მგლები 5
(უკანასკნელი ქურდი)
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26(600)
სტუმრები ნელ-ნელა იყრიდნენ თავს აგარაკზე. პირველი ვოვა ჩუმაკოვი და დემიანი მოვიდნენ, შემდეგ – ჯაბა. ბოლოს „ვერშინას” ადვოკატმა, ვასილიჩმაც შემოაღო სასტუმრო ოთახის კარი.
– ყველა აქ ვართ, შეგვიძლია, დავიწყოთ, – თქვა ლუკამ, როგორც კი სტუმრები მაგიდას შემოუსხდნენ, – ჯერ შენ მოგისმენთ, ვასილიჩ, რა ვითარებაა კიევში?
– სახარბიელოს ვერაფერს ვიტყვი. კიევი ძალიან გააღიზიანა ნოვაკის დაღუპვამ.
ნოვაკის ხსენებამ ლუკას ცოტა ხნის წინ განვითარებული მოვლენები გაახსენა. ნოვაკი „ვერშინის” დამფუძნებლის, ელია ბუკოვსკის ახლო მეგობარი იყო. მათი ცხოვრება ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ლუკამ ორივე ერთ პერიოდში გაიცნო. იმ დროისთვის ისინი ყველასთვის შეუმჩნეველი, რიგითი ფინანსისტები იყვნენ. ლუკას დახმარებით ელიამ „ვერშინა” დააფუძნა, რომელიც მალე მსხვილ კომპანიად გარდაიქმნა. მოგვიანებით კი, „ვერშინის” საბანკო ანგარიშების მეშვეობით, ნოვაკმა ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებისკენ გაიკვლია გზა და პრეზიდენტის მრჩევლობასაც მიაღწია. ამასთან, ის კურირებდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. ასეთი ურთიერთობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს კურატორისა და პრეზიდენტის მრჩევლის მფარველობა საგრძნობ უპირატესობას ანიჭებდა „ვერშინას” კონკურენტებთან ურთიერთობისას. თავის მხრივ კი, ნოვაკი, მხარდაჭერის სანაცვლოდ თავისი საბანკო ანგარიშების შევსების შესაძლებლობას იღებდა. გარდა ამისა, ნოვაკის უშუალო ჩარევით, ლუკას ძებნა მოეხსნა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის დაღუპულად გამოაცხადა, რაც მას მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევდა. მაგრამ, ნათქვამია, არაფერი გრძელდება უსასრულოდ: რამდენიმე წლის შემდეგ, ელიამ ჩათვალა, რომ ლუკა და მისი მეგობრები ზედმეტ ტვირთად აწვნენ „ვერშინას” და მათი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. ეს უდიდესი შეცდომა იყო, რასაც იგი თავად შეეწირა. ელიას დაღუპვას არაფრით უმოქმედია ნოვაკისა და „ვერშინის” ურთიერთობაზე. კომპანიას დირექტორთა საბჭო ხელმძღვანელობდა. ნოვაკი კი კიევში ლობირებდა მის ინტერესებს. მაგრამ, სიმშვიდე დროებითი აღმოჩნდა. ელიას დაღუპვა სამაგალითო არ გამოდგა ნოვაკისთვის და, თავის გავლენაში დარწმუნებულმა, იგივე შეცდომა დაუშვა – ლუკასთან დაპირისპირებულ, რუსეთის „ეფესბეს” პოლკოვნიკს, ვალერი რიჟკოვს მიემხრო. მისი აზრით, რიჟკოვს ყველა შესაძლებლობა გააჩნდა გეგეშიძის დასამარცხებლად. სავარაუდოდ, ეს დაპირისპირება ლუკას სიკვდილით, ან კიდევ, – საკანში სამუდამოდ გამოკეტვით უნდა დასრულებულიყო, რაც მას „ვერშინაზე” გავლენის გაზრდისა და, საბოლოოდ, მისი მითვისების შესაძლებლობას მისცემდა. მაგრამ, იმედი ამაო აღმოჩნდა: რიჟკოვი და მისი დაჯგუფების წევრები დამარცხდნენ, თავად რიჟკოვი საიქიოში გაემგზავრა და დაპირისპირებას შეეწირა ნოვაკიც. თუმცა, მის დაღუპვასთან ერთად, „ვერშინამ” დაკარგა გავლენიანი მხარდამჭერი, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა კომპანიის ინტერესებს. სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად იმყოფებოდა „ვერშინის” ადვოკატი კიევში.
– ეს მოსალოდნელიც იყო. კიევი ასე ადვილად არ შეურიგდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კურატორის დაღუპვას, – ადვოკატს მიუბრუნდა ლუკა.
– მე სხვა შეფასებას მივცემდი მათ რეაქციას, – უპასუხა ვასილიჩმა.
– რა შეფასებას?
– გასაგებია, რომ ასეთი თანამდებობის პირის დაღუპვა, თავისთავად, გააღიზიანებდა კიევს. იქ ყოფნისას არაერთი მუქარის მოსმენა მომიხდა: ყველას დაჭერა-გაციმბირება, „ვერშინის” საქმიანობის შეჩერება, ანგარიშების გაყინვა, ჩაძირვა, ჩამარხვა და ასე შემდეგ... მაგრამ, ეს მხოლოდ ზედაპირული რეაქციაა და მეტი არაფერი. რეალურად, კიევს სხვა რამ აშფოთებს – ისეთი კომპანიისა და ხალხის არსებობა, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. პირველ ყოვლისა კი, ეს შენ გეხება!
– კაცუბას შეხვდი? – ჰკითხა ლუკამ.
რომან კაცუბა უკრაინის რადის დეპუტატი იყო, რომელიც უშუალოდ „ვერშინისა” და ნოვაკის ხელშეწყობით მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში.
– შევხვდი... ცდილობდა, არ შემემჩნია, მაგრამ, მართლაც შეშინებულია. კიევში ახლოს არ გამიკარა, ქალაქგარეთ, მიყრუებულ აგარაკზე შემხვდა.
– რას ერჩი? სწორად მოქცეულა. მისი კომპრომეტირება ჩვენ თვითონ არ გვაწყობს.
– სიფრთხილე და შიში ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ფრთხილი – გონებით მოქმედებს. მშიშარა – ემოციით, – შენიშნა ვასილიჩმა.
– ოჰო! შენ ფსიქოლოგიც ყოფილხარ! – გაეცინა ლუკას.
– ასეთ ვითარებაში „ვერშინას” ფსიქოლოგი უფრო გამოადგება, ვიდრე ადვოკატი!..
– რას უნდა ველოდოთ კიევიდან? – განაგრძო ლუკამ.
– ოფიციალურად, ნოვაკის დაღუპვაში შენ არავინ გადანაშაულებს. თავის დროზე, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაღუპულად გამოგაცხადა და ძებნაც შეაჩერა. ახლა სამინისტრო თავის გადაფურთხებულს ვეღარ ალოკავს. უნდათ თუ არა, შენ ხელისუფლებისთვის მკვდარი ხარ. თანაც, სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს პროკურატურებმა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი შექმნეს. მე მხოლოდ ნაწილობრივ ვიცნობ ჯგუფის მუშაობის დეტალებს, მაგრამ, უეჭველად ვიცი, რომ უკრაინის პროკურატურა თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ შენ მოკვდი. გარდა ამისა, ნოვაკი რუსეთში დაიღუპა და, აქედან გამომდინარე, ძიებაც რუსულმა პროკურატურამ უნდა ჩაატაროს. თუმცა, ეს შეღავათს მაინც არ მოგვცემს. სიმართლე რომ გითხრა, მერჩივნა კიდეც, გამოძიება უკრაინას ჩაეტარებინა. ჩვენი კავშირებით შევძლებდით უკრაინის პროკურატურასთან საერთო ენის გამონახვას. რუსებს ასე მარტივად ვერ მივუდგებით.
– შენ საქმის ოფიციალურ მხარეზე საუბრობ. რას უნდა ველოდოთ არაოფიციალურად? – საუბარში ჩაერთო ვოვა ჩუმაკი.
– კიევში გრძნობენ, რომ ეს საქმე უხმაუროდ ვეღარ მოგვარდება. ნოვაკთან ერთად მათი „ეფესბეს” პოლკოვნიკი, რიჟკოვიც დაიღუპა. მათთვის ამ საქმის გამოძიება პრინციპული საკითხია. ისინი არ შეჩერდებიან, ვიდრე რიჟკოვის მკვლელს საკანში ან სამარეში არ გაისტუმრებენ. უკრაინის პროკურატურას თავისთავად მოუწევს გამოძიებაში ჩართვა და რუსებთან თანამშრომლობა. ასეთ ვითარებაში კაცუბა ვერაფრით დაგვეხმარება. რუსებს უკრაინულ რადაში ბევრად მრავალრიცხოვანი და გავლენიანი მხარდამჭერები ჰყავთ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსები კმაყოფილები დაბრუნდნენ მოსკოვში. კიევი თავისთავად აღმოჩნდება არჩევნის წინაშე: მან ან უნდა გაანადგუროს „ვერშინა” და მასთან ერთად ყველა, ვინც ამას წინ აღუდგება, ან კიდევ, დაუპირისპირდეს რუსეთს და ამით დაიმსახუროს მკვლელების მფარველების იარლიყი. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ყოველივე ეს მოახლოებული არჩევნების ფონზე ხდება. არა მგონია, რომელიმე უკრაინელ პოლიტიკოსს კრიმინალების მფარველის იმიჯით სურდეს საზოგადოების წინაშე წარდგომა. პირიქით, ჩვენ ისე გაგვემიჯნებიან, როგორც კეთროვნებს. ბევრი კი სასწრაფოდ მოირგებს კანონიერებისთვის მებრძოლის მანტიას და ჩვენს მოშთობას შეეცდება. ასე რომ, იმაზე ლაპარაკი, თუ რას აირჩევს კიევი, ზედმეტად მიმაჩნია.
– ესე იგი, უკვე გამოგვიტანეს განაჩენი? – თქვა ლუკამ.
– ჯერჯერობით არა. კიევი მოლოდინის რეჟიმშია, მოსკოვს უთმობს პირველი სვლის გაკეთების უფლებას, ჩვენ კი თავისებურ ულტიმატუმს გვთავაზობს.
– რას გულისხმობ?
– კიევს შეუძლია, შეურიგდეს „ვერშინის” არსებობას, რადგან ბევრისთვის ის მაინც ჩვეულებრივ კომპანიად რჩება, მაგრამ, შენ სამუდამოდ უნდა დატოვო უკრაინა. კაცუბამ მაგრძნობინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არასდროს დაუშვებს რუსების მიერ შენს ცოცხლად აყვანას. მათ თავზარს სცემს მოსკოვში გამართული საჩვენებელი სასამართლო პროცესის პერსპექტივა, რომელზეც შენ ბრალდებულის რანგში წარდგები! შენ თუ წახვალ კიევი „ვერშინას” არ გაანადგურებს!
– ემიგრაციაში მგზავნიან? – გაეღიმა ლუკას.
– მე ასე არ ვიტყოდი, – თავი გაიქნია ვასილიჩმა, – ემიგრანტს აქვს უკან დაბრუნების შანსი, შენ კი ამის შესაძლებლობას არ გიტოვებენ!
– რატომ ჰგონიათ, რომ უკრაინა ასე ძვირფასია ჩემთვის? მე აქ სახლიც კი არ გამაჩნია. ერთადერთი, რაც აქაურობასთან მაკავშირებს, მეგობრები და წასული მეგობრების საფლავებია, – ლუკამ სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა, – ისე, მოულოდნელი არაფერი მომხდარა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ნოვაკის სიკვდილი კიევთან ურთიერთობას სამუდამოდ გაგვიფუჭებდა, მაგრამ, ეს მაინც ღირდა იმად.
– რა გადავცე კაცუბას? – ჰკითხა ვასილიჩმა.
– ნუ დავაჩქარებთ მოვლენებს. ვინაა გარანტი, რომ კიევი პირობას შეასრულებს და ჩემი წასვლის შემდეგ არ გაანადგურებს „ვერშინას”?
– ამას გარანტი არ სჭირდება. „ვერშინას” არ დაუხოცავს ნოვაკი და რიჟკოვი და რუსებიც მისი საბუღალტრო დოკუმენტაციის შესამოწმებლად არ ჩამოვლენ უკრაინაში. კომპანია ვაჭრობის საგანია. ხომ იცი, ყველა ვიგინდარა თავისი საზომით ზომავს. ვიღაცას მიაჩნია, რომ „ვერშინას” ვერ შეელევი და მას გადააყოლებ თავს.
– „ვერშინა” უბრალოდ კომპანია არ არის. შენ კარგად იცი, რა ფასი გავიღეთ მის ფეხზე წამოსაყენებლად. რამდენი ჩვენი მეგობარი შეიწირა ამ საქმემ. „ვერშინას” მართლაც გადავაყოლებდი თავს, მაგრამ, ამით ჩვენს მტრებს კომპანიის განადგურების საბაბს მივცემდი და ისევ საერთო საქმეს ვავნებდი. წეღან შენ კარგი რამ თქვი: ფრთხილი კაცი გონებით წყვეტს, მშიშარა კი – ემოციით. შენს ნათქვამს ერთ სიტყვას მეც დავამატებ – ემოციით გოიმი წყვეტს. ახლა არავის გვაქვს გოიმებივით ავარდნის უფლება. მთავრობას მარტო ქაჯები ეომებიან. თუ უნდათ, რომ წავიდე, წავალ. ამით თავსაც შევინარჩუნებ და „ვერშინასაც”.
– გავაგებინო კაცუბას?
– არ არის საჭირო, ამას ოლქის მოლიციის უფროსი გააკეთებს. ბოლო ხანებში „ვერშინასთან” ურთიერთობამ მასაც პრობლემები შეუქმნა. ეგ კაცი კი ჩვენ კიდევ გამოგვადგება. ვიფიქროთ მომავალზე, მივცეთ პოპოვს თავის ხელმძღვანელობასთან მუქთა აჩკოს ჩაწერის საშუალება. დაე, მას მიაწერონ ჩემი აქედან გასახლება.
– ვინ უნდა გადასცეს ამის შესახებ პოპოვს? – ჰკითხა ვასილიჩმა.
– შენ... შენ და პოპოვი ყოველთვის კარგად უგებდით ერთმანეთს. ურჩიე, მცირე ხმაური მოაწყოს. „ვერშინის” ერთი-ორი ოფისიც გააჩხრეკინეთ. ეფექტისთვის, შეუძლია, ცოტა გაისროლოს კიდეც. მოკლედ, ხვდები, რასაც ვგულისხმობ.
– ვხვდები, – თავი დაუქნია ვასილიჩმა.
– ჰო... თან, გადაეცი, რომ რუსების ჩამოსვლას ნუ დაელოდება, მოვლენებს დაასწროს. ეს კიევსაც მოეწონება – რუსებთან სათქმელი გაუჩნდებათ, რომ მათი მოთხოვნის გარეშეც ავიწროებენ კრიმინალებს.
– გასაგებია... კიდევ რა გადავცე პოპოვს?
– მეტი არაფერი. საჭირო თუ გახდა, ჩვენ თვითონ დაგიკავშირდებით, – უპასუხა ლუკამ და ვოვას მიუბრუნდა, – ჩუმა, შენ და დემიანი ხარკოვში ვასილიჩთან ერთად დაბრუნდებით. ჩვენს ხალხს გადასცემთ, რომ ფრთხილად იყვნენ. არავითარი შეხლა-შემოხლა და რაზბორკები. გზაზე მოძრაობის წესებიც კი არ უნდა დაარღვიონ. ნუ მისცემთ მილიციასა და პროკურატურას ვინმეს აგდების მიზეზს. ხომ ხვდებით, რომ ყოველი თქვენგანი გამადიდებელი შუშის ქვეშ ეყოლება მთავრობას!..
***
დიმიტრი აუჩქარებლად ფურცლავდა რიბკინის მოტანილ საქაღალდეს. დროდადრო ჩერდებოდა, ფურცელზე ჩანიშვნებს აკეთებდა და ისევ კითხვას განაგრძობდა. ბოლოს საქაღალდე გვერდზე გადადო და რიბკინს მიუბრუნდა:
– აქ ყველაფერი არ არის. ზოგიერთ მოვლენაში კავშირს ვერ ვხედავ.
– სისხლის სამართლის საქმეს სრულად ვერ მოგცემდი. იქ დოკუმენტების ნაწილი გასაიდუმლოებული იყო.
– რიჟკოვის ფიგურიდან გამომდინარე?
– ჰო... საქმეში არსადაა მოხსენიებული, რომ ის „ეფესბეს” პოლკოვნიკი იყო, – უპასუხა რიბკინმა, – მისი რეალური სამსახური ბევრს გაუჩენდა საფიქრალს. ოფიციალურად ის ეკონომიკის დარგში აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩეველი იყო. მასთან დაკავშირებულ მონაცემებს ვერ მოგცემდი. წინასწარ ვიცი, რა ხმაურსაც გამოიწვევს ამ საქმის პრესაში მოხვედრა. არ მინდა, ვინმეს ჩემი საიდუმლო მასალების გაცემაში დადანაშაულების შესაძლებლობა მივცე,
– ვითარებაში მაინც ხომ გამარკვევ?
– რა თქმა უნდა. მკითხე, რაც გაინტერესებს.
– ერთი რამ ვერ გამიგია, – განაგრძო დიმიტრიმ, – ჩანაწერში რაღაც ნარკოტრასაზეა საუბარი. ამ მასალებში კი არაფერია ამის შესახებ.
– ნარკოტრასასთან დაკავშირებულ მასალებს სისხლის სამართლის საქმეშიც ვერ ნახავ.
– რატომ? – გაუკვირდა დიმიტრის.
– ასეთი მძაფრი საქმე არასდროს მქონია. მოვლენები ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ მიდევნებას ვერ ვასწრებდი. წარმოიდგინე, მთელი ძიების განმავლობაში, ერთი ეჭვმიტანილის აყვანაც კი ვერ მოვახერხე, შემთხვევის ადგილზე მხოლოდ გვამები მხვდებოდა – ზოგან ერთი, ზოგან სამი, ზოგან – უფრო მეტიც. აქედან გამომდინარე, ვერავის დაკითხვა ვერ შევძელი. რაც შეეხება ნარკოტრასას, მონაცემები მის შესახებ ძიების დასასრულს გაჩნდა, მაშინ, როდესაც საქმეში არაბი ტერორისტის, ნეჯეთის ფიგურა გამოიკვეთა. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ამ პიროვნებაზე გასვლა. ვერაფრით ვხვდებოდი რა ესაქმებოდა ტერორისტს, რომელიც ჩეჩნეთში იბრძოდა, „ეფესბეს” პოლკოვნიკის სიახლოვეს. ძალიან გვიან გავარკვიე, რომ მათი საერთო ინტერესი ჰეროინის კონტრაბანდა იყო. საქმის ორგანიზების თაობაზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ, საერთო სურათის დახატვა მაინც შემიძლია: ნეჯეთი ნარკოტიკის აფხაზეთამდე ჩამოტანაზე იყო პასუხისმგებელი. ტვირთი შემდეგი მარშრუტით მოძრაობდა. ავღანეთი, ტაჯიკეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კავკასია; დანიშნულების ადგილი – აფხაზეთი, აფხაზეთიდან კი ჰეროინის უდიდესი ნაწილი საქართველოში ხვდებოდა. ნარკოტრასასა და კონტრაბანდაში ჩართულ კურიერებს რიჟკოვი მფარველობდა. კონტრაბანდის ორგანიზატორებს ფუნქციები მკაცრად ჰქონდათ განაწილებული. ფაქტობრივად, ისინი გასამხედროებულ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. შავ სამყაროსთან ურთიერთობის გასარკვევად კი საქმეში ორი აფხაზი კანონიერი ქურდიც იყო ჩართული – ჩაჩბა და გუმბა.
– ჰო... ეს მომენტიც ბუნდოვანია. მაინც, რა მიზეზით დაუპირისპირდა გეგეშიძე რიჟკოვს? – ჰკითხა დიმიტრიმ.
– ეს უკვე საქართველოს მთავრობის დამსახურებით მოხდა. ქართველების ხელშეწყობით, მოსკოველმა საქმოსნებმა, თათეოსიანმა და ბიკოვმა, აფხაზეთში ბიზნესის წამოწყება სცადეს და საქმის მფარველობისთვის, რიჟკოვის მოკავშირეს, აფხაზ კანონიერ ქურდს – ჩაჩბას მიმართეს. ჩაჩბამ ალღო ვერ აუღო საქმეს – მან თათეოსიანი ჩვეულებრივ ბიზნესმენად ჩათვალა და საქმიდან გარკვეული წილის სანაცვლოდ მფარველობა აღუთქვა. მაგრამ, რიჟკოვმა მალე გაარკვია, რომ სომეხი ბიზნესმენი საკუთარი ნარკოტრასის ორგანიზებას ცდილობდა. ამ გზით, ნარკოტიკები საპირისპირო მიმართულებით – საქართველოდან აფხაზეთში უნდა გაეტანათ. ბუნებრივია, რიჟკოვი არასდროს დაუშვებდა ამას. მისი განკარგულებით, ჩაჩბამ და გუმბამ თათეოსიანსა და ბიკოვს ბიზნესი აახიეს და აფხაზეთიდან გააძევეს, მაგრამ, იმ დროისთვის ბიზნესმენებს საქმეში უკვე ჩადებული ჰქონდათ თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი და ამ თანხის უკან დაბრუნება მათ გეგეშიძის დახმარებით გადაწყვიტეს.
– ეს იყო კონფლიქტის მიზეზი?
– მხოლოდ ეს არა. გეგეშიძეს თათეოსიანი და ბიკოვი წვრილფეხობად მიაჩნდა. ის არასოდეს ჩაერეოდა მათ საქმეში. მაგრამ, საქართველოში მისი შვილი და საყვარელი აიყვანეს მძევლებად და მათი დაბრუნების სანაცვლოდ მოსთხოვეს თათეოსიანისა და ბიკოვის პრობლემის მოგვარება.
– არცთუ ისე დიდი საქმეა ორი ადამიანის სანაცვლოდ, – ჩაილაპარაკა დიმიტრიმ.
– გააჩნია ვისთვის. სხვას, შესაძლოა, მართლაც ეცადა ამ საკითხის მოგვარება, მაგრამ, გეგეშიძე სრულიად განსხვავებული კრიტერიუმებით აფასებს ვითარებას. ის სხვა გზით წავიდა – მოიქცა ისე, როგორც მუდამ იქცეოდა და რისთვისაც უწოდეს „მგელო“. მან იარაღს წამოავლო ხელი და ომი გამოუცხადა ყველას, ვინც კი არასწორად მოიქცა მასთან მიმართებაში. სიმართლეს გეტყვი, დიმიტრი, თხუთმეტი წელი გავატარე საგამოძიებო სამსახურში, მაგრამ, მსგავსი არაფერი მინახავს. არ მინახავს ადამიანი, რომელიც ასე სასტიკად მოჰქცეოდეს მოწინააღმდეგეებს. ძიებამ დღემდე ისიც კი ვერ დაადგინა, თუ რამდენი ადამიანი შეეწირა გეგეშიძის შმაგ ბუნებას. თუმცა, მეორე მხრივ, უნდა ვაღიარო, რომ პირველი გასროლა მისი მხრიდან არ მომხდარა. გეგეშიძის თხოვნით, ჩაჩბასა და გუმბას მისი მეგობარი, როსტოველი კანონიერი ქურდი, ვოლინა შეხვდა. შეხვედრა შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და შემდეგ დაიწყო სროლა. შეტაკებისას დაიღუპნენ ვოლინა და აფხაზი ქურდი გუმბა. აფხაზებმა, რომლებიც გუმბას დაღუპვაში გეგეშიძეს ადანაშაულებდნენ, ძალიან უცნაურად იძიეს შური – დახოცეს თათეოსიანი და ბიკოვი. გულხელდაკრეფილი არც გეგეშიძე მჯდარა – მის საპასუხო დარტყმას ემსხვერპლა ათზე მეტი პიროვნება, მათ შორის ჩაჩბაც, ნეჯეთიც და რიჟკოვიც. სავარაუდოდ, მანვე მოკლა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კურატორი ნოვაკი. მაგრამ, მისი მკვლელობის მოტივი ჩემთვის უცნობია. ისინი, ვინც ჩამოგითვალე, საკვანძო ფიგურები იყვნენ. წვრილფეხობის სტატისტიკა საერთოდ ამერია და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა დღემდე ვერ შევძელი. დაღუპულთა საერთო რაოდენობა ათსა და თხუთმეტს შორის მერყეობს და, დარწმუნებული ვარ, რომ ერთ ამდენ დაღუპულს ვერც კი მივაკვლევთ!
– მსგავსი არაფერი მსმენია, – გაოცებით ჩაილაპარაკა დიმიტრიმ.
– და, ყოველივე ამის შემდეგ, მე არ მომცეს გეგეშიძის სავარაუდო გვამის იდენტიფიცირების შესაძლებლობა. გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნისთანავე გაანადგურეს გვამი და გეგეშიძე დაღუპულად გამოაცხადეს. როცა ამაზე პროტესტი გამოვთქვი, საერთოდ ჩამომაშორეს ძიებას და დამცინავად შემომთავაზეს სოჭში დასვენება!
– მიგაჩნია, რომ პროკურატურა თავადაა დაინტერესებული საქმის გაყალბებით?
– დაინტერესებულია, მაგრამ, ის მხოლოდ ბრძანებას ასრულებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველივე ამის უკან „ეფესბე” დგას, – უპასუხა რიბკინმა.
– რაში მდგომარეობს ეს ინტერესი?
– ძიებას ნარკოტრასაზე და მის ძირითად ორგანიზატორებზე გასვლა შეუძლია. ნებისმიერი ბრიყვიც კი მიხვდება, რომ რიჟკოვი საკუთარი ინიციატივით არ მოქმედებდა. ვიღაცის ხელში ისიც პაიკი იყო, – უპასუხა რიბკინმა, – ეს ტრასა იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ მის შესანარჩუნებლად გეგეშიძისნაირი მკვლელის თავისუფლებაზე დატოვებაზეც კი მიდიან!
– რატომ არიან დარწმუნებულები, რომ გეგეშიძე საფრთხეს აღარ წარმოადგენს?
– იმიტომ, რომ მას აღარ აქვს საამისო მიზეზი. მან ხომ ყველაფერს მიაღწია, რაც სურდა: დაიბრუნა შვილი და საყვარელი და, ამასთან ერთად, დასაჯა ყველა, ვინც კი მის წინააღმდეგ მოქმედებდა. რაღა უნდა მოიმოქმედოს ასეთ ვითარებაში? უნდა გაერიდოს ყველას და გამარჯვებით დატკბეს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც რუსეთის პროკურატურა მას დაღუპულად აცხადებს. გონიერი ადამიანი ასეც მოიქცეოდა, ის კი ნამდვილად არ არის სულელი. პირიქით. თავზეხელაღებულობასთან ერთად, ღმერთმა მახვილი გონებაც უბოძა!
– იგორ, იმას თუ ხვდები რა მოჰყვება ამ საქმის პრესაში გამოჩენას?
– ვხვდები და ამიტომაც მოვედი შენთან.
– არა... ვერ ხვდები, – თავი გაიქნია დიმიტრიმ, – ასეთ მასალაზე ნებისმიერი ჟურნალისტი იოცნებებდა. უფრო მეტიც, შესაძლოა, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მომეცეს ასეთ საქმეზე მუშაობის შესაძლებლობა, მაგრამ...
– რა – მაგრამ? – აჩქარდა რიბკინი.
– მე ვერ ვისარგებლებ შენი მდგომარეობით: შენ გაღიზიანებული ხარ, არ ეთანხმები ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას და საქმის გახმაურებით გინდა სამაგიეროს გადახდა. მაგრამ, იმას მაინც უნდა ხვდებოდე, რომ ეს საქმე სამუდამოდ დაუსვამს წერტილს შენს კარიერას. შენ ვეღარასოდეს დაუბრუნდები საგამოძიებო საქმეს!
– ერთხელ შენმა სტატიამ სამსახურიდან გათავისუფლებას გადამარჩინა.
– იგივე აღარ განმეორდება, იგორ ის სრულიად სხვა საქმე იყო.
იგორი მცირე ხნით ჩააცქერდა სახეში, შემდეგ მაგიდიდან საქაღალდე და დიქტოფონი აიღო და თქვა:
– შენი გადასაწყვეტია, დიმა, მე ვერაფერს დაგაძალებ. უბრალოდ გეტყვი: შენ თუ ხელს არ მოჰკიდებ ამ საქმეს, სხვა ჟურნალისტს მოვძებნი!
– კარგი კარგი ნუ ბრაზობ, – შემრიგებლურად თქვა დიმიტრიმ.
– ასე ჯობია, – კმაყოფილებით ჩაილაპარაკა რიბკინმა, საქაღალდე და დიქტოფონი მაგიდაზე დააბრუნა და სავარძელში ჩაეშვა.
***
ლუკამ აგარაკის კარამდე მიაცილა ხარკოვში მიმავალი ვასილიჩი, ვოვა და დემიანი და მაშინვე ჯაბას მიუბრუნდა:
– რა მოხდა, რატომ ხარ დაღვრემილი, ასე გეწყინა კიევის ამბები?
– კიევს მოევლება, – ყრუდ ჩაილაპარაკა ჯაბამ.
– რამე ხომ არ გაარკვიე? – ლუკამ უმალ იგრძნო, რომ ჯაბა უსიამოვნო ცნობით იყო მოსული.
– გავარკვიე, საქართველოში გაგვასწრო.
– საქართველოში... – მექანიკურად გაიმეორა ლუკამ და ჩაფიქრდა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯაბა მუხლჩაუხრელად ეძებდა ეკას, რომელიც ღამით გაუჩინარდა აგარაკიდან. ერთადერთი, ვისაც ეკა წასვლის წინ ესაუბრა და ჩანაფიქრიც გაუმხილა, ნატო იყო, მაგრამ გოგონამ მისთვის მიცემული პირობა არ დაარღვია და არაფერი უთხრა მამას. დილით კი უკვე გვიან იყო. ლუკას ხალხმა საგულდაგულოდ გაჩხრიკა მთელი ქალაქი, თუმცა, ეკას კვალს ვერსად მიაგნო. ახლა კი ირკვეოდა, რომ ის საქართველოში გამგზავრებულიყო.
– საქართველოში... იქნებ ეს მისთვის უკეთესიც იყოს? თბილისში მშვიდად იგრძნობს თავს – იქ ჰყავს ოჯახის წევრები, მეგობრები, აქვს სამსახური... – ლუკა გაჩუმდა. იგრძნო, რომ მისი სიტყვები არარეალური იყო. თბილისში დაბრუნება ეკას სიმშვიდეს ვერ მიანიჭებდა, მით უმეტეს, მაშინ, როცა ის ფეხმძიმედ იყო.
ლუკა, ის დააპატიმრეს... – მძიმედ წარმოთქვა ჯაბამ.
– დააპატიმრეს?!
– ჰო, სახლში მისვლაც კი არ აცადეს, აეროპორტშივე აიყვანეს.
– პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელი აეროპორტში დააპატიმრეს?! – ლუკას ამის წარმოდგენაც კი გაუჭირდა.
– ეკა პრესსამსახურის თანამშრომელი შენთან შეხვედრამდე იყო.
– რისთვის, რა ბრალდებით?!
– ეკამ შეცდომა დაუშვა. იმდენად არ სურდა, მისი კვალისთვის მიგვეგნო, რომ „შეკეთებული” პასპორტით გადაფრინდა საქართველოში!
ლუკას უმალ გაახსენდა რუსეთის მოქალაქის პასპორტი, რომელიც ეკატერინა სმირნოვას სახელზე იყო გაცემული. ამ პასპორტით ეკამ ლუკასთან და ნატოსთან ერთად იმგზავრა საქართველოში. მაშინ გააფრთხილეს კიდეც, რომ, თუ თათეოსიანისა და აფხაზი ქურდების დავაში არ ჩაერეოდა, ეკას საზღვრის ყალბი პასპორტით გადაკვეთის ბრალდებით გაასამართლებდნენ. მაშინ ლუკამ ეს მხოლოდ მუქარად ჩათვალა, მაგრამ, მაინც გააფრთხილა ეკა, მოეშორებინა „დამწვარი” საბუთი, მან კი არ შეისმინა... შესაძლოა, მაშინვე ჰქონდა გადაწყვეტილი თბილისში დაბრუნება და ამ შემთხვევისთვის შეინახა პასპორტი.
– კიდევ რა იცი?
– ეკას ახლობლებმა სცადეს იზოლატორიდან მისი გამოყვანა, საქმეში ვიღაც-ვიღაცეებიც ჩარიეს, მაგრამ, არაფერი გამოუვიდათ – „ძაღლები“ არავის იკარებენ.
– ნაბიჭვრები! საიდან შემომიარეს!.. – კბილები გაახღჭიალა ლუკამ, – მე ვერ მომწვდნენ და ეკაზე ანთხევენ ბოღმას!
– რაღაც უნდა გავაკეთოთ, ლუკა. ეკა ისედაც ცუდად იყო, ასეთ მდგომარეობაში კი დიდხანს ვერ გაქაჩავს. ახლა მისთვის ყოველი დღე წელიწადს უდრის. ვინმე უნდა მოვძებნოთ. ისეთი კაცი უნდა მივაგზავნოთ ძაღლებთან, ვისაც უარს ვერ ეტყვიან.
– არა მგონია, რამე გამოვიდეს. მაგის შანსი რომ ყოფილიყო, მისი ახლობლები უკვე გამოიყვანდნენ იზოლატორიდან... სხვა გზა უნდა მოვძებნოთ!
– რომელი გზა? – სწრაფად ჰკითხა ჯაბამ.
– არ ვიცი... ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვი, მაგრამ, რამეს მოვიფიქრებ, – უპასუხა ლუკამ, შემდეგ მობილური ამოიღო ჯიბიდან და სწრაფად აკრიფა ნომერი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში