მამათა შეგონებანი
პაისი მთაწმინდელი: ის, ვინც გამუდმებით ცოდნით ივსებს გონებას და, ამასთან, ღვთისგან დაშორებით ცხოვრობს, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ გონებას ორლესულ მახვილად აქცევს. და მაშინ, როცა ერთი პირით იგი საკუთარ თავს ასახიჩრებს, მეორეთი – თავისი გონივრული, ყოველგვარი შენიშვნის შეუწყნარებელი ადამიანური გადაწყვეტილებებით ჭრილობას აყენებს ადამიანებს. ადამიანური ცოდნა მაშინ მოიტანს სარგებლობას, როდესაც ის განათლდება, საღმრთო გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ადამიანური ხრიკებია, განსჯა, ერული ლოგიკა. უმადური გონება, თავისთავად, უანდამატო რკინის ჯოხია, რომელიც რკინის საგნებს ურტყამს, რომ თავისკენ მიიზიდოს, ისინი კი არ ეწებებიან და მხოლოდ იკეჭნებიან მისი დარტყმების ქვეშ.
იოსებ ათონელი: ღვაწლი და დაცემები განზრახვას ეკუთვნის. ამრიგად, როგორ ვისწავლით მეცნიერებათა მეცნიერებას, თუკი განსაცდელი არ შეგვანჯღრევს? რადგან, მადლი რომ წასულიყო, მე და შენ კი არა, წმიდა მოციქულებიც კი არ იქნებოდნენ მოციქულები. როგორ შეუძლია თიხას წყლის შეკავება, ცეცხლში თუ არ იქნა გამომწვარი? ღმერთს უნდა, ისეთები გაგვხადოს, როგორიც მეომარია ასპარეზზე, ან, ბურთი, რომლითაც თამაშობენ.
იოსებ მღვიმელი: ლოცვა – საომარი იარაღია დემონების, ვნებების, ცოდვისა და საერთოდ, ყოველივე იმის წინააღმდეგ, რაც ჩვენს გადარჩენას გზად ეღობება. არ შეცდები, თუ ლოცვას ნავსაყუდელს უწოდებ, რადგანაც იქ სიმშვიდეს, გადარჩენასა და უსაფრთხოებას პოულობს გემი, რომელსაც ქარიშხლის დროს ზვირთები აქეთ-იქით ახეთქებდა.
ოპიტნელი ბერი: ყოველთვის, როდესაც მარხვის დღეებში თავს იკავებ აკრძალულის გასინჯვისგან, შენ მთელს ეკლესიასთან სრული თანამოაზრეობითა და თანაგრძნობით მოქმედებ. ამასვე იქმოდა ღვთისთვის სათნო ყველა წმიდანი და თავად ეკლესია მისი არსებობის პირველივე დღეებიდან. ეს მოგანიჭებს ძალასა და სიმტკიცეს სულიერ ცხოვრებაში და შეძლებ, საერთო ჩვევებით მცხოვრებთ თამამად, ღიად და მამაცურად გაემიჯნო, რადგან მარხვა ერთ-ერთი შეუძვრელი საძირკველია შენი უხილავი მონასტრისა.
გაბრიელ ეპისკოპოსი: ერთ-ერთი ნიშანი ზოგიერთი ახლანდელი მაცდურისა იმაში მდგომარეობს, რომ, მათი მტკიცებით, საღმრთო წერილი იმავეს ასწავლის, რასაც თვითონ ქადაგებენ. ამასთანავე, ვითომ წუხან და ზრუნავენ ქვეყნისთვის, ვითომ ღარიბი და დაცემული ადამიანები ებრალებათ და მათი აღდგენა და ბედნიერება სურთ, მაგრამ, ეს ყოველივე ცბიერება და სიცრუეა.
ნიკოლოზ სერბი: წარმოიდგინე, რომ ზეთით სავსე ქოთნებმა ერთმანეთს დაუწყონ ბრძოლა იმის თაობაზე, რომელი იქნეს მათგან შენახული და რომელი – დამტვრეული. რას იზამს მექოთნე? იგი გადმოასხამს მათგან ზეთს, რომლებიც ქოთნებზე უფრო ძვირფასია, ცოტა ხნით დააკვირდება ქოთნების თავშესაქცევ ბრძოლას, ბოლოს კი დაამტვრევს მათ და ახლებს გააკეთებს. მათ, ვინც არ ფიქრობს ღმერთზე, როგორც სიცოცხლის წყაროზე, უფალი ართმევს მის მიერვე ბოძებულ სიცოცხლესა და სულს და ცარიელ ქოთნებს ტოვებს.