ვის დაახარჯა დედაქალაქის მერმა თბილისის მერის სარეზერვო ფონდი
დედაქალაქის შესაბამისმა სამსახურებმა თბილისის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიც გამოაქვეყნეს და მერის სარეზერვო ფონდისაც, რომლის 9-თვიანმა ხარჯმაც ხუთ მილიონს უკვე გადააჭარბა, კერძოდ, 5 229 237 ლარი შეადგინა. თავისთავად, საინტერესოა, რას მოახმარა დედაქალაქის თავკაცმა თავისი სარეზერვო ფონდი, რომელიც ფორსმაჟორული სიტუაციებისას წამოჭრილი და გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლადაა მოწოდებული. ამიტომაც, იმის შესახებ, თუ რას მიიჩნევს ბ-ნი უგულავა გაუთვალისწინებელ ხარჯად, დედაქალაქის საკრებულოს წევრს, „ლეიბორისტ“ პაატა ჯიბლაძეს გავესაუბრეთ.
– ამჯერადაც შარშანდელის მსგავსი სიტუაციაა, როდესაც დედაქალაქის მერის განკარგულებით პარლამენტის წევრსა და მერიის თანამშრომელს გაეწიათ მერის სარეზერვო ფონდიდან დახმარება თუ შეიცვალა ვითარება?
– ჯერჯერობით საკრებულოში შემოვიდა ინფორმაცია დედაქალაქის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ, რომელშიც ასახულია მერის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესრულებაც. როდესაც დავიწყე ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის დამუშავება, ისევე, როგორც შარშან, წელსაც საინტერესო მომენტებს წავაწყდი. ანუ თბილისის მერი კვლავაც საკუთარი ინტერესებისამებრ ხარჯავს მერის სარეზერვო ფონდს. აქ ნახავთ სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულ ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას, ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებსაც გამოეყოთ თანხები ისეთი ფონდიდან, რომელიც ფორსმაჟორული სიტუაციებისას გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარავად უნდა იყოს გამოყენებული. ამ თანხის დიდი ნაწილი კვლავ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებისთვის, მათთვის მომღერალი ანსამბლებისთვის თუ მათ ღონისძიებებში მონაწილე პიროვნებებისთვის იხარჯება. ანუ ამ თანხების ხარჯვა მერს შედეგს მოუტანს მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში. ესე იგი, ხელისუფლება უკვე აქედანვე ზრუნავს გაყალბების მექანიზმების შესაქმნელად და იმ სფეროებსა და ადამიანებს აფინანსებს, რომლებიც მისი გათვლებით, მომავალ არჩევნებში გაამარჯვებინებს.
– კონკრეტულად?
– მოგახსენებთ: მაგალითად, მერის 24 თებერვლის განკარგულებით „მსოფლიო კულტურული ინტეგრაცია-„თაგის არტსის“ გამოეყო 20 000 ლარი, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რა მიზნით და რა დამსახურებისთვის. თბილისის მერის 20 მარტის განკარგულებით, მოქალაქე დავით გოგიჩაიშვილს გადაეცა 45 000 ლარი; მე, როგორც ძველ სპორტსმენს, ძალიან მიყვარს სპორტი და ვქომაგობ, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რა შეხება აქვს დედაქალაქის მერის სარეზერვო ფონდს საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციასთან, რომელსაც თბილისის მერის 3 აპრილის განკარგულებით 195 960 ლარი გამოეყო. ალბათ, ეს პირდაპირ დილარ ხაბულიანისთვის, მაჟორიტარი დეპუტატისთვის, გამოყოფილი თანხაა. აშკარაა, ეს თანხები პირადი მოხმარების მიზნით დაიხარჯა და მე მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მივმართო შესაბამის ორგანოებს, კორუფციასთან მებრძოლებს: ბატონ პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრს, რომლის დაქვემდებარებაშიც პროკურატურაა და რომლებიც აქტიურად აფიარებენ ტელეარხების მეშვეობით ქრთამის აღებაზე საშუალო დონის ჩინოვნიკების დაკავების თემას, შეისწავლონ, რაზე დაიხარჯა მერის სარეზერვო ფონდიდან გაცემული ხუთ მილიონზე მეტი ლარი, არის თუ არა ეს ხარჯი მიზნობრივი. დაინტერესდნენ და ჩაატარონ შესაბამისი სისხლის სამართლებრივი ქმედებები. ამით იმის თქმა მინდა, რომ დღეს, სამწუხაროდ, ქვეყანაში არის ელიტური კორუფცია: პრეზიდენტის მიერ უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის ყველაფერი ნებადართულია. ამ პროცესში ჩართულია უშუალოდ პრეზიდენტი და მისი ოჯახი და შესაბამისი თანამდებობის პირები. ჩვენი გაჭირვებული თანამოქალაქე, პურს რომ მოიპარავს, იმიტომ რომ შია, 5 და 7-წლიან ციხეს აძლევენ. გირგვლიანის მკვლელებს კი, სულ რაღაც, 5 წელს უსჯიან და ბოლოს სასჯელის ნახევარი ვადის მოხდის შემდეგ, უშვებენ. აი, ეს არის სწორედ შერჩევითი სამართალი. ისევ მერის სარეზერვო ფონდის ხარჯვას დავუბრუნდები: ასევე, დედაქალაქის მოსახლეობის ხარჯზე, დედაქალაქის მერის 15 აპრილის განკარგულებით, ასოციაცია „კახეთი-იონს“ გამოეყო 20 000 ლარი პიკასოს ნამუშევრების გამოფენის მოსაწყობად. მე დიდ პატივს ვცემ მხატვრებს, მაგრამ რა შუაშია დედაქალაქის სარეზერვო ფონდი „კახეთი-იონთან“?!
– სულ არაფერი დაუხარჯავს მერის სარეზერვო ფონდს სოციალურად შეჭირვებულების დასახმარებლად?
– საინტერესოა, ამ მხრივ დედაქალაქის მერის ორი განკარგულება. 2009 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს გაცემული, რის მიხედვითაც მიუსაფარ, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დღის ცენტრ „რწმენას“ გამოეყო: ერთხელ – 528, მეორედ – 507 ლარი. აი, ასე ზრუნავს ხელისუფლება მიუსაფარ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე, თუმცა, როდესაც ფიარისთვის სჭირდებათ ეს მიუსაფარი ბავშვები, მაშინ დიდი ზარ-ზეიმით დგამენ სპექტაკლებს პრეზიდენტით დაწყებული, პარლამენტის თავმჯდომარით გაგრძელებული და ქალაქის მერით დამთავრებული. ამას გარდა, მე არ ვიცი, ვინ არის მოქალაქე სოფიო ფურცელაძე, მაგრამ მას თბილისის მერის პირველი მაისის განკარგულებით 29 986 ლარი გამოუყვეს, 18 მაისის განკარგულებით კი – 37 385 ლარი – ასევე მოქალაქე სოფიო ფურცელაძეს. გვითხრან, იქნებ მართლაც ისეთი გაჭირვება ადგათ ამ ადამიანებს, რომ მათი დახმარება აუცილებელი იყო მერის სარეზერვო ფონდიდან. მაგალითად, მოქალაქე ეთერ გაბადაძეს მერის სარეზერვო ფონდიდან 92 856 ლარი მისცეს. არაფერს ვიტყვი 4 000, 5 000, 1 000 ან 800-ლარიან დახმარებებზე, რომლებიც ცალკეული მოქალაქეებისთვისაა გაცემული, შეიძლება, ამ ადამიანებს, მართლაც, რაღაც უჭირდათ. მაგალითად, 15 000 ლარი გამოეყო, მერის 18 ივნისის განკარგულებით, კოალიციას დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ პროექტის – გამოფენა-ფორუმის ჩასატარებლად. გაგიგიათ ასეთი ფორუმი-გამოფენის ჩატარების შესახებ?! ძალიან მიყვარს წიგნი და წიგნიერი ადამიანი და იმასაც მივესალმები, რომ საქართველოში უამრავი წიგნის გამომცემლობაა, თუმცა სრულიად გაუგებარია ჩემთვის, რა მიზნით გამოეყო, მერის 22 ივნისის განკარგულებით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას 36 500 ლარი. მერის 6 აგვისტოს განკარგულებით, 11 375 ლარი გამოეყო როკ-აქციის – „ვი რიმემბა როქ ფორ ფის“ განხორციელებისთვის, თუმცა არ არის მითითებული, ვის გადაეცა ეს თანხა. 14 400 ლარი გამოეყო სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს ფესტივალის – „მუსიკაში აჟღერებული ლექსის“ ჩასატარებლად. ასევე, ძალიან საინტერესოა თბილისის გამგეობებისთვის მერის სარეზერვო ფონდებიდან თანხის გამოყოფის საკითხიც: მაგალითად, დიდგორის რაიონს სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მიეცა თანხა, ჩუღურეთის რაიონის გამგეობას 200 000 ლარი გამოუყვეს დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად, ხეების გადასაბელად და წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის შესაკეთებლად. არადა, ამ თანხების ჩადება პირდაპირ ბიუჯეტში შეიძლებოდა და სწორედ ამ შეუსაბამობების გამო, ვთხოვთ შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ მერის სარეზერვო ფონდის 9 თვის ხარჯვის მიზნობრიობით. დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი, კონკრეტულად რომელი სახლების შეკეთებაზე გამოიყო თანხა, კონკრეტულად რომელ მოქალაქეებს დაეხმარნენ, მართლაც, გაიცა თუ არა ეს თანხები და ასე შემდეგ. მაგალითად, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას 100 000 ლარი გამოეყო „ა“ დივიზიონში გადასვლასთან დაკავშირებით. სპორტსმენების წახალისება აუცილებელია, მაგრამ თქვენმა მკითხველმა განსაჯოს, რამდენად სამართლიანია ამ თანხების სარეზერვო ფონდიდან დაფინანსება.
– თუ ერთ მოქალაქეს გადასცეს სარეზერვო ფონდიდან 92 000 ლარი, ჩვენს კალათბურთელებს ნამდვილად ეკუთვნით.
– ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესოა, რომ მერის 10 სექტემბრის განკარგულებით, 49 208 ლარი გამოეყო შპს „თბილისის პორტალს“ 7 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებებისათვის. გადაეცათ ან მოეხმარებინათ ეს 49 000 უშუალოდ დაზარალებული მოსახლეობისთვის, რომლებიც თითქოსდა კარგ მდგომარეობაში არიან. რეალურად კი, მათი ახლად აშენებული სახლები ინგრევა. მერის 22 სექტემბრის განკარგულებით, სარეზერვო ფონდიდან 80 000 ლარი გამოეყო დიდგორის რაიონის გამგეობას კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის, თუმცა გაუგებარია, რატომ არ ჩაიდო ეს თანხაც ბიუჯეტში და იქიდან დაეხარჯათ კეთილმოწყობისთვის?! თბილისის მერის 10 აპრილის განკარგულებით, 49 310 ლარი გამოეყო კავშირ „არტგენს“, 25 000 ლარი გამოეყო შპს წყალთა სახეობების სპორტულ ცენტრ „ტონუსს“. ეს რაც შეეხებოდა სარეზერვო ფონდს, თუმცა არანაკლებ საინტერესოა დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი: შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხუთე სამმართველოსთვის შეძენილია, გრანტის სახით, მანქანის სარეცხი დანაგდარი, 3 500-ლარიანი.
– ვინ შეუძინა?
– გლდანის რაიონის გამგეობამ. ასევე, ძალიან საინტერესოა, რომ არაფინანსური აქტივებიდან გლდანი-ნაძალადევის გამგეობის მიერ გახარჯულია 49 200 ლარი. თანხის ნაწილი მოხმარდა ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მოწყობას: შეძენილია სამი კონდიციონერი, მობილური ტელეფონი და ავტომანქანა „ჰიუნდაი“. ბატონი სამადაშვილის, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატის, ბიუროსთვის, მაინცდამაინც, ბიუჯეტიდან უნდა შეეძინათ მობილური ტელეფონი, კონდიციონერი და ავტომანქანა?! ეტყობა, ბატონი სამადაშვილი, რომელსაც ნაძალადევის რაიონის მოსახლეობა სანთლით ეძებს და ვერ პოულობს, ისეთ დახუთულ გარემოში მუშაობს, რომ კონდიციონერი სჭირდება. ძალიან საინტერესოა, რომ 217 000 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან 534 ხის მოჭრასა და 134-ის გადაბელვაზე.
– ამდენი თანხა, რაც თბილისში ხეებია, იმათ ამოძირკვას ეყოფოდა?!
– არ ვიცი... მწვანე ნარგავების მოვლისთვის 147 000 ლარი დაიხარჯა. ერთი სიტყვით, აი, ასეთი დამოკიდებულება აქვს დედაქალაქის ხელისუფლებას მოქალაქეებისადმი და იმის ნაცვლად, რომ დედაქალაქის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას მოახმარონ თანხები, მათ საკუთარი შეხედულებისამებრ ხარჯავენ. უყაირათო და არამიზნობრივი ხარჯვის მაგალითია იმ გზის მშენებლობაც, რომელსაც ზარ-ზეიმით აფიარებს ხელისუფლება: ეს არის ექვსკილომეტრიანი გზის მონაკვეთი ქობულეთი-ბათუმის ტრასის შემოკლების მიზნით. გზის გაყვანის ღირებულებად გამოაცხადეს 119, 5 მილიონი დოლარი. ეს თანხა რომ 6 კილომეტრზე გავყოთ, გამოდის, რომ ერთი კილომეტრი გზის საფარის დაგება 20 მილიონ დოლარამდე ჯდება. გავიხსენოთ, რას ამბობდა ეს ხელისუფლება: გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, ერთი კილომეტრი გზის დაგება მაქსიმუმ, ნახევარი მილიონი დოლარი ჯდებაო. ახლა, როგორც ჩანს, რაკი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის, თანხა გზის დაგების პარალელურად, სხვა, ხელისუფლებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებს მოხმარდება. თუმცა ეს უზარმაზარი თანხა ვალად წამოეკიდება საქართველოს მოსახლეობას. მით უმეტეს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო ვალი რამდენიმე მილიარდი დოლარით გაიზარდა. მისი გასტუმრება კი საქართველოს მოსახლეობამ 2010 წლიდან უნდა დაიწყოს და ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა არ მუშაობს, მცირე და საშუალო ბიზნესი ჩაკლეს და ქვეყნის ბიუჯეტი იზრდება ადამიანების ხარჯზე, პროდუქციაზე ფასების გაზრდის ხარჯზე, ჯარიმების ხარჯზე და არა საშუალო და მცირე ბიზნესის ამუშავების ხარჯზე, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ბიუჯეტის 80 პროცენტს ავსებენ მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ადამიანები და არა ის ოლიგარქები, რომელთა სიმცირეს ამერიკა არ უჩივის. სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი დღევანდელი რეალობა.