კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შემოდის ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე გაურკვეველი ხარისხის გენერიკები და რატომ უნიშნავენ საქართველოში ექიმები პაციენტებს ზომაზე მეტ წამალს

არაერთი კვლევითაა დადგენილი, რომ საქართველოში მოსახლეობა არაადეკვატურად დიდ თანხას ხარჯავს წამლების შეძენაზე: ერთი მხრივ, ამის მიზეზია მედიკამენტების მაღალი ფასი, მეორე მხრივ, ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების პირდაპირი თუ ირიბი ხრიკები და, რაც მთავარია, რეგულაციის არანაირი მექანიზმი. არასამთავრობო ორგანიზაციები კარგა ხანია, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ კარტელურ გარიგებებზე საუბრობენ, რაზეც სახელმწიფო თვალებს ხუჭავს. თუმცა ახლახან წამლების მაღალი ფასი პრეზიდენტმაც გააკრიტიკა (იმედია, მხოლოდ სიტყვის მასალად არ დარჩება) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველომაც“ გამოაქვეყნა ფარმაცევტული ბაზრის კვლევის შედეგები, რომელიც მოარულ აზრებს ადასტურებს. ექსპერტ თინა ტურძილაძესთან ვისაუბრებთ საქართველოში წამლების ფასის გონივრულ ნიშნულთან დაბრუნების შესაძლებლობაზე.

– ის, რომ საქართველოში წამლების ღირებულება საოცარი სისწრაფით იზრდება, მარტივად ჩანს ყოველდღიურობიდანაც: ერთი და იმავე წამლის ფასი, რომელსაც მუდმივად მოიხმარ, პერმანენტულად იზრდება. ეს ბუნებრივი პროცესია, მართლაც, ასე უნდა ხდებოდეს?
– ცოტა უტრირებულად რომ ვთქვათ, ფაქტია, ჯანდაცვის დანახარჯების ზრდა ყველა ქვეყანაში უსწრებს ეკონომიკის ზრდას, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ზრდა ყოველდღიურია. ამდენად, წამლის გაძვირება არც არაბუნებრივია და არც დადებითი მოვლენაა, ეს უბრალოდ ფაქტია. ეს ხდება საქართველოშიც და განვითარებულ ბაზრებზეც, მაგრამ განვითარებული ბაზრებისთვის ეს საგრძნობი არ არის, რადგან იქ მომხმარებელი ჯიბიდან არ იხდის წამლის ფასს.
– დაზღვევის წყალობით?
– დიახ, განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობა დაზღვეულია და ისინი თავიანთ წამალს ჯიბიდან არ აფინანსებენ, ამიტომ მათთვის გაძვირების პროცესი ისეთი მტკივნეული არ არის, როგორც ჩვენთვის.
– ბოლო კვლევითაც დადგინდა, რომ საქართველოში წამალზე ფასნამატი მაღალია, რა არის ამ ფასნამატის მიზეზი: მხოლოდ მოგების მარჟაა მაღალი თუ საგადასახადო წნეხია დიდი?
– ქართული ფარმაცევტული ბაზარი განსხვავდება ტიპური ფარმაცევტული ბაზრისგან. ქართული ფარმაცევტული ბაზრის სპეციფიკა ის არის, რომ განვითარებული ბაზრისგან განსხვავებით აქ მთავარი მოთამაშე მწარმოებლის ნაცვლად დისტრიბუტორია, ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ვინაიდან ადგილობრივი წარმოება მხოლოდ 14 პროცენტია.
– ეს ცუდია თუ  კარგი?
– ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ ასეთია ჩვენი მოცემულობა. საერთოდ, ფარმაცევტული კომპანია პაციენტამდე პროდუქტის მიტანისთვის იყენებს გასაღების არხებს და სადისტრიბუციო კომპანიები, ფაქტობრივად, არის გასაღების არხები. თუ ეს სისტემა უფრო აძვირებს წამალს და ის უფრო ძვირი ჯდება,  ვიდრე თავად წარმოება, გასაგებია, რომ სისტემა არ ვარგა; ქართული სადისტრიბუციო სისტემა, რომელიც წამალს საშუალოდ 102 პროცენტით აძვირებს, ტყუილად იქებს თავს. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი 10-20-25-პროცენტია. მეტსაც გეტყვით, ამერიკის ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ბაზრად მიიჩნევა და იქ წამლის ფასი ძალიან მაღალია. ამერიკის ბაზარზე არის 6 500 დისტრიბუტორი და მათგან მხოლოდ სამია ჰიპერმსხვილი, დანარჩენები არიან: მსხვილი, საშუალო და წვრილი დისტრიბუტორები, მაგრამ ბაზარზე გავლენას ვერ ახდენს საშუალოები და წვრილები, გავლენას ახდენს მხოლოდ მსხვილი და ჰიპერმსხვილი დისტრიბუტორები, იმიტომ რომ მათ ხელშია ბაზრის დაახლოებით 70,7 პროცენტი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში არ არის ფასრეგულაცია, სუპერმსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების ფასნამატი 5-5,5-პროცენტია.
– რის ხარჯზე?
 – იმიტომ რომ კონკურენცია ნამდვილია. ცოტა მეტი ფასნამატი აქვთ მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიებს, მაგრამ ის არ აღემატება 20-25-პროცენტს. მართალია, ამერიკის ბაზარზე წამალი ძალიან ძვირია, მაგრამ ეს ხდება არა სადისტრიბუციო მარჟების ხარჯზე, არამედ წარმოების მაღალი სტანდარტების, R&D-ის, სარეგულაციო ადმინისტრირების ხარჯზე. ამერიკაში წამლის რეგისტრაცია 380 000 დოლარი ღირს და არა 500 ლარი, როგორც ჩვენს ბაზარზე. ამასთან, იქ მაღალი გადასახადებია. მსოფლიოში თითქმის ყველგან იბეგრება წამალი დამატებითი ღირებულების გადასახადით, საქართველოში კი არა. უფრო მეტიც, ამერიკაში მილიარდობით დოლარი ჯდება წამლის კვლევა და აისახება მის ფასზეც. ამიტომ ღირს ამერიკის ბაზარზე წამალი ძვირი და არა იმიტომ, რომ იქ სადისტრიბუციო მარჟაა მაღალი. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, მარჟა ამერიკას უფრო დაბალი აქვს, ვიდრე საქართველოს.
– ევროპაში როგორი სურათია?
– ევროპის მთლიან ბაზარზეც სამი ჰიპერმსხვილი დისტრიბუტორია, მაგრამ მათი სადისტრიბუციო მარჟა 8-10 პროცენტია. ანუ მთელ მსოფლიოში დისტრიბუცია ჯდება უფრო იაფი, ვიდრე წარმოება, იმიტომ რომ წარმოება ძვირი პროცესია. საყურადღებოა, როცა დისტრიბუტორი საუბრობს დიდ საოპერაციო ხარჯებზე, როდესაც თავს იმართლებს იმით, რომ მას წამალი ძვირი უჯდება. მაშინ ვთქვათ, როგორია იმპორტირებული წამლის ფასწარმოქმნის მექანიზმი: საბაჟოზე მოსული წამლის ფასი შეიცავს თვითღირებულებას საზღვრამდე, მ.შ. წარმოების ტრანსპორტირების, დაზღვევის. ამის შემდეგ იწყება უკვე ნაციონალური სადისტრიბუციო ხარჯები, კერძოდ: ლოჯისტიკის, პერსონალის, მენეჯმენტის, რეკლამის. დისტრიბუტორები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ნომენკლატურით და ლოჯისტიკური სერვისებით, ამ მხრივ, ჩვენ ვერც ამერიკულ დისტრიბუტორებს ვჯობივართ და ვერც ევროპულებს. ესე იგი, რაღაც ისეთი საოპერაციო ხარჯები აქვთ ჩვენ დისტრიბუტორებს, რომელიც ძალიან აძვირებს წამალს ან კონკურენცია არ არის ჯანსაღი, ან ორივე ერთად! არამიზნობრივი საოპერაციო ხარჯია დისტრიბუტორისთვის, მაგალითად, ჰოსპიტალური სექტორი.
– მაგრამ მე რატომ მახდევინებს ამ თავისი ახალი ბიზნესის ხარჯს, რომელმაც მოგება უნდა მოუტანოს?
– სწორედ ამას გეუბნებით: ეს არის არაპროფილური ხარჯი. ჰოსპიტალური სექტორი არარენტაბელურია, რადგან 15-საწოლიანი ჰოსპიტალი ვერ იქნება რენტაბელური, მაგრამ ვიღაც ხომ იხდის ამ ფულს და ინახავს ამ ჰოსპიტალს? ამიტომ ის იყენებს წამალს, როგორც მისი შენახვის საშუალებას და ისიც ცხადია, რომ თავიანთ ჰოსპიტლებში თავიანთ მიერ შემოტანილ წამალს გაყიდიან. საბოლოოდ, ეს ხარჯი შედის წამლის თვითღირებულებაში. ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს სადისტრიბუციო სისტემა არასწორადაა ფორმირებული და რაც უფრო მეტი საოპერაციო, ანუ არაპროფილური ხარჯი ემატება, ის პირდაპირ აისახება წამლის ფასში, მათ შორის, რეკლამის ხარჯიც.
– არ მგონია, მაინცდამაინც, ქართველი ექიმები იყვნენ ისეთი არაკეთილსინდისიერები და მხოლოდ ისინი ურიგდებოდნენ ფარმაცევტულ კომპანიებს ფინანსური მოტივით და წამლებს უსაღებდნენ. როგორ მოახერხეს განვითარებულმა ქვეყნებმა ამ პრობლემის მოგვარება? საერთოდაც, შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება?
– ფარმაცევტული კომპანიის სტრატეგიაა, რომ მისი პროდუქტი მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში იყოს ბაზარზე, გაიყიდოს მაქსიმალური რაოდენობით და მაქსიმალური მოგებით, ამის ხელშეწყობისთვის და უზრუნველყოფისთვის ფარმაკომპანიები უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ, შექმნილია სამედიცინო წარმომადგენლების ინსტიტუტი, სადაც ძირითადად ექიმები მუშაობენ, მათ ევალებათ ექიმების კომერციული მოტივირება და პოზიტიური განწყობა კომპანიის მიმართ, ამისთვის იყენებენ უამრავ შენიღბულ თუ ღია აქტივობებს ტრენინგით დაწყებული, კონვერტში ჩადებული ფულით დამთავრებული, ეს თანხაც წამლის ღირებულებაში აისახება.
ეს გლობალური პრობლემაა, რომლის პრევენცია მხოლოდ იმით შეიძლება, რომ ექიმი არ დავტოვოთ მწარმოებლის წინაშე მარტო, მას ბრენდების დანიშვნის შესაძლებლობა მხოლოდ იმ სიიდან უნდა შეეძლოს, რომელიც ნაზღაურდება და მინიმუმამდე დავიყვანოთ ექიმის კომერციული მოტივაციის შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიღების დროს. ანუ ექიმის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, რომელ წამალს დანიშნავს.
– აბა, ვინ უნდა გადაწყვიტოს?
– ამ სიას სადაზღვევო უნდა ადგენდეს სტანდარტების, ფასებისა და ფასდაკლებებზე მოლაპარაკებების ფორმატში. ჩვენთან პრობლემაა არა მარტო მაღალი ფასები, არამედ წამლების ძალიან ჭარბი მოხმარებაც.
– ბევრს უნიშნავენ თუ თვითმკურნალობის პროცესში თვითონ პაციენტები იღებენ ბევრ წამალს?
– არ შეიძლება, ერთ ადამიანს თორმეტი წამალი დაუნიშნო. სამწუხაროდ, ჩვენთან აქტუალური  პრობლემაა არარაციონალური დანიშნულება და მოხმარება, ხშირია შემთხვევები, როდესაც  ავადმყოფს ყველა ანტიჰიპერთენზიული ჯგუფის პრეპარატი ერთდროულად ენიშნება, ამ ექიმებმა ნამდვილად ცუდად იციან ამ წამლების გვერდითი მოვლენები და მათემატიკიდანაც მხოლოდ  კუთვნილ პროცენტებზე რეაგირებენ. გამოსავალი შემდეგია: ხარჯების გონივრული შეკავებით და სადაზღვევო სისტემით. ასეთ შემთხვევაში ექიმს აღარ ექნება შეხება ფარმაცევტულ კომპანიასთან. ყველგან შეიძლება, არსებობდეს რაღაც დარღვევები, მაგრამ ეს არის სისტემა, რომლითაც მთელი მსოფლიო მუშაობს. იმის თქმა მინდა, რომ წამლების ხელმისაწვდომობის მიღწევა რთულია, მაგრამ ხარჯების გონივრული შეკავებით და სადაზღვევო სისტემით ამ პრობლემის მოვლა შეიძლება.
– ძალიან მნიშვნელოვანია „ბრენდისა“ და „გენერიკის“ თემა: არსებობს მოსაზრება, რომ „გენერიკებით“ მკურნალობა რამდენჯერმე იაფი ჯდება, ვიდრე „ბრენდით“, მაგრამ ჩვენი ექიმები პაციენტებს ძირითადად „ბრენდებს“ უწერენ. პაციენტებზე ზრუნავენ თუ რა მნიშვნელობა აქვს მათთვის, რას გამოწერენ, თუკი ორივე პრეპარატი ეფექტიანია?
– ახალი წამლის თვითღირებულება, როდესაც ბაზარზე შედის, ძალიან მაღალია, ამიტომ თორმეტი წლის განმავლობაში მწარმოებელ კომპანიის ექსკლუზიური უფლებაა, მარტო მან აწარმოოს დაპატენტებული ბრენდი, მაგრამ როგორც კი 12 წლის გასვლას სამი თვე დააკლდება, სხვა კომპანიებსაც ეძლევათ უფლება, დაიწყონ ამ პროდუქტის ანალოგის, სინონიმის მომზადება, ანუ ამ ფორმულის გამოყენება და ეს არის უკვე გენერიკული საშუალება. კვლევები აჩვენებს, რომ პირველ წელს გენერიკი წამლის ფასს აგდებს თვითღირებულების 67-პროცენტამდე, შემდეგ წლებში კი – 37-30-პროცენტამდე და ზოგიერთ შემთხვევაში, 20-პროცენტამდე, იმიტომ რომ ბევრი ქარხანა უშვებს და ამიტომ ფასი მცირდება. მაგრამ იგივე ფორმულით გამოშვება არ ნიშნავს, რომ წამალს იგივე ეფექტიანობა აქვს. მართალია, გენერიკის დამამზადებელ ქარხანას აღარ მოეთხოვება ძვირად ღირებული კლინიკური კვლევების ჩატარება, მაგრამ მოეთხოვება ბიოეკვივალენტურობის კვლევა. ეს კვლევა თუ არ ჩაუტარდა, წამალი შეიძლება, იყოს იმავე ფორმულის, მაგრამ ჰქონდეს სრულიად სხვა ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები, ანუ თვისებრივად სრულიად სხვა პროდუქტი იყოს და, ფაქტობრივად, არ იყოს წამალი. ამიტომ, როდესაც ვყიდულობთ წამალს, რომლის ბიოეკვივალენტურობა არ არის დადასტურებული, ჩვენ არ ვიცით, რაში ვიხდით ფულს. ჩვენი ბაზრის პრობლემა ის არის, რომ ის გაჯერებულია ასეთი გაურკვეველი ხარისხის გენერიკებით. ჩვენს ბაზარზე რომ გენერიკების ბიოექვივალენტობის დადასტურების პრობლემა არ იყოს, მაშინ მათი პოპულარიზაცია სრულიად სწორი იქნებოდა, მაგრამ დღეს ჩვენ რთულ მოცემულობაში ვართ.
– სხვა ქვეყნებში რა ხდება?
– გამორიცხულია, არაექვივალენტური პროდუქტი შევიდეს ევროპულ ბაზარზე, იმიტომ რომ მათ ძალიან მაღალი სტანდარტები აქვთ, მით უმეტეს, გამორიცხულია ეს ამერიკულ ბაზარზე. ჩვენი დღევანდელი სისტემა ყოვლად უუნაროა, შეაკავოს არაბიოეკვივალენტური წამალი. რაც მთავარია, ამის შესამოწმებელი ინსტრუმენტები არ არსებობს.
– მაშინ რატომ შემოაქვთ გაურკვეველი ხარისხის გენერიკები? შემოიტანონ მხოლოდ გარანტირებული ბიოეკვივალენტურობის გენერიკები და ბრენდები. რა მნიშვნელობა აქვს, ფულს გადავყრი წამალში თუ უბრალოდ ვერ ვიყიდი?
– როდესაც ოფიციალური მტკიცებულებები არ არის,  ექიმს და ფარმაცევტს „ურჩევს“ დისტრიბუტორი ან მწარმოებელი და გაყიდვებიც იმისდა მიხედვით იზრდება, ვისი სამედიცინო წარმომადგენლები არიან უფრო მოხერხებულები და არა ვისი წამალია, უფრო ეფექტური. გარდა ამისა, უნდა მინიმუმამდე დავიდეს წამლის არასტანდარტულობის პრობლემები, ყოველ შემთხვევაში აქეთკენ უნდა იყოს მთელი ძალისხმევა მიმართული, თორემ რა გამოდის, ვეუბნებით, შეეჯიბრეთ ერთმანეთს. ხარისხიანი გენერიკი ვერ აჯობებს იაფფასიან სიმილანტს, მით უფრო, როდესაც მოსახლეობა ჯიბიდან იხდის წამლის ფულს. „გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში იყო ერთი ციფრი, რომელმაც ძალიან შემაშფოთა: საქართველოში ოჯახები თავიანთი ბიუჯეტის 34-პროცენტს ხარჯავენ სამედიცინო სერვისებში. ეს კატასტროფული ციფრია, იმიტომ რომ, საერთაშორისო მონაცემებით, ოჯახები, რომლებიც თავიანთი ბიუჯეტის 40 ან მეტ პროცენტს იხდიან სამედიცინო სერვისებში, დგებიან ფინანსური კატასტროფის წინაშე და იწყება მათი გაღატაკება.
– ჩვენთანაც ასეა. ჯანდაცვის ხარჯმა უკვე გააღატაკა და ის ახლაც აღატაკებს მოსახლეობას?
– ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მოსახლეობის გაღატაკებას იწვევს, არის ჯანდაცვაზე პირდაპირი დანახარჯები. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია დაზღვევის სისტემა. წამალი რეალურად ღირს ძვირი, მაგრამ, თუ ჩვენ ვერ გადავიხდით, აუცილებლად გაჩნდება იაფი წამალი. დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე არის რამდენიმე კომპანია, რომლებსაც არ ჰყავთ კონკურენტი და აქვთ დომინანტური მდგომარეობა. მათ არავინ ამოწმებს და ამიტომ ორლარიან წამალს ყიდიან ოთხ ლარად. ისინი სარგებლობენ თავიანთი დომინანტური მდგომარეობით, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ისარგებლებდა.  ამდენად, ეს პრობლემა სისტემურად უნდა გადაწყდეს, იმიტომ რომ ადამიანები ვერ მოუვლიან ამ პრობლემას, თუ თავიანთი ჯიბიდან დაფინანსების ამარა დარჩებიან.

скачать dle 11.3