ძნელია გაუმკლავდე!
ყველაზე რთული ახლობლებისგან წამოსული აგრესიისა და ნეგატიური ენერგიის გამკლავებაა. ისინი ხომ ახლობლები არიან და, შესაბამისად, ყველაზე ხშირად სწორედ მათთან გვაქვს სიახლოვე. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანი ყველაზე დიდ სტრესს ოჯახის წევრებისგან, პარტნიორისა და მეგობრებისგან იღებს. ყველაზე ხშირად სწორედ ისინი თამაშობენ ჩვენს გრძნობებზე და ბოროტადაც იყენებენ. სამწუხაროდ, ეს ურთიერთობები ყოველთვის არ არის დაბალანსებული, ზომიერი და ორმხრივად სასარგებლო. იქნებ გგონიათ, ვერ ხვდებიან, როცა გულს გვტკენენ. ძალიან კარგადაც ხვდებიან, მაგრამ მაინც თავისკენ „ექაჩებიან“. აშკარა ბრძოლას მათ ვერ გამოუცხადებ. ვერც სამუდამოდ მოსცილდები. ეს კიდევ უფრო მეტად გულსატკენი იქნება. როგორმე უნდა გაუმკლავდე და ამის მეთოდები არსებობს. მაგალითად, თუ ხედავ, რომ საყვარელი ადამიანები აშკარად თამაშობენ თქვენი გრძნობებით, მაგრად დადექით. ჩხუბი საჭირო არ არის. ის თამაშობს იმიტომ, რომ უნდა რაღაცას მიაღწიოს, რაღაც კაპრიზი აისრულოს და თავისი გაიტანოს. ზოგს კარგად გამოსდის მანიპულაცია მეორე ადამიანით. არავითარ შემთხვევაში არ გახდეთ მსხვერპლი. თუ ერთხელ გაუვიდათ, მერე აღარ მოგეშვებიან და მუდმივად შეძლებენ თქვენს დაჩაგვრას. პრობლემა ის კი არ არის, რომ მათ არ უყვარხართ, უბრალოდ, ადამიანის ფსიქოლოგიაა ასეთი – იქ, სადაც გასდის, უარს არ ამბობს ამაზე.
მხოლოდ ძალიან შეყვარებული ან მაღალი ინტელექტის ადამიანს შესწევს უნარი, გაუძლოს ცდუნებას და არ ითამაშოს გრძნობებზე. თუ არ გაგიმართლათ და გვერდით ასეთი ადამიანები არ გყავთ, ისღა დაგრჩენიათ, თავი დაიცვათ. გაგიჭირდებათ, მაგრამ უნდა შეძლოთ!
შენ – ჩემი ცოლი!
არსებობენ მამაკაცები, რომლებშიც მესაკუთრის ხასიათი სჭარბობს და ცოლს თავის აბსოლუტურ კუთვნილებად აღიქვამენ. ეს არ ნიშნავს, რომ გიჟდებიან ცოლის სიყვარულით. უმჯობესი იქნებოდა გვეთქვა, რომ ისინი ცოლებს ისეთივე „ჭრილში“ უყურებენ, როგორც მანქანას, ბინას ან მობილურ ტელეფონს. რა თქმა უნდა, არავის მოეწონება, როცა ნივთად მიიჩნევენ, მაგრამ ზოგიერთი ქალი თავს იმით იმშვიდებს, რომ ამტკიცებს ეს მისი დიდი სიყვარულის ბრალიაო. არავითარ შემთხვევაში. ნუ მოიტყუებთ თავს. რადგან ამ ტიპის სიტუაციის ჯანსაღი აღქმა მომავალში სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს. მნიშვნელობა არ აქვს ქალის გარეგნობასაც, თუ კაცი ბუნებით მესაკუთრეა, ის ცოლს თავის საცეცებში მოაქცევს და გვერდზეც არ გაახედებს, იეჭვიანებს ყოველთვის, ყველგან და ყველაფერზე. ასეთ კაცს აუცილებლად უნდა აუხსნათ, რომ თუ ქალი ღალატს მოინდომებს, მას ვერავინ და ვერაფერი დააკავებს. ეს აქსიომაა და ცხოვრებისეული სიმართლე. არ არის აუცილებელი, მოკლე კაბა ჩაიცვა და ტუჩებზე წითელი პომადა წაისვა. საშინაო ტანსაცმელშიც იპოვის ქალი პარტნიორს, თუ მესაკუთრე ქმარი გასაქანს არ დაუტოვებს. შეიძლება, მან ეს ჯიბრითაც კი გააკეთოს.
შენ ჩემი ცოლი ხარ! – ბრძანებასავით არ უნდა ისმოდეს. ნურც თქვენ იქცევით ნივთად. დროულად დაიცავით თქვენი უფლებები და მტკიცედ უთხარით, რომ ის რადგან ქმარია, თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს. იყოს არა მესაკუთრე, არამედ მზრუნველი და ყურადღებიანი პარტნიორი.
ქორწინების საიდუმლო
პატარა, საინტერესო ექსკურსია... ამბობენ, ყველა წყვილს საკუთარი, ინდივიდუალური ბედნიერება აქვსო. შესაძლოა, ეს მართლაც ასეა. მოდი, ვნახოთ, რომელ ქვეყანაში გაუმართლათ ქალებს ყველაზე მეტად...
* იაპონელი ქმარი ბედის საჩუქარი ნამდვილად არ არის. ურთიერთობაში ძალიან მოზომილები, თავდაჭერილები და ძუნწები არიან. არ ერევიან ოჯახურ საქმეებში. არ დადიან საყიდლებზე და მთელი ბიუჯეტის თავისუფლად განკარგვასაც ცოლებს მიანდობენ ხოლმე. მთავარია, სახლში ყოველთვის იყოს მოხარშული ბრინჯი – მეტი პრეტენზია იაპონელ კაცებს არ აქვთ.
* ინატრეთ გერმანელი ქმარი და თქვენი ცხოვრება მაშინვე თავის კალაპოტში ჩადგება, დალაგდება და მოწესრიგდება. გერმანელი ქმრები თანაბრად ინაწილებენ ოჯახის ტვირთს. აქტიურად მონაწილეობენ შვილების აღზრდაში. მკაცრად გეგმავენ ბიუჯეტს. ცოტა პედანტები არიან, მაგრამ არასდროს დაყრიან თავის ნივთებს უადგილო ადგილას. ერთგულებიც არიან.
* ფრანგებზე ილუზიას ნუ შეიქმნით. ისინი დიდი ხანია, გადაეჩვივნენ ქალების პატივისცემას. ფრანგი ქმრები დღეს ჭირვეული, ძუნწი, აბეზარი და თანაც, მოღალატე ქმრების იმიჯით სარგებლობენ. გაურბიან პასუხისმგებლობებს და ყველაფერს, რაც მათ საზრუნავს მატებთ.
* შვედი, ნორვეგიელი ქმრები, ფინელებიც, ძალიან მეოჯახეები არიან. სახლში კერძებსაც კი ამზადებენ. საქმე ისაა, რომ იქ ქალები გაცილებით ემანსიპირებულები არიან და ეს ოჯახურ ურთიერთობებზეც მოქმედებს. სამწუხაროა, რომ ცოტა ალკოჰოლისკენ აქვთ მიდრეკილება.
P. S. ქართველ ქმრებზე აჯობებს, არ ვილაპარაკოთ!
ესეც სიყვარულია!
ერთმა ბრძენმა თქვა: „ბევრი მარტო იმიტომ თხოვდება სიყვარულით, რომ ვერ ახერხებს გათხოვდეს ანგარიშით“. სხვათა შორის, ანგარიშით... კარგად გააზრებულად და დაფიქრებით – გონების კარნახით გადადგმული ეს ნაბიჯი თითქმის ყოველთვის ამართლებს. ერთი სიტყვით, აპრობირებულია და აბა, წარმოიდგინეთ, – რატომ უნდა თქვათ ბედნიერებაზე უარი, სულელური სტერეოტიპის გამო?! თქვენ მას ისედაც გაიცნობდით. არა უშავს, რომ ვიღაცამ გაგაცნოთ. არაფერია საგანგაშო და მიჰყევით დინებას. ამ ტიპის ქორწინება ყოველთვის არსებობდა. გარიგება კეთილშობილური საქმეა. ორ ადამიანს ერთმანეთს ახვედრებ და აბედნიერებ. ჯერ კარგად გაიცნობენ ერთმანეთს და მერე... გრძნობა მოდის. ესეც სიყვარულია. გრძნობის გარეშე არაფერი ხდება. ის შეიძლება, ძლიერი იყოს ან არც იყოს ძლიერი... შეიძლება, ცოტა სხვა ფორმით გვეწვიოს, მაგრამ ნაპერწკალი აუცილებლად აენთება. ის, რაც არ უნდა მოხდეს, არ მოხდება. ამაში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ. რაც გნებავთ, ის დაარქვით – გნებავთ გარიგება, გნებავთ გათვლა, გნებავთ მარტო დარჩენის შიში... მთავარი ხომ ის არის, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს იპოვის და ცხოვრებას გაცილებით საინტერესოს, შინაარსიანს გახდის. ასე რომ, ესეც სიყვარულია და ნუ იტყვით უარს სიყვარულზე!