ტექნიკა – როგორც სამხილი
კაცი, რომელიც დიდ სახლში შევიდა, მაქსიმალურად ცდილობდა, შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მასპინძელი სერიოზული იყო და ცოტა პირქუშიც. მან ირონიულად შეხედა მისულს.
– დააგვიანეთ.
– უფრო ადრე არ შემეძლო. ჩემი აქ მოსვლა საიდუმლოდ უნდა დარჩეს.
– ფული მოიტანეთ?
– დიახ. ნაწილს ახლა გადმოგცემთ, ნაწილს – მაშინ, როცა ყველაფერი დამთავრდება.
მასპინძელი კიდევ უფრო მოიღუშა და თავი გააქნია:
– არა, ასე არ გამოვა. მთელ ფულს ახლავე მომცემთ, თუ არა და, წაბრძანდით და სხვა მონახეთ. მე ასე ვმუშაობ და ჯერ „იაღლიში“ არ მომსვლია. არ გაძალებთ. კიდევ არიან ამ საქმის შემსრულებლები.
– არა, არა, იმან, ვინც თქვენი თავი მირჩია, ძალიან გაქოთ, – მოსულმა ჯიბიდან ფულის რამდენიმე დასტა ამოიღო და მაგიდაზე დააწყო, – ვიცოდი, რომ ნაღდი ფული უნდა მომეტანა. ყელი გამიშრა, ჰოდა, ვისკის ვერ დამალევინებთ?
– ვერა. ჩვენ საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. თქვენ ახლა აქედან გახვალთ და დაივიწყებთ, სად იყავით.
– არ გინდათ, დავალება გაგიმეოროთ?
– არა. მიბრძანდით და მშვიდად იყავით, ყველაფერი კარგად იქნება. მშვიდობით...
ნახევარი საათის შემდეგ მასპინძელი თავის მდიდრულად მოწყობილ კაბინეტში ორ მამაკაცს ესაუბრებოდა, თან, შემფასებლურ მზერას არ აშორებდა:
– კიუტას, გარდნერ, ყველაფერი გაიგეთ?
– დიახ, მისტერ ფერგიუსონ, ეს უბედურ შემთხვევას უნდა ჰგავდეს. პირველად ხომ არ ვაკეთებთ ამას!
კიუტასი ადგილზე ვერ ისვენებდა, ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და ჰკითხა:
– საინჩერის საქმის მსგავსია?
– არა! – წარბი შეიკრა ფერგიუსონმა და გარდნერს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა, – პირიქით, საერთოდ არ ჰგავს და, მგონი, რამდენჯერმე გაგაფრთხილე, ძველი საქმეების შესახებ სიტყვა აღარ დაძრა-მეთქი. მით უმეტეს, გვარების ხსენება აღარ გაბედო.
– ოთახში ხომ ჩვენ მეტი არავინ არის? – მხრები აიჩეჩა კიუტასმა.
ფერგიუსონმა შეუბღვირა და გარდნერს რაღაც ანიშნა, მერე უჯრიდან ფულის ორი დასტა ამოიღო და სათითაოდ დაუდო წინ ორივეს. კიუტასმა თავის წილს მაშინვე სტაცა ხელი და წამოხტა.
– ქვემოთ ჩავალ და რამეს დავლევ, ხომ შეიძლება?
ფერგიუსონმა ოდნავ დაუქნია თავი, აცადა, სანამ კარს გაიხურავდა და გარდნერს მიუბრუნდა:
– შენ ხომ იცი, როგორ არ მიყვარს ძველი საქმეების გახსენება, სულერთია, სისულელით იქნება ეს თუ რამე სხვა მიზეზით. მე ის აღარ მჭირდება და გაითვალისწინე...
გარდნერმა ოდნავ დააქნია თავი.
... ჯეიმს უოლდ ბეიკერმა არაფერი იცოდა ამ მოლაპარაკებების შესახებ. ის საერთოდ არ იცნობდა ამ ხალხს, გარდა „სტუმრისა“. ფორმის შესანარჩუნებლად, ჯეიმსი ყოველ დილით დარბოდა ქალაქგარეთ, მინიმუმ ორ კილომეტრს. ზუსტად ეს მანძილი აშორებდა მის სახლს მისივე ფეშენებელური ოფისისგან. ძუნძულით მიდიოდა ყოველთვის მარტო, ერთი და იმავე მარშრუტით. ცოტას ფიქრობდა კიდეც... იმ დილითაც თავის კონკურენტ ფირმასთან წამოწყებულ კონფლიქტს განიხილავდა გონებაში. საუბარი იყო უახლესი მოდელის მოწყობილობაზე, რომლითაც უმცირესი ხმაურის სუფთად ჩაწერა იყო შესაძლებელი, თუნდაც ეს მოწყობილობა ტანსაცმლის შიგნით ან პიჯაკის ჯიბეში გქონოდა მიმალული. ჯეიმსი თან მირბოდა, თან მოწყობილობა ჩართო. აინტერესებდა, ღირდა თუ არა ამ მოწყობილობის წარმოებაში ფულის ჩადება. კონკურენტი ფირმა ყველა საშუალებით ცდილობდა მისთვის ამ კონტრაქტის წართმევას. ჯეიმს ბეიკერს თვალწინ მისი პრეზიდენტის სახე წარმოუდგა. ეჭვი ჰქონდა, რომ ეს ლოყებღაჟღაჟა ტიპი მარტო ამ კონტრაქტის წართმევით არ დაკმაყოფილდებოდა. ხმები მოსდიოდა თავისი ცოლისა და პრეზიდენტის ზედმეტად თბილი ურთიერთობების შესახებ. ვეღარ მოაბა თავი და ვერ დაელაპარაკა ედნას. არადა, უკვე უჭირდა ამ ეჭვით ცხოვრება. უცებ, წინ, გზაზე, საშუალო სიმაღლის მამაკაცი დაინახა, რომელიც საპირისპირო მხრიდან მოდიოდა. მან გაუღიმა და ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა.
– მისტერ ბეიკერ...
ბეიკერმა ვერ იცნო, მაგრამ, რადგან სახეებს ცუდად იმახსოვრებდა და ამიტომ ასეთ სიტუაციებში ხშირად აღმოჩნდებოდა ხოლმე, ხელი მაინც ჩამოართვა. სწორედ იმ წამს, საიდანაც გამომხტარი მანქანა გვერდით გაუჩერდა და ბეიკერმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო, ისე აღმოჩნდა ხელებზე სკოჩდახვეული მანქანის უკანა სალონის იატაკზე. იმას ვერ იფიქრებდა, რომ ვიღაც ეხუმრებოდა, ეს უფრო გატაცებას ჰგავდა, სავარაუდოდ, გამოსასყიდისთვის. ალბათ, მის ცოლს დაურეკავდნენ... წინ მჯდომმა მამაკაცმა გადმოხედა, გადმოიხარა და, სანამ ბეიკერი რამის თქმას მოასწრებდა, „სკოჩი“ პირზეც დააკრა. მერე ბეიკერმა იგრძნო, რომ მანქანა გზატკეცილიდან ცუდ გზაზე გავიდა. ამას ქვებზე იატაკის შეხებით ხვდებოდა. ავტომობილს ახალი ნამდვილად არ ეთქმოდა. უბადრუკი და მინჯღრეული იყო და ძლივს მირახრახებდა აღმართზე... ბეიკერი საგონებელში ჩავარდა. მაინც, სად უნდოდათ მისი გადამალვა – სადმე მთებში? ბოლოს ავტომობილი გაჩერდა და ბეიკერმაც შვებით ამოისუნთქა, მაგრამ, დიდხანს არ დასცალდა: ერთადერთმა ტყვიამ შუბლში სამუდამოდ დაადუმა...
– ესეც ასე, – თქვა კიუტასმა, – დავალება შესრულებულია. ახლა ისღა დარჩა, მანქანა ამ სულელის გვამიანად ხრამში გადავაგდოთ... სკოჩი უნდა მოვხსნათ და ისე...
– მოიცადე, ნუ ჩქარობ და ბევრსაც ნუ ლაპარაკობ, – გააფრთხილა გარდნერმა.
– კარგი, რა, შენც შეფის პარანოია ხომ არ გადმოგედო? მკვდარმა რაღა უნდა თქვას? ის გიჟია. მე აღარ ვაპირებ ფერგიუსონთან მუშაობას. დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ამ ფულს ავიღებ და ბრაზილიაში მოვტყდები... იუველირებივით ვმუშაობთ, მაგრამ, ფერგიუსონი სულ უკმაყოფილოა. მადლობასაც რომ არ გეტყვის... მკვლელობა კონკურენტმა შეუკვეთა, არა? მგონი, ამის ცოლთან იწვა თუ რაღაც ამდაგვარი...
– გაჩუმდი, იდიოტო! – უყვირა გარდნერმა, რევოლვერის ლულა საფეთქელზე მიაბჯინა და გაისროლა...
მანქანამ ნელა აკრიფა სიჩქარე... დაგორდა და ხმაურით გადაიჩეხა ციცაბო ფერდობზე.
კომპანია „მეტროპოლიტენის“ შეფს პოლიცია გამთენიისას მიადგა კარზე. მათი სახეების გამომეტყველება კარგს არაფერს მოასწავებდა.
– თქვენ დაპატიმრებული ხართ, მისტერ მორისონ. შეგიძლიათ, გამოიყენოთ დუმილის უფლება და ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხოთ.
– შეიშალეთ?! რას ნიშნავს, დაპატიმრებული ვარ, რისთვის?
– ჯეიმს უოლდ ბეიკერის მკვლელობა შეუკვეთეთ. გაოცებული ნუ გვიყურებთ, მისტერ მორისონ, ჩვენ ყველაფერი ვიცით. ისეთი რაღაც ვიცით, რაზეც თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ. მორჩით კრუსუნს! მოწყობილობამ ყველაფერი შესანიშნავად ჩაიწერა. დიახ, იმ მოწყობილობამ, რომელიც მოკლულს ჯიბეში ედო და რომელიც, სავარაუდოდ, მკვლელობის მოტივი გახდა. კიდევ არის ცოლქმრული ღალატიც, მაგრამ, ეს ცალკე თემაა. ასე რომ, მაგრად ჩავარდით. რაც ყველაზე მთავარია, სრულიად მოულოდნელად, უამრავი მკვლელობა გავხსენით და სერიოზული დამნაშავეები დავაპატიმრეთ, მაგრამ, ამისთვის მადლობას ნამდვილად არ გეტყვით!
თარგმნა
ნინო წულუკიძემ