ვინ არის თბილისში ქალი, ვისაც სოსო პავლიაშვილი ყველაფერს უმხელს
მაშინ ის სულ ოცდაერთი წლის იყო, როცა საქართველოდან წავიდა. ყველაფერი კი, „იურმალადან“ დაიწყო. მალე მის წარმატებებს პირადი ბედნიერება მოჰყვა. პირველი ქორწინების შემდეგ, ის მშვენიერ ირინა პატლახზე დაქორწინდა. სოსოს სამი შვილი – ლევანი, ლიზი და ალექსანდრა ჰყავს. მათ, ვინც სოსო პავლიაშვილს მხოლოდ სცენიდან იცნობს, გეტყვით, რომ ძალიან თბილი, უშუალო, მაგრამ პრინციპული ადამიანია. დანარჩენს კი მისი დისგან, მაკასგან შეიტყობთ.
– მაკა, გავიგე, ძმას სიმღერების წერაში აქედან ეხმარები.
– დიდი ხანი არ არის, რაც სოსოს სიმღერებისთვის ტექსტების წერა დავიწყე. ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს და მეუბნება, ერთი ძველი, ქართული, ქალაქური სიმღერა მაქვს, მინდა, ცოტა გადავაკეთო, რომ აქაურებმა იცოდნენ ქართული სიმღერის ეშხი. სიტყვებს მნიშვნელობა არ აქვს, იქნებ, ვინმე მომინახო, ვინც ამაზე ტექსტს დამიწერსო. კარგი-მეთქი და გავთიშე ტელეფონი. ზუსტად ნახევარ საათში დავუწერე. დავურეკე, სად ხარ-მეთქი. სტუდიაშიო. დაჯექი ახლა და მომისმინე-მეთქი. ვუკითხავ, მეოთხე კუპლეტი რომ დავამთავრე, მეუბნება: შენ ახლა ნამუსი გაქვს? რას მაძებნინებდი ტყუილა ამ ხალხსო... სახლში ან თავის სტუდიაში დაჯდება ინსტრუმენტთან, მერე მე მირეკავს და რიტმს მასმენინებს. მიხსნის, რა შინაარსის სიმღერა უნდა იყოს – მეგობრობაზე, თავის ცხოვრებაზე... და ამის მიხედვით ვუწერ ტექსტს. ძირითადად, სამშობლოზე წერს. ადრეც იყო მის სიმღერებში საქართველოს ელემენტები, მაგრამ ახლა, ეტყობა, რაც ასაკში შევიდა, უფრო მოეძალა ნოსტალგია და...
– როგორც ვიცი, როცა სოსო საქართველოში ჩამოდის, თბილისში არ რჩება და მთელი ოჯახი ხან სად ხვდებით, ხან სად. რა არის ამის მიზეზი?
– საქართველოში, სადაც კონცერტები აქვს დაგეგმილი, იქ ჩავდივართ ხოლმე მე, დედა და მამა. ჯერჯერობით თბილისში არ აქვს. ცოტა გულნატკენიც იყო. რაღაც აწყენინეს. ჩათვალა, რადგან მაწყენინეს, ესე იგი, არავის ვჭირდებიო და ახლა თავისთვის არის.
– მაინც?
– ვერასოდეს დაუშვებდა იმას, თუ შეიძლება, კომპიუტერში ვიღაცას რაღაც ისეთი მიეწერა, რაც არ ესიამოვნებოდა, თან, ასეთი ადამიანის სახელით, რომლისგანაც ამას არ მოელოდა. ეტყობა, სოსო იმ მომენტში ისეთ ხასიათზე იყო, რომ ამ ყველაფერმა რეაგირება მოახდინა. სიტყვაზე, ერთი კვირის წინ ჩახუტებულები რომ იყვნენ აქ და მოსკოვში, ისეთი შეტყობინებები მიუვიდა „ფეისბუქზე“, გადაირია. ამ პიროვნებისგან ამას არ მოელოდა. სოსო და სოსოს ოჯახი გალანძღა, მაგრამ რამდენი ტუტუცი რაღაც იდიოტობას იტყვის, სოსომ რომ ამის გამო საქართველოში ფეხი არ ჩამოდგას, ხომ სისულულე იქნება. მას შემდეგ კომპიუტერს ვერ იტანს, არ ეკარება. არც სცალია ამისთვის. სახლში შედის ნახევარი საათით, ცოტა აზრზე მოვა და გარბის. ხან ქორწილია, ხან დაბადების დღეა... დიდი საახლობლო ჰყავს სხვადასხვა ქალაქში. ურეკავენ, სთხოვენ, ჩამოდი. სულ თვითმფრინავშია. იტყვის ხოლმე, რად მინდოდა, ამხელა სახლი რომ ვიყიდე, სასტუმროში მეცხოვრა, მაინც სულ წასვლა-წამოსვლაში ვარო. როგორც იქნა, იყიდა სახლი, მაგრამ ძალიან მაღალი სართულია, მგონი, ოცდამეხუთე.
– საქართველოდან რომ არ წასულიყო, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, თქვენი ურთიერთობა, ისევ ამ ემოციებით იქნებოდი ძმის მიმართ?
– ალბათ, ჩვეულებრივი სიტუაცია იქნებოდა ოჯახში, როგორც დანარჩენი ოჯახის წევრები ვართ ერთმანეთთან, ისე. სულ მენატრება. ჩემი ნატვრაა და რამდენჯერ მითხოვია ღმერთისთვის – ნეტავი, ისეთი ცხოვრება მომცა და ისეთ ადგილზე მაცხოვრა, სოსო, შენთან ერთად, რომ მე გიმზადებდე საჭმელს, გაჭმევდე, გივლიდე-მეთქი. ირა მეუბნება: კარგია, მანდ რომ ხარ, თორემ 120 კილოს გაგვხდიდი შენი გემრიელი საჭმელებითო.
– წლები გავიდა, რაც სოსომ მეორედ შექმნა ოჯახი. თექვსმეტი წლით უმცროს, მოცეკვავე ირინა პატლახთან, რომელიც სოსოს კონცერტებზე გამოდიოდა. როგორია მათი ურთიერთობა დღეს, კარგად ესმით ერთმანეთის?
– იცი, ამას წლების გასვლა არ სჭირდებოდა. ერთად ცხოვრება რომ გადაწყვიტეს, უკვე შეთავსებულები იყვნენ, მაგრამ ისე არ ყოფილა, რომ ირა მოეწონა და გაეკიდა, გინდა თუ არა, ჩემი ცოლი უნდა გახდეო. ასეთი „კრასავიცებით“ სავსეა მთელი რუსეთი. პირველი ოჯახი რომ დაიშალა, სოსო თავისთვის წავიდა და მართალი გითხრა, არც კი ფიქრობდა, ცოლი მოეყვანა. თავის საქმეში იყო ჩართული თავიდან ფეხებამდე. ირამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მას დღეს ტკბილი, თბილი ოჯახი აქვს და სახლში რომ შედის, ცარიელი და ცივი გარემო არ ხვდება. მახსოვს, ერთი თუ ორი კვირა რომ ჩავდიოდი მოსკოვში, სოსოსთვის ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იყო. გარეცხილი, დაუთოებული ტანსაცმელი, ცხელი კერძი ხვდებოდა და თავისთავად ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველად რომ ჩავედი სოსოსთან და სახლში შევედი, გული მეტკინა. მაგიდაზე ჩიფსები ეყარა, მეტი არაფერი ჰქონდა. ამას რას ჭამ-მეთქი. მაინც სულ არ ვარ სახლში, გასტროლებზე ვარო, – მიპასუხა. მთელი ის პერიოდი, რაც იქ ვიყავი, მარტო სოსო კი არა, მთელი სოსოს საძმაკაცო, ცნობილი მომღერლები მოდიოდნენ, რომ ქართული საჭმელი გაესინჯათ. კიდევ ერთი: ირასთან ურთიერთობაში არასოდეს გვიგრძნია არც მე, არც დედას, არც მამას, რომ ჩვენ ზედმეტები ვიყავით, რასაც ბევრი რძალი გააკეთებდა.
– აქამდე ვიცოდი, რომ სოსო პავლიაშვილი ნანი ბრეგვაძისა და ბუბა კიკაბიძის შემდეგ ის ქართველია, რომელიც რუსეთში მხოლოდ ესტრადაზე გამოდის და საახალწლო თუ გასართობ ტელეგადაცემებში იღებს მონაწილეობას. რესტორნებსა და კლუბებშიც მღერის?
– რესტორნებშიც მღერის და კლუბებშიც, სადაც მიიწვევენ. გააჩნია, რას გადაუხდიან და ვინ მიიწვევს, მაგრამ, ქართველს უარი უთხრას, არ არსებობს. სადღაც ათი წლის წინ ჩემი ახლობლის ქორწილი იყო „მეტეხში“, ვარუმი და აგუტინი იყვნენ ჩამოსულები და ჩვეულებრივი კონცერტი ჩაატარეს. სოსოს დაურეკეს, ვერ ახერხებდა ჩამოსვლას, სხვაგან ჰქონდა კონცერტები. ჩვეულებრივი ამბავია და ძალიან მიხარია, რომ ეს ტენდენცია წამოვიდა. დღეს სად ხვდებიან ერთმანეთს ქართველი მსმენელი და მომღერლები – რესტორნებში. იმ დღეს ჩემმა მეუღლემ ბავშვი მონათლა და რესტორანში რომ შევედი, ანრი ჯოხაძე „სამშობლოს“ მღეროდა. ისე გამიხარდა, ვერ წარმოიდგენ. სადმე რომ მოვისმენ სოსოს სიმღერას მღერიან, ვურეკავ და ვახარებ. იმ დღეს კიდევ „ნუცას სკოლაში“ იმღერა ბიჭმა სოსოს სიმღერა. ტელეფონით მოვასმენინე. გაჩუმებაზე მივხვდი, ტიროდა. ბავშვივით არის, ისევე, როგორც მე – რეკლამაზეც ვტირი.
– სოსოს კარიერის დაწყება ვახსენეთ და ირინა პანაროვსკაია გამახსენდა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მოსკოვში სოსოსთვის გზის გაკვლევაში. მახსოვს, სოსო რომ გამოჩნდა რუსულ შოუ-ბიზნესში, თბილისში ბევრს ჭორაობდნენ მათზე. იმ დროს ნინო და სოსო ახალი შეუღლებულები იყვნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში თავადაც თქვა ასეთი რამ: ჩემი ცოლის დიდი მადლობელი ვარ, რომ ყველანაირად გამიგოო... ალბათ, ამ ურთიერთობას გულისხმობდა. მართალია, მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ მე მაინტერესებს, შენი, როგორც დის აზრი ირინასა და სოსოს ურთიერთობაზე. მაშინ თუ დაგიშვია, რომ შეიძლებოდა ირინა სოსოს ცხოვრების თანამგზავრიც კი გამხდარიყო?
– რომ გითხრა, რომ ირინამ მოკიდა ხელი და ამღერა-მეთქი, არა. მაგრამ, მოსკოვში წაყვანის ბიძგი ნამდვილად მისცა. იმ პერიოდში სოსო მაინც მშობლებზე იყო დამოკიდებული და ამხელა რაღაცას საკუთარ თავზე ვერ აიღებდა, რომ უცებ დიდ რუსეთში შევარდნილიყო და გამოჩენილიყო. რაც შეეხება მათ ურთიერთობას, ეს ამბავი არავისთვის იყო დამალული. ირასთან ძალიან ახლოსაც ვიყავი. აბსოლუტურად არანაირი პრობლემა და არც გასაკვირი არ იქნებოდა, თუ ცოლად მოიყვანდა, მაგრამ, ეტყობა, თვითონ აღარ მოინდომეს, ირამ თავის ცხოვრებას მიხედა, სოსომ – თავისას. სხვათა შორის, აქაც ჰყავდა ჩამოყვანილი, დედულეთში.
– ბუნებრივია, შენზე უკეთ არავინ იცის სოსო პავლიაშვილის ხასიათი, ზნე-ჩვეულებები. როგორია ის ცხოვრებაში? გაგვაცანი ახლოდან.
– როგორი თბილია, არ იცი. ახლა რომ შემოვიდეს, ისე დაგელაპარაკება, შეიძლება იფიქრო, მთელი ცხოვრება ერთად ვიზრდებოდითო. გაბრაზება როგორ არ იცის, მაგრამ სულ სხვა ფორმით გამოხატავს – ნამუსზე აგაგდებს, მიგანიშნებს, რომ შენ ეს შეგეშალა, მაგრამ გულს არ გატკენს. ყოველთვის იმას ამბობს: რა უფლება აქვს ვინმეს სხვა განსაჯოს, ღმერთმა უნდა განსაჯოსო. ქრისტიანული წესით ცხოვრობს. მარხვებს, ყველანაირ ეკლესიურ წესს იცავს. რამდენჯერმე ცხოვრებაში ფეხი წამოკრა, ან საქმე ჩაუვარდა, დააკვირდა და მიხვდა, რომ ეს ღვთიური ნიშანი იყო. სულ იმას იხვეწება, ჩვენს პატრიარქს, ილია მეორეს გაუფრთხილდითო. როცა რაღაც უჭირს ან დეპრესიაშია, ურეკავს და რჩევას ეკითხება, რომ სწორ გზაზე დააყენოს.
– ლევანიკოზე მინდა გკითხო. როცა სოსოს მიჰყავდა, ხომ არ მოჰყოლია ამას რამე წინააღმდეგობა. თვითონ ლევანი როგორ შეეგუა მოსკოვში ცხოვრებას, დღეს რა ხდება?
– ლევანიკო დამოუკიდებლად ცხოვრობს, თავისი სახლი, სამუშაო აქვს. სოსომ მეცხრე კლასიდან წაიყვანა. აქ არეული სიტუაცია იყო. ბავშვები დღე და ღამე ქუჩაში იდგნენ, ბირჟაზე. აბა, რა უნდა ექნა? რომელ დედას არ გაუხარდება, მისი შვილი სწორ გზაზე რომ დადგება. აქ რა უნდა გაეკეთებინა? ლევანიკო, ძალიან დიდ სიყვარულში იზრდებოდა ჩვენთან. დედამისი ხომ ლევანიკოზე აფანატებს, მაგრამ მისთვის მეორე დედა მე და დედაჩემი ვიყავით. ღამის სამ საათზე ნინოს აუყვანია ბავშვი და ჩემთან მოუყვანია, გვერდით მეწვა. ღამე იღვიძებს და ტირის, მამიდა მინდაო. მასე დედმამიშვილებიც არ არიან ერთად, აგერ ოცდახუთი წელია, ჩემი ძმა წასულია, მაგრამ იმაზე მეტად მსოფლიოში არავინ მიყვარს.
– როგორია შენი და ირას, ბავშვების ურთიერთობა?
– როგორ შეიძლება, ირასთან ცუდი ურთიერთობა გქონდეს. ხანდახან მგონია, რძალი კი არა ჩემი და არის-მეთქი. ზოგჯერ, რომ ჩავდივართ, რა თქმა უნდა, გეხათრება, ფული დაახარჯვინო. გამორიცხულია, შეეკამათო. შენ არავინ გეკითხება, ადექი, წამოდიო... დედამთილი და მამამთილი წელიწადში რვაჯერ ჰყავს წაყვანილი ხან მოსკოვში, ხან იტალიაში... არაფერს აკლებს. ძალიან ჭკვიანი გოგოა. რაც შეეხება ბავშვებს, ლიზიკო შვიდი წლის არის. სკოლაში რომ შეჰყავდათ, უთქვამს – არ შეიძლება, თბილისში შემიყვანოთ სკოლაშიო. ალბათ, შეიძლებოდა, მაგრამ სოსომ ლიზი თუ არ დაინახა, მოკვდება. მისი თილისმაა. ალექსანდრა ოთხი წლისაა, იმასაც აქეთ უნდა.