რა აკავშირებს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის საგვარეულოს „გარეულ ცხოველთან“ და რომელი ქვეყნის პრეზიდენტის მკვლელობის ორგანიზება ედებოდა მას ბრალად
მთელი მსოფლიოს ყურადღება ამჟამად სირიისკენ არის მიმართული, სადაც პრეზიდენტი ბაშარ ასადი, დასავლელი ექსპერტების აზრით, მმართველობის ბოლო დღეებს ითვლის. გაეროს მდივანმა პან გი მუნმა უკვე გამოსცა დეკრეტი, სადაც უნდობლობას უცხადებს ასადის რეჟიმს და გმობს ყველა იმ სისხლიან მოვლენებს, რომელთაც ბოლო მომენტამდე ადგილი ჰქონდა სირიის ქალაქებში. ბოლო დროს სირიის თემის აქტუალობის გათვალისწინებით, გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ახლო აღმოსავლეთის სისხლიან დიქტატორზე, ბაშარ ასადზე, რომელსაც მთელი მსოფლიო მშვიდობიანი გზით გადადგომისკენ მოუწოდებს.
* ბაშარ ასადი 1965 წლის 11 სექტემბერს დაიბადა დამასკოში, სირიის სამხედრო საჰაერო ძალების გენერლისა და მოგვიანებით, სირიის პრეზიდენტის, ჰაფეზ ასადის ოჯახში. დაწყებითი და საშუალო განათლება ბაშარმა ელიტურ არაბულ-ფრანგულ ლიცეუმში, „ხურიაში” მიიღო, სადაც სწავლა 1982 წელს ბაკალავრის დიპლომით დაასრულა, 1988 წელს დაამთავრა წითელ დიპლომზე დამასკოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, „ექიმ-ოფთალმოლოგის” სპეციალობით. მოგვიანებით, ბაშარი დამასკოს გარეუბანში, ტიშრინის სამხედრო ჰისპიტალში მუშაობდა თვალის ექიმად. საინტერესოა, რომ ჰაფეზ ასადის ნამდვილი გვარი ალ-ვახში იყო, რაც არაბულად „გარეულ ცხოველს” ნიშნავს. მან გვარი გადაიკეთა და გახდა „ასადი”, რაც არაბულად „ლომს” ნიშნავს.
* 1991 წელს, სხვა ვერსიით 1992 წელს, ბაშარ ასადი სტაჟირებაზე გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ერთ-ერთ უბანში, პადინგტონში მდებარე „ვესტერნ აი ჰოსპიტალის” ოფთალმოლოგიურ ცენტრში. ლონდონში ცხოვრების პერიოდში ბაშარს ფსევდონიმი ჰქონდა აღებული, რათა არავის გაეგო, რომ იგი სირიის პრეზიდენტის შვილი იყო. ასადი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებში მონაწილეობდა და დროის უმეტეს ნაწილს სირიელ ინტელექტუალებთან საუბარში ატარებდა. ოფთალმოლოგიის გარდა, ასადი ინფორმატიკითაც იყო გატაცებული.
* 90-იანი წლების შუა პერიოდში ბაშარის მამას, პრეზიდენტ ჰაფეზ ასადს რამდენიმე ინფარქტი ჰქონდა გადატანილი და უკვე ლაპარაკობდნენ, რომ ის თავის მემკვიდრედ უფროს შვილს, ბასელს ამზადებდა. ბასელი პროფესიით ინჟინერი გახლდათ და ასევე წარმატებები ჰქონდა სპორტში: სროლასა და პარაშუტით ხტომაში. ის სირიელი ახალგაზრდების კერპი იყო და ჰაფეზი დიდ იმედებს ამყარებდა მასზე. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, 1994 წელს ბასელ ასადი საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა. გავრცელებული არაოფიციალური ვერსიით, ავარია მოწყობილი იყო. ჰაფეზ ასადს სხვა არაფერი დარჩენოდა, რომ თავის მემკვიდრედ შუათანა ვაჟი, ბაშარ ასადი დაესახელებინა. ცნობისთვის, ბაშარ ასადს ჰყავს ორი უმცროსი ძმა – მაჰერი და მაჯიდი და უფროსი და, ბუშრა. მაჯიდ ასადი სხვადასხვა დროს რამდენიმე სკანდალში იყო გახვეული, მათ შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ხოლო მაჰერს, სადამ ჰუსეინის ვაჟს, უდეი ჰუსეინს ადარებდნენ. ის ერაყელივით ფეთქებადი და მძიმე ხასიათის პიროვნება გახლდათ. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჰაფეზ ასადმა არჩევანი ბაშარზე შეაჩერა.
* 2000 წლის 10 ივნისს გულის უკმარისობით გარდაიცვალა ჰაფეზ ასადი და პრაქტიკულად, მეორე დღესვე ბაშარ ასადს მიაკუთვნეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება და სირიის არმიის მთავარსარდლად დანიშნეს. სირიის პარლამენტმა კი სპეციალური ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში და პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ასაკობრივი ზღვარი 40 წლიდან 34 წლამდე დასწია, რათა ბაშარ ასადს პრეზიდენტობაზე შეეტანა განაცხადი. 20 ივნისს სირიაში გამართულ რეფერენდუმზე, ხმათა 98 პროცენტით, ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტად აირჩიეს. იგივე რეფერენდუმი ჩატარდა 2007 წელს და ბიულეტენში მხოლოდ ერთი კითხვა იყო დასმული: „ენდობით თუ არა ბაშარ ასადს და ემხრობით თუ არა მისი პრეზიდენტობის ვადის გაგრძელებას 2014 წლამდე”. ამ კითხვაზე დადებითი პასუხი სირიის მოსახლეობის 97 პროცენტმა გასცა.
* თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ბაშარ ასადს არაერთხელ დასდეს ბრალი ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში. კერძოდ, გავრცელებული ვერსიის თანახმად, ასადი ფინანსებითა და იარაღით, „ჰეზბოლას”, „ჰამასს”, „ისლამურ ჯიჰადს” და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ამარაგებდა. გარდა ამისა, 2003 წელს გავრცელდა ვერსია, რომ ასადის რეჟიმი იარაღით ამარაგებდა ერაყის დიქტატორს, სადამ ჰუსეინს და თავის ტერიტორიაზე მალავდა მასობრივი განადგურების იარაღს, რომელსაც ბუშის ადმინისტრაცია ეძებდა ერაყში. 2002 წლიდან ასადს გართულებული ჰქონდა ურთიერთობა ამერიკასთან და დასავლეთის ქვეყნებთან. გარდა ამისა, ბაშარ ასადს ბრალს სდებდნენ ლიბანის პრეზიდენტის, რაფიკ ჰარირის მკვლელობის ორგანიზებაში, თუმცა მოგვიანებით, ეს ბრალდებები ასადს მოუხსნეს.
* 2001 წლის 1 იანვარს ბაშარ ასადი ასმა ალ-აჰრიზე დაქორწინდა. ასმა სირიის ქალაქ ჰომსის სუნიტური კლანის შთამომავალია და ცხოვრების დიდი ნაწილი დიდ ბრიტანეთში ჰქონდა გატარებული. ნისლიან ალბიონზე გაზრდილმა ასმამ სირიაში ჩასვლისთანავე, უარი განაცხადა ტრადიციული, მუსლიმანური სამოსელის ტარებაზე. ის მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებთან იკერავს ტანსაცმელს, ხოლო თავისუფალ დროს ჯინსებსა და მაისურით მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ისე, რომ მას ვერავინ ამჩნევს. ასმა გემოვნებიან ქალბატონად მიიჩნევა და ჟურნალმა „ელმა” ერთხელ დაასახელა კიდეც, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და მოდური პირველი ლედი. ამბობენ, რომ ასმა დიდ გავლენას ახდენს თავის მეუღლეზე. წყვილს სამი შვილი ჰყავს – ჰაფეზი, ზეინა და ქარიმი. ბოლო ცნობებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა სირიის პირველ ლედის და მას აკრძალული აქვს შესვლა ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე, მისი ყველა საბანკო ანგარიში ევროპულ ბანკებში დაყადაღებულია.
* ერთ-ერთმა პირველებმა ბაშარ ასადის გადადგომა პრეზიდენტობის თანამდებობიდან, სირიელმა „ზომბებმა” მოითხოვეს. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელზეც მკვდრების ფორმაში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა პროტესტი გამოხატეს მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ. ამასთან ერთად, დამასკოს ქუჩებში გავრცელდა პლაკატები, რომელზეც წითელი საღებავით დაწერილი იყო: „მკვდრები ითხოვენ რეჟიმის შეცვლას”.
* სირიის რევოლუციურ საბჭოს რამდენიმე ხნის წინ ხელში ჩაუვარდა ბაშარ ასადის პირადი ელექტრონული ფოსტა. ასადის წერილებიდან ცნობილი გახდა მისი პირადი ცხოვრების რამდენიმე საინტერესო ფაქტი. კერძოდ, წერილებში საუბარია შესაძლო გადადგომაზე და ამასთან დაკავშირებით, ბაშარი მოლაპარაკებებს მართავდა ყატართან, სადაც თავშესაფარს ითხოვდა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა ბაშარ ასადის გატაცებების შესახებ. იმის მიუხედავად, რომ კონფლიქტის დაწყების შემდგომ სირიაში დაიბლოკა ინტერნეტით სარგებლობა, ბაშარ ასადი რეგულარულად სარგებლობს გლობალური ქსელით. პრეზიდენტი ასადი „აიფონის” მომხმარებელი ყოფილა და რეგულარულად შედის „ეფლ აითიუნზის” ვებ-გვერდზე, სადაც რამდენიმე დასავლელი მომღერლის მუსიკალურ ალბომებს იძენს. მათ შორისაა: კრის ბრაუნის, ჯგუფ LMFAO-სა და ქანთრის მომღერლის, ბლეიკ შელტონის ალბომები. წერილებიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ ბოლო თვეებში სირიის პირველმა ლედიმ რამდენიმე ათასი დოლარის ღირებულების დეკორატიული მცენარე და ჰოლივუდური ფილმები გამოიწერა ინტერნეტით.
* გავლენიანმა საუდელმა რელიგიურმა ლიდერმა, ალი ალ-რაბიეიმ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მოკვლისთვის ჯილდო დააწესა. ის ადამიანი, რომელიც ასადს სიცოცხლეს გამოასალმებს, ავტორიტეტული საუდელი იმამისგან 450 ათას დოლარს მიიღებს. ასადის მოკვლის სურვილი იმამს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შეიტყო, რომ სირიაში 116 უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები გამოასალმეს სიცოცხლეს. საგულისხმოა, რომ არეულობების დაწყების დღიდან, სირიაში 13 ათასი ადამიანია გარდაცვლილი. ყველა უბედურებაში ასადი „ალ ქაიდას” ადანაშაულებს, ხოლო დასავლეთი სირიის პრეზიდენტს გონიერებისკენ მოუწოდებს და ურჩევს თანამდებობა დატოვოს.
უშანგი რუხაძე