კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ცოლი „ხანჟასა“ და ძველმოდურს მიწოდებს
ისე გავიზარდეთ მე და ჩემი და, მშობლებს შორის ჩხუბს არ შევსწრებივართ. დედა ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ქალი იყო, მამა – საკმაოდ ხმაურიანი და სულ რაღაცით უკმაყოფილო, მაგრამ, ამის მიუხედავად, დედაჩემი ყოველთვის ახერხებდა, საქმე უსიამოვნებამდე არ მისულიყო. თუმცა ხასიათის განსხვავების მიუხედავად, შვილებს ერთად გვზრდიდნენ. ამის აუცილებლობას მხოლოდ ახლა ვხვდები, რაც მე თვითონ გავხდი მამა და ჩემი შვილებიც წამოიზარდნენ. ჩემი ცოლი კარგი დედაა, მაგრამ, სიტყვას არ შემარჩენს, არაფერს მაპატიებს, უნდა, რომ ყველაფერში თავისი გაიტანოს. არ ვამბობ, რომ ყოველთვის მე ვარ მართალი, მაგრამ, ქალს ლავირება ხომ უნდა შეეძლოს. ეტყობა, მე უფრო დედის ხასიათი გამომყვა – ყველაფერს ვუთმობ, ოღონდ კი უსიამოვნება არ მოხდეს, მაგრამ, მგონი, ეს უკუღმა მოქმედებს ჩემს ავტორიტეტზე შვილების თვალში, რადგან, ამ ბოლო დროს ვატყობ, რომ მათთვის ჩემი აზრი, ჩემი სიტყვა და პოზიცია ბევრს არაფერს ნიშნავს, ამიტომ, პრაქტიკულად, არც არაფერს მითანხმებენ, არაფრის საქმის კურსში არ მაყენებენ. ამ ზამთარს ჩემი გოგონა რამდენიმე დღით ისე გაუშვა ჩემმა ცოლმა მეგობართან ერთად გუდაურში, არც კი მითხრა, მხოლოდ ფული გამომართვა ბავშვის წასვლამდე ორი-სამი დღით ადრე (საკმაოდ სოლიდური თანხა). რომ ვკითხე, რისთვის გინდა-მეთქი, მოკლედ მიპასუხა – მჭირდებაო. მეც აღარ ჩავეძიე, რადგან, ვიცოდი, მორიგი უსიამოვნება მოჰყვებოდა ჩემს „ცნობისმოყვარეობას“ და, რაც მთავარია, ათასი კუდი გამოებმებოდა, ძირითადი ბრალდება კი ის იქნებოდა, რომ მე მენანება ფული ჩემი შვილებისთვის, რომ „ხანჟა“ და ძველმოდური ვარ (ეს იმიტომ, რომ, არ მიყვარს, როცა ახალგაზრდები უთავბოლოდ დაწოწიალობენ აქეთ-იქით და ღამის პირველ-ორ საათამდე ბარებში სხედან), რომ ბავშვებს ყველაფერში ვზღუდავ და ასე შემდეგ. ყველაზე გულსატკენი კი ის არის, რომ ამ ბრალდებების ნიაღვარი შვილების თანდასწრებით დამატყდება ხოლმე თავს და, დიდი სკანდალი რომ არ მოჰყვეს ცოლის მონოლოგს, იძულებული ვხდები, გავუჩუმდე და „გავატარო“, მაგრამ, გაჩუმებას ცოლიც და შვილებიც „დანაშაულის“ აღიარებად მითვლიან და შემდგომი ურთიერთობებიც შესაბამისია: „რა საჭიროა, მამას რამე ვუთხრათ ან ვკითხოთ, ის მაინც ვერ გაგვიგებს, რადგან, წინა საუკუნეშია ჩარჩენილი. მთავარია, დაგვაფინანსოს, მეტი მაგას არაფერი ეხება“ (ეს სიტყვები ამას წინათ ჩემმა ერთმა შვილმა უთხრა მეორეს და მე შემთხვევით გავიგონე).
ჩემს ცოლს რომ ჰკითხო, შვილებს თავისუფლება უნდა მისცე, არაფერში არ უნდა შეზღუდო და უფრო კარგად აუღებენ ალღოს ცხოვრებას. კი ბატონო, მაგრამ, ამ თავისუფლებასაც ხომ აქვს საზღვარი! როგორ შეიძლება, 15 წლის გოგო ღამის 12 საათზე არ იყოს სახლში და მშობლებმა არ იცოდნენ, სად და ვისთან ერთად არის?! ან, 17 წლის ბიჭი საჭესთან ნასვამი რომ დაჯდება (ჯერ, საერთოდ, ჩემი აზრით, ამ ასაკში არც უნდა ჰქონდეს მანქანის ტარების უფლება), თავისნაირ მთვრალ ლაწირაკებს რომ ჩაისვამს და გიჟივით დააქროლებს ქალაქში, ამით ხომ სხვასაც უქმნის საფრთხეს?! ამას წინათ, დედამისისგან გატუტუცებულმა ჩემმა ვაჟბატონმა, ვიღაცის დაბადების დღიდან ლამის ჩემი ხნის ქალი მოგვითრია სახლში – გაიცანით, ჩემი საცოლეაო. ორივე ისეთი მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგნენ. ის ქალი ვინც იყო, გასაგებია; ისიც გასაგებია, რომ ჩემი შვილი იდიოტი და ლაწირაკია, მაგრამ, ჩემი ცოლი ხომ არის ნორმალური და ზრდასრული? ხმა არ ამომაღებინა, ეს ორი კრეტინი კი დასვა სამზარეულოში (ყავაზე დაპატიჟა „სარძლო“) და იმ ქალს გამოკითხვა დაუწყო, ვინ არის, სად მუშაობს, მშობლები ვინ ჰყავს და ასე შემდეგ. მერე კაბინეტში გაუშალა ლოგინი – აბა, ამ შუაღამისას მარტოს ხომ არ გავუშვებო (კიდევ კარგი, ერთად არ დააწვინა), მეორე დღეს კი ასაუზმა, ტაქსის ფული მისცა და გაისტუმრა. ამ ჩემს იდიოტ შვილს კი საერთოდ აღარ ახსოვდა, ვინმესთან ერთად თუ მოვიდა სახლში. მოკლედ, რომელი ერთი გავიხსენო. მთავარი კი ის არის, რომ ჩემს ცოლ-შვილს ცხოვრების ასეთი სტილი მოსწონს – „სვეცკობად“ მიაჩნიათ, ვიღაცეებს ჰბაძავენ, ვიღაცის ფეხის ხმას არიან აყოლილები, იმას კი ვერ ხვდებიან, რომ არ გამოსდით და არც უხდებათ, რადგან ეს მათი სტილი არ არის.
ჩემი ცოლის „ფრთიანი“ ფრაზაა: „ვგიჟდები ბოჰემა კაცებზე“. დარწმუნებული ვარ, აზრზე არ არის, რას ნიშნავს ეს სიტყვა, მაგრამ, გიჟდება და რა ქნას! თან, რაც მთავარია, ჩემი 15 წლის გოგოც გააგიჟა, რომლისთვისაც „ბოჰემა“ ბიჭი მიჩაჩულ-მოჩაჩული, თმაგაწეწილი, ბილწსიტყვა, უწიგნური და ლოთობასა და ნარკომანობას შორის „გაჩხირული“ კრეტინი ლაწირაკია, რომელიც საკუთარ დედაზე იგინება და სიტყვების მარაგი არ ჰყოფნის, რომ გოგოს თუნდაც სიყვარული აუხსნას. თუმცა, შეიძლება, არც ჩემი შვილები არიან უკეთესები.
დარწმუნებული ვარ, მარტო მე არ ვარ ამ მდგომარეობაში, თუმცა, არც იმას ვამბობ, რომ ყველა ახალგაზრდა ასეთია. ღმერთმა დაიფაროს, ასე  იყოს, მაგრამ მთლად კარგად რომ არ გვაქვს საქმე, ცხადია და, ისიც ცხადია, რომ ამ ყველაფერში ჩვენ, მშობლები ვართ დამნაშავე, ჩვენ ვცოდავთ, რადგან, არ ვიცით, როგორ უნდა აღვზარდოთ შვილები.
თემური, 46 წლის.

ზოგს რა ბედი აქვს!
ერთი ნათესავი მყავს, საშუალოზე ნაკლები გარეგნობის და ძალიან მძიმე ხასიათის ქალია. სხვათა შორის, ბავშვობიდან ასეთია – ვერ გაიგებ, რა სწყინს, რა უხარია; სულ სხვებს აქილიკებს, ყველასთან თვითონ არის მართალი, დიდთან და პატარასთან კონფლიქტი აქვს წვრილმანსა თუ მსხვილმანზე, – ერთი სიტყვით, რომ არ იცნობდე, ჯობია.
როგორც გითხარით, საკმაოდ შეუხედავია, მაგრამ, რაღაცნაირი ბედი აქვს: ჯერ იყო და, ბავშვობიდან უყვარდა ერთ ბიჭს, თან ისე, რომ წლების განმავლობაში სხვა გოგოსკენ არ გაუხედავს, არადა, ლელა ისე დასცინოდა, ისეთ შეურაცხყოფას აყენებდა ხოლმე, თავმოყვარე ბიჭი ერთს მიაგინებდა და თავს დაანებებდა, მაგრამ, დათოს, მგონი, სიამოვნებდა კიდეც ასეთი აბუჩად აგდებები. არ ვიცი, რატომ იყო ასეთი ჩაციკლული ამ გოგოზე, მაგრამ, ამის მეტი არავინ უნდოდა და არავინ აინტერესებდა. ლელა კი „კატათაგვობანას” ეთამაშებოდა: არც ახლოს იკარებდა და არც თავიდან იშორებდა. სიყვარულით ნამდვილად არ უყვარდა, რადგან, ჯერ ერთი, ასეთ გოგოებს სიყვარული არ შეუძლიათ; მეორეც – დათო საკმაოდ ხელმოკლე ოჯახიდან იყო, ლელა კი მდიდარ კაცზე გათხოვებაზე ოცნებობდა. ახლა რომ ვახსენებ, ვხვდები, რომ ლელას დათო კი არა, მისი სიყვარული და თანგადაყოლა მოსწონდა.
მერე ისე მოხდა, რომ ნათესავმა ლელას ვიღაც მდიდარი უშვილო ქვრივი გაურიგა და ესეც მაშინვე გაჰყვა ცოლად, რადგან მისმა ქონებამ დაუბრმავა თვალი. მართალია, ლელა თავის გემოზე მოეწყო – არც ბინები აკლდა, არც აგარაკები, არც მანქანები და არც უცხოეთში მოგზაურობა, მაგრამ, მისი 15 წლით უფროსი ქმარი, რომელიც საშინელი ეჭვიანი და უხასიათო გამოდგა, უშვილოც აღმოჩნდა, ბავშვის შვილად აყვანაზე კი სიტყვის თქმასაც ვერავინ გაუბედავდა.
მოკლედ, ასეთი სიმდიდრის მიუხედავად, ეს ჩვენი ლელა მაინც უბედური ქალია, რადგან, ქმარი სძულს, თუმცა, არც გაყრა უნდა – სიმდიდრეს ვერ ელევა. არადა, ის შტერი დათო ახლაც ამას შესტრფის შორიდან და, მზად არის, ცოლად შეირთოს, მაგრამ ლელა მაინც არ დგამს ამ ნაბიჯს, რადგან ერთდროულად უნდა „ჩიჩიაც“ და „ბაბაც“. ცხოვრება კი ნამდვილად არ არის ასე მოწყობილი.
თუმცა, ზოგს მაინც რა ბედი აქვს! განათხოვარი, უხასიათო და უშნო კი არა, არც გარეგნობით ვარ სხვაზე ნაკლები, არც კაცთან გამივლია ცხოვრებაში და ვერც უხასიათობას დამაბრალებს ვინმე, მაგრამ, სიყვარული დღემდე ვარ მიპოვია.
მარინა, 38 წლის.

скачать dle 11.3