ნიშნავს თუ არა ფიზიკურად დასვენება უფლისგან, ლოცვისგან დასვენებას და რატომ ბრუნდებიან ადამიანები ზაფხულის კურორტებიდან სულიერად აშლილები
როგორც კი დგება ზაფხული, ადამიანები ვფიქრობთ, სად წავიდეთ დასასვენებლად, როგორ დავისვენოთ, გავერთოთ. ხშირად ამ საკითხზე ზრუნვა, დიდი სიცხეები გვავიწყებს მთავარს... მაგრამ, მიუხედავად გაუსაძლისი კლიმატური პირობებისა, მაინც გვმართებს ეკლესიაში სიარული, წირვა-ლოცვებზე დასწრება, თან‚ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზაფხულში ორი კალენდარული მარხვა უწევს – პეტრეპავლობის და მარიამობის. როგორ უნდა დავისვენოთ ზაფხულში, როგორ უნდა შევიმოსოთ, როგორ უნდა ვცხოვრობდეთ ამ პერიოდში, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– როგორც ეკლესიის მოძღვარს, საზოგადოებასა და ეკლესიაში ხშირად მიწევს ადამიანებთან ურთიერთობა და საკუთარი თვალით ვხედავ მათ ჩაცმულობას. ამიტომ‚ შემიძლია‚ თამამად და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: თანამედროვე მართლმადიდებელ ქრისტიანებს ისე აქვთ დათრგუნული ზნეობრივი გრძნობები, რომ ვერ ხვდებიან‚ როგორ იმეტყველონ, რა ჩაიცვან და როგორ მოიქცნენ საზოგადოებაში. წმიდა მამები გვირჩევენ: დილით, როგორც კი სამოსელის ჩაცმას დაიწყებ, მაშინვე გაიხსენე‚ რატომ მოგცა ღმერთმა ტანსაცმელიო. როდესაც სამოთხეში ადამიანებმა ცოდვა ჩაიდინეს, მაშინვე იგრძნეს სიშიშვლე და სირცხვილი. ნათლით შემოსილები ჩამქრალ ლამპარს დაემსგავსნენ, ამიტომ‚ მათ ღმერთმა ტყავის შესამოსელი შეუკერა და მას შემდეგ ადამიანი უკვე ტანსაცმელს ატარებს. ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელსაც შევახსენე, რომ კდემამოსილებით უნდა ჩაეცვა, მითხრა: მამაო, სამოთხეში ადამიანები ხომ შიშვლები დადიანო. თანამედროვე ადამიანებს ჰგონიათ, რომ სიშიშვლე მათ სამოთხის წიაღს აახლოებს. ეს არის მტკნაირი სიცრუე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთმა შესამოსელი სირცხვილისა და სიშიშვლის დასაფარავად მოგვცა. უმორჩილესი თხოვნა მექნება არა მხოლოდ ეკლესიის მრევლისადმი, არამედ, ყველა თანამედროვე ქალბატონისადმი, გოგონასადმი, რომ კდემამოსილებით შეიმკონ, რაშიც მათი სიმშვენიერე, ქალურობა არის გამოხატული.
– თუმცა‚ მამაო, დამეთანხმებით, რომ, შესაძლოა, ხშირად ადამიანები ისე არ იცვამენ, როგორც ამას თქვენ აღნიშნავდით, მაგრამ ყოველთვის ბოლომდე იცავენ უფლის ცნებებს: დადიან წირვა-ლოცვაზე, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან.
– შეიძლება‚ ადამიანი საერო ტანსაცმლით დადიოდეს, მაგრამ, ის მოღვაწე ქრისტიანის ნიმუში იყოს. წმიდა მამები ერთ ასეთ ამბავს მოგვითხრობენ: გვერდიგვერდ დაკრძალეს მონაზონი და ერისკაცი. გარკვეული დროის შემდეგ სამარხი გახსნეს და აღმოჩნდა, რომ მონაზონს ეცვა საერო ტანსაცმელი, ხოლო ერისკაცს – მონაზვნის. ლათინურ ენაზე ასეთი გამოთქმა არსსებობს: მხოლოდ კუნკულა როდია მონაზვნობა. შეიძლება, ადამიანი გარეგნულად მონაზვნურად შეიმოსოს, მაგრამ შინაგანად მტაცებელი იყოს, ან, პირიქით – გარეგნულად არ იმოსებოდეს ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ, შინაგანად იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი. თუმცა‚ ყოველთვის ასე არ არის, ეს ბედნიერი გამონაკლისია. როდესაც ადამიანს ვეუბნები‚ სამოსელი შეიცვალე-მეთქი, ის მპასუხობს: ღმერთი გულს უყურებსო. თუ უფალი გულს უყურებს, მაშინ შენ საკუთარ გარეგნობას უყურე, მასზე იზრუნე, რადგან ადამიანის სხეული არის „ტაძარი სულიწმიდისა” და ამიტომ მასზე, მის შემოსვაზე განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ. ეკლესიაში მოსული სუფთად უნდა იყო ჩაცმული, მოწესრიგებულად უნდა გამოიყურებოდეს. ბევრი ქრისტიანი ჭუჭყიანი დადის, თმასაც კი არ ივარცხნის და, ჰგონია, რომ ამით საკუთარ შინაგან მხარეს წარმოაჩენს. ეს არის ფარისევლობა და მეტი არაფერი. ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო. გადამეტებული ღვაწლით, შესაძლოა, სული დავიზიანოთ. შეიძლება, მონაზვნის სამოსი გეცვას, მაგრამ გული მრუშობით გქონდეს სავსე, ან, პირიქით – ლამაზი, თანამედროვე, ქრისტიანული ტანსაცმელი გეცვას და შინაგანადაც ქრისტიანი იყო.
– ძალიან ბევრი ადამიანი მთელი წლის განმავლობაში ელოდება შვებულებას, რომ დასასვენებლად წავიდეს. თუმცა, ხშირად, მათი უმეტესობა ასეთ დროს, დასვენების ნაცვლად, კურორტიდან სულიერად და ფიზიკურად აშლილი ბრუნდება.
– სახარებიდან მაცხოვარი გვასწავლის, რომ სული არის მხნე, ხოლო ხორცი – უძლური. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი იღლება, სჭირდება დასვენება და, ამიტომაც, ხშირად დასასვენებლად სწორედ ზაფხული აქვთ გამოყოფილი. რადგან ზაფხულის ცხელ დღეებში ყველას უჭირს საქმის კეთება, ლოცვა, შრომა, შესაბამისად‚ ვისაც როგორც მისცა უფალმა წყალობა, ბუნებრივია‚ მან ისე უნდა დაისვენოს. თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი‚ რომელიც დასასვენებლად მიდის, იქიდან სულიერად მოუწესრიგებელი და აშლილი ბრუნდება. ისინი ისვენებენ ხორციელად და სულიერებას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. როდესაც ადამიანი მიდის სოფელში, მთაში ან ზღვაზე დასასვენებლად, როგორც ეძებს კაფე-ბარებსა და გასართობ საშუალებებს, სასურველია, ისევე მოიძიოს მოქმედი ტაძარი, მივიდეს, აღსარება თქვას და მიიღოს წმიდა ზიარება, რომ მისი დასვენება არ იყოს მხოლოდ ხორციელი და სულიერად არ დაზიანდეს. ეს ხშირად ემართებათ თანამედროვე ახალგაზრდებს. მათ ჰგონიათ, რომ დასვენება ნიშნავს ზნეობისგან, ლოცვისგან, უფალთან ურთიერთობისგან დასვენებას. ჩვენ რასაც ვაკეთებთ – ვშრომობთ, ვისვენებთ თუ ვლოცულობთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ უფალთან სიახლოვე უნდა გვქონდეს ცნობიერებაში, რადგან, არავინ იცის, როგორ წარიმართება ჩვენი დასვენება. ადამიანმა დასვენების დღეები უნდა გაატაროს არა მცონარებაში, არა ულოცველობაში, უფლისგან განშორებაში, არამედ უნდა დაგეგმოს ყოველი დღე. სანამ წავა ზღვაზე საბანაოდ, მთასა თუ ტყეში გასასეირნებლად, სასურველია‚ წაიკითხოს ლოცვები, იმ წმიდანის მცირე ისტორია, რომლის ხსენებაც არის იმ დღეს; კალენდარში ნახოს, რომელ დღეს რომელი სახარება იკითხება და ის მონაკვეთი წაიკითხოს. ამას მაქსიმუმ ნახევარი საათი სჭირდება, დანარჩენი დრო კი გაატაროს ხორციელ დასვენებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლოცვებისგან თავისუფალი არასდროს ვართ. რაც შეეხება შესამოსელს, ადამიანი არ უნდა იყოს ვულგარულად ჩაცმული, არ უნდა გააღიზიანოს იქ მცხოვრები მოსახლეობა. ზოგს ჰგონია, რომ ჩაცმული და კეთილსინდისიერი მხოლოდ ეკლესიაში უნდა იყოს, ზღვაზე თუ მთაში წასვლისას კი ივიწყებს სულიერებაზე ზრუნვას. ღმერთი ყველგან ხედავს ჩვენს მდგომარეობას, ცხოვრების წესს. ამიტომ‚ ნუ დავშორდებით უფალს და ნუ მივეჯაჭვებით ხორციელ სიამოვნებას. რატომღაც, ზოგიერთი ფიქრობს, რადგან თერთმეტი თვე იმუშავა, იშრომა, ამიტომ, კომპენსაცია უნდა გაუკეთოს საკუთარ სხეულს. რა თქმა უნდა, უნდა გაუკეთოს, მაგრამ, არა სულის ხარჯზე. თუ ჩვენ ამით სულიერებას დავაზიანებთ და უფალს განვეშორებით, ეს დასვენება კი არ იქნება, არამედ, ხორციელი ორგია, ბაკქანალია. ასეთი ადამიანები აგვისტოს ბოლოს, მარიამობის მარხვაში, სექტემბრის დასაწყისში ბრუნდებიან შინ და, სახეზე აწერიათ, რომ არანაირი დასვენება არ ყოფილა მათ ცხოვრებაში: აფორიაქებულები არიან და აცხადებენ, ძალიან ცუდად დავისვენე, ცუდი დრო გავატარე, გართობა არ მაკლდა, მაგრამ, მაინც არ ვარ კმაყოფილიო. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს მათი შინაგანი მოუწესრიგებლობიდან მომდინარეობს. იმიტომ რომ‚ თუ არ ხარ ღმერთთან, ღმერთი არ არის შენთან. რა დასვენებაზეა საუბარი, როცა ღმერთს შორდები?! ეს ერთი შეხედვით არის დასვენება, თორემ, როგორც კი ადამიანი ასეთ დასვენების შემდეგ საკუთარ შინაგან მდგომარეობას გადაავლებს თვალს, მიხვდება, რომ, კი არ დაისვენა, არამედ, გაექცა ეკლესიურ ცხოვრებას, ზნეობას, უფალთან ურთიერთობას, ეგონა, რომ ზღვაში, მთაში, ტყეში ღვთისგან გაშორებით იქნებოდა. ამ დროს ის ადამს ემსგავსება, რომელიც უფლის მოწოდების დროს ბუჩქებს ეფარება და ჰგონია, რომ ღმერთს დაემალება. ასე ეფარება ზოგი ზღვის ტალღებს, მთას, ტყეს – ფიქრობს‚ ცოტა ხანს ვიცხოვრებ ისე, როგორც მე მინდა, როგორც ჩემი სხეული ითხოვს ამასო. სამწუხაროდ, ისინი ვერ ხვდებიან, რომ ადამიანი ვერ განეშორება და ვერსად დაემალება უფალს. ან, რატომ უნდა ემალებოდე ღმერთს? პირიქით, მისი მადლობელი უნდა იყო, რომ მოგცა ხელფასი, მატერიალური ანაზღაურება, რასაც გონივრულად დახარჯავ და ენერგიას მოიხვეჭ, რათა, რომ დაბრუნდები, სამსახურსაც და ოჯახის წევრებსაც უფრო მეტი ენერგიითა და თავმდაბლობით ემსახურო. დასვენება ნიშნავს ცოდვებისგან განშორებას და არა მათ დაგროვებას, რაც ჯერ ხორციელად გვამძიმებს და მერე – სულიერად; რაც აშლილობას იწვევს და შემდეგ ხელახლა გვიწევს ახსნა, რომ აღსარება უნდა თქვან, ეზიარონ. გვიჭირს მათი გაჩერება ეკლესიაში, რადგან უსაქმურობას, ლხენას, ხორცის მსახურებას მიეჩვივნენ. ნურავინ ჩამოვა სოფლიდან ცოდვებით აღსავსე და ნუ იტყვის – ვერ ვნახე ეკლესია, არ მქონდა საშუალება, მივედი და არ დამხვდა მღვდელიო. პირიქით, უნდა მივიდეთ ეკლესიაში, დაველაპარაკოთ ადგილობრივ მღვდელს, გავიცნოთ მრევლი, მათი პრობლემები – ეს ქმედება დააახლოებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, მოძღვარი მოძღვარს გაიცნობს, მრევლი კი – მრევლს. თუ იცი, რომ ამ სოფელში ადიდებენ წმიდა სამებას, უფალს და არ გინდა იქ მიხვიდე, ესე იგი, არც თბილისში ადიდებ უფალს და შორს ხარ ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან.