იგავი მექორწილეებზე
„განა შეიძლება, სიძის ძეებმა იგლოვონ, ვიდრე მათთან არის სიძე? მოვა დღეები, როცა ამაღლდება სიძე და მაშინ იმარხულებენ“.
მათე 9,14-15
ხარ ქრისტეს მეგობარი?
უფალ იესოს ჰყავდა ნათესავი, სახელად იოანე, რომლის დედა, ელისაბედი და მარიამ ღვთისმშობელი დეიდაშვილები იყვნენ. იესო სწორედ იოანემ მონათლა – ნათელი სცა მდინარე იორდანეში. ამიტომ ვუწოდებთ იოანეს ნათლისმცემელს.
იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები იყვნენ ძმები, ანდრია (პირველწოდებული) და სიმონი, რომელსაც უფალმა შეარქვა პეტრე (კლდე). შემდეგ ისინი ქრისტეს მოწაფეები გახდნენ. იოანე ხალხს უქადაგებდა: შეინანეთ, ახლოსაა სასუფეველი ცათა; მალე ჩემზე უძლიერესი მოვა, რომელიც ნათელს გცემთ „სულიწმიდით და ცეცხლით“ (მათე 3,11). ის ხშირად ესაუბრებოდა თავის მოწაფეებს ახლად მონათლულ იესოზე, რომელიც ყველას იხსნიდა ცოდვის მონობისგან.
მოწაფეებმა იოანეს უთხრეს: შენ, ვინც იორდანეში მონათლე და მასზე ამბობდი, ქრისტე სულიწმიდით მოგნათლავთო, ახლა ის ნათლავს და ყველანი მასთან მიდიანო. სინამდვილეში, ნათლავდა არა თვითონ იესო, არამედ მისი მოწაფეები. მაშინ იოანემ მათ აუხსნა, რომ თვითონ არ იყო ქრისტე, არამედ იმისთვის მოივლინა ზეციდან, რათა იესო ქრისტესთან შესახვედრად მოემზადებინა ხალხი. იოანემ იგავიც დაურთო, უკეთესად რომ გაეგოთ, რას ამბობდა:
„ვისაც პატარძალი ჰყავს, ნეფეც ის არის. ნეფის მეგობარი კი დგას და უსმენს მას, და ნეფის ხმა რომ ესმის, სიხარულით ხარობს“. (იოანე 3, 26-29).
იოანემ დასძინა, რომ ეს სიხარული უკვე აღსრულდა, რადგან იესო ქრისტე მათთან იყო. ამ დროს უფალი იესო ქადაგებდა, კურნავდა და ყველას სინანულისკენ მოუწოდებდა. სუფრასთან მჯდარი იესო ხშირად მოისვამდა ხოლმე გვერდით ცოდვილებს, მათ სახლშიც ესტუმრებოდა, რის გამოც ფარისევლები საყვედურით ეუბნებოდნენ ქრისტეს მოწაფეებს: „რატომ ჭამს ცოდვილებთან თქვენი მოძღვარი?”
იესომ ეს რომ გაიგონა, თქვა: „არ სჭირდებათ ჯანმრთელებს მკურნალი, არამედ – სნეულებს; მე წყალობა მნებავს და აქ ცოდვილთა სინანულისთვის მოვედი” (მათე 9, 10-13).
მაშინ მოვიდნენ იესოსთან იოანეს სხვა მოწაფეები და ჰკითხეს: „რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“
უფალმა იოანეს მოწაფეებს მათი მოძღვრის იგავი გაახსენა ნეფეზე და მსგავსი იგავით გასცა პასუხი:
„განა შეიძლება, სიძის ძეებმა იგლოვონ, ვიდრე მათთან არის სიძე? მოვა დღეები, როცა ამაღლდება სიძე და მაშინ იმარხულებენ“.
თავისი იგავით უფალმა იმ მაყვედრებელ ფარისევლებს გასცა პასუხი და იოანეს მოწაფეებსაც უთხრა: „თქვენმა მასწავლებელმა მიწოდა სიძე (ნეფე), თვითონ კი სიძის მეგობარია, ჩემი მოწაფეებიც ჩემი მეგობრები არიან. მეგობარს ხომ ყველაზე მეტად უხარია სიძესთან ყოფნა. აგერ, მე მათთან ვარ და ჩემი ქადაგება ესმით – განა ახლა გლოვისა და მარხვის დროა?”
წმიდა მამა იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ მარხვა გლოვის სახეა. იგავში უფალი ამიტომ აკავშირებს ერთმანეთთან მარხვასა და გლოვას. ნამდვილი მმარხველი ყველასგან ფარულად, მთელი გულით იგლოვს ცოდვებს და გულმხურვალედ ლოცულობს, რათა მოწყალე უფალმა შეუნდოს.
უფალმა იესომ ამ იგავით იწინასწარმეტყველა, რომ ხორციელად ყოველთვის არ იქნებოდა თავის მოწაფეებთან, ამოიწურებოდა ქრისტეს ამქვეყნად ყოფნის დრო, ამაღლდებოდა ზეცად და განსაცდელის ჟამიც დადგებოდა – ჟამი მარხვისა და ლოცვისა, საღვთო მუშაკობისა.