როდის არ მიაჩნია ზოგიერთ კაცს ცოლისთვის ღალატი დანაშაულად
ადამიანს აქვს მიდრეკილება, არ დაინახოს საკუთარი დანაშაული, არ აღიაროს და როგორმე სინდისის ხმაც კი ჩაახშოს, რომელიც ზოგჯერ აღსარების გუნებაზე გვაყენებს. ისეთ ფანტაზიას ვავლენთ ხოლმე ამ დანაშაულის არდანახვის დროს, რომ, შეიძლება, მერე თავად გავოცდეთ, ფანტაზია არც თავის გასამართლებელი არგუმენტების მოფიქრებისას გვაკლია. იქნებ, გვჯერა კიდეც ამ ჩვენი სიმართლის, როცა ვცდილობთ, ის სხვასაც დავუმტკიცოთ. თუმცა, ფაქტია, რომ, არ არსებობს საქციელი მიზეზისა და საბაბის გარეშე. ღალატი კი ისეთი დანაშაულია, რომლის გამართლებაც ძალიან ძნელია. თუ გვინდა, რომ გვაპატიონ ალბათ, ჯობია, გულწრფელად მოვინანიოთ და მოვიბოდიშოთ. ეს ფანტაზიის „გამოხმობაზე“ ადვილიც არის და გაცილებით მეტადაც ამართლებს.
ზურა (37 წლის): თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ თავის მართლებას ნამდვილად არ ვაპირებ. არც ამ თემაზე სასაუბროდ მოვიდოდი, საკუთარ თავზე სრულიად უსამართლო და აბსურდული ბრალდებები რომ არ გამეგო. შეიძლება, გაჩუმებაც ჯობდეს, მაგრამ, როცა ყველაფერზე შენ შეგაწმენდენ ხელს და ურჩხულად გამოგიყვანენ, ამოიდგამ ენას. მამაკაცებს უკვე გვაქვს „ბუნებით მოღალატის“ იარლიყი მიწებებული. თუმცა, პროცენტულად არც ქალები „იჩაგრავენ“ ამ მხრივ თავს. ასე რომ არ იყოს, კაცები ვისთან უღალატებდნენ ცოლებს?! გგონიათ, მარტოხელა ქალები ნადირობენ კაცებზე?! არა! „ნაშების“ უმეტესობას ქმარი ჰყავს. ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ ჯობია, თავი დავანებოთ იმის გამოძიებას, თუ ვინ მეტად მოღალატეა და ამ ღალატის რეალური მიზეზები ვეძებოთ. ბევრი კაცი გეტყვით, რომ ღალატი მისი იდეაფიქსი არასდროს ყოფილა. თქვენ რა გგონიათ, კაცები დავდივართ და ვფიქრობთ, გეგმებს ვადგენთ, ცოლებს როგორ ვუღალატოთ? სულაც არა.
– ფაქტია, რომ ბევრი კაცი ღალატობს ცოლს, ხომ დამეთანხმებით?
– ფაქტი ისიც არის, რომ, არცთუ იშვიათად, ამ ღალატის პროვოცირებას სწორედ ცოლები ახდენენ. ან, მომენტი ჩავარდება და მოსახდენი მოხდება ხოლმე. ჩემს შემთხვევაში, პირველმა ვარიანტმა „იმუშავა“.
– ანუ, ცოლმა გიბიძგათ ღალატისკენ? რანაირად? ნუთუ, რომელიმე ცოლს უნდა, რომ ქმარმა უღალატოს? ძნელი დასაჯერებელია.
– გეთანხმებით, ღალატი არავის მოსწონს და, ბუნებრივია, ურთიერთობაში ერთგულება ყველასთვის სასურველია. მაგრამ, რას ვაკეთებთ ამისთვის? – ჩემს ცოლს ნამდვილად არაფერი გაუკეთებია. უფრო პირიქით შეიძლება ითქვას – ღალატში ხელიც კი შემიწყო. ამასაც არ დამიჯერებთ, მაგრამ დალაგებით მოგიყვებით: მე ცოლი დიდი სიყვარულით შევირთე. ისეთი რომანი გვქონდა, გასაგიჟებელი. იმასაც ვუყვარდი. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა.
– არ ხართ დარწმუნებული?
– დარწმუნებული ვერაფერში იქნები, მაგრამ მაშინ ეჭვი ნამდვილად არ მეპარებოდა. ჩემს ცოლს ჩემზე გათხოვება დიდხანს არ უნდოდა, – ჯერ კარიერა უნდა გავიკეთო და შენ ხელს ვერ შემიწყობო. ბევრი ხვეწნა დამჭირდა. მერე დამდო პატივი და გამაბედნიერა. არ იფიქროთ, აგრესია მქონდეს მის მიმართ. არანაირად. მიზანდასახული რომ იყო, სწორედ ეს მომწონდა მასში. არ მიყვარს უინტერესო, უმიზნო და რეცხვა-ხეხვაზე გადაყოლილი ქალები. სულ იმას ვამბობდი, ნეტავი კაცები ასეთ ქალებს რაზე ელაპარაკებიან-მეთქი. სამაგიეროდ, ჩემმა ცოლმა ყველაფერი იცის, რაც ამქვეყნად ხდება, შემირცხვენია ახალი ამბების სააგენტო. მეტისმეტად საქმიანია და სერიოზული. ბავშვი რომ გააჩინა, მთელი ფეხმძიმობა ისტერიკა ჰქონდა, ძლივს ფეხი მოვიკიდე და ახლა სახლში დავჯდები და ყველაფერს ჩამოვრჩებიო. ძალიან აქტიური ორსული იყო. მეც სულ უკან დავდევდი – მეშინოდა, არაფერი მოიწიოს-მეთქი. რა თქმა უნდა, საოჯახო საქმეებით თავს არ იკლავდა – ვერ ვასწრებო და მეც ვუგებდი. ცოლები რომ უვლიან ქმრებს, პერანგს გაუუთოებენ, ფეხსაცმელებს გაუწმენდენ, თუნდაც სხვის მომზადებულ ან ნაყიდ ვახშამს შესთავაზებენ... მე ასეთი ფუფუნება არ მქონია.
– ანუ, თუ ცოლი ქმარს არ ემსახურება და ამით არ ანებივრებს, ქმარმა მას უნდა უღალატოს? პირიქითაც რომ ხდება ხოლმე?! ანებივრებ, ანებივრებ ქმარს და, ეს შენი განებივრებული ბიჭი სხვას უწვება ლოგინში.
– იქ კიდევ სხვა პრობლემებიც იქნება. მაგრამ, ეგეთ ცოლებს კაცები ძალიან იშვიათად ტოვებენ – ფუფუნებას, კომფორტსა და განებივრებას ადვილად ვერ ელევიან.
– ესე იგი, რადგან ცოლმა არ გაგანებივრათ, ადექით და უღალატეთ?
– არა, ასეთი პრიმიტივიც არ ვარ. მე გელაპარაკებით იმ მიზეზებზე, რომელმაც ღალატამდე მიმიყვანა. ხომ იცით, ზოგს მეტისმეტი ყურადღება უვარდება თავში, მე კი ცოლის აბსოლუტურმა უყურადღებობამ დამტანჯა.
– აღიარებთ, რომ კაცებს ცოლისგან ზედმეტი ყურადღება თავში უვარდებათ?
– დიახ. საერთოდ, ზედმეტი არაფერი ვარგა და ის ადამიანია მოგებული, რომელიც ოქროს შუალედს პოულობს. ვერც მე ვიპოვე ოქროს შუალედი და ვერც ჩემმა ცოლმა. ის საერთოდ უკიდურესობაში გადავარდა – გადაირია თავის კარიერაზე და სულ უფრო იშვიათად იყო ჩემ გვერდით. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენი შვილის დაბადების დღეზე ძლივს მოვიდა, ისიც ძალიან გვიან. ბავშვს რა მოუვიდოდა, ხომ წარმოგიდგენიათ. ამიტომ, პირველად ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში, ძალიან მაგრად ვეჩხუბე. სულ „წამოვყარე“, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა. ვუთხარი, რომ, ფაქტობრივად, ვეღარ ვგრძნობდი გვერდით მის არსებობას, რომ ოჯახსაც აკლდა და მეც. მიპასუხა, უნდა გიხაროდეს, ასეთი წარმატებული ცოლი რომ გყავს, შენ კი იბოღმები. არასდროს დამიშლია შენთვის, ჩემსავით წარმატებული ყოფილიყავი, მაგრამ აქტიურობა დაგეზარა და ამის გამო ნამდვილად ვერ ვიტყოდი უარს საკუთარ კარიერაზეო.
– არის ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი?
– რაღაც დოზით, შეიძლება, არის კიდეც. მოკლედ, მე ამ „გარჩევის“ შემდეგ ორმაგად შეურაცხყოფილი დავრჩი. ასე არ გადავირეოდი, რომ სინანული და გულისტკივილი დამენახა ჩემს მეუღლეში, ან, თუნდაც, ეთქვა, რომ ყველაფერს ჩვენთვის აკეთებდა. ამის ნაცვლად, პირიქით, შეტევაზე გადმოვიდა: უმადური ხარო, მითხრა. ფული ოჯახში მე შემომაქვს, თანაც, არც ისე ცოტა. იმდენს ვშრომობ, რომ ჭამის სურვილიც კი მიქრება, შენ კი უკანასკნელი ეგოისტივით წუწუნებ იმაზე, რომ იმდენ ყურადღებას ვეღარ გაქცევო.
– რაში გამოიხატებოდა მისი უყურადღებობა?
– ღმერთო ჩემო, ყველაფერში. არ იყო სახლში. ყველგან მარტო დავდიოდი – მეგობრების, ნათესავების დაბადების დღეებზე, რომ იტყვიან, „მკვდარზე და ცოცხალზე“. იმის დრო ჰქონდა, რომ ძვირფას სალონებში ევლო და პლასტიკური ქირურგიის მიღწევები საკუთარ თავზე გამოეცადა. საშინელი გრძნობაა, როცა კაცი ხვდება, რომ არაფერს წარმოადგენს. ცოლისთვის რომ თავის პერანგზე გაჩენილი ლაქა უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე ქმრის ცუდად ყოფნა, იქ რამე ურთიერთობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. რა გასაკვირია, რომ გული გამიცივდა?! თან სულ გაღიზიანებული ვიყავი, ვნერვიულობდი. ვფიქრობდი: მე რა კაცი ვარ, ვერ გამიგია, ჩემი ცოლი სად დადის, ვის ხვდება-მეთქი.
– სამსახურის გარდა სადმე დადიოდა?
– შეიძლება, არა, მაგრამ, უამრავ ადამიანს ხვდებოდა დღის განმავლობაში, რომელთა უმრავლესობა მამაკაცები იყვნენ. თავიდან თითქოს ვეგუებოდი ამას და ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ, ნელ-ნელა ამევსო მოთმინების ფიალა.
– თქვენ არ მუშაობდით? სახლში იჯექით და ცოლის წასვლა-მოსვლის გრაფიკს ადგენდით?
– ზუსტად ასე დავცინოდი საკუთარ თავს და ბოლოს გადავირიე. გადავწყვიტე, მარტო საკუთარ თავზე მეფიქრა და ჩემთვის მეცხოვრა.
– ორიგინალური ფორმაა თავის გასამართლებლად...
– არ მჭირდება თავის გამართლება. ნერვები მეშლებოდა, როცა გარშემო ხალხი მეუბნებოდა, ბედნიერი კაცი ხარ, არაჩვეულებრივი ცოლი გყავს – ჭკვიანი, ეფექტური, წარმატებულიო. ბოღმა დაარქვით ამას, თუ ასე გინდათ, მაგრამ, ჩემი კაცური თავმოყვარეობა ძალიან ილახებოდა.
– იმიტომაც გაიჩინეთ საყვარელი?
– ასე მარტივადაც არ ყოფილა – ვაიმე, ცოლი ყურადღებას აღარ მაქცევს და მოდი, საყვარელს გავიჩენ-მეთქი. მანქანაც კი გავყიდე, მისთვის რაღაც განსაკუთრებული კბილები რომ გამეკეთებინა. კი არ ვაყვედრი, მაგრამ, რატომ არ დაინახა ჩემი ყურადღება? როგორ ანაცვალა ქმართან ურთიერთობა...
– თქვენი ღალატის მიზეზი ნამდვილად ყურადღების დეფიციტი იყო?
– ანუ, ფიქრობთ, ამით თავის მართლებას ვცდილობ? რა მაქვს გასამართლებელი?! მისი მუდმივი დაგვიანებები წესად იქცა. აღარც კი ვეკითხებოდი, წამოვიდოდა ჩემთან ერთად სადმე თუ არა. რატომ ერთხელ მაინც არ გასჩენია კითხვა ან ეჭვი, მის ქმარს, სულ მარტო რომ იყო, ვინმესკენ ხომ არ გაურბოდა თვალი?! მე ვიცი, რომ ქალები საკუთარ ქმრებს დაჰფოფინებენ. ზოგი მის ყოველ ნაბიჯს ამოწმებს, ისე ეშინიათ ქმრის დაკარგვის. გამოდის, რომ ჩემს ცოლს საერთოდ არ ეშინოდა, რომ დამკარგავდა. მერე უკვე მეც გამიჩნდა ეჭვი, რომ ვიღაც ჰყავდა.
– იქნებ, მართლა ჰყავდა?
– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. არ მილაპარაკია მასთან ამ თემაზე. ჩემი ეჭვებით ვცხოვრობდი. მერე კი ის ქალიც გამოჩნდა. მე ნამდვილად არ მიძებნია, რაღაცნაირად, სიტუაციურად მოხდა ყველაფერი. ჩვენი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე უნდა წავსულიყავი. ჩემმა ცოლმა დამირეკა – მე ალბათ ძალიან დამაგვიანდება, შეიძლება, საერთოდაც ვერ მოვიდე, საჩუქარი უყიდე და შენ მიდი. სირცხვილია, ეწყინებათო. მეც წავედი. ამ ჩემი ეჭვების გამო „გატეხილში“ ვიყავი. ყველა მეკითხებოდა ჩემს ცოლზე, სად არისო. მერე ზოგმა მითხრა, რა მაგარ ფორმაშია შენი ცოლი, როგორი წარმატებულია, ალბათ, როგორ გიხარიაო და სულ დავიბოღმე. გულახდილად ვამბობ ამას და არც მრცხვენია. ცოტა დავლიე ჯავრიან გულზე... ის ქალიც რაღაცნაირად იჯდა – მარტოსულივით, მოწყენილი და მივედი მასთან... ასე დაიწყო... ვწერდით ერთმანეთს მესიჯებს და თითქოს „ახალი სუნთქვა“ გამეხსნა... მერე ამ მესიჯებს პაემნებიც მოჰყვა და დაიწყო ჩვენი რომანი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაგარი ქალია. არც ფიზიკურად ჯობია ჩემს ცოლს და არც მიზანდასახულობით. ძალიან უბრალოა და მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული.
– მატერიალურადაც?
– დიახ, რა მოხდა მერე? არაფერს არ მთხოვდა. მე თვითონ მანიჭებდა სიამოვნებას მისთვის საჩუქრების გაკეთება. ძლიერი ქალის გვერდით ძალიან დავიჩაგრე და ლამის არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩნდა. დავიღალე და ჩემი პიროვნება კინაღამ დეგრადირდა. აღარ მინდოდა, თავი მარტოსულად მეგრძნო.
– არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი მეუღლე ამდენს სწორედ თქვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის შრომობდა? იმისთვის იკლებდა გართობისა და დასვენების წუთებს, რომ თქვენ და თქვენს შვილს კომფორტში გეცხოვრათ?
– როგორ არ მიფიქრია. თავიდან ამით ვიმშვიდებდი თავს. ანუ, ვითომ ვიმშვიდებდი, მაგრამ, რაღაც პერიოდის მერე ყველაფერი ყელში ამომივიდა. კაცი ისეთი არსებაა, მოფერება სჭირდება.
– ქალსაც სჭირდება მოფერება.
– გეთანხმებით, მაგრამ, მე დავინახე, რომ ჩემს ცოლს ნამდვილად აღარ სჭირდებოდა ჩემი მოფერება.
– ილაპარაკეთ მასთან ამ თემაზე?
– არა, რა აზრი ჰქონდა? როგორც კი უკმაყოფილებას გამოვთქვამდი, მაშინვე ჩხუბს იწყებდა. ჩემი მოსმენა და გაგება რომ ნდომოდა, ასე არ მოიქცეოდა. ახლა სხვა ქალი მყავს. ვერ გეტყვით, რომ ასეთი მდგომარეობა ჩემთვის მისაღებია და თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ, რა ვქნა? ჩემმა ცოლმა სხვა გამოსავალი არ დამიტოვა.