვარდა თეატრი, კინო და ვიპოვეთ ერთმანეთი. საერთოდ, რაც დრო გადის, ხვდები, რომ ადამიანი თუ შინაგანად ვერ გიგებს, მასთან ცხოვრება არ გამოდის. ამ საუბრებში და ურთიერთობაში, სადღაც ორ კვირაში ჩემი ცოლი გახდა. ახლა რომ ვყვები, მეცინება. ეს ის ასაკია, როცა არავის რჩევას ყურს არ უგდებ, საერთოდ არ იხედები წინ – რას რა მოჰყვება და მიექანები. გგონია, შენ ხარ და მთელი სამყარო. წელიწად-ნახევარი ვიყავით ბედნიერები და მერე მივხვდით, რომ ეს ყველაფერი იყო მოჩვენებითი.
– რა მოხდა?
– მოხდა ისე, რომ დაფეხმძიმდა, ხელი შეეშალა. ექვსი თვის ფეხმძიმე იყო, ჯარში რომ გამიწვიეს. სომხეთში ვმსახურობდი, ჩამოვდიოდი, მივდიოდი. მერე იმშობიარა. ბავშვის დაბადებამ, ფაქტობრივად, მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. საერთოდ, ძალიან მიზანდასახული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მიზანი სულაც არ იყო ადრეულ ასაკში დაქორწინება. ჩემი მიზანი იყო, მესწავლა. ისიც მიხვდა, რომ რაღაც დამთავრდა და – მეც. მართლა ხდება ასეთი რამ – ერთ მშვენიერ დღეს იღვიძებ და აღარ გაქვს გრძნობა, ანუ ეს ადამიანი აღარ გაღელვებს, არც მისი საუბარი, არც მისი სხეული... ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში და არაერთხელ. ჩვენი ოჯახები როცა მიხვდნენ, რომ ჩვენ ნელ-ნელა ვითიშებოდით, პირიქით, ცდილობდნენ, ხელი შეეწყოთ, რომ ოჯახი არ დანგრეულიყო. ახალგაზრდებმა არ იციან, რომ ყველაფერი გამოცდილებაა, მიუხედავად იმისა, რომ დამჯერიც ვიყავი, ძალიან წყნარიც და სამაგალითოც. ვერასდროს დავუშვებდი, თუ ოდესმე ასე მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში.
– თქვენი ურთიერთობა ვერც შვილის დაბადებამ დაარეგულირა?
– როცა ბავშვი გაჩნდა, მივხვდი, რომ არ ვარ ოჯახის კაცი. იმდენად პატარა ვიყავი, რომ ვერ აღვიქვი. შემეძლო, ჩემს შვილთან ერთად მეთამაშა. მე კი არ ვეთამაშებოდი ბავშვს, სათამაშოებს ვართმევდი და ვთამაშობდი. შემეძლო, ისევ ისე მეცხოვრა, ყოველდღე წავსულიყავი თეატრში, კინოში, მეგობრებთან, მაგრამ ოჯახის სავალდებულო საქმეებს ვერ ვიგებდი. ჩემი სიდედრი ხუმრობდა – ჩემი სიძე არაფერს აფუჭებს, იმიტომ რომ არაფერი იცისო. სიდედრთან ექვსი თვე ვცხოვრობდით, მერე ცალკე გადავედით, მაგრამ იქაც ვერ გავჩერდით და რაიონში დავბრუნდით. შეიძლება, მთელი ცხოვრება იყო ადამიანთან მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხმა არ ილაპარაკოს. გამოდის, რომ განწირული ხარ. უნდა იყო უბედური, ოღონდ კი ხალხმა არაფერი თქვას. ვერ შევძელი ქმრის უღელის მორგება, არ მომერგო და სურვილიც არ მქონდა.
– სად წავიდა სიყვარული?
– სიყვარული ვიცი დედ-მამის, მეგობრების, და-ძმის, მაგრამ რასაც ჰქვია ქალისა და მამაკაცის სიყვარული, არ არსებობს, ამის არ მჯერა. ბევრ ქალს უთქვამს – მიყვარს, ვგიჟდები, მაგრამ რა ვქნა, ვუღალატე, იმიტომ რომ მაინტერესებდა. მე ვფიქრობ, რომ მაინც ყველაფერი არის ფიზიკური ლტოლვა და ეს ერევათ ერთმანეთში. მათში არის მხოლოდ ვნება, სხეულის ლტოლვა, სექსი, უბრალოდ, ლამაზი ურთიერთობა. ჩემს შემთხვევაშიც სწორედ ეს იყო. ფიზიკურად ძალიან კარგი იყო, ეშხიანი, კარგად უკრავდა, მღეროდა და ამან გამიტაცა. ლექსებს და მოთხრობებს სიყვარულზე მაშინ ვწერ, როცა არ ვარ შეყვარებული. არ მქონია ერთი დღე, რომ არ მიყვარდეს. მოდი, ამას მაინც სიყვარული დავარქვათ, რადგან სხვა სინონიმს ვერ მოუძებნი. მაგრამ ვიცი, რომ ეს არის სურვილი, ინტერესი – ქალისა და კაცის ურთიერთობა ლოგინით იწყება და ლოგინით მთავრდება. ძალიან ჰგავს ელექტროენერგიას. ზოგჯერ ნელა ქრება, ზოგჯერ უცებ.
– მეორედ როგორ დაოჯახდი?
– მომავალი მეუღლე ჩემს პირველ ქორწილში იყო. ვმეგობრობდით. პირველს რომ დავცილდი, ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა, ვსაუბრობდით. ნელ-ნელა შემოვიდა პატარა იმპულსები, ზუგდიდში ვიყავით გასტროლებზე. სპექტაკლი გვქონდა წაღებული. სასტუმროდან გამოვდიოდით და მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაცამ მიმიზიდა, ზღვის ტალღა რომ აგორდება ისე. დავქორწინდით. შეგვეძინა ისევ ქალიშვილი. ვიყავით ერთი წელი. ყველაზე კარგი აქედან ის იყო, რომ ყოველგვარი წივილ-კივილისა და შანტაჟების გარეშე დავშორდით. როცა ქალი და კაცი ერთმანეთს სცილდება, ურთიერთობა უნდა გაირჩეს ერთმანეთში. დღემდე მაქვს ურთიერთობა ერთთან, მეორესთან და მესამესთანაც. ეს ჩემი დამსახურებაა. სულ ვუფრთხილდები, ოღონდ არავის არ ეტკინოს. ჯობს, ისევ მე მეწყინოს. ქალს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა. შეიძლება, ისე მოხდეს, რომ ქალმა მიგატოვოს, მერე რა მოხდა?..
– ცოლებს ისე შორდებოდი, რომ საერთოდ არ გრჩებოდა გულში სინანულის გრძნობა?
– პირველთან დაცილება ცოტა მძიმე იყო, იქიდან გამომდინარე, რომ პატარა ვიყავი და პირველად ვიყავი ქორწინებაში. რაღაც მარაზმი იყო, ხალხმა არაფერი თქვას და მეც დავიბენი. რატომ უნდა ვიყო ვიღაცის გამო უბედური. თან, არ ვიცი, ვის რა უნდა ეთქვა. შედარებით დიდი ვიყავი, მეორეს რომ დავშორდი. შენ არ იცი, რა ტრაგედია აქვთ ქალებს, როცა კაცები მათგან მიდიან. ყველაფერზე წამსვლელები არიან. შანტაჟი, წამოძახებები, მთელი უბედურება. ამის გამო თავმოყვარეობას ილახავენ. აღარ მინდა, ბატონო, შეიძლება? ყველა ვარიანტში ის ქალი რჩება დაზარალებული. მიტოვებულიც არის, გამწარებულიც, თავმოჭრილიც და აშარიც. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ხავერდოვნად მოხდა, გადავრჩი. არც ერთი არ აღმოჩნდა კაპასი.
– როცა შეხედე, რომ ქმრის როლში ყოფნა არ გამოგდის, მესამედ რაღაზე დაქორწინდი?
– გავიდა რაღაც პერიოდი და შევხვდი მესამე, მომავალ ცოლს. ჩვენ ერთად ვმუშაობდით კინოსტუდიაში, ფილმს იღებდა. დღესაც შემიძლია ვთქვა, რომ უჭკვიანესი ადამიანია, ძალიან განათლებული. როგორც პირველს და მეორეს, არც მას არასოდეს მივატოვებ. ჩემზე ექვსი წლით უფროსი იყო. ჯერ ერთი, ასაკი არ მიგრძვნია და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ღამეებს ვათენებდით საუბარში. ჰარმონიული ცოლქმრობა გვქონდა. სცენარი დაამთავრა, წარმოებაში ჩაუშვა. სცენარს წერდა თავისი მეგობრისთვის, რომელიც მსახიობი იყო. ერთ-ერთ ეპიზოდში ეს გმირი მეგობართან მიდის, თავს იხრჩობს. იმ გოგომ, მართლა მოიკლა თავი, ოღონდ ისე, რომ სცენარი წაკითხული არ ჰქონდა. ზუსტად ისე მოხდა, როგორც სცენარში – ამხანაგთან წავიდა, იქ ჩამოიხრჩო თავი. შოკში კინაღამ ჩავარდა ჩემი ცოლი. ორი თვე იწვა. აუცილებელი გახდა, ვიღაც მოგვეძებნა. მე შევთავაზე ჩემი მეორე ცოლი. მართლაც დაუძახა ფოტოგრაფს, გააკეთა სინჯები და გადაიღო. ძალიან კარგი სანახავი იყო გადასაღებ მოედანზე ორი ცოლი. ვიქებ თავს, მაგრამ მერე რა, ყველა ვიქებთ თავს. ბევრი განაპირობა ჩემმა ხასიათმა, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს იცნობენ, კითხულობენ. მასთან ათი წელი ვიყავი.
– ამ შემთხვევაში რაღა მოხდა?
– თავი ვერ ვიგრძენი ოჯახში შემომტანად, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ვმუშაობ. თუმცა, არასოდეს დამავიწყდება, ავიღე ხელფასი, მანაც აიღო, ცოტა გადავდეთ საჭმლისთვის და დარჩენილი ფულით ვიყიდეთ მაცივარი. თეფშებისა და ჩანგლების საყიდლად ერთად დავდიოდით. ვიგრძენი, რომ მისგან უპირატესობა მქონდა. პირველ და მეორე შემთხვევაში მშობლები მითითებებს გვაძლევდნენ, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება. ერთ მშვენიერ დღესაც ავდექით და გარდერობი შუა ოთახში დავდეთ, იმიტომ რომ ასე მოგვწონდა.
– არ შეიძლებოდა ურთიერთობის შენარჩუნება?
– რელიგიაში გადავარდა. მიატოვა ყველაფერი, დაიხურა თავსაფარი და გახდა სერიოზული მორწმუნე. მონასტერში არ ცხოვრობს, მაგრამ ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა. ძალიან უცნაური რაღაც მოხდა. დავიწყეთ რელიგიური წიგნების ყიდვა, რადგან ამის მოთხოვნილება ჰქონდა. ერთ მშვენიერ დღეს, აივანზე ვზივარ და ვფიქრობ, მოდი, ვეტყვი, რომ თუ არ უნდა, ჯობია დავშორდეთ. ჩემთვის ცოტა რთული იყო ასე ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ პირველად მე წავიყვანე ტაძარში. მეც მორწმუნე ვარ, მაგრამ მასში ეს გრძნობა მოჭარბებულად გაჩნდა. ამის ფიქრებში ვარ, მოიტანა სკამი, გვერდით დამიჯდა და მითხრა: არ ვიცი, ამას რა სახე მიეცემა, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუ დავცილდებოდითო. გაოცებული დავრჩი, ჩემს ტექსტებს უპასუხა. სხვათა შორის, გამეხარდა, რომ ეს ჩემი სათქმელი არ გახდა. აღარ ვიყავით ცოლ-ქმარი, მაგრამ ხუთი წელი ვცხოვრობდით ერთად დაშორების შემდეგ.
– აღარ აპირებ ოჯახის შექმნას, სულ მარტო ხომ არ იქნები?
– ხანდახან მინდა, რომ ისევ მყავდეს ცოლი, ხანდახან – არა. ალბათ, ასაკის გამო. მერე მქონდა რამდენიმე გახმაურებული რომანი. იქაც ასევე დამთავრდა ყველაფერი. ამ ეტაპზე არაფერი მინდა. არ მიყვარს ეს ქმრის უღელი, ტვირთით უნდა მოხვიდე სახლში, იმიტომ რომ, ცოლი გყავს. არ შემიძლია, იმიტომ რომ სადღაც მშვენიერებას დავინახავ და ის მინდა. რა ვქნა? ცდუნებას ვერ ვუძლებ. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ცოლებმა მაპატიეს ეს დანგრეული ურთიერთობა და ხალხს არ უნდა, რომ მაპატიოს და ეს არის მსჯელობის საგანი. ქალს არ უნდა მოაკლო ყურადღება, უნდა აგრძნობინო, რომ ქალია.
– ეს ვერ შეძელი? მგონი, ასაკი ტყუილად არ ახსენე.
– ჯვარი მწერია, ჯერ არ მაქვს მაგის პრობლემა, მაგრამ მოდის ასაკი, როცა ქმარს აღარ აქვს ცოლთან ურთიერთობა, მაგრამ ერთად წვანან. ასე მეც ვიცხოვრე ხუთი წელი. ჩემი წიგნიდან ერთ რეალურ ისტორიას მოგიყვები: ცოლ-ქმარს ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდა, ქალს დედამთილი და ოთხი მული ჰყავდა. ბავშვი არ გაუჩნდათ და ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს. გავიდა რაღაც პერიოდი. დედამთილი გარდაიცვალა. გათხოვებიდან ოცი წლის შემდეგ კი, ქმარი მოუკვდა. ეს ქალი ლოგინად ჩავარდა. ძალიან ცუდად არის. დაუძახა თავის მულებს და ეუბნება. მე ვკვდები და ერთი რამ მინდა გითხრათ, მთელი ცხოვრება ხომ გამამწარეთ – იმ დღიდან, რა დღიდანაც თქვენს ოჯახში ფეხი შემოვდგი, საიდუმლოს ვინახავ. თქვენს ძმას არ ჰქონდა კაცობა და მე ეს ნამუსი ბოლომდე შევუნახე. მხოლოდ ამიტომ არ მყავდა შვილი და უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ მთელი ცხოვრება უსამართლოდ მექცეოდითო.
წესიერებაზე და პატიოსნებაზე ძვირფასი არაფერია, თუმცა ეს ხშირად დაუფასებელი და შეუმჩნეველია.