რა რისკზე წავიდა ნინა და რატომ არის ის მარტო
მართალია ძველი, სკანდალური იმიჯი წარსულს ჩააბარა და უკვე სახელმწიფო მოხელის კარიერას შეუდგა, მაგრამ ჩვეული ეპატაჟის წყალობით, მის ირგვლივ მაინც ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს. ზოგს მისი პირადი ცხოვრება აინტერესებს, ზოგს კი მისი ახალი ცხოვრებისა და წინსვლის „რეცეპტი“. მოკლედ, ნინა კვლავ ხშირად ხდება სხვადასხვა ისტორიების „გმირი.“ თავად საკუთარი იღბლით კმაყოფილია, თუმცა აღიარებს, რომ, როგორც ყოველთვის, მის ცხოვრებაშიც ყველაფერი ერთად არ ხდება და აკლია ის, რასაც ქალისთვის სრული ბედნიერება მოაქვს...
ნინა: ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, ადამიანები იღბლიანები იბადებიან თუ მერე, ცხოვრების განმავლობაში, როცა თავად ქმნიან ყველაფერს, ამას იღბალს აბრალებენ. მე საკუთარ თავს, იღბლიანად მივიჩნევ, ასე რომ არ ვიფიქრო, ნამდვილად უმადური ვიქნები. ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იოლად მოდის, მაგრამ ეს ასე არაა. საკუთარ იღბალს შენც უნდა შეუწყო ხელი. სახლში რომ გამოიკეტო და ელოდო, როდის მოვა და გაგიმართლებს იღბალი, ასე არაფერი გამოვა. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდები, როცა მქონდა მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად ბევრ რამეს ვაკეთებდი, თუმცა უშედეგოდ. ამის მიუხედავად, ძალიან მოულოდნელი სიურპრიზებიც მრავლად მოუწყვია ჩემთვის ცხოვრებას და მომხდარა ის, რაზედაც საერთოდ არ მიფიქრია და არ დამიგეგმავს. როცა თითქოს არ იმსახურებ დიდ წარმატებას და რაც ისე მოდის, ეს არის იღბალი. თუმცა, იმაშიც დარწმუნებული ვარ, შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი კანონზომიერებას ექვემდებარება.
– ის, რომ ახლა სხვა ამპლუაში, სახელმწიფო სამსახურში ხარ, ეს კანონზომიერი იყო?
– ალბათ, ასეც იყო. ჩვენი პროფესია იმდენად არასტაბილურია, რომ დადგა დრო და სტაბილურ სამსახურზე ფიქრი დავიწყე. ძალიან მინდოდა, საკუთარი თავისთვის თავისუფალი დრო მომესპო და დაკავებული ვყოფილიყავი. როცა ასეთ რეჟიმში მუშაობ, უფრო მომართული და მობილიზებული ხარ. მე ასეთი ხასიათი მაქვს – ორი-სამი დღე გარეთ თუ არ გავედი, მერე ისე ვეშვები და ვდუნდები, საერთოდ აღარ მინდა ქუჩაში გასვლა. ამ სამსახურში მოვხვდი შემთხვევით, გავიგე, რომ ვაკანსია იყო და ვცადე ბედი.
– კარგი „ინფორმატორი“ და გზამკვლევი გყოლია.
– მართლა შემთხვევით გავიგე ვაკანსიის შესახებ. მე ხომ ენერგეტიკის ან ეკონომიკის სამინისტროში არ დამიწყია მუშაობა, რომ მეფიქრა: ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი, მე ამ სფეროში უკვე დიდი ხანია ვსაქმიანობ, ამიტომაც მოვსინჯე ძალები. ვცადე და გამომივიდა. ჩემი იმიჯის ადამიანისთვის სახელმწიფო სამსახურში გადასვლა გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული, თუმცა ძალიან მიკვირს, რატომ მაქვს ასეთი იმიჯი (იცინის). ზოგს მახინჯი, უნიჭო ვგონივარ, მაგრამ ვინც მიცნობს, ვიცი, რომ ის ჩემზე ასე არ ფიქრობს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აღარც ის არ მაღელვებს, როცა ვიღაცეები ჩემზე ცუდს ფიქრობენ. თავის დროზე ეს მწყინდა, გულს მტკენდა, ახლა შევეჩვიე (იცინის).
– შენ რადიკალურად შეცვალე შენი იმიჯი და აღარ ხარ ისეთი ეპატაჟური როგორიც იყავი წლების განმავლობაში.
– როცა შოუ-ბიზნესში პოპულარული ხარ, ვიღაცეებს ჰგონია, რომ განათლება არ გაქვს და სიმღერის გარდა, არაფერი გამოგივა. მე მგონი, ამ სტერეოტიპს ვანგრევ (იცინის). როცა პირველად გამოვჩნდი, დაიწყეს ლაპარაკი, რომ პროვინციიდან ჩამოვიდა ვიღაც ფულიანი გოგო, რომელიც მამის ფულით ყველაფერს გააკეთებს. ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით, ჩანს. მე ვფიქრობ, რომ პროვინციალიზმი არაა გეოგრაფიული მცნება. პროვინციაში დაბადებული ადამიანიც შეიძლება იყოს კულტურული, კარგი და ბევრ რამეში აჯობოს მას, ვინც ეგრეთ წოდებულ „ელიტარულ ოჯახში“ იზრდება. მე გორში ვცხოვრობდი, მიყვარს ეს ქალაქი, მეამაყება ჩემი ოჯახი და სულ არ განვიცდი იმის გამო, რომ ცნობილი ადამიანების შთამომავალი არ ვარ. გორში ვცხოვრობდი, მაგრამ ძალიან ადრეული ასაკიდან დავდიოდი სამოგზაუროდ და ეს ჩემს ცნობიერებაზე აისახებოდა. მე მაქვს უნარი გამოვიყენო ყველა შანსი, რაც ცხოვრებისგან მეძლევა. ბევრს აქვს ფული, მაგრამ მისი საჭიროდ გამოყენების უნარი არ გააჩნია და ამიტომაც არ ჩანს. იმის მიუხედავად, რომ ბავშვობიდან ვიყავი მუსიკასთან დაკავშირებული, ფართო ასპარეზზე გვიან, 25 წლის ასაკში გამოვჩნდი. ეს საკმაოდ „ხანშიშესულობის ასაკია“ დამწყები მომღერლისთვის, მაგრამ მე გამიმართლა. იმ დროს, როცა მე დავიწყე სიმღერა, ძალიან ბევრი თამამი ნაბიჯი გადავდგი, რამაც, საბოლოო ჯამში, გაამართლა.
– ყველაზე მეტად რაში გაგიმართლა?
– ყველაზე მეტად გამიმართლა, რომ ჩემს ოჯახში გავჩნდი. ჩემი მშობლები ძალიან ბევრ რამეში დამეხმარნენ. ოჯახში ნებიერა ვიყავი, იმდენი სითბო და სიყვარული მეხვია თავს, მქონდა საშუალება ბედნიერება შემეგრძნო. ოჯახში ვისწავლე ადამიანების სიყვარული, ალბათ, ამიტომაა, რომ მე ის ხალხიც მიყვარს, ვინც პატივისცემას არ იმსახურებს. მე შემიძლია, ადამიანებს ვაპატიო შეცდომები და მიყვარდეს ისინი.
– ნინა როცა საქმე სიყვარულს და მამაკაცებს ეხება, იღბალი გწყალობს?
– პირად ცხოვრებაში უიღბლო ვარ, ძალიან მყვარებია, ვყვარებივარ კიდეც, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, სიყვარულში მიმართლებს-მეთქი. მქონდა სიყვარული, რომელიც მოულოდნელად დამეცა თავზე, მაგრამ დამთავრდა და ძალიან მატკინა გული. ამის მიუხედავად, მაინც ძალიან ბედნიერი ვარ, მყავს არაჩვეულებრივი შვილი, ოჯახი, მეგობრები, გადასარევი სამსახური მაქვს. ალბათ, სრული ბედნიერება არ არსებობს, ყველაფერი ერთად არ გამოდის. როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, ვხვდები, რომ სიყვარული ძალიან მჭირდება. რატომღაც მგონია, რომ ვიმსახურებ ამას (იცინის). სიმართლე გითხრათ, სიყვარულისთვის არ ვიბრძვი, ამას ვერ დაგეგმავ, ვიცი, რომ მოვა..
– რატომ ვერ აგეწყო ურთიერთობები მამაკაცებთან?
– არ ვიცი, შეიძლება მე ვარ დამნაშავე. კაცებს არ მოსწონთ დაკავებული, საქმიანი ქალები, მით უფრო ერიდებიან პოპულარული ქალების გვერდით ყოფნას, ძალიან იძაბებიან. ამან რამდენიმე ურთიერთობა დამინგრია, თუმცა მე მამაკაცებთან ძალიან დამთმობი ვარ. მამაკაცები ვერ იტანენ, როცა მის გვერდით მყოფ ქალზე რაიმეს ლაპარაკობენ, მერე ჩნდება ეჭვი. მე ძალიან მარტივი ვარ ურთიერთობებში, რაშიც მამაკაცები არ მეთანხმებიან და მეუბნებიან, რომ ძალიან რთული ვარ. პრინციპში ეს ადრე იყო, ახლა გვერდით ნამდვილად არავინ მყავს.
– ამის დაჯერება რთულია.
– მართლა მარტო ვარ. თან ისეთ ეტაპზე ვარ, რომ სიყვარულის გამო საქმეებს ვერ გავაფუჭებ, თათბირზეც კი არ დავაგვიანებ (იცინის). უკვე მივხვდი, რომ ქალი რაც უფრო საქმიანია, მით უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს. პირადი ურთიერთობის გამო, ძალიან ბევრჯერ, ბევრი საქმე მაქვს გადადებული. ეს ვერავინ დაინახა და ვერც დააფასეს, ახლა შევიცვალე, უკვე გავიზარდე და შეცდომების დაშვების უფლება არ მაქვს. უკვე ვხვდები, რამდენი დრო მაქვს დაკარგული სისულელეებში და ამას ძალიან ვნანობ. ამ ეტაპზე ასეთი ვარ. თუმცა, შეიძლება, ისეთი დიდი სიყვარული მეწვიოს, კიდევ წავიდე ბევრ მსხვერპლზე და თათბირებიც გავაცდინო (იცინის). მაგრამ, ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებ, თუ ადამიანი არანორმალურად მეყვარება. სიყვარულში ძალიან მაქსიმალისტი ვარ, შუალედი არ ვიცი. როცა ადამიანი მიყვარს, ყველანაირად ვცდილობ, ის ჩემ გვერდით ბედნიერი იყოს. მაგრამ ვხვდები, რომ ზედმეტი გრძნობები ძალიან მღუპავს (იცინის).
– მამაკაცები თუ გხდიან ბედნიერს?
– რა ვიცი, აბა, მხდიან? (იცინის) ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული სიურპრიზები მახსოვს მათგან. ეტყობა, ძუნწი მამაკაცები მხვდებოდნენ ყოველთვის და არ მანებივრებდნენ საჩუქრებით (იცინის). ალბათ, ეგონათ, რომ ყველაფერი მქონდა, ჩემი აზრით, ძუნწ მამაკაცზე საშინელი არაფერია. ასეთ მამაკაცს გვერდით არ გავიკარებ. ჩემი სიურპრიზების ავტორი ძირითადად მამაჩემია, რომელიც არასდროს „მივიწყებს“.
– ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ შოუში სოლიდური თანხა მოიგე, როგორც ჩანს მოგებებში გიმართლებს.
– ეს მთლად აზარტული თამაში არ იყო, ის თანხა ჩემი ემოციების, ნერვიულობის ხარჯზე გამოვიმუშავე. ეს იყო პირველი შემთხვევა, თუმცა ამ ფულს მთლიანად ბავშვების დასახმარებლად გადავრიცხავ. არ მიყვარს აზარტული თამაშები, ვერ ვიტან კაზინოს, თუმცა რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და მივხვდი, რომ თამაში არაა ჩემი საქმე. კარტიც კი არ მითამაშია. რამდენჯერმე ლატარიის ბილეთი მაჩუქეს, მაგრამ ეს ისე, გართობისთვის, არაფერიც არ მომიგია... ხანდახან ფული რთულად მოდის ჩემთან, ხან იოლად, ისე რომ საერთოდ არ ველი.
– შენი ოჯახის წევრები ბიზნესში არიან ჩართული, შენ არ გქონია სურვილი, მამის ბიზნესში გეცადა ძალები?
– ჩემი ბიზნესი იყო სიმღერა. მამის ბიზნესში ჩართვაზე არც მიფიქრია. მამაჩემი და ჩემი ძმაც მშვენივრად მართავენ. ჩემი აზრით, კონცენტრატები არაა ქალის საქმე, ეს ის საქმეა, რომელიც კაცებმა უნდა აკეთონ და ქალს ვერ ანდობ. (იცინის) არ მინდა, 24 საათი რკინის კონსტრუქციებს ვუყურო. მინდა, ჩემი საქმე მქონდეს. ალბათ, მოვა დრო და ამ მიმართულებით ფიქრს დავიწყებ, რომელიმე კარგი ბრენდის სახელობით მაღაზიას ან კარგ კლუბს გავხსნიდი, სადაც გემოვნებიან მუსიკას მოისმენდნენ. ამისი დროც მოვა, როცა ბიზნესში ვიქნები და დარწმუნებული ვარ, ყველა სირთულეს გავუძლებ. ასეთი პერიოდი ძალიან ბევრჯერ მქონია ცხოვრებაში, სასოწარკვეთილიც ვყოფილვარ და ასეც მგონებია, ყველაფერი დასრულდა-მეთქი. ეს ყოველთვის ხდებოდა მაშინ, როცა სიყვარულთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა. ქალის ბუნება ისეა მოწყობილი, ყველას ჰგონია, რომ მთავარია მამაკაცის სიყვარული. „მწოლიარე“ დეპრესიების და სახლში გამოკეტვის ფასიც ვიცი, რომელსაც უკვე სხვანაირად ვებრძვი (იცინის). როცა ბევრი ცუდი აეწყობა ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, მერე ვიცი, რომ ცუდი აუცილებლად კარგით შეიცვლება. ზღაპრების არ მჯერა, მაგრამ ის ვიცი, რომ ყველა ცუდს კეთილი დასასრული აქვს. მე დიდი ბედნიერებისთვის მხოლოდ დიდი სიყვარული მაკლია და დარწმუნებული ვარ, ესეც მოვა...