რა საოცრებები ხდებოდა ფეოდალური ხანის იმერეთის სამეფოში
სამშობლოს ღალატის შესახებ აზრის გამოთქმით, ჩვენს სამშობლოში, ძირითადად, ისტორიკოსები და მწერლები არიან დაკავებულნი. იურისტები, ეთიკოსები, პედაგოგები – გაცილებით იშვიათად... ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე, ღალატის თემაზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას 1732 წელს მომხდარი ერთი მკვლელობის გაანალიზებით შეეცდება.
– ბატონო გელა, სამშობლოს მოღალატეთა ჩამოთვლისას, ყორღანაშვილის, ბერბიჭაშვილის, მახარაძის, ორჯონიკიძის გვერდით შადიმან ბარათაშვილსაც მოიხსენიებენ ხოლმე. უფრო მეტიც, ცდილობენ, სახელი შადიმანი – მოღალატე კაცის ზოგად სახელად, სინონიმად წარმოადგინონ. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, თქვენ ამ თვალსაზრისს არ იზიარებთ. რომელი არგუმენტების საფუძველზე დაყრდნობით მიიჩნევთ, რომ შადიმანს ცილს სწამებენ და იგი მოღალატე არ გახლდათ?
– კახეთის მეფე კონსტანტინე მეორემ, იგივე მაჰმად-ყული-ხანმა, თავისი მეფობის ბოლო წლებში „ტანთ ხვანთქრის ქურქი ჩაიცვა”... ოსმალებმა მას შანშე ქსნის ერისთავის წახდენა დაავალეს. კონსტანტინეს ისედაც ედო გულში წყენა – „უპატიოყოფისათვის”, რადგან, რამდენიმე წლის წინათ, ახალგორში შეხიზნულ კახელებს „დაუძვირეს ყოველნი საზრდელნი ქსნის-ხეველთა”.
კონსტანტინეს კახელებს ახალციხის სპანიც მიაშველეს და გივი ამილახვრის საყმოც... ქსნის ხეობის გარდა, მათ არაგვის ხეობაც მოითარეშეს და ლიახვისაც... რევაზ არაგვის ერისთავი მთიულეთში გაიხიზნა, თეიმურაზ მაჩაბელი – რაჭაში. შანშემ ქრთამის გაღება იკადრა და ოსმალებს დაუზავდა.
გორში მობრუნებულთ, „ენებათ ოსმალთა მოტყუება და შეპყრობა მაჰმად-ყული-ხანისა”. კახთა მეფემ განზრახვა შეუტყო და თავი თელავს შეაფარა. ოსმალებმა შერიგება შესთავაზეს და ახალციხის ფაშამ იგი ყარაღაჯს დაიბარა: ხონთქრისაგან კახეთსაც საბოლოოდ დაგიმტკიცებ და ლეკებსაც მოგაშორებო... ამაოდ შეუთვალა, რადგან კონსტანტინე მას არ ენდო და ფშავს მიაშურა. ოსმალებმა შუამავლებს უხმეს – ალავერდელსა და თარხან ლუარსაბს, იგივე თარხნიშვილს, იგივე სააკაძეს.
– ალავერდელი გასაგებია, იგი ხშირად მოიხსენიება კახთა მეფის დასაყრდენ ძალად, მაგრამ, ლუარსაბ თარხნიშვილი იყო კი კონსტანტინესთვის ავტორიტეტული პიროვნება?
– როგორც ჩანს, იყო... იგი ამ საქმის – შუამავლობის – პროფესიონალი ჩანს.
დანაბარები ასეთია: ოსმალები ფიცს დებდნენ – ჩვენგან არაფერი გევნებაო. მოხვალ – ხომ კარგი, არ მოხვალ და – შენს თავს დააბრალეო... იქიდან სურხაი-ხანი მოგადგება, აქედან – ჩვენ, ოსმალები და, კახეთსაც წაგიხდენთ და შენც ხელთ გიგდებთო.
– სურხაი-ხანი ვინ იყო?
– ლეკთა ბელადი. მას ვახუშტიც იცნობს და გურამიშვილიც... მემატიანე მოიხსენიებს ფორმით – „სულხავი”, პოეტი ოდნავ ლაკონურად – „სუხავი”.
– რა გადაწყვეტილება მიიღო კონსტანტინემ?
– იგი ოსმალთა ფიცსა და შუამავლებს ენდო! 1732 წლის დეკემბრის მიწურულს, დათქმულ ადგილას – ბეჟანბაღში გამოცხადდა. თან მცირე ამალა იახლა, ამასთან, ერთ-ერთი შუამავალი – ალავერდელიც გვერდით ჰყავდა და ოსმალთაგან შემომწყრალი, გადაყენებული არაგვის ერისთავი რევაზიც.
ოთხი წლით ადრე, 1728 წელს, მსგავს ვითარებაში ოსმალებმა ბეჟან დადიანი დაიბარეს პაემანზე და, კარავში მოსალაპარაკებლად შესული, ღალატით მოკლეს. ასეთივე ბედი ხვდა კონსტანტინესაც. ალავერდელიც, რევაზ ერისთავიც და ამალის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილიც ზედ დააკლეს... საყურადღებოა, რომ დადიანიც და კახთა მეფეც, პერსონალურად ერთმა და იმავე პიროვნებამ – მაჰმად-ბეგმა იმსხვერპლა.
– ვინ იყო ეს მაჰმად-ბეგი?
– გამაჰმადიანებული მესხი, ახალციხის ფაშის მესაჭურჭლე. ოღონდ, არა ხაზინადარი, როგორც ზოგიერთმა მკვლევარმა მიიჩნია, არამედ ჯაბადარბაში. საბას განმარტებით – „საჭურჭლე მას სახლსა ეწოდების, სადა საომარი ჭური და აბჯარი შეინახებიან და საჭურჭლედ უთქვამთ კიდობანიცა”.
– გამოდის, ჩვენი დავით გურამიშვილის კოლეგა ყოფილა, ასე არ არის?
– ნაწილობრივ. მაჰმად-ბეგი „სრული” ჯაბადარბაშია, ჩვენი კლასიკოსი კი – ერთ-ერთი ჯაბადარბაშთაგანი! ვახტანგ მეექვსის ამალაში სხვა ჯაბადარბაშებიც ჩანან.
სხვათა შორის, ზუსტად იმავე ხანებში, მაჰმად-ბეგი იმერთა მეფეს, ალექსანდრე მეხუთეს დაუსიძევდა, მისი ნახევარდა – ცნობილი თამარ გურიელის (კოჭიბროლას) ქალიშვილი – იმერეთის მეფის გიორგი მეექვსის ასული შეირთო ცოლად. თვითონ ალექსანდრე კი ქართლის მეფის, გიორგი მეთერთმეტის შვილის – როდამის ვაჟი გახლდათ.
– როგორ გამოდის, ბეჟან დადიანი ხომ კოჭიბროლას გერია... თავისი გერის მკვლელს მიათხოვა ღვიძლი ქალიშვილი?
– დიახ. გამოდის, რომ სიძე-ბატონმა თამარ გურიელს ჯერ გერი მოუკლა, შემდეგ კი მის ღვიძლ ქალიშვილზე იქორწინა. ფეოდალური ხანის იმერეთის სამეფოში უფრო საოცარი ამბები არ გსმენიათ?!
– ლუარსაბ თარხნიშვილს რა ბედი ეწია?
– ლუარსაბი ცოცხალი და საღ-სალამათია, ამ ამბების მერე თხუთმეტ წელიწადზე მეტხანს იცოცხლა. გარდაიცვალა 1748 ან 1749 წელს სპარსეთში და მისი სიკვდილის თარიღი ზუსტად ვერ კონკრეტდება. ცნობილი მემატიანის, პაპუნა ორბელიანის ნაშრომის – „ამბავნი ქართლისანის” ფურცლებზე ლუარსაბი ძალზე ხშირად გვხვდება. იგი კვლავ და კვლავ შუამავლობს და სისტემატურად ასრულებს კონსტანტინეს ძმის, თეიმურაზ მეორის დავალებებს. ყველას შეიძლება დაებადოს მარტივი კითხვა: ყარაღაჯულ-ბეჟანბაღური შუამავლობა სამშობლოს ღალატს თუ შეიცავდა, თეიმურაზ მეორე თავისი ძმის სისხლს არ მოიკითხავდა?!
– გასაგებია და აშკარად თვალსაჩინო, რა სახის პარალელის გავლებაც გსურთ. საყოველთაოდ ცნობილია, შადიმანის მოღალატეობის ძირითადი არსი, ლომის წილი მის შუამავლობაში მდგომარეობს ქართლის მეფე ლუარსაბ მეორის მიმართ. შესაძლებელია, აღვადგინოთ მაშინ განვითარებული მოვლენები?
– 1614 წელია. შაჰ-აბასი გორში დგას. სამივე ქართველი მეფე იმერეთში იმყოფება. შაჰი ელჩს გზავნის, ქართლისა და კახეთის მეფეებს იბარებს, მაგრამ, უშედეგოდ. იმერეთის მეფე საპასუხო ელჩობას გზავნის – იმერეთის კათალიკოს მალაქიასა და ლევან აბაშიძეს. ფეშქაშსაც ატანს...
შაჰი მათ მოუსმენს, ასაჩუქრებს და ახალი ინსტრუქციით უკანვე უშვებს. პარალელურად, საქმეში შადიმანსაც ჩართავს და საკუთარ ცოლსაც – ლუარსაბის ღვიძლ დას, რომელსაც ვახუშტი თინათინად მოიხსენიებს...
არც არჩილი, არც ვახუშტი, არც ბერი ეგნატაშვილი არ ახსენებენ ჯილდოსა და საჩუქრებს, რასაც თითქოს დახარბდა შადიმან ბარათაშვილი. ამ საკითხზე მხოლოდ იოსებ ტფილელი (მოურავის ახლო ნათესავი) და კიდევ ერთი სომეხი მემატიანე – არაქელ თავრიზელი ჩერდებიან. მათი სიტყვით, შადიმანი პირადი გამორჩენის გამო წირავს თავის მეფეს! რადგან ორივე ავტორი ძალზე ტენდენციურია, აშკარად ცილისწამებასთან გვაქვს საქმე. თანაც, გამოდის, რომ ლუარსაბს საკუთარი ჭკუა, ღირსება არ გააჩნია! თუ ასეთი სუსტი ჭკუის და დამყოლი ბუნების გახლდათ, რატომ ვერ დაიყოლია იგი ირანის შაჰმა მაჰმადის რჯულზე მოქცევაზე, რასაც რვა წლის განმავლობაში გულმოდგინედ ცდილობდა? აკი აბასი ცბიერებითა და ეშმაკობით გამოირჩეოდა?!
ანდა, რა წესია: ერთსა და იმავე საქმეში მალაქიაც იღებდა მონაწილეობას, ლევან აბაშიძეც, შადიმანიც, ლუარსაბის დაც, მოღალატედ კი მხოლოდ შადიმანი შერაცხეს!
– ხომ შეიძლება, ლუარსაბი შაჰს არ ხლებოდა, ისე, როგორც თეიმურაზ პირველი არ მიენდო და არ ეახლა?
– შეიძლება, მაშინაც დაებრალებინათ მოღალატეობა შადიმანისთვის – შენი გაზრდილი ლუარსაბი შაჰს რომ ხლებოდა, ქართლი აღარ აოხრდებოდაო!
...1703 წელს, როცა ოსმალო დიდ-მოხელემ საყოველთაოდ გავლენიან გიორგი აბაშიძეს შუამავლების პირით ზავი და დანათესავება შესთავაზა, აბაშიძე ორივე საკითხში დაეთანხმა, ოღონდ, სიფრთხილისთვის, ხუთასი დარჩეული მხედარი წაიყოლია ქაიხოსრო იაშვილის მეთაურობით, რომელთაგან ნახევარი კარავში შეჰყვა, ნახევარი გარეთ უცდიდა...
კონსტანტინე საკუთარმა ვაჟკაცობამ დაღუპა და არა მიამიტობამ ან ელჩების მიტანილ-მოტანილმა ამბებმა.
– რით გაამყარებთ მაგ თვალსაზრისს?
– მაჰმად-ყული-ხანი რომ ჩანჩურა, ადვილად მოსატყუებელი კაცი ყოფილიყო, არც გურამიშვილი გაიმეტებდა მისთვის სიტყვებს – „იყო სანახავად ვარგი, მკვეთელობით უჩნდა ფხანი” და, გარდა ამისა, გლეხის ქალის გაჩენილს, არც არავინ დანიშნავდა ისპაჰანის ტარუღად – მოურავად.