კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხბურთის რომელი ვარსკვლავები დასახელდნენ საუკეთესოებად ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი აქტიურ ფაზაშია გადასული და „ბებერი კონტინენტის“ საუკეთესო ნაკრები გუნდები თავიანთი სიძლიერის დემონსტრირებას ახდენენ პოლონეთისა და უკრაინის სტადიონებზე, მათ შორის ცალკეული ფეხბურთელები კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს უმიზნებენ. „ევრო 2012-საც“ აუცილებლად ეყოლება ის ფეხბურთელი, რომელსაც „უეფა“ ტურნირის საუკეთესო მოთამაშის სტატუსს მიაკუთვნებს, მანამდე კი გავიხსენოთ ევროპის გასული ჩემპიონატების საუკეთესო ფეხბურთელთა ჩამონათვალი.
„ევრო 1960“ – ლევ იაშინი (საბჭოთა კავშირი)
ევროპის პირველი ჩემპიონატი საბჭოთა ნაკრებისა და მისი ლეგენდარული გოლკიპერის ტრიუმფით დასრულდა. იმ დროისთვის იაშინს მოგებული ჰქონდა ყველა საბჭოური ტიტული და ოლიმპიური თამაშები, იგი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ითვლებოდა და ამ სტატუსს დღემდე ინარჩუნებს. იაშინი პირველი და ერთადერთი მეკარეა, რომელსაც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო – „ოქროს ბურთი” გადასცეს.
„ევრო 1964“ – ლუის სუარესი (ესპანეთი)
იმ წელს, როდესაც საბჭოთა კავშირმა ევროპის პირველ ჩემპიონატზე გაიმარჯვა, კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელი ლუის სუარესი დასახელდა, რომელმაც პოლიტიკური მოტივის – გენერალ ფრანკოს ახირების გამო ვერ იასპარეზა 1960 წლის „ევროზე“ და თავისი ტრიუმფი ნაკრებთან ერთად 1964 წლისთვის გადადო. ერთხანს სუარესს მილანის „ინტერში” გადასვლის გამო აკრიტიკებდნენ ესპანელი გულშემატკივრები, თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე გატანილმა სამმა გოლმა, მათ შორის ფინალურ მატჩში, იგი კვლავ ესპანელების საყვარელ ფეხბურთელად აქცია.
„ევრო 1968“ – დინო ძოფი (იტალია)
1982 წლის ტრიუმფამდე, ესპანეთის „მუნდიალზე“, „სკუადრა აძურას” ლეგენდარულმა კაპიტანმა, რომელიც, ცნობისთვის, 40 წლის ასაკში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, 14 წლით ადრე ევროპის ჩემპიონატზე თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა და მრავალი წლით ჩადგა იტალიის ნაკრების კარში. ძოფიმ ბრწყინვალედ ჩაატარა ევროპის პირველობა, მან „მშრალზე“ შეინახა კარი ნახევარფინალურ ჯახში საბჭოთა კავშირის ნაკრებთან და ფინალურ გადათამაშებაში იუგოსლავიასთან.
„ევრო 1972“ – ჰერდ მიულერი (გფრ)
ლეგენდარულმა ჰერდ მიულერმა 4 გოლი გაიტანა ევროპის 1972 წლის ჩემპიონატზე, აქედან 2 გოლი – ნახევარფინალში ბელგიასთან და 2 გოლი – საბჭოთა კავშირის ნაკრების კარში, ფინალურ მატჩში. ეს იყო მიულერის პირველი საერთაშორისო წარმატება ეროვნულ ნაკრებთან ერთად, რომელსაც ორი წლის თავზე „მუნდიალზე“ გამარჯვება მოჰყვა. მიულერი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გერმანელი ქომაგების კერპად იქცა.
„ევრო 1976“ – ანტონინ პანენკა (ჩეხოსლოვაკია)
ჩეხოსლოვაკიელმა ანტონინ პანენკამ, თავისი ქვეყნისთვის ტრიუმფალურ ევროპის ჩემპიონატზე პენალტის დარტყმის ახალი სტილი დანერგა – ერთგვარი „პარაშუტი” კარის ცენტრში, რომელსაც ამჟამად „პანენკას სტილს“ უწოდებენ. სწორედ ასეთი დარტყმით გაუტანა პანენკამ გამარჯვების გოლი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეკარეს, ზეპ მაიერს. პანენკას სტილის მიმდევრები თანამედროვე ფეხბურთში მრავლად არიან, მათ შორის იყო ლეგენდარული ზინედინ ზიდანი, რომელმაც თავისთვის უიღბლო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, პენალტი პანენკას სტილში გაუტანა ჯანლუიჯი ბუფონს.
„ევრო 1980“ – კარლ-ჰაინც რუმენიგე (გფრ)
70-იან და 80-იან წლებში გერმანელები ევროპულ სარბიელზე დომინირებდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ მწვრთნელს იუპ დერვალს ხშირად უხდებოდა შემადგენლობის როტაცია, მუდამ ჩნდებოდნენ ახალი გმირები. 1980 წელს კარლ-ჰაინც რუმენიგეს ვარსკვლავი აკაშკაშდა და მან წლების განმავლობაში შეითავსა ნაკრების ლიდერის ფუნქციები. ცნობისთვის, 1980 წლის ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების რიგებში კიდევ ერთი ახალი ვარსკვლავი –  ლოთარ მათეუსი გამოჩნდა, თუმცა, საუკეთესო ფეხბურთელად იმ წელს რუმენიგე დასახელდა.
„ევრო 1984“ – მიშელ პლატინი
(საფრანგეთი)
თავისი არსებობის ისტორიაში საფრანგეთის ნაკრებმა 1984 წელს მოიპოვა პირველი გამარჯვება საერთაშორისო ტურნირზე და ეს ევროპის ჩემპიონობა დიდწილად მიშელ პლატინის დამსახურება იყო, რომელიც, გარდა ფენომენური თამაშისა, ბომბარდირული თვისებებითაც გამოირჩეოდა. მის ანგარიშზე 9 გატანილი გოლია და ეს მაჩვენებელი დღემდე მიუღწეველია ფეხბურთელებისთვის. „უეფას“ ამჟამინდელი პრეზიდენტი და მისი თანაგუნდელები 80-იანი წლების ევროპული ფეხბურთის „მუშკეტერები“ იყვნენ.
„ევრო 1988“ – მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია)
„ნარინჯისფერი” ჰოლანდიისთვის 1988 წლის ევროპის ჩემპიონატი ნამდვილ დღესასწაულად იქცა. რინუს მიხელსის „ტოტალური ფეხბურთის” მიმდევრები, რუუდ გულიტის, რონალდ კუმანის, ფრანკ რაიკარდისა და მარკო ვან ბასტენის მეთაურობით, ფეხბურთის ახალი კერპები გახდნენ. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ვან ბასტენმა, რომელმაც ინგლისელებს სამი გოლი გაუტანა, ნახევარფინალში გადამწყვეტი გოლი შეაგდო და ფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარეს, რენატ დასაევს ულამაზესი გოლი გაუტანა, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოლად მიიჩნევა მსოფლიო ფეხბურთში.
„ევრო 1992“ – პიტერ შმეიხელი (დანია)
 1992 წელს დანიელები სენსაციურად გახდნენ ევროპის ჩემპიონები და ფინალში ტურნირის უმთავრესი ფავორიტები – გერმანელები დაამარცხეს. „დანიური დინამიტის” ტრიუმფის მთავარი შემოქმედი იყო ქარიზმატული პიტერ შმეიხელი, რომელმაც საოცრად დამაჯერებლად იასპარეზა და დანიელებს ისტორიული გამარჯვება მოუტანა. სხვათა შორის, „ევრო 1992“ ყველაზე ცნობილი დანიელი ფეხბურთელის – მიქაელ ლაუდრუპის ტრიუმფი უნდა ყოფილიყო, თუმცა, მთავარ მწვრთნელთან რიჰარდ მიოლერ-ნილსენთან უსიამოვნების გამო, მან არ იასპარეზა „ევროზე“ და ლიდერობა პიტერ შმეიხელს გადააბარა.
„ევრო 1996“ – მატიას ზამერი
(გერმანია)
ჟღალთმიანმა ზამერმა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ფეხბურთის სკოლის უკანასკნელმა მოჰიკანმა, გერმანიას ჯერჯერობით უკანასკნელი ტიტული მოაგებინა. იმ ფორმაციის გერმანიის ნაკრებში იურგენ კლინსმანი, ოლივერ ბირჰოფი და ანდრეას მიოლერი ბრწყინავდნენ, თუმცა, თავისი დამაჯერებელი თამაშით, სწორედ ზამერი იყო გამარჯვების მთავარი შემოქმედი. იმ წელს მატიას ზამერი ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა და „ოქროს ბურთი” მიიღო. სამწუხაროდ, მის კარიერაში ეს ბოლო სანაკრებო ტრიუმფი გამოდგა, რადგან მძიმე ტრავმის გამო, 1997 წელს, 30 წლის ასაკში, კარიერა დაასრულა.
„ევრო 2000“ – ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
მოგებული „მუნდიალის“ შემდგომ ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრები კიდევ ერთ მოგებულ  ტიტულთან მიიყვანა. იტალიელებთან ბოლო წუთებზე გამოგლეჯილი გამარჯვება ფრანგი ფეხბურთელების იმ დიდებული თაობის პიკი იყო. ზიდანი სწორედ ევროპის ჩემპიონატზე ჩამოყალიბდა ნაკრების სრულყოფილ ლიდერად, რომელიც შიშის ზარს სცემდა მეტოქე გუნდის მცველებსა და მეკარეებს.
„ევრო 2004“ – თეოდოროს ზაგორაკისი (საბერძნეთი)
საბერძნეთის ნაკრების სენსაციური გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე უპირველესად გერმანელი მწვრთნელის, ოტო რეჰაგელის დამსახურებაა და, უკვე შემდგომ – ფეხბურთელების, თუმცა, საუკეთესოს სტატუსი ბერძნების 33 წლის კაპიტანმა თეო ზაგორაკისმა დაიმსახურა, რომელმაც უმაღლეს დონეზე ჩაატარა ტურნირი.
„ევრო 2008“ – ჩავი (ესპანეთი)
თავისი ტრიუმფალური მსვლელობა მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე ესპანელებმა ევროპის ჩემპიონატზე დაიწყეს, როდესაც, ლუის არაგონესის ხელმძღვანელობით, 1964 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვეს. ამ გამარჯვების ძირითადი შემოქმედები „ბარსელონას” ნახევარმცველები – ჩავი და ანდრეს ინიესტა იყვნენ.  ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას კი ჩავი დაეუფლა.

скачать dle 11.3