“ნიჭიერის„ გრანდიოზული ფინალი
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ სატელევიზიო სივრცეს, ჯერ კიდევ იმ დროიდან, ერთი არხი და სამი გადაცემა რომ იყო, დღევანდელ დღემდე, არ ახსოვს ისეთი მასშტაბური შოუ, როგორიც „რუსთავი 2-მა“ „ნიჭიერის” მესამე სეზონის ფინალში გვანახა. მართალია, შოუს მასშტაბურობა, ხარისხი და მაყურებლის ინტერესი მხოლოდ დაწესებული პრიზებით არ განისაზღვრება, მაგრამ, დამერწმუნეთ, რომ ეს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს წარმატების კოეფიციენტს. ამ გადმოსახედიდან „ნიჭიერის” ფინალმა უმაღლესი კოეფიციენტი აიღო – ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მაყურებელი, თიკასთან და ვანიკოსთან, მონაწილეებთან და ჟიურის წევრებთან ერთად, ხმამაღლა გამოხატავდა აღფრთოვანებას. პირადად მე ტელევიზორთან ვიჯექი, მეტირებოდა, მიხაროდა და თან, მიკვირდა ყოველი ახალი პრიზი. „ორბი ჯგუფის” მიერ დაწესებული ნომერი ბათუმის „აპარტ-ოტელში“ გამარჯვებულს ერგო. ნონა გიუნაშვილს ერგო, ასევე, ჟიურის მიერ დაწესებული ახალთახალი ავტომობილი „ჰიუნდაი აქცენტი” და 50 000 ლარი „საქართველოს ბანკისგან“. „საქართველოს ბანკმა“ რომ მთელი საქართველო შოკში ჩააგდო, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია – ყველა მონაწილეს ათ-ათი ათასი ლარი; ოცდაათი ათასი ლარი სამ უნიჭიერეს გოგონას – ჯგუფ „აკრობუმს” გადაეცა, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ და სავარჯიშოდ ელემენტარული პირობებიც კი არ აქვთ. „საქართველოს ბანკისგან“ და „ბარამბოსგან” კი ერთობლივად, 15 000 ლარი შეხვდა „ლურჯ იალქანს”, პრიზები „ჯეოსელისგან” ჩემს ერთ-ერთ ფავორიტს, ჯგუფ „თესეუ არტს” გადაეცა. მოკლედ, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მიუხედავად იმისა, რომ გეგა ფალავანდიშვილი და პროექტის პროდიუსერი გიორგი ხაბურძანია წინა დღეებში მუდმივად იმეორებდნენ საინფორმაციო საშუალებებით, რომ ეს იქნებოდა დაუვიწყარი ფინალი, პირველ ყოვლისა, ფინალისტებისთვის. წარმომიდგენია, ამ ფინალის შემდეგ რა მოხდება „ნიჭიერის” მომავალი სეზონის ქასთინგზე! ვფიქრობ ეს დრო ხომ არ გამოვიყენო და რამე ნიჭი ხომ არ აღმოვაჩინო, განვავითარო საკუთარ თავში... – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ამ პრიზებზე და ამ შოუზე რომ არც ერთი ნიჭიერი მოქალაქე აღარ იტყვის უარს, ეს ფაქტია.