ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს რეფერენდუმი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, რომელიც იმართება სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს პლებისციტი?
პასუხი: პლებისციტი არის ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად, რომლის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა დანიშნულება აქვს საქართველოში არჩევნების ჩატარებას?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, ზოგადად, არჩევნების დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს მოქალაქის საარჩევნო უფლება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ მოქალაქის საარჩევნო უფლებაში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეთა აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს მოქალაქის აქტიური საარჩევნო უფლება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ აქტიური საარჩევნო უფლება გულისხმობს საქართველოს მოქალაქის უფლებას, ხმის მიცემის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს მოქალაქის პასიური საარჩევნო უფლება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ პასიურ საარჩევნო უფლებაში იგულისხმება საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, დღევანდელი მდგომარეობით რომელი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ საქართველოში ნაფიცი მსაჯულები?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში და განიხილავს მისი ტერიტორიული განსჯადობისთვის მიკუთვნებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებს. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როდესაც ოჯახში სამართალდამცავი ორგანოები ატარებენ ჩხრეკას, შემიძლია თუ არა, მოვიყვანო დამსწრე და აქვს თუ არა ბრალდებულ პირს უფლება, დამსწრედ მოიწვიოს ოჯახის წევრი ან მის ოჯახში მცხოვრები სხვა ადამიანი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ჩხრეკისას ან ამოღებისას, ბრალდებულს, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე, მოთხოვნის შემთხვევაში, დამსწრის მოსაწვევად მიეცემა გონივრული ვადა, მაგრამ, არანაკლებ 1 საათისა. დამსწრედ არ შეიძლება მოწვეულ იქნენ ის პირები, რომლებსაც კანონით აქვთ მინიჭებული უფლება, არ მისცენ ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენება.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ უნდა განახორციელოს დაცვის უფლება არასრულწლოვანმა ბრალდებულმა, რომელსაც არ აქვს ადვოკატის აყვანის საშუალება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ არასრულწლოვან ბრალდებულს აქვს სავალდებულო დაცვის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია, დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ამასთან, არასრულწლოვანი ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეარჩიოს და მოიწვიოს ადვოკატი საკუთარი ხარჯით.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შესაძლებელია თუ არა უზენაესი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება?
პასუხი: საკასაციო სასამართლოს განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება. თუმცა, შესაძლებელია მისი გასაჩივრება ევროსასამართლოში.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა სახის ქონება შეიძლება ჩაითვალოს ქურდული სამყაროს წევრის ქონებად და რა ბედი ეწევა ამგვარი სახის ქონებას?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, ქურდული სამყაროს წევრის ქონებას წარმოადგენს ქურდული სამყაროს წევრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს. ქურდული სამყაროს წევრის ქონება ექვემდებარება ჩამორთმევას და, მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ, გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო, კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს.