ააგო თუ არა ბედნიერება ნინო ორდენიძემ სხვის უბედურებაზე და ვინ ცდილობს მისი და ლევან გვაზავას დაშორებას
ნინო ორდენიძემ სამი წლის წინ თავისი გულისსწორი იპოვა. მართალია, გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა მასზე ბევრად უფროსია და მშვენიერი მოდელის გამო ცოლი და სამი შვილის დატოვება მოუწია, მაგრამ ახალ ოჯახსაც არაჩვეულებრივად შეეწყო.
– ვინც გიცნობს, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ მხიარული ბუნების ნინო ორდენიძეს ოდესღაც „ტუსოვკებზე“, პოდიუმზე ვეღარ იხილავდა, სახლში დაჯდებოდა და ქმარ-შვილის მოვლით დაკავდებოდა. ეს ის არის, რაც შენ გინდოდა?
– სადაც დიდი სიყვარულია, იქ არ არსებობს, რაღაც პრობლემა იყოს. შეიძლება, ჩემს თავზე არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ ოჯახის კუთხით, აბსოლუტურად ყველაფერი დავამუღამე – საჭმელების კეთებითა და სახლის ლაგებით, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მიმაჩნია, რომ შენი მეორე ნახევრის ცხოვრებით უნდა ცხოვრობდე. სულ ვცდილობ, ლევანს ვასიამოვნო. ის სადილი დავახვედრო, რაც მოსწონს. შეიძლება, ვკითხო, დღეს რა გინდა, რომ გავაკეთო ან თვითონ შევთავაზო. საერთოდ, ჩვენს ოჯახში ჭამის კულტია. არანაირად არ მეტყობა, მაგრამ ძალიან მჭამელი ვარ. ვგიჟდები საჭმელების კეთებაზე, თვითონ პროცესი მომწონს.
– ლევანს არ გაუჭირდა განებივრებული გოგონას გაგება, რომელიც თუნდაც აუზზე საკმაოდ მოხდილი საცურაო კოსტიუმით მამაკაცებს აგიჟებდა?
– აუზზე ახლაც შემიძლია ვიარო, უფრო კარგ ამპლუაში – ჩემს ქმართან ერთად. ის იყო ეტაპი, რომელიც დამთავრდა. ჩემს ოჯახში და ქმართან ახლაც ისეთივე თავისუფალი ვარ. ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ მერე სახლში რომ მიდიხარ მარტო, საკუთარ თავთან რჩები, სხვა მომენტია, სიცარიელეს ვგრძნობდი. მაშინ არც განვიცდიდი, რადგან საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო სიყვარული. ლევანის გაცნობის შემდეგ მივხვდი, ეს ის ადამიანია, ვისთანაც მინდა ყოფნა. მიუხედავად ყველაფრისა, ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ. ჩვენმა სიყვარულმა ძალიან ბევრ პრობლემასაც გაუძლო. ჩემთვის პირველ ადგილზეა ლევანი, ბავშვი და მერე ყველა დანარჩენი. ამიტომ, თვითონ არ ვიკადრებ, ძალიან მოხდილი საცურაო კოსტიუმით წავიდე აუზზე. მყავს ქმარი, რომელიც ჩემთვის ყველაზე მაგარი ქმარია ამ ქვეყანაზე. ჩემს ქმარს ვეპრანჭები და ის მომწონს. როგორც ყველა ქალს, სულ მაქვს ის მომენტი, ფორმაში ვიყო და არანაირი სურვილი აღარ მაქვს, სხვა კაცს ვეპრანჭო. ბედნიერი ვარ, კარგად ვარ და მინდა, ჩემს ქმარს სულ მოვწონდე. ისიც კომპლიმენტებს არ იშურებს. ჩვეულებრივ ფორმაში რომ ვიყო, მაშინაც შეიძლება მითხრას რა კარგად გამოიყურები, ეს გიხდებაო. სხვათა შორის, არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს.
– მართლა? ლევან გვაზავა მე უფრო კლასიკური გემოვნებისა და სტილის ადამიანი მეგონა.
– იცი, როგორია, ვერ წარმოიდგენ. ხომ უცნაური ტიპაჟია, ამ დროს შეიძლება, ისეთი რაღაც გირჩიოს, გაოცდე. თავიდან მეც მიკვირდა. ერთადერთი, არ უყვარს, რომ ვეწევი, იმიტომ კი არა, რომ ქალზე არ მოსწონს სიგარეტი, ჯანმრთელობისთვის მავნებელიაო, მეუბნება. ერთი კვირა დავანებებ თავს, მერე ისევ დავიწყებ. ვეხვეწები ხოლმე, ერთ ღერს მოვწევ-მეთქი.
– ვერ დავიჯერებ, რომ ასეთ მშვენიერ ცოლზე არ ეჭვიანობს.
– არ ვაძლევ არანაირ საბაბს, თორემ, ალბათ, ყველა ადამიანია ეჭვიანი. რაც ერთად ვართ, ჯერ ასეთი მომენტი არ ყოფილა. არა მგონია, ვიღაც ისეთი დებილი იყოს, შორიდან თვალი ჩამიკრას. იცი, რა არის, ჩემო კარგო? მე გავთხოვდი 26 წლის. სულ დავდიოდი აქეთ-იქით, მყავდა ბევრი მეგობარი. ზუსტად იმ ასაკში გავთხოვდი, როცა მივხვდი, რომ ეს ადამიანი ძალიან მიყვარდა და მინდოდა, ჩემი ოჯახი მქონოდა. შეიძლება, არის ვიღაც, ვისაც მოსწონხარ, მაგრამ არ აქცევ ყურადღებას, ხომ ასეა?
– ესე იგი, ახლა ის მომენტი გაქვს, მხოლოდ ქმარს ეპრანჭო?
– ეგ მომენტი სულ არის. რა თქმა უნდა, ხალათში, თავწაკრული და წინდებში ვერ დავხვდები, სულ რომ ასი წელი გავიდეს. ხალათსაც გააჩნია, თუ ატლასისაა, წელში გამოყვანილი, კიდევ შეიძლება. ეს ბავშვობიდან მაქვს გაცნობიერებული. ათი, თორმეტი წლის რომ ვიყავი, მაშინაც იმას ვამბობდი, ცოლი ქმარს სულ უნდა ეპრანჭებოდეს-მეთქი. შეიძლება, სახლში სპორტულად გეცვას, მაგრამ ისე მოხდენილად, ქმარს მოსწონდე. თუმცა, არც ბოლომდე მაკიაჟში და წვრილ ქუსლებზე ვხვდები ჩემს ქმარს, ფუფალა ხომ არ ვარ.
– ქმარს გვიანობამდე ელოდები?
– რა დროსაც არ უნდა მოვიდეს, არ არსებობს, არ ველოდებოდე. ჩვენს ურთიერთობაში ჯერ ეგ დღე არ ყოფილა. აბა, მე რომ ლევანი მელოდებოდეს, სასაცილო არ იქნება?
– ლევანი შენი საქმეებით დაინტერესებულია?
– მამაჩემთან და ჩემს ძმასთან ერთად ვარ სამშენებლო კომპანიაში. შეიძლება, რაღაც დამჭირდეს, ვეკითხები და ლევანიც კარგ რჩევებს მაძლევს. მისი რეკომენდაცია ჩემთვის გადამწყვეტია, წერტილს რომ დავუსვამ, ისეთი. დალაგებული, მშვიდი ადამიანია და ზუსტად იცი, რომ სწორ გზაზე დაგაყენებს. მისგან ძალიან დიდ ძალას ვგრძნობ. თავიდანვე მივხვდი, რომ ამ ადამიანის გვერდით ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. პირველად ვიგრძენი თავი სრულყოფილ ქალად.
– ქმარი სერიალების ყურებას არ გიშლის?
– ძალიან ჩართული ვარ ამ სერიალებში. თვითონ არ უყვარს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, არ მიშლის. ახალი ქართული სერიალი რომ არის, იმას ვუყურებ დიდი ინტერესით. იმ დღეს გადამირთო და ვუთხარი, გეხვეწები, არ გადამირთო, ისეთი მომენტია, ეს თუ არ ვნახე, ჩათვალე, რომ ყველაფერი მორჩა-მეთქი. გაკვირვებული შემომხედა. რა უნდა გამოტოვო, კიდევ ერთი წელი იქნება ეს სერიალიო. დამცინის.
იმ დღეს მე და ლევანი ფილმს ვუყურებდით, ღამის სამის ნახევარზე. შეყვარებულები არიან. გოგო ეუბნება – ჩემთან წავიდეთ სახლში, ვჭამოთო. ბიჭი ეკითხება – რა გაქვს სადილადო. კარგი, წითელი ბორშჩი და მაკარონიო, – პასუხობს. არ იცი, რამხელა სალტო გავაკეთე. გადავახტი ლევანს, შევვარდი სამზარეულოში და ზუსტად თხუთმეტ წუთში ბორშჩი გავაკეთე. ლევანმა არ ჭამა, ღამეა და ვერ შევჭამო და მე გემრიელად გეახელი.
– ნეტავ რისი ბრალია?
– არ ვიცი, ვერ გეტყვი. ისე, მეორე შვილს ვაპირებ. ლევანსაც უნდა, თუმცა ყველაფერი ღმერთის ნებაა. სხვათა შორის, ლევანის მეგობრები გიჟდებიან ჩემს გაკეთებულ საჭმელებზე. ერთ-ერთი ჩემი შვილის ნათლიაა. ორსულად ვიყავი, დილის რვა საათზე დამირეკა და მთხოვა, – „პახმელიაზე“ ვარ და რამე გამიკეთეო. უცებ ავდექი და ბულიონი გავუკეთე. რომ მოვიდა, ტიპი შოკში ჩავარდა, ასე უცებ როგორ მოამზადეო.
– ეს ყველაფერი რომ არა, ალბათ, ლევანის ცოლი არ იქნებოდი.
– ყველაფრისთვის ღმერთის მადლობელი ვარ, რაც ბავშვობიდან მაქვს. რამეზე რომ დავიწუწუნო, ჩემგან დიდი ცოდვა იქნება. ყველაფერი გრძელდება. რაც მაქვს, არის ელემენტარული კომფორტი. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა. ამითაც ბედნიერი ვარ. ბევრს ქონება რაღაც ჰგონია. ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია. შეიძლება ყველაფერი გქონდეს სიყვარულის გარდა, მაგრამ როცა ისიც გაქვს და ისიც, ძალიან კარგია. ლევანთან ერთად ყველაფერზე შემიძლია უარი ვთქვა, ოღონდ ჯანმრთელი და ბედნიერი ვიყო.
– ასე მოწყობილი სახლ-კარი, ძვირფასი ნივთები, მანქანა, ბიზნესი, სახლში დამხმარე, ძიძა – ელემენტარული კომფორტი კი არა, ფუფუნებაა. მასთან ერთად ცულის ტარზე იცხოვრებ?
– გეფიცები, ერთოთახიან „ხრუშჩოვკის“ ბინაში გადავალ. არც დამხმარეს წავიყვან და არც ძიძას, იმიტომ, რომ მივხვდი, რაც არის ბედნიერების ფასი, რაც ძალიან ძნელად და დიდი პრობლემებით მოვიპოვე.
– წეღანაც თქვი, ეს სიყვარული ძნელად მოვიპოვეო. ალბათ, ლევანის ცოლსა და შვილებს გულისხმობ.
– ამას ვერ გავექცევი და არც ვაპირებ გაქცევას. შეიძლება, უფრო კარგი ყოფილიყო, ლევანი სხვა დროს, სხვა სიტუაციაში გამეცნო და ვიღაცას გული არ დასწყვეტოდა. თუმცა, მიმაჩნია, რომ ადამიანისთვის პირველი ხარ მაშინ, როცა უყვარხარ. იმათ თავისი ადგილი აქვთ, მე – ჩემი. ლევანი გიჟდება თავის შვილებზე და ასეც უნდა იყოს. რა უფლება მაქვს, რამე სერიოზული პრეტენზია განვუცხადო. ყველას შეუძლია, ასეთი რაღაც დაემართოს, არავინ არაფრისგანაა დაზღვეული.
– კი, შეუცვლელი არავინაა.
– საკმაოდ თავდაჯერებული ადამიანი ვარ და ამიტომ არ ვფიქრობ ცუდ რაღაცეებზე. სერიალის გმირი მარიამი არ ვარ. რაში მჭირდება რაღაც სისულელეზე ვიჭყლიტო თავი. არავის ვიცნობ თბილისში, არავინ დამირეკავს რაღაც რომ იყოს, თუ რა? ჯერ მარტო იმდენი ჭორიკანა ამხანაგი მყავს, ზოგი მეგობარი, ვითომ კარგი რომ უნდა, ყველაფერს გეტყვის, რაც იცის. ზოგს, ალბათ, ძალიანაც უნდა ჩვენი დაშორება, მაგრამ ვერ ეღირსებიან. ის კატეგორია არ ვარ, რომ ასე ადვილად დავანგრიო ოჯახი.
– რას გააკეთებ ოჯახის შესანარჩუნებლად? ხომ შეიძლება, ერთ დღეს შენც გამოგიცხადოს, შენთან ყოფნა აღარ მინდაო.
– ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მეცოდინება, რომ ჩემს ქმარს ვუყვარვარ. ჩემი ქმრის წინაშე თავის დამცირებად არაფერს ვთვლი, მაგრამ, თუ იცი, რომ აღარ უყვარხარ, რაღად გინდა ასეთ კაცთან ცხოვრება. ბაბუაჩემს მთელი ცხოვრება ვიღაც ჰყავდა, მაშინ მოსკოვში ხშირად მიდიოდნენ და მოდიოდნენ. რომ დაბერდნენ, ბებიაჩემი სულ თავში ურტყამდა ბუზის საკლავს, მაგრამ მერე რა? ან ბაბუაჩემმა რა მოიგო ან ბებიაჩემმა. სიგიჟეა, ხომ? ტყუილად არ უნდა ატეხო ამბავი. როგორ ვაკადრებ ჩემს თავს ან ქმარს, რომ რაღაც ვკითხო ამაზე. მაგ თემაზე რომ იწყებ ქმართან ლაპარაკს ან უნდა დაამთავრო, ან არ უნდა დაიწყო.
– შენი ძმისა და ლიკას გაცნობა შენი დამსახურებაა? ერთ დროს თამუნა გაბრიელაშვილმა და ირაკლი ორდენიძემ ერთმანეთი ხომ შენგან გაიცნეს.
– ირაკლიმ და ლიკამ ერთმანეთი ჩემ გარეშე გაიცნეს. ლიკა „მის საქართველოზე“ რომ გამოვიდა ბათუმში, ირაკლი მოვიდა ჩემთან და მითხრა, ძალიან კარგი გოგო ვნახეო. გამიკვირდა და სერიოზულად არ მივიღე, რადგან სულ რომანები და ფლირტები ჰქონდა ვიღაცეებთან. რაც შეეხება თამუნას, მე და თამუნა ვმეგობრობდით. თამუნაც ასე გაიცნო, ერთ-ერთ ჩვენებაზე. ერთი თაობის ვართ, ერთად გვიწევდა გამოსვლა. ღმერთის ნება იყო, რომ დღეს თამუნას არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს, დღე-დღეზე ბავშვს ელოდება. ირაკლიმაც იპოვა თავისი მეორე ნახევარი და ბედნიერები არიან. ქორწილში ვიტირე კიდეც. ვერავის ცხოვრებაში ვერ ჩავერევი, ერთადერთი შეიძლება, რამე ვურჩიო. გიორგი ამბობდა, მე ძალიან მაგარი „როჟა“ ვარ, დედაჩემის ქორწილშიც ვიყავი და მამაჩემის ქორწილშიცო. ლიკას ძალიან უყვარს გიორგი. არ არის ჩვენს ოჯახებს შორის დაძაბული ურთიერთობა, რომ ბავშვმა რაღაც იგრძნოს, გული ეტკინოს. ბავშვი ძირითადად დედასთან არის. ჩვენთან შაბათ-კვირას მოდის.