კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრობლემებს აწყდებობდნენ თბილისის მცხოვრებლები მიხეილის ხიდის აშენებამდე და ვის გაუხსნეს პირველი ძეგლი თბილისში 1867 წელს

თბილისის ამ ცენტრალურ მოედანს ამჟამად ზაარბრიუკენის მოედანი ეწოდება, საბჭოთა დროს მას კარლ მარქსის მოედანი ეწოდებოდა, თუმცა, მაშინაც და დღესაც ამ მოედანს „ვორონცოვს” უწოდებენ. მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებიდან შემორჩენილი მოედნის ეს სახელწოდება დღემდე აქტუალურია და „თბილისელების” ამ ნომერში საჭიროდ ჩავთვალეთ, მოედნის, ხიდისა და თავად მიხაილ ვორონცოვის შესახებ არსებული ისტორიები ძველი ფოტოების დახმარებით გავაცოცხლოთ.

მიხაილ ვორონცოვი
გენერალ-ფელდმარშალი და ნაპოლეონთან ომის გმირი მიხაილ ვორონცოვი ყველაზე ცნობილი მეფისნაცვალი გახლდათ ამიერკავკასიაში. ვორონცოვს განათლება ლონდონში ჰქონდა მიღებული, ხოლო სამხედრო დიდება მან საფრანგეთთან ომში მოიპოვა. ვორონცოვი პეტრე ბაგრატიონის გრენადიორთა შენაერთს ხელმძღვანელობდა ბოროდინოს ბრძოლაში და მუდამ წინა ხაზზე იმყოფებოდა, იგი პირისპირ ებრძოდა ნაპოლეონ ბონაპარტეს და ომში გამარჯვების შემდგომ საფრანგეთის ოკუპაციის ძალთა მეთაური გახლდათ. სწორედ ვორონცოვის სახელს უკავშირდება კავკასიის სრული დაპყრობა. 1845-1854 წლებში იგი მეფისნაცვლის თანამდებობაზე მსახურობდა და მის დროს უამრავი მნიშვნელოვანი კულტურული პროექტი განხორციელდა თბილისში: აშენდა იტალიური ოპერა ერევნის მოედანზე, გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა, ქართველ თავად-აზნაურთა შვილებს უცხოეთში სწავლის გაგრძელების უფლება მიეცათ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ვორონცოვის  სახელს უკავშირდება, სავარაუდოდ ყველაზე გახმაურებული ისტორია, – მისი მეუღლის, გრაფინია ბრანიცკასა და ალექსანდრ პუშკინის ურთიერთობა. გავრცელებული ცნობის თანახმად, ვორონცოვის მეუღლეს რომანი ჰქონდა პუშკინთან. იმ პერიოდში ვორონცოვი ოდესაში მსახურობდა  და ამ რომანმა რუსულ ლიტერატურას ყველა დროის საუკეთესო პოემები შესძინა. მიხაილ ვორონცოვმა დიდი კვალი დატოვა ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში და მისი სახელი დღემდე კარგად ახსოვთ ძირძველ თბილისელებს.
ვორონცოვის ხიდი
მიუხედავად იმისა, რომ მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში თბილისი საგრძნობლად გაიზარდა და ახალი ტერიტორიების ათვისება ჩქარი ტემპებით მიმდინარეობდა, ქალაქში მხოლოდ ერთადერთი – მეტეხის ხიდი არსებობდა, რაც საგრძნობლად ართულებდა მტკვრის მოპირდაპირე სანაპიროების დაკავშირებას ერთმანეთთან. კუკია, ჩუღურეთი, გერმანელთა დასახლება (დღევანდელი აღმაშენებლის გამზირის მიდამოებში) მოწყვეტილი იყო ქალაქის ცენტრალური უბნებისაგან და მათ შორის კავშირი დიდი ხნის განმავლობაში შემოსავლელი გზებით ხორციელდებოდა. 40-იან წლებში დღევანდელი ზაარბრიუკენის ხიდის ხაზზე მესანგრეები აშენებდნენ დროებით ხის ხიდს, რომელსაც რეგულარულად იტაცებდა მტკვარი.
30-იანი წლების დასასრულს დამუშავდა კაპიტალური ხიდის პროექტი, რომელიც არ განხორციელებულა, ვინაიდან მეფის მთავრობამ უარი თქვა ხიდის მშენებლობის დაფინანსებაზე. 40-წლებში კავკასიაში მეფისნაცვლის, მიხაილ ვორონცოვის დავალებით, ხიდის პროექტი შეადგინა არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ. ნაგებობა ორი დიდი და მცირე ხიდებისგან შედგებოდა მტკვრის ძირითად კალაპოტსა და მის მარჯვენა ტოტზე. 1848 წელს დაწყებული მშენებლობა სხვადასხვა მიზეზით ხშირად წყდებოდა (იცვლებოდნენ მოიჯარადრეები, 1849 წელს ადიდებულმა წყალმა წაიღო ხის ხიდი, 1851 წელს, სამხედრო ტაძრის („სობოროს”) მშენებლობის დროს დაიღუპა ხიდის ავტორი და სამუშაოთა ხელმძღვანელი ჯოვანი სკუდიერი). 1851 წელს დიდი ხიდის პროექტი გადაამუშავა ინჟინერმა ს. ბლიკსმა, რომელმაც ხის მალები აგურის კამარებით შეცვალა. მშენებლობას სათავეში ჩაუდგა პირველი ინჟინერ-ჰიდრავლიკოსი ქართველთა შორის კ. ბაგრატიონი. მიხეილის ხიდის საზეიმო გახსნა 1853 წლის აპრილში შედგა.
მიხეილის ხიდს თბილისელებმა არაოფიციალურად ვორონცოვის სახელი შეარქვეს, ვინაიდან გენერალი მიხაილ ვორონცოვი ქმედით მონაწილეობას იღებდა მის მშენებლობაში. ხიდი იმდენად ვიწრო იყო, რომ ჯერ კიდევ 1884 წელს ის გადაკეთდა. ამ ხიდის კონსტრუქცია იმ დროს გარკვეულ ტექნიკურ ინტერესს იწვევდა: 32-მეტრიანი თაღოვანი მალი თლილი ქვით არის ამოყვანილი დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა გამაგრებულია ლითონის ღეროებით – პირონებით. ხიდი ახლაც მოქმედებს. მის ქვეშ სანაპირო მაგისტრალი გადის. დიდი ვორონცოვის ხიდი ძირფესვიანად შეიცვალა 1961 წელს (ინჟინერი  ქარცივაძე; არქიტექტორები: მელქაძე, ყავლაშვილი), ახალი ხიდის მშენებლობისას გამოიყენეს ძველი ბურჯები და შეინარჩუნეს ხუთმალიანი კონსტრუქცია და თაღების მოყვანილობა.
ვორონცოვის მოედანი
მეფისნაცვალი ვორონცოვის გარდაცვალების შემდეგ ქართველმა თავადაზნაურობამ სურვილი გამოთქვა, რომ მისი ძეგლი დაედგათ თბილისში. მაშინდელმა მეფისნაცვალმა ალექსანდრ ბარიატინსკიმ  გაიზიარა თავადაზნაურობის სურვილი და მისი განხორციელებისთვის ჩატარდა ხელმოწერების შეგროვება საზოგადოების ყველა ფენაში. მცირე ხანში მოგროვდა 36 104 რუბლი და ძეგლი შეუკვეთეს სამხატვრო აკადემიის პროფესორს, ნიკოლაი პიმენოვს, თუმცა პიმენოვმა ვერ მოასწრო ძეგლის დასრულება – ის გარდაიცვალა და ძეგლი მისმა მოწაფემ, მხატვარმა ვიაჩესლავ კრეიგანმა დაასრულა. ძეგლი პეტერბურგში ჩამოასხეს და თბილისში 1867 წელს ჩამოიტანეს. ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ქანდაკება დადგმული იყო ალგეთის ქვის კვარცხლბეკზე და მისი საზეიმო გახსნა შედგა 1867 წლის 25 მარტს – მიხაილ ვორონცოვის თბილისში ჩამოსვლის 22-ე წლისთავზე. არსებობს უძველესი ფოტო, რომელზეც ძეგლის გახსნისა და მისი კურთხევის ცერემონია არის აღბეჭდილი. მიხაილ ვორონცოვის ძეგლი პირველი ძეგლი იყო თბილისისთვის, რომლის გახსნას ესწრებოდა თავად მეფისნაცვალი, დიდი მთავარი მიხაილ ნიკოლოზის ძე. ძეგლის აგების შესახებ აქტი წაიკითხა გარდაცვლილი ფელდმარშლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ბარონმა ნიკოლაიმ, რომლის შემდეგ ჩატარდა ძეგლის კურთხევა. ცერემონიის დასასრულს ალექსანდრეს ბაღის ტერასებზე ხალხისთვის გაიმართა ნადიმი, ხოლო მეფისნაცვლის სასახლეში – დიდი სადილი. ძეგლზე ვორონცოვი დგას მაღალ კვარცხლბეკზე, უქუდოდ, გვერდზე მოგდებული შინელით, ხელში კი ქუდი და კვერთხი უპყრია. კვარცხლბეკს ამშვენებდა წარწერა რუსულ ენაზე: „კíÿçþ მèõჭèëó ჟåìåíîâè÷ó გîðîíöîâó. 1845-1854 ”. რევოლუციის შემდგომ, 1922 წელს, ძეგლი საბჭოურმა მთავრობამ აიღო და, სავარაუდოდ, გაანადგურა და მოედანს კარლ მარქსის სახელი ეწოდა. საბჭოთა დროს მოედანზე მეტროსადგური უნდა აშენებულიყო, დაწყებული იყო მოსამზადებელი სამუშაოები, თუმცა, 1990 წელს მუშაობა შეჩერდა და, გავრცელებული ცნობის თანახმად, აღარ გაგრძელდება. 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის შემდგომ წლებში მოედანს კიდევ ერთხელ გადაერქვა სახელი და თბილისის დაძმობილებული ქალაქის – „ზაარბრიუკენის მოედანი” ეწოდა, თუმცა ხალხში თბილისის ამ მოედანს აგერ უკვე მესამე საუკუნეა, მაინც „ვორონცოვის მოედანს” უწოდებენ.
უშანგი რუხაძე
მასალაში გამოყენებულია ნაწყვეტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985).

скачать dle 11.3