რამდენად გაყიდა გორის რაიონულმა პროკურორმა საკუთარი „ტეტე“
ისინი, სამივენი, პროკურორები არიან და, წესით, რისხვას უნდა სცემდნენ დამნაშავეთა სამყაროს. მათ არცთუ ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება აქვთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ანაზღაურების სიმცირეს არ უჩივიან (მომავალში, თუ ტენდენციას გავითვალისწინებთ, წესით, სახელფასო შემოსავალი კიდევ უფრო უნდა გაუუმჯობესდეთ).
ნიკოლოზ დგებუაძე
1974 წელს დაბადებული ნიკოლოზ დგებუაძე მცხეთის რაიონულ პროკურორად 2004 წელს (30 წლის ასაკში) დაინიშნა, თუმცა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს დაამთავრა, მანამდე კი მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტთან არსებულ თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სწავლობდა. მისი შრომითი ბიოგრაფია 1996 წელს დაიწყო პროკურატურაში: იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის ტექნიკური თანაშემწე. 1997-1999 წლებში ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი გახდა; 2000 წელს გარდაბნის პროკურატურაში გადავიდა გამომძიებლად; იმავდროულად, გლდანის პროკურატურის გამომძიებლადაც მუშაობდა. 2001-2003 წლებში მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის უფროს გამომძიებლად დაინიშნა, 2003 წელს – ზედამხედველობის სამსახურის უფროსად. ამ პოსტზე 2004 წლამდე დარჩა, ამჟამად კი, უკვე ხუთი წელია, მცხეთის რაიონული პროკურორია. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ 2008 წლის დეკლარაციაც მცხეთის მთავარი პროკურორის ამპლუაში შეავსო. მას ჰყავს 1980 წელს დაბადებული მეუღლე – ნატალია დგებუაძე და ორი შვილი: ომარი (1997 წელს დაბადებული) და ირაკლი (2007 წელს დაბადებული).
ნიკოლოზ დგებუაძის საკუთრებაა საცხოვრებელი სახლი თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, 120 000 ლარად ღირებული და ავტომანქანა „მიცუბიში პაჯერო“ – 12 000 ლარად ღირებული.
დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფულიც მხოლოდ მას ჰქონდა: 2 500 ლარი.
2008 წელს, მაშინ, როდესაც ნიკოლოზ დგებუაძე მცხეთის რაიონულ პროკურორად მუშაობდა, მისი მეუღლე შპს „მომავლის ტექნოლოგიების“ ოფის-მენეჯერი იყო. სამწუხაროდ, დეკლარაციაში მხოლოდ ბ-ნ დგებუაძის ხელფასია მითითებული: 2007 წლის განმავლობაში მან 23 350 ლარი აიღო. იმ წელს შემოსავალი სხვა წყაროდანაც ჰქონდა: მშობლებმა 2 800 ლარი აჩუქეს.
2009 წლის დეკლარაციაში სიახლე ისაა, რომ ბ-ნ დგებუაძეს ავტოფარეხიც შეუძენია (25 კვ. მ.) და ახლა უკვე 2002 წლის „მერსედესიც“ ჰყავს (რომელიც 24 000 ლარი დასჯდომია, მანამდე კი თავისი „მიცუბიში პაჯერო“ 12 000 ლარად გაუყიდია).
უცვლელია ცოლ-ქმრის სამუშაო ადგილები: შესაბამისად, 2008 წლის განმავლობაში ბ-ნი დგებუაძის წლიურმა სახელფასო შემოსავალმა 46 460 ლარი შეადგინა, მისი მეუღლის წლიურმა სახელფასო შემოსავალმა – 3 300 ლარი.
გიორგი ცერცვაძე
1973 წელს დაბადებული გიორგი ცერცვაძე გორის რაიონულ პროკურორად 2005 წელს (32 წლის ასაკში) დაინიშნა. მანაც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა (1996 წელს). მისი შრომითი ბიოგრაფია 1998 წელს დაიწყო შსს-ში (სამწუხაროდ, მითითებული არ არის, რად მუშაობდა ბ-ნი ცერცვაძე შსს-ში); 2004 წელს საქართველოს გენპროკურატურაში გადავიდა, სადაც საგამომძიებლო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად 2004 წლის აგვისტომდე იმუშავა. 2005 წელს კი პირდაპირ გორის რაიონის პროკურორად დაინიშნა და 2008 წელს დეკლარაციაც გორის რაიონული პროკურორის ამპლუაში შეავსო. გიორგი ცერვაძემ 2008 წლის დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე – მაია მიშელაძე და შვილი – ბექა.
თუ დეკლარაციას ვერწმუნებით, ცერცვაძეების ოჯახს არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. თუმცა დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდი ფულის სახით, გიორგი ცერცვაძეს 1 850 ევრო ჰქონდა, მაია მიშელაძეს – 350 აშშ დოლარი და 750 ლარი.
2007 წელს გიორგი ცერცვაძეს განვადებით (ექვსთვიანი) მობილური ტელეფონი გამოუტანია 730 ლარად, სამაგიეროდ, 750 ლარად „ტეტეს“ სისტემის იარაღი გაუყიდია.
2008 წელს ოჯახში მხოლოდ ოჯახის უფროსი იყო დასაქმებული და მისმა შემოსავალმა 2007 წლის განმავლობაში 22 900 ლარი შეადგინა.
2009 წლის დეკლარაციაში არანაირი სიახლე არ არის ქონების გრაფაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ცერცვაძეებს კვლავ არაფერი აქვთ, თუმცა მაია მიშელაძეს ბანკში მზარდი ანაბარი გაუხსნია, რომელზეც ჯერჯერობით 1 000 ლარი ერიცხება. დეკლარაციის შევსების დროს გორის რაიონულ პროკურორს. 1 200 ევრო, 2 700 აშშ დოლარი და 3 500 ლარი ჰქონდა, მის მეუღლეს კი – 2 250 აშშ დოლარი და 1 800 ლარი.
გაზრდილია გორის რაიონული პროკურორის წლიური ანაზღაურებაც: 2008 წლის განმავლობაში მისმა სახელფასო შემოსავალმა 55 680 ლარი შეადგინა.
ბადრი შონია
1979 წელს დაბადებული ბადრი შონია სენაკის რაიონულ პროკურორად 2008 წელს (29 წლის ასაკში) დაინიშნა, თუმცა თსუ-ის სოხუმის ფილიალი 2005 წელს დაამთავრა (კვალიფიკაციით იურისტია). შესაბამისად, მისი კარიერაც 2005 წელს დაიწყო: მან საქართველოს სამართალშემოქმედთა კავშირის ადვოკატად 2006 წლამდე იმუშავა. 2006 წლის მარტში დუშეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად დაიწყო მუშაობა, მაგრამ პოსტზე მხოლოდ ივლისამდე დარჩა; სამაგიეროდ, 2006 წლის ივლისში მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამომძიებლო ნაწილის უფროსი გამომძიებელი გახდა (2007 წლის ივნისამდე), 2007 წლის ივნისში სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონული პროკურატურის საგამომძიებლო ნაწილის უფროს გამომძიებლად დაინიშნა, ოღონდ ამ პოსტზე მხოლოდ ნოემბრამდე იმუშავა; 2008 წელს კი სენაკის რაიონული პროკურორიც გახდა.
2008 წელს შევსებულ დეკლარაციაში სენაკის რაიონულმა პროკურორმა ოჯახის წევრებად მიუთითა მამა – ნაურ შონია, დედა – ნარგიზა ქვარცხავა, და – ლიკა შონია.
2008 წლის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ნარგიზა ქვარცხავას საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 60 000 აშშ დოლარად ღირებული; თბილისში ბინა ლიკა შონიასაც აქვს, ოღონდ გლდანში და 25 000 აშშ დოლარად ღირებული; ნაურ შონიას მიწის ნაკვეთი აქვს გალის რაიონში, თუმცა დეკლარაციაში მიწის ნაკვეთის ღირებულება მითითებული არ არის; ბადრი შონიას კი ჰყავს ავტომანქანა, 1999 წლის „მიცუბიში გალანტი,“ 5 000 აშშ დოლარად ღირებული.
2008 წელს შონიების ოჯახში დასაქმებულები მხოლოდ მამაკაცები იყვნენ: შვილი – პროკურორად, მამა – „ნოვაციის“ მიმწოდებლად. შესაბამისად, ბადრი შონიამ 2007 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 26 000 ლარი აიღო, ბ-ნმა ნაურმა – 3 000 ლარი.
მამა-შვილს 2007 წელს ბანკებიდან სესხებიც აუღია: შვილს – 6 000 აშშ დოლარი, მამას – 5 000 აშშ დოლარი.
2009 წლის დეკლარაციაში სიახლე ისაა, რომ მოიმატა ოჯახის შემოსავალმა: 2008 წლის განმავლობაში ბადრი შონიას წლიურმა საპროკურორო შემოსავალმა 34 660 ლარი შეადგინა, ნაურ ჯიქიას შემოსავალმა – 12 000 ლარი.
სენაკის მთავარ პროკურორს 2008 წელს ხარჯიც ჰქონია: 2 520 აშშ დოლარი სესხის გასტუმრებისთვის მოუხმარებია, 6 000 ლარი – ბინის რემონტისთვის.