კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა „ვოგის,” „ელლეს,” „მადამ ფიგაროსა” და სხვა პოპულარული ჟურნალების გარეკანზე 17 წლის ქართველი მოდელი, ელენე მახარაშვილი

სამოდელო სააგენტო Look Models-ის მოდელი, ელენე მახარაშვილი ახლახან ტოკიოდან დაბრუნდა, სადაც 3 თვის განმავლობაში არაერთ ქასთინგსა და ფოტო თუ ვიდეოგადაღებაში მიიღო მონაწილეობა. ამ პერიოდში, 17 წლის ელენე, საკმაოდ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მოდელი გახდა. როგორი შთაბეჭდილებით დაბრუნდა სამშობლოში და რა გეგმები აქვს ჩვენს რესპონდენტს, ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.

– მას შემდეგ, რაც ინტერვიუ ჩავწერეთ, შენს კარიერაში ბევრი რამ შეიცვალა. პარიზის შემდეგ, ტოკიოში გაემგზავრე 3 თვით და ახლახან თბილისში დაბრუნდი.
– ტოკიოში რომ ჩავედი, არც ვფიქრობდი, რომ იქ წარმატებული მოდელი გავხდებოდი. მეგონა, როგორც სხვები მუშაობდნენ, მეც ისევე ვიმუშავებდი, მაგრამ სულ სხვა სიტუაცია დამხვდა. ძალიან კარგად მიმიღეს, დავმეგობრდით კიდეც და ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით. საერთოდ არ გამჭირვებია იქ ყოფნა, რადგან ყველა გვერდში მედგა. ჩემთვის პარიზში უფრო რთული იყო ცხოვრება. ჩემი აზრით, ვისაც უნდა წარმატებული მოდელი გახდეს, ტოკიოში უნდა წავიდეს და ნახოს, რა არის ნამდვილი მოდელობა. ყველას ჰგონია, რომ მოდელობა მხოლოდ პოდიუმზე სიარულია, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის.
– როგორც გავიგე, დღის განმავლობაში ბევრ ქასთინგზე გიწევდა მისვლა.
– კი, ტოკიოში ყოფნისას ყოველდღე 16-მდე ქასთინგი მქონდა. ძალიან დატვირთული გრაფიკით მიწევდა ცხოვრება, რის გამოც, სულ რაღაც, 3-4 საათი მეძინა. ისე ვიღლებოდი, არაფრის თავი არ მქონდა, მარტო გადაღებებსა და ქასთინგებზე დავდიოდი. გადაღებები დილის 5 საათზე მეწყებოდა და ღამემდე გრძელდებოდა, მერე კიდევ ქასთინგზე მივდიოდი. ამიტომ სახლში ღამის პირველ საათზე მიწევდა დაბრუნება. დილით ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი და ასე შემდეგ. მიუხედავად ყველაფრისა, იმდენად კომფორტულად ვგრძნობდი თავს, რომ საქართველოს გარეთ ყოფნას ძალიანაც არ განვიცდიდი.
– შრომის შესაბამისად, ანაზღაურებაც სარფიანი გექნებოდა.
– კი, შრომას ნამდვილად მიფასებდნენ და მაღალი ანაზღაურებაც მქონდა.
– შეიძლება ითქვას, მაღალანაზღაურებად მოდელად ითვლებოდი?
– კი, ასეა. თუ კარგი მოდელი ხარ, აუცილებლად დაგაფასებენ.
– თანხით, რომელიც 3 თვის განმავლობაში გადაგიხადეს, რის გაკეთებას გეგმავ?
– ჯერ არ მომიფიქრებია, ალბათ, სწავლაში დავხარჯავ.
– არაერთი ცნობილი ჟურნალის ყდაზე დაიბეჭდა შენი ფოტო, რაც, ალბათ, ძალიან სასიამოვნოა შენთვის.
– პირველად „მადამ ფიგაროს” ჟურნალში დაიბეჭდა ჩემი ფოტო, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვიყავი. ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ბევრი მოდელი იღებდა ქასთინგში მონაწილეობას. ვერც ვიფიქრებდი, მათგან მე თუ შემარჩევდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, ასე მოხდა. ამის შემდეგ კი, მიყვა და მიყვა სხვადასხვა ჟურნალი. მათ შორის იყო, „ვოგი,” „ელლე,” „ფულ” და ასე შემდეგ.
– მხოლოდ ფოტოგადაღებებით შემოიფარგლებოდა შენზე მოთხოვნა, თუ ვიდეოგადაღებებშიც იღებდი მონაწილეობას?
– ვიდეოგადაღებებიც მქონდა, მარტო ჟურნალები არ ყოფილა.
– როგორ ფიქრობ, რით მიიქციე იაპონელების ყურადღება?
– მათ, ალბათ, ჩემში ბავშვურობა მოსწონდათ. უფროსი ასაკის მოდელებს გაცილებით ნაკლებ სამუშაოს აძლევდნენ. უპირატესობას მაინც ქერა, ღია ფერის თვალებიან მოდელებს ანიჭებდნენ. არც არაფერი შეუცვლიათ გარეგნულად ჩემში, ანუ სრულიად ვაკმაყოფილებდი მათ მოთხოვნებს.
– გიცნობენ როგორც ელენე მახარაშვილს, თუ ფსევდონიმი გაქვს?
– ელენსიოს სახელით მიცნობენ, რადგან ასე უფრო მარტივი იყო ჩემი სახელის წარმოთქმა. ევროპაშიც ელენსიოს მეძახდნენ. თავიდან არ ვიხედებოდი ამ სახელის გაგონებაზე, მაგრამ ახლა ძალიან შევეჩვიე და მომწონს კიდეც.
– იაპონური სამზარეულო ბევრს არ მოსწონს. შენ თუ გაგიმართლა ამ მხრივ?
– ზღვის პროდუქტები არ მიყვარს, ვერც სახლში ვასწრებდი საჭმლის მომზადებას. ამიტომ, ძირითადად, სენდვიჩებს და მსგავს რაღაცეებს ვჭამდი.
– მერე წონაზე არ მოქმედებდა?
– კი, რა თქმა უნდა, იმოქმედა. ერთი პერიოდი ძალიან მოვიმატე წონაში. სააგენტოში მითხრეს კიდეც, წონა მეკონტროლებინა. ამის შემდეგ ერთი კვირა ვშიმშილობდი.
– ენის ბარიერი როგორ დაძლიე?
– ტოკიოში ინგლისურად არავინ ლაპარაკობს, რის გამოც ძალიან მიჭირდა. ხელებით ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ბოლოს რაღაც სიტყვები მეც ვისწავლე იაპონურად. გადაღებაზე შემთხვევით თუ ვინმე ინგლისურად დაილაპარაკებდა, იმ დროს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.
– რაც შეეხება საფრანგეთს, ალბათ, ახლო მომავალში იქ კიდევ მოგიწევს ჩასვლა, რადგან სააგენტოსთან ერთწლიანი კონტრაქტი გაქვს გაფორმებული.
– კი, აუცილებლად გავემგზავრები მოგვიანებით.
– როგორ ფიქრობ, ბოლო პერიოდში რა შეიცვალა შენში?
– ძალიან ბევრ რამეს მივხვდი და დიდი გამოცდილებაც მივიღე. დამოუკიდებელი გავხდი და ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი გავიცანი, რომელიც ცხოვრებაში აუცილებლად გამომადგება.
– 17 წლის ახლახან გახდი. არ იყო 16 წლის გოგონასთვის რთული დამოუკიდებლად ცხოვრება სრულიად უცხო ქვეყანაში?
– სახლში დაღლილი რომ ვბრუნდებოდი, დედას და მის გაკეთებულ საჭმელს ვნატრობდი. თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მერე შევეჩვიე დამოუკიდებლად ცხოვრებას.
– ამჯერად თბილისში ხარ და რა გეგმები გაქვს?
– ჯერჯერობით თბილისში ვიქნები, პასუხს ველოდები და შეიძლება ერთი თვით სინგაპურში წავიდე. ძალიან მინდა, წავიდე, რადგან იქ კარგი „ბუქი” კეთდება. მერე მილანიც მაქვს გეგმაში, ვნახოთ. მომავალ წელს აბიტურიენტი ვიქნები და სწავლასაც უნდა დავუთმო დრო, ამიტომ, ალბათ, ძირითადად, მაინც აქ მომიწევს ყოფნა.

скачать dle 11.3