კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-26(600) 

– ჩვენ ხომ გადავეცით, რომ ტერორისტები განეიტრალებულები არიან და, იარაღს რატომღა გვიშვერენ? – თქვა ბორტმექანიკოსმა.
– თავს  იზღვევენ, – უპასუხა მეთაურმა.
– მარტო ეს არ უნდა იყოს მიზეზი, – ვთქვი მე, – ვფიქრობ, რომ კუბელ საიდუმლო პოლიციელებს ტერორისტების გამანეიტრალებლის ხელში ჩაგდება სურთ და, მფრინავებისა და სტიუარდესების გარდა, ყველას დაკითხვაზე წაიყვანენ. ამიტომ, თქვენი დახმარება მჭირდება და ერთ-ერთმა თქვენგანმა პილოტის ფორმა უნდა მათხოვოს.
პილოტის ფორმა მეორე მფრინავმა მათხოვა და ავიალაინერიდან ეკიპაჟის დანარჩენ წევრებთან ერთად გამოვედი, რომლებიც ვლადიმირ სერგეევიჩისგან უკვე ინსტრუქტირებულები იყვნენ, რომ ჩემზე სიტყვაც არავისთან დაეძრათ.
როგორც ვვარაუდობდი, კუბელმა ძალოვნებმა მხოლოდ ეკიპაჟის მეთაურის მონათხრობს მოუსმინეს და არ დამაკავეს, ხოლო დანარჩენი ორასი მგზავრი, დაკითხვის საბაბით აეროპორტის საბაჟოს შენობაში შერეკეს. სინამდვილეში კი, ისინი მე მეძებდნენ.
როგორც კი პილოტებისთვის განკუთვნილი ოთახისკენ დავიძარით, ჩვენ წინ ორი შავი ფერის „ვოლგა“ გაჩერდა, საიდანაც საბჭოთა ელჩი, საბჭოთა კონსული და სამხედრო ატაშე გადმოვიდნენ. ატაშე პირდაპირ ჩემთან მოვიდა და მითხრა:
– ტერორისტები თქვენ გაანეიტრალეთ?
– დიახ, – მივუგე მას და დავამატე, – აი, ის ადამიანები, კუბელებმა ვითომდა დასაკითხად წაიყვანეს, სინამდვილეში კი, ვფიქრობ, მე მეძებენ. იქნებ, გადააფიქრებინოთ მათ ამის გაკეთება? მით უმეტეს, რომ მათ შორის არის მეორე პილოტი, რომელმაც ეს ფორმა მათხოვა. ტყუილს რომ აღმოაჩენენ, რა იცით, რას უზამენ მას.
– ესღა გვაკლია, რომ ის შავტრაკები საბჭოეთის მოქალაქეს შეეხონ! – აღშფოთდა სამხედრო ატაშე, მერე საბჭოთა ელჩთან მივიდა, რამდენიმე სიტყვა ჩასჩურჩულა, კვლავ ჩემთან დაბრუნდა და მითხრა: – ყველაფერი მოგვარდება. თქვენ კი ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდეთ საელჩოში. აქ ყურადღებას იპყრობთ და ეს არასასურველია.
მე და სამხედრო ატაშე ერთ-ერთ „ვოლგაში“ ჩავსხედით და საბჭოთა საელჩოში დავბრუნდით. ორი საათის შემდეგ კი უკვე საბჭოთა ტანკერის ბორტზე ვიმყოფებოდი და სამშობლოში ვბრუნდებოდი. მოსკოვში რომ ჩავედი და შჩუკინს ვეახლე, გენერალმა ამაყი მზერა მესროლა და მითხრა:
– არა, ძმაო, მსოფლიოს არა მარტო სილამაზე გადაარჩენს, არამედ, საბჭოთა ჯარისკაცი, პატრიოტი, პატიოსანი და თავდადებული. ყოჩაღ, კოკი! შენ ნამდვილი კაცი ხარ, მებრძოლი, ჭკვიანი და საიმედო!
ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვების გულწრფელობაში იოტისოდენა ეჭვიც არ შემპარვია, თუმცა, ეს იყო საბჭოთა-რუსული მესიანიზმის გამოძახილი, რომლის მიხედვითაც საბჭოეთი მსოფლიოს მხსნელი იყო. მაშინ, მე ამის ბრმად მჯეროდა. წლების შემდეგ, ცოტა არ იყოს, შემერყა რწმენა. ახლა კი ამ იდეამ ჩემში ტრანსფორმაცია განიცადა და, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის გარეშე, მისი აქტიურობის გარეშე მსოფლიო ძალიან ფეთქებადსაშიშია, რამაც, შეიძლება გლობალური კატასტროფა გამოიწვიოს. ამიტომ მხარს ვუჭერ „მეორე პოლუსის” სასწრაფოდ დადგენას და ეს პოლუსი ძლიერი რუსეთი და მისი მეკავშირეები უნდა იყვნენ.
ამას წინათ თბილისში ერთი კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც სულ სხვა სახელი ერქვა, სინამდვილეში კი იქ შეკრებილი ადამიანები იმაზე მსჯელობდნენ, თუ როგორ შეესუსტებინათ რუსეთი და როგორ გაეძლიერებინათ ისედაც ძლიერი, გაყოყოჩებული და გაუმაძღარი ამერიკა. იქ მეც ვიმყოფებოდი, რა თქმა უნდა, შენიღბული, რადგან ერთ შეკვეთას ვასრულებდი და მიზანი ყველას თვალწინ უნდა გამენადგურებინა. ობიექტი მოსკოვიდან ჩამოსული რუსი პოლიტოლოგი იყო, რომელიც დემოკრატიის საფარქვეშ ამერიკელებს ემსახურებოდა, რაშიც ის სოლიდურ დაფინანსებას იღებდა. შემკვეთი ვინ იყო, არ ვიცი, მაგრამ, ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა და ანტიამერიკანიზმისკენ იყო მიმართული, მით უმეტეს, რომ ის თბილისში უნდა განხორციელებულიყო, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ საქართველო ასე ადვილად ვერ გახდებოდა ამერიკის დასაყრდენი და რომ ანტიამერიკული ძალები საქართველოსთვის კბილებით იბრძოლებდნენ.
– თქვენზე ამბობენ, რომ დედამიწის ზურგზე საუკეთესოთა შორის საუკეთესო ხართ და ნებისმიერი სამიზნის განადგურება ძალგიძთ. ამიტომაც გიხდით მილიონ ევროს. სამაგიეროდ, ისე ოსტატურად უნდა შეასრულოთ ეს საქმე, რომ ანტირუსულად განწყობილ არც რუსს და არც არარუსს აღარ გაუჩნდეს რუსეთის უსაფუძვლოდ ლანძღვის სურვილი. შეძლებთ?
– შევძლებ! – მოკლედ მოვუჭერი შემკვეთს და დათქმულ დღეს ობიექტი რამდენიმე ასეული ადამიანის თვალწინ გავანადგურე. ის მე დისტანციური მართვის პულტით ტრიბუნაზე გამოსვლის წინ ავაფეთქე. მას თავი მოსწყდა, ხელ-ფეხი მოსძვრა და ტანში გადაწყდა, ანუ ნაწილებად დაიშალა, გარშემო მყოფებს კი ერთი პატარა ნაკაწრიც არ ჰქონიათ.
სხვათა შორის, ეს ამბავი მხოლოდ გაკვრით გაშუქდა მასმედიაში, რადგან, თავად ამერიკელებს ერჩევნათ, რომ აჟიოტაჟი არ აეტეხათ. მე გამალებით მეძებდნენ, თუმცა, ვერ მომაგნეს და ამ ამბავს რამდენიმე ბობოლა ძალოვნის თანამდებობა შეეწირა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ აფეთქების მომენტში დარბაზში მაღალი თანამდებობის პირები ისხდნენ, რომელთა ნაწილი უკვე ნამყოფი იყო ტრიბუნაზე, ნაწილი კი მერე უნდა გამოსულიყო. ამიტომ, შესაძლებელი იყო, რომ, სურვილის შემთხვევაში, ნახევარი მთავრობა დაღუპულიყო და საკადრო ცვლილებები ამის გამო განხორციელდა. სამაგიეროდ, რუსული და ევროპული პრესა გააქტიურდა, სადაც თბილისური ამბავი ფართოდ გაშუქდა, ამ ყველაფრის საერთო და მთავარი აზრი კი ის იყო, რომ რუსეთი, მართალია, ფორმალურად წავიდა საქართველოდან, მაგრამ, მაინც დიდი გავლენა და შესაძლებლობები აქვს და, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია იქ სიტუაციის დესტაბილიზაცია.
ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ, შჩუკინის თხოვნით, ერევნის გავლით მოსკოვში ჩავედი.  რომ შევხვდით, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:
– თბილისში განხორციელებული ლიკვიდაცია შენს ხელწერას ჰგავს, რამე ხომ არ მეშლება?
– დიახ, ჩემი ნამუშევარია.
– შემკვეთს თუ იცნობ?
– არა, მხოლოდ ვხვდები, ვინც არის.
– მაინც ვინ გგონია?
– „ეფესბე“.
– დიახ, ისინი არიან და ფრთხილად იყავი. ინფორმაცია მაქვს, რომ აი, ამ პიროვნების ლიკვიდაციას შეგიკვეთენ, ეს კი უკიდურესად სახიფათო საქმეა, – შჩუკინმა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ქართველის სურათი მაჩვენა და დაამატა: – ეს კაცი „ცეერუს“ და, საერთოდ, ამერიკის მთავრობის დანიშნული პირდაპირი ზედამხედველია საქართველოში. „ეფესბეში“ მოკალათებულ ქორებს ჰგონიათ, რომ მისი მოკვლით ამერიკას დააშინებენ და უკან დაახევინებენ, ეს კი უაზრობაა. ისინი თბილისში სხვას მოძებნიან, დაფინანსებას გაზრდიან და რუსეთის ამოცანას – დაიბრუნოს საქართველო, უფრო მეტად გაართულებენ. ამიტომ ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს შეკვეთა არ უნდა მიიღო და არ უნდა შეასრულო. მეტიც, შენ ის სააშკარაოზე უნდა გამოიტანო, რომ „ეფესბეში“ გონებას მოუხმონ და მეზობელი სახელმწიფოს მაღალჩინოსნების ხოცვაზე ხელი აიღონ.
– თქვენი აზრით, რა უნდა ვქნა? ბოლოს და ბოლოს „ეფესბე“ თავის კაცს გამოგზავნის, ან, სულაც სხვა შემსრულებელს დაიქირავებს.
– ერთი გეგმა მაქვს და, ვფიქრობ, იმუშავებს: შენ მოსკოვში უნდა დარჩე და, შეკვეთას რომ მოგცემენ, შეხვედრაზე სხვა გაგზავნო, ყველაფერი გადაიღო და შემდეგ იმ მასალას სათანადო მსვლელობა მისცე.
– ვინ უნდა გავგზავნო?
– ვინმე ბომჟი, რომელსაც წესიერად ჩააცმვამ და  მოაწესრიგებ, თან, დაარწმუნებ, რომ შოუში მონაწილეობს, რის მერეც მას ფულს გადაუხდი. ასეთი შოუები რუსეთში ხშირად ეწყობა, ეს ბომჟებმაც იციან და არ გაუკვირდებათ.
– კარგი, თანახმა ვარ.
მე კონსპირაციულ ბინაში დავსახლდი, შევინიღბე და მეორე დღეს ერთი ბომჟი შევარჩიე, რომელსაც „რეალურ შოუში” მონაწილეობა შევთავაზე, რაზეც მან მითხრა:
– რა უნდა გავაკეთო?
– მკვლელობის შეკვეთა მიიღო. სულ ეს არის. მანამდე კი უნდა დაიბანო, მოწესრიგდე, წვეთი ალკოჰოლი არ მიიღო და ბოლოს გასამრჯელოდ ორი ათას ევროს მიიღებ. გაწყობს?
– მაწყობს, მაგრამ, თქვენ წინადადებას ორი დიდი მინუსი აქვს: ყველაზე ძნელი ის, რომ არ უნდა დავლიო; თანაც, ისე მივეჩვიე დაუბანლობას, რომ სისუფთავეს, ალბათ, ვერ ავიტან.
– რას იზამ, ძმობილო, ცხოვრება ზოგჯერ სირთულეებითაა სავსე და უნდა ავიტანოთ. ცოტა გაიჭირვე, სამაგიეროდ, ორი ათას ევროს რომ მიიღებ, რამდენიც გინდა, სვი და ჭამე, იგულავე და დატკბი ცხოვრებით.
ბომჟი ძალიან განათლებული ადამიანი აღმოჩნდა. ის ფილოსოფიის დოქტორი ყოფილა და გერმანულ ფილოსოფიაზე ისეთი გატაცებითა და საქმის ცოდნით მელაპარაკებოდა, მისი მოსმენა ერთ რამედ ღირდა.
სანამ მე ბომჟს ვამზადებდი, შემკვეთმა შეხვედრა შემომთავაზა, რაზეც ვუპასუხე, რომ ერთ კვირაში შევხვდებოდი. ერთი კვირის შემდეგ კი, ფარული გადამღები აპარატურით აღჭურვილი ბომჟი შეხვედრაზე გავუშვი. მე შორიახლო ვიმყოფებოდი, თან, მათი შეხვედრის მოსმენის საშუალება მქონდა.
– გამარჯობა, – მიესალმა შემკვეთი ბომჟს, – ამ საქმეში მილიონ ევროს ვიხდით, ოღონდ, თქვენთვის ჩვეული პროფესიონალიზმით უნდა შესრულდეს.
ბომჟი კარგად მყავდა ინსტრუქტირებული და მიუგო:
– ჩემი ყოველი საქმე ხელოვნების ნიმუშია და უკუდო, ასე რომ, ჩემო მეგობარო, არც ეს იქნება გამონაკლისი.
– აი, ესაა ობიექტი, – შემკვეთმა ბომჟს ქართველი მაღალჩინოსნის სურათი უჩვენა და დაამატა: – ლიკვიდაცია რუსთაველის გამზირზე უნდა მოხდეს, სწორედ მაშინ, როდესაც ობიექტი ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას პარლამენტის შენობის წინ გაასეირნებს.
„კვლავ ამერიკელების თვალწინ უნდათ მათი საიმედო კაცის მოკვლა, – გავიფიქრე გუნებაში, – რუსეთი აღარ ხუმრობს და, ეტყობა, გადამწყვეტი იერიშისთვის ემზადება“.
– გასაგებია. საქმე დროულად და უმაღლეს დონეზე გაკეთდება. ახლა კი, თუ მეტი საქმე არ გაქვთ, წავედი.
– ნახვამდის.
ბომჟი პირველი წავიდა შეხვედრიდან და, როგორც დავარიგე, ზუსტად ისე მოიქცა. მართალია, მას „კუდზე” არავინ დააჯდა, მაგრამ, რამდენიმე მარშრუტი და  ტრანსპორტი შეიცვალა და, კონსპირაციულ ბინაზე რომ მოვიდა, მითხრა:
– ბევრი ვიარე და, ცოტა არ იყოს, დავიღალე.
– მერე, რა პრობლემაა, აი, დალიე, – ვუთხარი ბომჟს, ნათალი ჭიქა ორასი გრამი არყით ავუვსე, რომელშიც საძილე წამალი იყო გარეული და გავუღიმე.
– უკვე შეიძლება? – გაუხარდა ბომჟს.
– კი. მიირთვი, გაამოს.
ბომჟმა სულმოუთქმელად გადაკრა არაყი და იქვე მიეძინა, მე კი მას სხეულზე დამაგრებული, ფარული გადაღების აპარატურა მოვაშორე, მასალა შევამოწმე და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი მშვენივრად იყო დაფიქსირებული. შემდეგ ორი ასლი გავაკეთე, ბომჟს მაგიდაზე ოცი ათასი ევრო და ნაბეჭდი ბარათი დავუდე, რომელშიც ეწერა: „ეს ფული თქვენია და ეცადეთ, არ გაანიავოთ. ძალიან საშიშ საქმეში ხართ გარეული და, თუკი შეეცდებით ცხოვრების ნორმალურ რიტმში ჩადგომას, მოახერხებთ კიდეც. თქვენ განათლებული კაცი ხართ, ფილოსოფოსი, ცხოვრებას ფილოსოფიურად მიუდექით და ეცადეთ, ყველაფერი თავიდან დაიწყოთ. გირჩევთ, მოსკოვიდან გადაიხვეწოთ და იმიჯი შეიცვალოთ. გისურვებთ წარმატებას!“
ბომჟისთვის გადახდილი ათმაგი თანხა მისთვის საკმარისი იქნებოდა, რომ რუსეთის რომელიმე პერიფერიაში ჩაკარგულიყო. „ეფესბე“, რა თქმა უნდა, მას ყველგან მიაგნებდა, თუკი მოისურვებდა, მაგრამ, ეს ნაკლებად სავარაუდო იყო, რადგან ის მხოლოდ უნებლიე შემსრულებელი იყო და „ეფესბეში“ ამის მიხვედრა არ გაუჭირდებოდათ. ამიტომ, ბომჟის ბედზე არ ვღელავდი კონსპირაციული ბინიდან ჯერ შჩუკინს შევხვდი და გადაღებული მასალა გადავეცი, შემდეგ კი აეროპორტში გავემგზავრე და ერევნის გავლით კვლავ თბილისში დავბრუნდი.
გამომშვიდობების წინ შჩუკინმა მითხრა:
– ეს მასალა დღესვე გადაიგზავნება „ეფესბეში“, „ცეერუში“ და თბილისში. ვფიქრობ, მყისიერი რეაგირება მოხდება და ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ჩვენ განვსაზღვრეთ.
– იმედია, ვიქტორ იაკოვლევიჩ. ნახვამდის, – მივუგე შჩუკინს და დავშორდი.
როგორც ჩანს, საქმეში ამერიკელები ჩაერივნენ და ობიექტის ლიკვიდაციის ბრძანება „ეფესბეში“ უმაღლეს დონეზე გაუქმდა. ეს ამბავი კი არც რუსულ მედიაში გაშუქებულა, არც ქართულში და არც ამერიკულში. აშკარა იყო, რომ კულისებს მიღმა დიდი და გამოცდილი ძალები მოქმედებდნენ და ერთ-ერთ ასეთ ფრთას შჩუკინი და მისი ხალხი წარმოადგენდნენ. ვიქტორ იაკოვლევიჩმა იმდენი რამ იცის და ისეთ ზესაიდუმლო ინფორმაციებს ფლობს, რომ, რადგან ის თავიდან არ მოიშორეს, ნათელია, მას ვიღაც ძლიერი მფარველი ჰყავს. ან, სულაც, თვითონაა რომელიმე პირამიდის წვერზე მოქცეული და თავად მფარველობს საჭირო ხალხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი აქტიური ვერ იქნებოდა და, მას, უბრალოდ, მოკლავდნენ. მით უმეტეს, რომ ასეთი არაერთი საქმე გამიკეთებია და, როგორც „კაგებეს“, ასევე პარტიის ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი მომიშორებია ჩემი უწყების თხოვნით.
ერთხელ, ჯერ კიდევ შუა „ზასტოის“ დროს, ვიქტორ იაკოვლევიჩმა კაბინეტში დამიბარა და მითხრა:
– ერთი ძალიან დელიკატური მისია უნდა დაგაკისრო. მართალია, ეს საქმე რთული შესასრულებელი არ არის და შენი კვალიფიკაციის ადამიანი არ სჭირდება, მაგრამ, საქმე საიდუმლოების დაცვაზეა და შენ, ამ მხრივ ყველაზე საიმედო ხარ.
– გმადლობთ შექებისთვის, ამხანაგო გენერალო. გისმენთ.
– აი, ეს კაცია ობიექტი, – შჩუკინმა პენსიონერი ფუნქციონერის სურათი მიჩვენა, რომელიც, სულ რაღაც, სამიოდე წლის წინ ქუხდა მთელ ქვეყანაში. მას უცხოეთში კარგად იცნობდნენ და ლეონიდ ბრეჟნევის მემკვიდრედ მიაჩნდათ. თუმცა, მოულოდნელად მას ყველა პოსტი დაატოვებინეს და პენსიაზე გაუშვეს.
– ეტყობა, რაღაც ძალიან დააშავა, – ვთქვი მე, ვიქტორ იაკოვლევიჩმა კი მომიგო:
– ჯერჯერობით არა, მაგრამ, აპირებს, ჩვენ კი პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ. ეს ყოველივე კი ისე უნდა  გაკეთდეს, რომ ლიკვიდაციის კვალი არსად გამოჩნდეს.
– რამე გეგმა გაქვთ?
– ჰო.
– ბრძანეთ.
– ზეგ ეს კაცი სოჭში მიემგზავრება და „ცეკას” კოტეჯში დაბინავდება დასასვენებლად. შენ მისი მოსამსახურე იქნები, ჩაიში სპეციალურ სითხეს ჩაუსხამ, რომელიც მას ინფარქტს დამართებს, გაკვეთა კი რამე საეჭვოს ვერ აღმოაჩენს. გასაგებია?
– დიახ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. იმოქმედე, წარმატებას გისურვებ!
ორი დღის შემდეგ ობიექტი ჩაის სმის დროს გარდაიცვალა ინფარქტით. ის მოსკოვში გადაასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს. „ამერიკის ხმას“ და „რადიო თავისუფლებასაც“ კი არ გამოუთქვამს მისი სიკვდილის გამო იოტისოდენა ეჭვი, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქმე სუფთად შესრულდა.
– მშვენიერია, კოკი. ახლა კი შეგიძლია, ყირიმში დაბრუნდე შენს ოჯახთან და დაისვენო, – მითხრა შჩუკინმა და კაბინეტიდან გამომაცილა.
ზაფხული იყო. მე და მერი ბავშვებთან ერთად იალტაში ვისვენებდით და მოსკოვიდან მათთან დავბრუნდი, მაგრამ, ოთხი დღის შემდეგ კვლავ მოსკოვში დამიბარეს. შჩუკინს რომ ვეახელი, მითხრა:
– ბოდიშს გიხდი, კოკი, მაგრამ, ახალი მისია უნდა შეასრულო და ნუ გვიწყენ.
– მზად ვარ, ამხანაგო გენერალო, გისმენთ! – მივუგე შჩუკინს.
– კვლავ კონტინენტის შეცვლა მოგიწევს – კანადის უკიდურეს ჩრდილოეთში უნდა გაემგზავრო, სადაც ახლა მინუს ოცდაათი გრადუსია, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, მაგიდაზე რუკა გაშალა და ამიხსნა: – აი, ამ წერტილში, მეტეოროლოგიური სადგურის საფარქვეშ, მიწისქვეშა, საიდუმლო ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ფუნქციონირებს. შენი და შენი ხელქვეითების მიზანია მისი ბლოკირება, ანუ, სპეციალური აფეთქების მეშვეობით თქვენ ის უნდა ჩაძიროთ და ამით ხელი შეუშალოთ იმ დანაშაულებრივი ექსპერიმენტების მიმდინარეობას, რომლებიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენი ინფორმაციით, მათ იქ ციმბირის წყლულის უახლესი ბაქტერია შეიმუშავეს, რომელიც უსწრაფესად ვრცელდება, სამკურნალო ვაქცინა კი მხოლოდ მათ აქვთ. ჩვენმა მეცნიერებმა მისი პოვნა ვერ მოახერხეს და სწორედ ამიტომ გადაწყდა სადგურის ჩაძირვა.
– ვაქცინა რომ მოვიტაცოთ.
– არა, ეს ძალიან სარისკოა, რადგან ის ძალიან შენიღბულად აქვთ შენახული და, შეიძლება, შეგვეშალოს. დრო კი არ ითმენს, ამიტომ, აფეთქება და ჩაძირვა ვამჯობინეთ.
– აფეთქებამ რომ ბაქტერიების გავრცელება გამოიწვიოს? – არ ვცხრებოდი მე.
შჩუკინს კი გაეღიმა:
– ლაბორატორიის ჩაძირვის შემთხვევაში, მიწისქვეშა სარკოფაგი ავტომატურად, საიმედოდ  იხურება და ორი წლის განმავლობაში იქ არსებული ყველა მასალა ნეიტრალდება. ეს ყველაფერი მშენებლობის პროექტებშია გათვალისწინებული: ლაბორატორიის თავზე მოწყობილი ხელოვნური ტბა ერთადერთ მიზანს – ექსტრემალურ სიტუაციაში ლაბორატორიის ჩაძირვას ემსახურება. ამიტომ, შენ და შენმა ჯგუფმა ტბის ფსკერზე უნდა ჩააღწიოთ, თექვსმეტი „შლუზი” უნდა დანაღმოთ და ააფეთქოთ – სულ ეს არის. სამუშაო უახლოესი სამი დღის განმავლობაშია შესასრულებელი.
– ლაბორატორიაში რამდენი ადამიანი მუშაობს? – ვკითხე შჩუკინს, რომელიც მიხვდა ჩემი შეკითხვის დედააზრს და სრული პასუხი გამცა:
– ხუთასი. მაგრამ, როგორც კი „შლუზები” აფეთქდება, მიწისქვეშა საევაკუაციო სისტემა ამოქმედდება და ყველა თანამშრომელს გადაარჩენენ. ასე რომ, შენ მასობრივი  მკვლელობის მოწყობა არ დაგჭირდება, მხოლოდ ზესაიდუმლო ლაბორატორიას გაანადგურებ, რომლის მშენებლობაც ამერიკის მთავრობას ოთხი მილიარდი დოლარი დაუჯდა.
– გასაგებია. როდის უნდა გავემგზავრო?
– ამაღამვე. ტორონტოში შენ ჯგუფის კიდევ ხუთი წევრი შემოგიერთდება და საჭირო აღჭურვილობაც მათ აქვთ.
ადგილზე რომ ჩავედი და ტერიტორია დავათვალიერე, თავდაპირველ გეგმაში რამდენიმე შესწორების შეტანა გახდა საჭირო. უპირველესად, შესრულების დრო შევცვალე და დღის ნაცვლად ღამე დავნიშნე, რათა მიმალვის მეტი შანსი გვქონოდა. ამიტომ, რეკვიზიტის სახით ძლიერი ფანრები მოვითხოვე, რომლებიც ძალიან ოპერატიულად მოგვაწოდეს და ყველაფერი მზად რომ იყო, ღამის 3 საათზე საქმეს შევუდექით. მინუს ოცდათერთმეტგრადუსიან ყინვაში ტბის ყინული გავხვრიტეთ და სპეცსკაფანდრებით ტბის ფსკერზე ხუთნი დავეშვით, ერთი კი ზემოთ დავტოვეთ, იმ შემთხვევისთვის, თუ ტბა გაიყინებოდა და ახალი ჭრილის გაკეთება გახდებოდა საჭირო. მოსამზადებელი სამუშაოები სამ საათს გაგრძელდა და დილის 6 საათზე ლაბორატორიის ასაფეთქებლად მზად ვიყავით. მაგრამ, ტბა გაყინული დაგვხვდა და, სანამ ის ჩვენმა კოლეგამ გახვრიტა, კიდევ ოცი წუთი გავიდა. ამასობაში ნელ-ნელა ირიჟრაჟა კიდეც. ჩვენ სასწრაფოდ გამოვიცვალეთ სამოსი, სპეციალურ სკუტერებში მოვკალათდით და, გასაქცევად მზად რომ ვიყავით, დისტანციური მართვის პულტს თითი დავაჭირე და „შლუზები” ავაფეთქე... წყალი ქვევით დაიძრა და ჩვენ თვალწინ გრანდიოზული სანახაობა გადაიშალა: მილიონობით კუბმეტრი წყალი სულ რაღაც ათ წუთში ჩაიღვარა საიდუმლო ლაბორატორიაში და ტბის ადგილას უზარმაზარი ორმო დარჩა.
– აბა, გავეცალოთ აქაურობას! – ვუბრძანე ხელქვეითებს და მთელი ჯგუფი იქიდან წავედით. თხუთმეტი წუთის შემდეგ უკვე მატარებელში ვისხედით და ქვეყნის შუაგულში ვბრუნდებოდით. ჩემი კოლეგები მონრეალში დავტოვე, მე კი თვითმფრინავით ჯერ ნიუ-იორკში ჩავფრინდი, იქიდან კი მოსკოვში გავემგზავრე.
– გრანდიოზული შოუ იყო. ტბა და ლაბორატორია სამუდამოდ შეერწყა ერთმანეთს, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც მოსკოვში ჩავედი და ჩატარებული ოპერაციის ანგარიში ჩავაბარე.
ჩვენი უწყების ხელმძღვანელობა თავიდანვე ვარაუდობდა, რომ კანადური ვოიაჟი უკვალოდ არ ჩაივლიდა და საამისოდ წინასწარ იჭერდნენ თადარიგს. ჯერ კიდევ კანადაში გამგზავრების წინ მუხინმა მითხრა:
– ლაბორატორიას რომ გავუნადგურებთ, ამერიკელები საპასუხო აქციის ჩატარებას შეეცდებიან ჩვენთან და უსაფრთხოების ზომები ყოველმხრივ, ყველგან უნდა გავაძლიეროთ.
მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ჩატარებულ ნებისმიერ სპეცოპერაციას ყოველთვის ანალოგიური პასუხი მოსდევდა. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, საბჭოთა კავშირი წარმატებით ახერხებდა ხოლმე თავდაცვას და „კაგებე“ მოწოდების სიმაღლეზე იყო. ამერიკელებს არც ამჯერად გამოუვიდათ რევანში – ურალში განლაგებული მიწისქვეშა ლაბორატორიის ასაფეთქებლად გამოგზავნილი სპეცჯგუფი ავიყვანეთ, რომლებიც გაასამართლეს და 15-15 წლით გამოამწყვდიეს მკაცრი რეჟიმის ციხეში.
თექვსმეტი ამერიკელი სპეცრაზმელის საჩვენებელი სასამართლო მოსკოვში გაიმართა, რომელზეც დასავლეთელი ჟურნალისტებიც დაუშვეს და მათ დაწვრილებით გააშუქეს ყველა სხდომა, რომლებზეც ამერიკელები დაწვრილებით ყვებოდნენ ჩაფლავებული ოპერაციის მზადების პროცესს. მათ რამდენიმე ამერიკელი ფუნქციონერის გვარიც დაასახელეს.
– ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა ამერიკისთვის, – უხაროდა შჩუკინს, – როგორც ლენგლიდან მაცნობეს, „ცეერუს“ ფუნქციონერები გიჟებს ჰგვანან და თმებს იგლეჯენ.
მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე მოხდა და საბჭოეთმა ყოველთვის ისე კვალიფიციურად და საჯაროდ ჩაატარა სასამართლო, რომ, ყველაზე ტენდენციურმა და მტრულად განწყობილმა ადამიანებმაც კი, ვერანაირი ხინჯი ვერ აღმოაჩინეს. ერთხელ კი ორი საბჭოთა დივერსანტი დააპატიმრეს ამერიკაში, რომლებსაც ერთ-ერთ ცათამბჯენში მდებარე გაზეთის რედაქცია უნდა გადაეწვათ, სადაც ანტისაბჭოთა პასკვილები მზადდებოდა. ეს იმდენად  მარტივი დავალება იყო, რომ საშუალო კვალიფიკაციის აგენტიც კი ადვილად შეასრულებდა. მაგრამ, ორივე შემსრულებელი ადგილზევე დააკავეს. რომ გაიგეს, საბჭოთა კავშირის მოქალაქეები იყვნენ, საქმეში „ეფბეერი“ ჩაერთო და ეს ყველაფერი ისე გააფიარეს, იფიქრებდით, საქმე პრეზიდენტის მკვლელობას ეხებაო. ამიტომ, შჩუკინმა დამიძახა და მითხრა:
– ეგრეთ წოდებულ მომავალ საუკუნის პროცესზე რას იტყვი, რომელსაც ამერიკელები ჰპირდებიან მსოფლიოს?
– რას გულისხმობთ?
– როგორ, „ამერიკის ხმას“ არ უსმენ?
– არც მე ვუსმენ, ჩემს ცოლსაც ვურჩიე, რომ არ მოუსმინოს. რა ხდება?
– ამერიკაში ორი კრეტინი დააპატიმრეს, რომლებსაც, უბრალოდ, რუსი ემიგრანტების გაზეთის რედაქცია უნდა გადაეწვათ, რა თქმა უნდა, ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე. ისინი კი დაცვამ დააკავა. შემდეგ გაიგეს, რომ ჩვენები იყვნენ, საქმეში ფედერალები ჩართეს და ერთი ამბავია ატეხილი. ორ კვირაში სასამართლოა და დააანონსეს, რომ საბჭოთა ტერორისტებს გააშიშვლებენ და საბჭოთა ტერორისტულ მანქანას ამხელენ. ერთი სიტყვით, ათასი პროპაგანდისტული სისულელე აქვთ ჩაფიქრებული. ჩვენთვის  ყველაზე კარგი კი ის არის, რომ დაპატიმრებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ თითქოს რედაქციაში სეიფის გასაქურდად იყვნენ მისულები.
– მათი საბჭოელობა საიდან დადგინდა?
– პასპორტებით, რომლებიც სასტუმროში ჰქონდათ.
– დავალებაზე საბჭოთა პასპორტებით გაგზავნეთ?
შჩუკინმა თავი გააქნია, საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიიდო და თქვა:
– საქმეც ისაა, რომ ეს იმდენად მარტივი საქმე იყო, ის კრეტინები ტურისტებად ჩავიდნენ შტატებში და საჭიროდ არ ჩავთვალე ზეკონსპირაცია. სწორედ ამიტომაც დავისაჯეთ. სისულელე დაგვემართა.
– ვის არ მოსვლია, ამხანაგო გენერალო. მთავარია, რომ ისინი სწორად იქცევიან.
– კი, უძლებენ, მაგრამ, რა იცი, რა მოხდება? კიდევ ორი კვირა აქვთ, ფედერალებს, რომ ისინი კარგად დაამუშაონ და, მაშინ კი იანკები მნიშვნელოვან დარტყმას მოგვაყენებენ. ამიტომ, ჩვენები უნდა გამოვიხსნათ და აქ იმიტომ დაგიბარე. ახლა მუხინი შემოგვიერთდება და დანარჩენ დეტალებს ის გვეტყვის, – მითხრა შჩუკინმა. მალე მუხინიც შემოგვიერთდა და თქვა:
– პატიმრები ქალაქ მემფისში ჰყავთ გამომწყვდეული მკაცრი რეჟიმის ციხეში, სადაც შეღწევა და ჩვენების გამოყვანა შეუძლებელია, რადგან ეს დიდ მსხვერპლთანაა დაკავშირებული როგორც ჩვენმა ანალიტიკოსებმა გამოიანგარიშეს, ამას ასი-ას ოცი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება. ერთი სიტყვით, ეს ვარიანტი გამოირიცხა. სამაგიეროდ, გვაქვს ერთობ ორიგინალური იდეა, რომელსაც ძალიან ზუსტი და მაღალპროფესიული შემსრულებელი სჭირდება. ამიტომ შეგარჩიეთ შენ და კიდევ ის ოთხი ჩვენი თანამშრომელი, რომლებიც ავღანეთში, ხაფიზულა ამინის სასახლის აღებაში მონაწილეობდით. ხომ გახსოვს, კოკი?
– როგორ არ მახსოვს, ანდრეი ლუკიჩ, იმ ოპერაციას თქვენ კურატორობდით და მაშინ გაგიცანით.
– ჰო, ასე იყო. ახლა კი საქმეს დავუბრუნდეთ, – მითხრა მუხინმა, მაგიდაზე რუკა გაშალა და განაგრძო: – აი, ეს არის მემფისის ციხე, სადაც პატიმრები ჰყავთ გამომწყვდეული; ეს კი – იუსტიციის სასახლე, სადაც ისინი უნდა გაასამართლონ. ციხიდან იუსტიციის სასახლემდე ოცი კილომეტრია და მათ დაჯავშნილი მანქანით წაიყვანენ, რომელსაც კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელების კორტეჟი გააცილებს. ესაა ამერიკელების მიერ დამუშავებული სქემა, რომელიც არ ჩავარდნიათ და იმედია, რომ ახლა ჩაუვარდებათ, რადგან ერთი წუნი აღმოვაჩინეთ მასში.
– რა წუნი?
– ის, რომ მათ ვერტმფრენი არ აცილებს. ამით ჩვენ ვისარგებლებთ და „კუდზე” პოლიციის ფერებში შეღებილი ვერტმფრენით დავასხდებით, რომელშიც შენ და შენი ხელქვეითები ისხდებით, – მითხრა მუხინმა, – ამ ოპერაციის ხელმძღვანელი შენ ხარ და დანარჩენები შენ დაგექვემდებარებიან.
– გმადლობთ ნდობისთვის.
– განვაგრძოთ, – მითხრა ანდრეი ლუკიჩმა, – ამ ოცკილომეტრიან გზაზე ერთი რკინის ხიდია, რომელიც მდინარე მისისიპიზეა გადებული და მთავარი მოვლენები სწორედ იქ განვითარდება: მასზე გადასვლის წინ ხიდი აფეთქდება და კორტეჟი შეჩერდება. ამ დროს კი თქვენი მძიმე ვერტმფრენი სპეციალური ტროსებით „ბრონევიკს” ჩაიბამს და მანქანას პატიმრებიანად გაიტაცებს. მთის იქით კი მეორე ჯგუფი დაგხვდებათ, რომელიც „ბრონევიკს” გახსნის, პატიმრებს გამოიყვანს და გატაცების ოპერაციაც მშვიდობიანად და წარმატებით დასრულდება.
– ანდრეი ლუკიჩ, ერთი კითხვა მაქვს.
– გისმენ, კოკი.
– გეგმა თითქმის იდეალურია, მაგრამ, ერთი ვერ გამიგია: ვერტმფრენი თუ არ არის გათვალისწინებული ამ საქმეში, მისი გამოჩენა ეჭვს არ გამოიწვევს გამცილებლებში?
– ესეც გათვალისწინებული გვაქვს: როგორც კი კორტეჟი წამოვა, ჩვენი თანამშრომელი მათ სიხშირეზე დაჯდება და გადასცემს, რომ, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მათ ვერტმფრენიც გაჰყვება. მთელი ოპერაციის განმავლობაში ჩვენ მათ სიხშირეზე ვისხდებით და მათ ჩვენთან ექნებათ კონტაქტი. გასაგებია?
– გასაგებია, – მივუგე მუხინს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

скачать dle 11.3