კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იხსნა გია კაჭარავამ „ახალი უკრაინელები“ ვუდუს მიმდევარი ბრაზილიელი ნარკობარონებისგან

გია კაჭარავა მაყურებელმა განსაკუთრებით კარგად „მაიტა ნასოსში“ განსახიერებული ბრაზილიელი ჟორჟის როლის წყალობით გაიცნო და შეიყვარა. ვისაც ფილმი გინახავთ, ალბათ, ყველას გახსოვთ ჟორჟი, რომელიც რიო-დე-ჟანეიროდან საგანგებოდ სვანეთის სანახავად ჩამოდის. ბატონი გია რიოში 4 წელიწადზე მეტხანს ცხოვრობდა. შესანიშნავად ფლობს პორტუგალიურს, ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, იქ ხუთი მულატი შვილი ჰყავსო. ქართული მოხერხებულობის წყალობით, არგენტინის საზღვარზე გადაპარულმა წყალი დალია, „დაითრია“ რონალდინიოს გაშარჟებული მაისური, რომელზეც მთელი რიო ოცნებობს და კიდევ ბევრი საინტერესო რამ აქვს მოსაყოლი.
გია კაჭარავა: მოგზაურობა მიყვარს და ბევრგან ვყოფილვარ. იტალიაზე გავგიჟდი, შუა აზიაში ყველაფერი მოვიარე – სამარყანდი, ბუხარა... სამარყანდში თემურ-ლენგის მავზოლეუმი ვნახე. ისე მინდოდა იმ მტარვალის საფლავი „წამებილწა“ ერთი კარგად... (იცინის). ბრაზილიას რაც შეეხება, იქაური კინემატოგრაფისტების მიწვევით წავედი.
– რომელი ქალაქი მოგეწონათ ბრაზილიაში?
– რიო არის ფანტასტიკური, ულამაზესი მთაგორიანი ქალაქი, ძველი შენობებით, რომლებსაც, სხვათა შორის, ძალიან უვლიან და უფრთხილდებიან. სადღაც მეჩვიდმეტე საუკუნიდან იწყება მათი ისტორია და შენობებიც იმდროინდელია.
მოკლედ, 2005 წელს წავედი ბრაზილიაში. იქ ყველას ასე ვეცნობოდი: „ჟორჟ და ჟორჟია“. პირველად კარნავალზე ჩავედი. საოცარი რამ იყო.  იქ ჩასულიც და იქაურიც ყველა ცეკვავს სამბას – გინდა თუ არ გინდა, იცი თუ არ იცი. ისე, სიმართლე გითხრათ, საქართველოზე ბევრი არაფერი იციან. ვინც იცის, იმასაც ამერიკის შტატი ჰგონია. ჩვენ რომ ვფიქრობთ, მთელი მსოფლიო ჩვენი ბედით არის შეწუხებული, ნამდვილად არაა ასე. ფანტასტიკური ხალხია ბრაზილიელები, უკონფლიქტო, მე იქ სიმთვრალის გამო ნაჩხუბარი ხალხი არ მინახავს. საერთოდ არ იგინებიან. ერთობიან და ყველა გიღიმის. ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება: ვიღაცაზე გავბრაზდი და მინდოდა, შემეგინებინა. გადავშალე ლექსიკონი, მივედი ბიჭებთან და ვეკითხები: „შენი დედა...“ მოკლედ, ეს ზმნა როგორ არის-მეთქი. „ფუდალ ტუ მადრეო“. მივედი, შევაგინე და მიყურებს ტიპი გაგიჟებული – ჯერ დაფიქრდა, კი მაგრამ შენ დედაჩემს არ იცნობო (იცინის). იმას ეგონა, დედამისთან ვიწექი (იცინის). მერე მეუბნება, ეგრეც რომ იყოს, შეყვარებული ან საყვარელი ყოფილა და ეგ რა სატრაბახოაო. ვერ მიხვდა ტიპი, რა... მოკლედ, გინება იმათთან არ არის. უწმაწურ სიტყვებს თითქმის არავინ ამბობს. ერთადერთი „ფილია დი პუტა-ზე“ (მეძავის შვილი) ცოფდებიან.
– ქართველებს რით ჰგვანან ბრაზილიელები?
– ვერ ვიტყოდი, რომ ჰგვანან. ერთი, დროში აქვთ სერიოზული აცდენა, ჩვენზე უარესი არაპუნქტუალურები არიან. რომ იტყვიან, 7 საათისთვის მოვალო, უნდა იგულისხმო, რომ შვიდის მერე ნებისმიერ დროს მოვლენ (იცინის). დასვენების დღე აქვთ უამრავი. კიდევ, ხელფასის დღეს გამოდიან. ყველა სამსახური იკეტება, სამაგიეროდ, ბარებია ღია და ყველა ცეკვავს და მღერის. რომ გაივლი, ხან რომელი ქალი გეცემა და გეცეკვება და ხან რომელი. ფორდიგუასოში რომ წავედი, ჩანჩქერების ქალაქში, ისეთი სიჩუმე და სიყრუე იყო, კინაღამ გავგიჟდი, ისე მივეჩვიე რიოს ბაგაბუგს. სულ რაღაც დღესასწაული აქვთ. კოპაკაბანას პლაჟი რომ ვნახე და იესოს ორმოცმეტრიანი ქანდაკება, გავგიჟდი, 700-მეტრიანი მთაა, ულამაზესი. მოკლედ, პირველად რომ გავედი, კოპაკაბანაზე, ვიღაც ქალი მოვიდა და მეკითხება – „სენიორ, ტუდუ ბემ?“ (ყველაფერი კარგად არის?) (იცინის). თბილისში მითხრეს, იციან ბრაზილიელმა ქალებმა ასე გაარშიყებაო. იქ გაჩერებაზე რომ დგახარ, არ არსებობს, ვინმე არ გამოგელაპარაკოს, უცხოც რომ იყო – სწყინდებათ მარტო დგომა და ჩუმად ყოფნა (იცინის). მოკლედ, რამდენიმე მოვიდა ასე და მეკითხება, ყველაფერი რიგზეაო. თურმე, მე, ჩემი სერიოზული სახით, იქ უცნაურად გამოვიყურებოდი, ყველა გაღიმებული დადის. პოლიტიკური პრობლემები, არჩევნები სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ. პოლიტიკაში, იცი, როდის ჩაებმებიან? თუ მაღაზიაში შევლენ და ნახავენ, რომ რამე გაძვირდა და ვერ ყიდულობენ. მართლა გეუბნები, იქ პარტიები და ეგეთი რამეები არ სჭირდებათ. ერთხელ მეც მივიღე გაფიცვაში მონაწილეობა. მოვდივარ და ვხედავ, დიდი ასოებით აწერია – „გრევი“. ჩემი თაობის ხალხს კარგად ემახსოვრება, ჩვენს ბავშვობაში გრევი საჩუქარს ნიშნავდა, უფრო მოხულიგნო, ძველბიჭურ ენაზე. ვხედავ, უშველებელი რიგია. ვიფიქრე, რამეს არიგებენ-მეთქი, იმიტომ, რომ რიოში ეგეთი წესია – კომპანიები უფასოდ არიგებენ, ვთქვათ, „კოკა-კოლას“ მაისურებს, თერმოსებს... მოკლედ, დავდექი. მოვიდა ვიღაც კაცი, ხელი ჩამომართვა და მადლობა გადამიხადა, ჩვენთან რომ დგახარო. მერე გავიგე, რომ თურმე, გაფიცვაზე ვმდგარვარ.
– მითხარით, რომ საქართველოზე არაფერი იციანო...
– არ იციან და, თავიდან რუსოს მეძახდნენ. რუსებთან კარგი ურთიერთობა აქვთ ბრაზილიაში. ჯობია თქვა, რომ „სოვიეტიკო“ ხარ, ანუ საბჭოთა კავშირიდან. იმათ სულ არ იციან, დაიშალა საბჭოთა კავშირი თუ არა. ის კი არა, ნახევარზე მეტმა არც იცის, მოსკოვი სად არის. სამაგიეროდ, ვერ იტანენ ამერიკელებს, გრინგოს ეძახიან. მივდივარ ერთხელ ინგლისურწარწერებიანი მაისურით, გავიპრანჭე. ვიღაცა მეცა, მაისური შემომახია და „გრინგოო“, მომაძახა. მერე ავუხსენი, გრინგო კი არა, სოვეტიკო ვარ-მეთქი. ჩამეხუტა, გადაირია კაცი (იცინის). იქ კაი ტიპი რომ იყო, ან ჩე გევარას მაისური უნდა გეცვას, ან ბობ მარლის. მაღაზიებში მაისურები იყიდება წარწერით: FUCK USA.
– რამე იყო, რამაც განსაკუთრებით გაგაკვირვათ ბრაზილიაში?
– კი, იყო. იქ ძალიან პატარა ასაკიდან ბიჭსაც და გოგოსაც ჰყავს შეყვარებული და ერთად დიდხანს არიან – „ნემორადა“. არც მასწავლებელს უკვირს, არც მშობელს და ეს ჩემთვის უცნაური იყო. ჩავედი რიოში, რას ვხედავ? ნახევარი ქალაქი „ზასაობს“ – ვიფიქრე, ალბათ, ბიჭებს ჯარში ან ომში აცილებენ და იმიტომ არიან ასეთ დღეში-მეთქი. ჩვენს დროს რა ქუჩაში კოცნა, გოგოს რომ ჩახუტებოდი, ეგრევე საბჭოთა მილიცია მოვარდებოდა. ისე გაუკვირდათ ჩემი რეაქცია – კი მაგრამ, არ იცი, რომ რიო სიყვარულის ქალაქიაო? სამაგიეროდ, ბრაზილიაში განქორწინებების რაოდენობა ცოტაა.
– კრიმინალური ქალაქიაო რიო, ამბობენ...
– ყოველდღე გაქანებული ომია ნარკობარონებსა და პოლიციას შორის, მაგრამ ხალხს ეს ძირითადად, მაინც არ ეხება. თუ ქუჩაში ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, სტვენით მიდიხარ, ესე იგი, იქაური ხარ და პრობლემა არ გექნება. მე ვიყავი მათთან „ფაველაზე“ ასული. ერთხელ უკრაინელი ტურისტები ვიხსენი ბრაზილიელი ნარკობარონებისგან. თან, აფრიკული ვუდუს მიმდევრები არიან ისინი. ჯერ მე ავედი „ფაველაზე“, მაინტერესებდა, იქ რა ხდებოდა. კი გამაფრთხილეს, საშიშიაო, მაგრამ მაინც ავედი. მოსახლეობის მთელი დაბალი ფენა იქ ცხოვრობს. ვხედავ, ლუდხანაა და შევედი. თეთრი რომ დამინახეს, მეკითხებიან, სადაური ხარო. ვუთხარი – სოვეტიკო-მეთქი. სულ ფრთხილად უნდა იყო, თეთრი თუ ხარ, ხშირად პოლიციის აგენტი ჰგონიხართ და რამე თუ შეგეშალა, გაგახვევენ საბურავში, ცეცხლს წაგიკიდებენ და ჰოპ – დაგაგორებენ მთიდან. ეს ისეთი ხალხია, ადამიანის მოკვლა, თავის მოჭრა, არაფრად მიაჩნიათ. მე კი ჩამოვედი იქიდან მშვიდობით, მაგრამ „ახალი უკრაინელები“ იყვნენ ჩამოსულები რიოში ტურისტებად, დადიოდნენ ოქროებასხმულები. ვურჩიე, მოიხსენით, საშიშია-მეთქი. არ მომისმინეს. იხეტიალეს, იბოდიალეს და ამოყვეს თავი „ფაველაზე“! ხედავენ ეს ბანდიტები – თეთრი ხალხია, ოქროებასხმული... ფიქრობენ, ვინ უნდა იყვნენ. ამათ პორტუგალიური არ იციან, იმათ – ინგლისური. არის ერთი ამბავი. ჩემი სახელი პორტუგალიურად „გიდს“ ნიშნავს, ჰოდა დამირეკეს. მე ვეუბნები, რუსები არიან, თავი დაანებეთ-მეთქი. მოკლედ, დამიბარეს სალაპარაკოდ. წესით, ფედერალებთან უნდა დამერეკა, მაგრამ არ დავრეკე – შარის თავი მქონდა? მაინც აუცილებლად მომძებნიდნენ. მოკლედ, წამოვიყვანე, როგორც იქნა, ოქროები კი იქ დაატოვებინეს, მაგრამ ოქროებს ვინღა ჩიოდა? ბლატაობდნენ თავიდან – „მი სამი, კავო ხოჩეშ, პრიტარმოზიმო“ (იცინის).
– ბრაზილიელი ქალბატონები მოგეწონათ?
– იმათ უფრო სპეციფიკური ფორმა აქვთ – აწეული უკანალი და მაღალი მკერდი. ჯანმრთელი იერი აქვთ და თამამი ქალბატონები არიან (იცინის).
– არ შემიძლია, ფეხბურთზე არ გკითხოთ.
– მე, რატომღაც, ბავშვობიდან ბრაზილიური ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ. „მარაკანას“ გასახდელში შევიპარე – ჩინეთის ოლიმპიადისთვის ემზადებოდნენ იმ დროს. იქ ერთი ქართველი ქალბატონი – ნათელა ცხოვრობს 11 წლის გოგონასთან ერთად. გიდის საშვით ყველგან შემიშვეს – ასე შევიპარე გასახდელში. დამადგა დაცვა, აქ რას აკეთებო. გიდი ვარ და ბავშვს სტადიონს ვათვალიერებინებ-მეთქი (იცინის). ამ დროს დავინახეთ, რონალდინიო არ მოდის? მოკლედ, მარი ეუბნება: – ეს ბიძაჩემია, შენ გამო ჩამოვიდა საქართველოდანო. გაგიჟდა კაცი! ბურთი მოგვცა წარწერით და მისი შარჟიანი მაისური, 2006 წლის კარიკატურული მაისური წარწერით – „ლაყე ჩემპიონები“. მაშინ ბრაზილიის ნაკრებმა წააგო. „შავი“ გასასვლელიდან გამიყვანა დაცვამ, იმ მაისურით რომ დავენახე, გამგლეჯდნენ. პელესაც შევხვდი, ლოჟაში იჯდა.
– თქვენ ომის დროს იქ იყავით? 2008 წლის ომს ვგულისხმობ.
– კი. „სი-ენ-ენის“ ადგილობრივი ბიუროს წარმომადგენლები მოცვივდნენ ჩემთან, რომ გაიგეს, რიოში ქართველი ცხოვრობდა. შენი ჭირიმე, აზრზე არ ვართ, ეს საქართველო სად არის და რუკაზე მაინც გვაჩვენეო. რომ ვაჩვენე, გაგიჟდნენ, ეს ერთი ბეწო ქვეყანა რუსეთს ეომებაო? იმათ ეგონათ, ორი უზარმაზარი სახელმწიფო დაეჯახა ერთმანეთს.
– ლათინური ამერიკის სხვა ქვეყანაში იყავით?
– კი. არგენტინაში, წყლის დასალევად გავიპარე. არგენტინელები ვერ იტანენ ბრაზილიელებს, მაიმუნებს ეძახიან. მაგარი პარაგვაელი და კოლუმბიელი ვაჟკაცები გავიცანი.
– კოპაკაბანაზე გამძარცვესო, თქვით.
– კი, კოლუმბიელმა მეძავმა გამძარცვა. მივდივარ მთვრალი, მოვიდა ვიღაც ნაშა, ხელებს მიფათურებს, მეხვევა, – „რა მაგარი კაცი ხარო“. სახლში მივედი, ვხედავ, საფულე აღარ მაქვს. დავბრუნდი და ვნახე ის გოგო. დავსხედით კოპა-კაბანას პლაჟზე და ჩვენს გაჭირვებაზე ვისაუბრეთ (იცინის).

скачать dle 11.3